მშვიდობით ხევსურეთო

ტირილი არ მინდა, მაგრამ ცრემლებს ვერ ვიკავებ.

საერთოდ ასე მჩვევია. გადაწყვეტილებას მივიღებ და მერე ბოლო წუთებში სინანულს ვიწყებ. მიჭირს აქაურობის დატოვება და მეხსიერებაში გადატანა.

ჯერ კიდევ გუშინ, ვამბობდი რომ არაფერი მომენატრებოდა აქ და უკან არასდროს დავბრუნდებოდი. მაგრამ დღეს, როცა ჩემს ერთ აქაურ მეგობარს, ქეთის დავემშვიდობე, რაღაცა ჩამწყდა. არ შემიძლია ასე ადვილად ადამიანების მიტოვება. არც ქეთის და არც სხვების.

ყველაზე მეტად კი ჩემი ენერგოვამპირის მიტოვება მიჭირს, რომელსაც ცხოვრების შვიდი თვე მივუძღვენი.

ყველაფერს აქვს დასასრული. i-ს თავზე წერტილის დასმა რთულია, მაგრამ საჭირო. წერტილი ჯერ კიდევ ორი თვის წინ დავსვი, როცა ახალ პროექტზე და შესაბამისად ამ ქალაქში დარჩენაზე უარი ვთქი. მერე მთელი ეს დრო ვფიქრობდი სწორად ვიქცეოდი თუ არა.
ახლა ეჭვი აღარ მეპარება ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. აქედან წასვლით საკუთარი თავი გადავარჩინე სულიერი სიკვდილისგან. ვიღაცისთვის შეიძლება რთული გასაგები იყოს, მაგრამ როცა სამსახურის მიღმა არაფერია, როცა ადამიანებთან საერთო ინტერესებს ვერ პოულობ, ისედაც რთული ცხოვრება ათმაგად რთულდება.

მთელი შვიდი თვე ვიხსენებდი Continue reading

მე შენ მოგიჭრი ხეს

მე შენ მოგიჭრი ხეს და შენ ხმას ვერ ამოიღებ.
მე შენ აგიშენებ შუშის შენობას, ბაღის ნაცვლად და შენ ხმას ვერ ამოიღებ.
მე უკვე მოგიჭერი ხეები ბათუმში და შენ ხმა ვერ ამოიღე.
მე უკვე გაგიჩეხე ხეივანი ქუთაისში და შენ ხმა ვერ ამოიღე.
მე გაგიჩეხე ხეები ზუგდიდში, შენ ხმა ამოიღე, მაგრამ ტყუილად იღაღადე და დარჩი ასე, უდაბნოსა შინა მღაღადებლად.

საერთოდაც, გააპროტესტე რამდენიც გინდა.

მე შეგიცვალე კონსტიტუცია და შენ ხმა ვერ ამოიღე.
მე გიცვლი კანონებს და შენ ხმას ვერ იღებ.
მე უკანონოდ გავცემ ლიცენზიებს/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს და მერე ვიღებ კანონებს, რომ ეს კანონები უკანონობას მოვარგო.

და შენ ხმას ვერ იღებ…

მე შენი ხელისუფლება ვარ.
შენ არავინ ხარ, შენი აზრი არ მაინტერესებს.
ყველაფერი ისე იქნება როგორც მე გადავწყვეტ.

შენ გექნება შუშის შენობები, დატბორილი ხაიში, აღარ გექნება თერგი, მაგრამ გექნება “განათებული” საქართველო.

შენ არ იცი რა გინდა.
მე ვიცი შენ რა გინდა.
ყველაფერს მე ვწყვეტ.

ვიღაცის/ვიღაცების გადაწყვეტილებით ახლა კიკვიძის ბაღს ჩეხავენ. ადამიანები ცდილობენ ეს ბაღი გადაარჩინონ.
იყავი რიგითი ადამიანი.
გადაარჩინე.
დღეს და ახლა. შენი მომავლისათვის.

ქორწილი ქუთაისის ნაგავსაყრელზე

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა NETGAZETI.GE – ზე

ეკო ქორწილი

ცოტა ხნის წინ ქუთაისის ნაგავსაყრელზე მხატვრებმა ქორწილი გადაიხადეს. იყო მუსიკა, შამპანური, ცეკვა და დიდი მხიარულება. ქორწილი ერთგვარი დაგვირგვინება იყო პროექტისა, რომელიც ერთი წლის წინათ დაიწყო. პროექტ “ეკო-არტის” იდეა გერმანიაში “კლიმატისა და კულტურის” აკადემიის 2010 წლის “საზაფხულო აკადემიის” დროს დაიბადა. მას ორგანიზებას აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გოეთეს ინსტიტუტი უწევდა.

“შარშანდელი საზაფხულო აკადემიის თემა იყო “კლიმატის ცვლილებები და ხელოვნება” . თუ როგორ შეიძლება ხელოვნება, ან მისი სხვადასხვა ჟანრები გამოიყენო იმისათვის, რომ მოსახლეობის ცნობიერება აამაღლო, დააფიქრო ადამიანები ამ პრობლემებზე და კიდევ ერთხელ შეახსენო , თუ რა პრობლემებს უქმნის კლიმატის ცვლილებები ზოგადად მოსახლეობას” – იხსენებს პროექტ “ეკო-არტის” იდეის ავტორი და კოორდინატორი საქართველოში ქეთევან ცხაკაია.

ეკოლოგიური პლენერის ჩატარება, სლოგანით “კლიმატსა და ხელოვნებას საზღვრები არა აქვს”, სწორედ ქეთევან ცხაკაიას იდეა იყო, რომელსაც მხარი საზაფხულო აკადემიის მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც დაუჭირეს. კერძოდ, რუსეთმა და უზბეკეთმა. იდეა ბოლოს პროექტად იქცა, რომელი პროექტის ფარგლებშიც ივნისში ქუთაისში ეკოლოგიური პლენერი ჩატარდა. მასში მონაწილეობას სულ 9 მხატვარი იღებდა, 3 მხატვარი რუსეთიდან (სერგეი კალინინი, დიანა მაჩულინა, ევგენია კოზლოვა), 2 უზბეკეთიდან (ალექსეი კობზევი, კამილა გალიცკაია), 1 სომხეთიდან (მარინე ოვსეპიანი) და 3 საქართველოდან (ლევან ვეკუა, ბექა ბოლქვაძე, მაკა ბათიაშვილი). პლენერზე შექმნილი ნამუშევრები კალენდრის სახით უკვე გამოიცა. მოგვიანებით იგეგმება ნახატების გამოფენა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ეკო-ქორწილის იდეა ეკოლოგიური პლენერის დასასრულს გაჩნდა.

“იდეა სპონტანური იყო. მართალია, დაგეგმილი გვქონდა აქცია, მაგრამ კონკრეტულად რას გავაკეთებდით, გადაწყვეტილი არ იყო. მხატვრებთან ერთად დილით გელათში ვიყავით, სადაც ქართული ქორწილი ვნახეთ, მთელი თავისი პომპეზურობოთ. ნაშუადღევს კი ნაგავსაყრელზე წავედით. სწორედ მხატვრებმა შემოგვთავაზეს, რომ ნაგავსაყრელზე ქორწილი გადაგვეხადა. თან რუსი მხატვრები– სერგეი კალინინი და დიანა მაჩულინა ცოლ-ქმარი არიან. აღმოჩნდა, რომ ქორწილი არ ჰქონდათ გადახდილი. გადავწყვიტეთ, ეკოაქცია მოგვეწყო, ქორწილი- პერფორმანსი. ნაგავსაყრელზე არ ხდება იდენტიფიცირება, თუ სად ხდება მოქმედება, რომელ ქვეყანაში. ფაქტია, რომ ყველა ქვეყანაში, რომელთა წარმომადგენლებიც ეკო-ქორწილში იღებდენ მონაწილეობას, ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით ანალოგიური სიტუაციაა. პრობლემა გლობალურია”, – ამბობს პროექტ “ეკო არტის” იდეის ავტორი და კოორდინატორი საქართველოში ქეთევან ცხაკაია.

“ჩვენ ყოველდღე დავდივართ ნაგავში, ყოველდღე რაღაცას ვზეიმობთ, მაგრამ ვერ ვამჩნევთ ამ პრობლემას. ბუნებრივობა გახდა, ქუჩაში ნაგავი ეყაროს, ჩვენ კი თვალი დავხუჭოთ ამ პრობლემაზე და მშვიდად ვიცხოვროთ,” – ამბობს მხატვარი ლევან ვეკუა, რომელიც პროექტის ერთ–ერთი მონაწილეა.

ქორწილი უკვე ვიდეოარტად იქცა, რომელიც ქართველმა რეჟისორმა გიორგი ბანძელაძემ გადაიღო. 7– წუთიან ვიდეოარტში, რომლის პრემიერაც მალე შედგება, კარგად ჩანს, რომ ნაგავსაყრელზე ქორწილისათვის ერთგვარი ბუნებრივი გარემოა შექმნილი. ნაგავი ხომ ყველგანაა, უბრალოდ, ერთი პატარა ქორწილისათვის ცოტა ბევრია.

“ის პრობლემები, რაც დღეს ეკოლოგიას ეხება, ყველგან ძალიან აქტუალურია. ნაგვით სავსე ქუჩები და პარკები, გაჩეხილი ტყეები, დაბინძურებული ჰაერი და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი თუ შედარებით უმნიშვნელო დეტალი, რომელსაც ყოველ დღე ვაწყდებით, უკვე აღარავის უკვირს და, სამწუხაროდ, ბევრს არც აღელვებს. გარემოს დასაცავად ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი, თუნდაც პატარა. არადა, პირიქით ვიქცევით და ისედაც უკვე შელახულ დედამიწას საფუძვლიანად ვანადგურებთ და ვერ ვხვდებით, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს ვუთხრით საფლავს. პროექტმა (ეკოარტი) შესაძლებლობა მომცა, ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამომეხატა და თანამოაზრეებიც შემეძინა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან,“ – ამბობს რეჟისორი გიორგი ბანძელაძე.

რეჟისორის თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება აუცილებელია, რადგან კაცობრიობა უკვე დგას იმ საფრთხის წინაშე, რასაც ეკოლოგიური კატასტროფა ჰქვია.

„უკვე დროა, შევიგნოთ, რომ თუ დღესვე არ მივხედავთ გარემოს, ხვალ არა თუ ჩვენს შვილებს და შვილთაშვილებს, არამედ ჩვენც არაფერი შეგვრჩება. ასე რომ, ვინც მომავალ თაობებზე არ ზრუნავთ, თქვენს ხვალინდელ დღეზე მაინც იზრუნეთ. საზოგადოებამ ( მასში ვგულისხმობ საკუთარ თავსაც) გვერდიდან მინდა შეხედოს საკუთარ თავს, დაინახოს ნაკლოვანებანი, რაც აქვს, შეიცვალოს და ამაღლდეს ზნეობრივად. ვთხოვდი ყველას, რომ ქუჩაში სიგარეტის ნამწვავსაც ნუ გადააგდებთ, რადგან ეს არა მარტო აბინძურებს გარემოს, არამედ ჩვენი შინაგანი კულტურის და აღზრდის უქონლობაზეც მეტყველებს. დანარჩენ სათქმელს ალბათ თვითონ ფილმი იტყვის,“ – ამბობს გიორგი ბანძელაძე.

ეკოარტი “ეკო ქორწილი” ნოვაციაა ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად საზოგადოების ყურადღების მისაქცევად.

როგორ გვესმის სოლიდარობა

პოსტის წაკითხვამდე მიაქციეთ ყურადღება:
“ეს არის პირადი ბლოგი, სადაც ვწერ ჩემს პირად შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.”

აქცია ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად

გუშინ ქუთაისელმა ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ აქცია გავმართეთ.
მთავარი მოთხოვნა:

მოხსენით გრიფი “საიდუმლო” ფოტოგრაფების საქმეს

მდუმარე აქცია სულ რაღაც ნახევარ საათს გაგრძელდა. სიმბოლურია, მაგრამ ფოტოგრაფების მხარდამჭერ აქციაზე არცერთი ქუთაისელი ფოტოგრაფი არ მოსულა. მიზეზი ჩემთვის უცნობია, თუმცა ინფორმაცია აქციის შესახებ უმრავლესობას ჰქონდა.

სოლიდარობის აქციას კითხვის ნიშანი დაუსვა გიორგი ხასაიამ თავისი პლაკატით.
“თავისუფლება ანჯელა დევისს”.
რაღაცაში ვეთანხმები გიორგი, რაღაცაში არა. აბსურდისტანში ვცხოვრობთ დიდი ხანია, თუმცა ვფიქრობ, პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი.

გუშინდელი აქცია ჩემთვის რამდენიმე რამის გამო იყო მნიშვნელოვანი.
ერთი ის რომ თურმე ამ ქალაქში რაღაცის გაკეთება შესაძლებელია. ვიღაცას, საზოგადოების სულ მცირე ჯგუფს მაინც აქვს რაღაცის მიმართ პროტესტი და ინდიფერენტული მასისგან განსხვავებით, ცდილობს საკუთარი დამოკიდებულება გამოხატოს.
მეორე მნიშვნელოვანი რაც დავინახე ეს ჟურნალისტების დამოკიდებულება იყო. (მადლობა “ახალ გაზეთს” “პს”-ს, “მეგა ტვს”, რადიო “ძველ ქალაქს”, “მაესტროს”,”ალია-ჰოლდინგს”, “რიონს”, “ETV”- ს და ყველა იმ ადამიანს ვინც გუშინ აქციაზე მოვიდა).
მორალის კითხვას არავისთვის არ ვაპირებ, თუმცა ერთია. როცა შენს კოლეგებს (ფოტორეპორტიორებს) მხარდაჭერა სჭირდებათ, ვფიქრობ არაკოლეგიალურია მოვლენებისგან განზე გადგომა.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას ერთი მახინჯი ტრადიცია აქვს. წელიწადში ერთხელ,21 მარტს, ჟურნალისტურ თავყრილობას აწყობს და ხელისუფლება და ჟურნალისტები ერთად ქეიფობენ. როგორც წესი ასეთ ღონისძიებას ჟურნალისტთა კორპუსი მთელი შემადგენლობით ესწრება. მინიმუმ 60-70 ჟურნალისტი. თუმცა ეს ხალხი არასდროს ჩანს იქ, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვაა საჭირო. მაგალითად გაზეთ “ბათუმელების” მხარდასაჭერი აქციის გახსენებაც საკმარისია. 20 ადამიანი ძლივს შევგროვდით მაშინ. ბოდიში რა მეგობრებო, თქვენს თბილ სავარძლებს უნდა შევეხო. საოცარია, როცა გაწყობთ ჟურნალისტები ხართ (მაგალითად როცა ვინმე უნდა დააშინოთ, “შენ მე ვიღაცა ხო არ გგონივარ, გავალ აქედან და ისეთ დავწერ შენზე ბოდიშებს მომიხდიო”) და როცა არ გაწყობთ არ ხართ. გუშინ ერთმა მეგობარმა ჟურნალისტმა რჩევა მომცა. თუკი ოდესმე გადაწყვეტ მსგავსი აქციის ორგანიზებას, აუცილებლად აღნიშნე რომ აქციის დასასრულს “ფურშეტი” იქნება და მოვლენო.

ვიცი არ გესიამოვნებათ ამის წაკითხვა, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით. უკვე დავწერე. თუ რამე ცივი წყალი შემიძლია გირჩიოთ. საერთოდაც სანამ ჩემსკენ თითს გამოიშვერთ და რჩევა-დარიგებებს მომცემთ – რას ნიშნავს კოლეგიალობა და რატომ არ უნდა გამოიფინოს ჭუჭყიანი თეთრეული, მანამდე იქნებ დაფიქრდეთ თქვენ თუ გესმით საერთოდ ამ სიტყვის მნიშვნელობა. ეს პოსტი მხოლოდ პასუხია თქვენს არაკოლეგიალურობაზე (ოღჩ რა საშინელი სიტყვაა:).

This slideshow requires JavaScript.

საერთო ჯამში აქცია ნორმალური გამოვიდა. ფოტოგრაფების მხარდაჭერის გარდა, აქციაზე ერთი ფაქტის დემონსტრირებაც მოვახდინეთ: ქუთაისი ცოცხალია, სუნთქავს და ამ ქალაქშიც ცხოვრობენ ადამიანები ვისთვისაც ყველაფერი სულერთი არაა.

თუმცა მთავარი კითხვა დამრჩა პასუხგაუცემელი: რა აცინებდა ქუთაისის მერს გიორგი თევდორაძეს და მის პრესმდივანს. აქციის დასასრულს ეს წყვილი ქუთაისის მერიის აივანზე გამოჩნდა და გულიანად ხარხარებდა.
რა გაცინებდათ, გვითხარით, ჩვენც გავიცინებთ…

სირაქლემები


ფოტოები, რომელიც ახლა მინდა გაგიზიაროთ, რამდენიმე დღეა ჩემს ლეპტოპშია.
არც სკანდალურია, არც ისეთ ინფორმაციას შეიცავს, რომელსაც ქვეყნისთვის ან იმ ქალაქისთვის სადაც ვცხოვრობ ზიანის მოტანა შეუძლია. მაგრამ მაინც ვიკავებდი თავს გამოქვეყნებისგან და პოსტის დაწერისგან.
ძალიან მარტივი მიზეზის გამო – არ მეწერებოდა.
ჩემმა ერთგულმა მკითხველებმა კარგად იცით, აპოლიტიკური ბლოგი მაქვს. მაგრამ ახლა ძალიან მიჭირს სიმშვიდის შენარჩუნება და ნეიტრალურ პოზიციაზე დგომა.
ისე მიჭირს, როგორც არასდროს. არადა სულ რამდენიმე სურვილი მაქვს.
1.ძალიან მინდა ოდესმე ეს ქვეყანა ჯაშუშომანიით შეპყრობილი ადამიანებისაგან გაიწმინდოს.
2.მინდა ადამიანებმა უსამართლობაზე თვალი აღარ დახუჭონ.
3.ჟურნალისტებმა კოლეგიალობის გრძნობა თბილი სკამების დაკარგვის შიშით აღარ დაკარგონ.
4.ოდესმე სახელისუფლებო მედიას მოსწყინდეს სირაქლემას პოზაში ყოფნა და ხელისუფლების ორგანოდან თავი გამოიღოს.

ეს სურვილების არასრული ნუსხაა, გაგრძელება შეიძლება, მაგრამ ახლა პოსტის მთავარ თემას დავუბრუნდები. ფოტოებს რომელიც რამდენიმე დღის ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში გადავიღე (სამართლიანად გაგახსენდათ ის ანეგდოტი, მთელი ქუთაისი ცენტრში რომ ცხოვრობს).

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ნებისმიერი უცხო ქალაქის აღქმას სადგურიდან ვიწყებ. მოდი ვნახოთ რა დახვდება ადამიანს რომელიც ქუთაისში მატარებლით ჩამოვა.

This slideshow requires JavaScript.

ამ ხედით დატკბობის შემდეგ მგზავრს შეუძლია იქვე სადგურის შიდა კიბით (სადაც აუტანელი სუნი დგას) გავიდეს ქუჩაში, ან გარე ხედებით “დატკბეს” და “კომფორტული” კიბეებით ისარგებლოს.

ესეც ბუნებრივი “ხეივანი” სადგურის ზედა მხარეს, კუპრაძის ქუჩაზე. ვისაც არ გამოგიცდიათ, გირჩევთ გამოსცადოთ. აქ გავლა ერთი “სიამოვნებაა”. განსაკუთრებით ექსტრემის მოყვარულებისთვის. ადრენალინის ზღაა. შეიძლება გველი გამოსრიალდეს ან მასთან გათანაბრებული ქვეწარმავალი, მაგალითად ხვლიკი:)

P.S. ეს ფოტო დღეს გადავიღე როცა რკინიგზის სადგურის გავლით ვცდილობდი ბალახვანში ჩასვლას. თუმცა როგორც ხედავთ აქ გავლა შეუძლებელია. ამიტომ საკმაოდ შორი გზის გავლა მომიწია დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად.

დასასრულს ერთი შენიშვნა. რკინიგზის სადგურის ირგვლივ რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულება მდებარეობს. სასამართლო, პროკურატურა, იუსტიციის სახლი. იქვეა საავადმყოფოც. ფოტოები სადაც “ბუნებრივი ხეივანის” ფონზე ეს დაწესებულებები ჩანდა, თვითცენზურას შეეწირა.
რატომ?
ქვეყანაში სადაც ყველაფერი მოსულა, არაფერია გამორიცხული.
თუმცა აუცილებლად დავინტერესდები და გავარკვევ ვის ევალება აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება, ქუთაისის ადგილობრივ თვითმმათველობას თუ რკინიგზის სადგურს. თქვენც შეგატყობინებთ. ასე რომ…

To be continued….

სანამ ჩვენ გვეძინა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სკვერი ერთიანადაა ამოძირკვული

წუხელ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სკვერი ერთიანად ამოძირკვეს. იქ მცხოვრები მოსახლეობის თქმით, ტრაქტორებმა მუშაობა დილის ხუთ საათზე დაიწყეს და სანამ მოსახლეობას ეძინა, სკვერი გაანადგურეს.

ოფიციალური ინფორმაციით ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირზე ველო და ფეხით მოსიარულეთა ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დამკვეთი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია.

ეს ბანერი აღმაშენებლის გამზირზეა გამოკრული

აღარ ვიცი რა ვთქვა. ეს წუთია სახლში მოვედი, ფოტოები კომპიუტერში შევყარე, მეათედ ვათვალიერებ მგონი და ერთადერთი აზრი მიტრიალებს თავში – ბნელა, ამ ქვეყანაში ძალიან ბნელა.
არ მინდა ემოციურ ფონზე გავაკეთო რაიმე შეფასება, დღეს შევეცდები უფრო მეტი ინფორმაცია მოვიპოვო, აღმაშენებლის გამზირის ძველი ფოტოები მოვიძიო და ხვალ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

ბლოგზე ვდებ ფოტოებს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩემი მობილურით გადავიღე. ცოტა ცუდი ხარისხია, მაგრამ რეალობის დასანახად საკმარისია!

This slideshow requires JavaScript.

ერთადერთი რაც ტრაქტორებს გადაურჩა ეს ჯვარია


სანამ ჩვენ გვეძინა ყველაფერი გაჩეხეს და ამოძირკვეს. პროტესტსაც კი არა აქვს აზრი, ვეღარაფერს შეაჩერებ, ყველაფერი განადგურებულია უკვე

პატარა მდინარის დიდი პრობლემა

ოღასკურა პატარა მდინარეა ქუთაისში. სათავეს სათაფლიის მთის სამხრეთ კალთებზე არსებული კარსტული წყლებიდან იღებს და ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მიედინება. მდინარე ქალაქის იმ ნაწილს კვეთს სადაც ახლა ახალი პარლამენტის შენობა შენდება.
ოღასკურა დაბინძურებულია!
შეიძლება ითქვას იმ ადამიანების მსხვერპლია, რომლებიც მდინარის სანაპიროზე ცხოვრობენ და რომელთაც ჰგონიათ რომ ნაგავი ბუნკერის ნაცვლად მდინარეში უნდა ჩაყარონ.
აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, ორი დღის წინ გადავიღეთ “ზასტავაზე”. ოღასკურას კალაპოტი ყველაზე მეტად სწორედ ამ უბანში ბინძურდება.

დასკვნები და შეფასებები თქვენთვის მომინდვია.

“მუხის შავი ტირილი”

ქუთაისის შემოსასვლელში მდებარე 400-წლოვანი მუხნარის ტყე შეიძლება განადგურდეს. მუხები ხმება – ეს განსაკუთრებით გზისპირა სავალ ზოლზე იგრძნობა, რომელზეც აქტიური ხმობის პროცესი უკვე დაწყებულია.
ტყის მასივში ძირითადად ენდემური და რელიქტური ჯიშის მუხაა. ეს ჯიში წითელ წიგნშია შეტანილი. მისი უნუკალურობა იმაშიცაა, რომ მთელ საქართველოში ამ სახეობის მუხა მარტო იმერეთშია. მუხნარის კორომს 460ჰა. ფართობი უჭირავს. კორომში ხშირად შეხვდებით ქარქცევებს და დეგრადირებულ ხეებს.
“მუხის შავი ტირილი” ასე ჰქვია დაავადებას, რომელიც მუხნარის კორომს ჭირს. დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი – ასაკია. თუმცა ტყეზე ცუდ გავლენას ცენტრალური ავტომაგისტრალი და წყალსაცავიც ახდენს. ეს უკანასკნელი იწვევს ტერიტორიის დაჭაობებას. გრუნტის წყლების დონე ნიადაგში იწევს და მუხებისთვის მეტად არახელსაყრელ პირობებს ქმნის.
ყველაზე ცუდი რაცაა, ტყის მასივში ჯიშთა ცვალებადობა ხდება. მუხის ნაცვლად კორომში რცხილა ამოდის.
ტყე საზოგადოებას ჰგავს. საზოგადოება სადაც ჩვილი ბავშვი არ იბადება – კვდება. ასევეა ტყეც. თუ ტყეში ახალი ნერგი არ გაჩნდა და გაიზარდა ის ვერ იცოცხლებს.
დღეს შეიძლება ითქვას რომ მუხნარის ტყე კვდება. მისი გადაშენების პროცესი უკვე დიდი ხანია დაწყებულია.

P.S.
პირველად ამ საკითხით ხუთი წლის წინ დავინტერესდი. სტატიაც დავწერე ამ პრობლემის შესახებ. 2007 წელს 10 წუთიანი ფილმიც გადავიღე, სადაც ტყეში არსებული მდგომარეობა კარგად იყო აღწერილი. სხვათაშორის ფილმმა წარმატება მომიტანა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების მეხუთე საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულიც გავხდი. მესამედ ამ პრობლემას რამდენიმე დღის წინ მივუბრუნდი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს არაფერი შეცვლილა. პრობლემა დღემდე დგას, მუხები ისევ კვდება და მათი მოვლა-პატრონობის სურვილი ისევ არავის აქვს. იმედი მაქვს ამ თემით გარემოსდამცველი ორგანიზაციები დაინტერესდებიან და შესაბამის სტრუქტურებთან ტყის დაცვის საკითხს დააყენებენ. მანამდე კი მარტო ვაგრძელებ საკითხის შესწავლას. პრობლემის არსი უკვე ვიცი, ახლა მთავარია მისი მოგვარების გზები ვიპოვო.

ნაგავსაყრელი ბოტანიკურ ბაღში

გუშინ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ნაგავსაყრელი აღმოვაჩინე.
არ ვიცი ამ აღმოჩენაზე სააავტორო უფლებები რამდენად მეკუთვნის, (დიდი ეჭვი მაქვს ჩემამდეც ბევრს უნახავს ეს ნაგავსაყრელი) მაგრამ გადავწყვიტე ამ “აღმოჩენის” შესახებ ხვალ გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთ ცენტრალური ბიუროს შევატყობინო. როგორც სფეროს სპეციალისტებმა განმიმარტეს ბოტანიკურ ბაღში ნაგავსაყრელის არსებობა არის კანონდარღვევა. არ ვიცი რა არის ამ გროვის ქვეშ, რომლის ნახვაც თქვენც შეგიძლიათ ქვემოთ ფოტოზე, მაგრამ ზედაპირულად რაც ჩანს პოლიეთილენის პარკები და ბოთლებია. იმედი მაქვს ფაქტს გამოიკვლევენ და შესაბამის ზომებსაც მიიღებენ.

კიდევ ერთი გუშინდელი აღმოჩენა ჩამქრალი კოცონი იყო.
წესითა და რიგით ბოტანიკურ ბაღში კოცონი არ უნდა ინთებოდეს.
მაგრამ როგორც ჩანს მაინც ინთება…

ბაღის შესახებ:
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და მას მდინარისპირა სამი ტერასა უჭირავს. აქედან პირველ ტერასაზე არაფერია გაშენებული, რადგან ბოლო პერიოდამდე ბაღი მდინარისგან დაცული არ იყო დამბით. ამის გამო ბაღის პირველი ტერასა რიონის ადიდებისას პერიოდულად იტბორებოდა. დროდადრო რიონი ბაღს მიწასაც სტაცებდა. ამის გამო მდინარესა და ბაღს შორის თავდაპირველად არსებული 70 მეტრის მანძილი დღეს 15-20 მეტრამდეა შემცირებული.
დღეისათვის ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა (ხეები და ბუჩქები) 600-მდე სახეობას მოიცავს. ისინი 80 ბოტანიკური ოჯხის 207 გვარის წარმომადგენლობააა. ბაღის ნარგაობის დიდი ნაწილი ინტროდუცირებული მცენარეებია და მათი სამშობლო აღმოსავლეთ აზია, ჩრდილოეთ ამერიკა, მცირე აზია, სამხრეთ ამერიკა და ავსტრალიაა.

ბაღი საკმაოდ მოუვლელია. ბაღის დირექტორი ძირითად მიზეზად თანხების უქონლობას ასახელებს. 45 ჰა ტერიტორიას ორი მებაღე უვლის. პრინციპში შედეგიც სახეზეა.

მსგავსი წარწერები ბაღის მცირე ნაწილშია. ძირითადი ტერიტორია აუთვისებელია, რაც მნახველისთვის არაკომფორტულია. დაინახავ საინტერესო ხეს, ან ბუჩქს. მიხვალ, დაათვალიერებ, მაგრამ მის სახელწოდებას სამწუხაროდ ვერ გაიგებ.

სანაცვლოდ ადვილად გამოიცნობთ ზაფრანას ყვავილს, რომელსაც ბაღის ერთ კუთხეში საპატიო ადგილი უჭირავს.

ფინჯან ყავასთან საკითხავი

1. აი ასეთი ქვეყანა

2. ბედი, რომელიც ხეს არ ეღირსა

3. იქ, სადაც ცა ყველაზე ახლოა

4. ანაბეჭდი წყალზე

5. მკვდარი ტყე