ღია ბიბლიოთეკა ბათუმში

გუშინ ბათუმში პალიტრა მედიამ ბათუმში ახალი პროექტი “ბიბლიოთეკა ღია ცის ქვეშ” დაიწყო. პლაჟზე სპეციალური ღია თაროები დაიდგა, რომლებზეც “გამომცემლობა პალიტრა L-სა” და პროექტ “მაკულატურიდან” “გადარჩენილი წიგნებია” განთავსებული.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს, სასურველი წიგნი აირჩიოს და წაკითხვის შემდეგ უკან დააბრუნოს. ამასთან თუ სურვილი გაქვთ ბიბლიოთეკის გამდიდრებაზეც შეგიძლიათ იზრუნოთ და ბიბლიოთეკას წიგნები აჩუქოთ.

ღია ბიბლიოთეკა ბათუმში სეზონის ბოლომდე უმასპინძლებს დამსვენებლებს.

შვებულება რომ მქონდეს,ზღვა რომ მიყვარდეს ან პლაჟზე ნებივრობა, ეს პროექტი ზუსტად საჩემო იქნებოდა. თქვენ კი ზღვის და კითხვის მოყვარულებს სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ.

წიგნისთვის დრო და ადგილი ყოველთვის მოიძებნება!

This slideshow requires JavaScript.

კვირა ღამის იმეილი

როცა კვირა საღამოს აქციიდან სველი, გაყინული პრესკაფეში მივედი და სინათლის სიჩქარით ვყრიდი სკაიპში ფოტოებს, ვერ ვიფიქრებდი რომ რამე კარგი შეიძლებოდა მომხდარიყო. მერე ზურგჩანთა, რომლის გამოც ლამის სავიზო რეჟიმი დავარღვიე ერთი კვირის წინ, ავიღე და სამსახურში დავბრუნდი. ფოტორეპორტაჟი მქონდა ასატვირთი ვებზე.

სანამ ფოტოაპარატიდან ფოტოები ლეპტოპში იტვირთებოდა, ფეისბუქი ჩავსქროლე. არაფერი საინტერესო. მეილზე შევიხედე. წერილი დამხვდა. ალბათ ასეთი უნდა იყოს წერილი, რომელიც გათიშულს დედამიწაზე დაგაბრუნებს და სულ ცოტ ხნით მაინც ბედნიერს გაგხდის. თუმცა სანამ წერილზე მოგიყვებით, მანამდე წინა პოსტში შეწყვეტილ ამბავს გავაგრძელებ. წინა პოსტში, პრაღაში ვიყავი და ჯაზ-კონცერტზე მივდიოდი. კონცერტი Janáčkovo nábřeží-ზე მდებარე პატარა, მყუდრო Jazz Dock-ში გაიმართა. თუმცა იმ საღამოს სულაც არ იყო მყუდრო. ბევრი მიზეზი მქონდა იმ დღეს ბედნიერებისთვის.

კონცერტამდე თავგადასავლებით სავსე დღე იყო. დილით სასტუმროდან ადრე გამოვედი, ჩემი ფოტოსთორისთვის გმირებს ვეძებდი. გაჩერებაზე გასულმა, იმის ნაცვლად რომ მეტროში ჩავსულიყავი, ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტე და ავტობუსით პრაღის გარეუბნები შემოვიარე. როგორია მეგაპოლისი ცენტრს მიღმა ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ. თუმცა ცოტა ვითავხედებ და ვიტყვი, რომ პრაღის გარეუბნის რამდენიმე მონაკვეთის გარჩევა მაგალითად დიღომისგან ძნელია) სახლებია და ხეები რა. რომ არა უცხოენოვანი წარწერები ვერ იფიქრებ რომ ეს ის პრაღაა, უძველესი, მოოქროვილი შენობებით და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებით, მილიონობით ტურისტს მაგნიტივით რომ იზიდავს.

გარეუბნებში იმდენი ვიბოდიალე, მოვახერხე და დავიკარგე. თუმცა დაკარგვა პირობითია, საერთოდაც ძნელია თუ რუკა გაქვს. უახლოესი გაჩერება მოვძებნე, მერე იქიდან ავტობუსით მეტრომდე მივედი და მორჩა ეგ იყო. ხუთ გაჩერებაში პრაღის ცენტრში ამოვედი. ვაცლავის მოედანს ფეხით გავუყევი.

ვაცლავის მოედანი

გამახსენდა რომ ფოტოსთორი მქონდა გადასაღები. თუმცა მუშაობის დაწყებამდე გადავწყვიტე ის კაფე მომეძებნა, სადაც საღამოს კონცერტი იყო დაგეგმილი. რუკას დავხედე. ვაცლავის მოედნიდან ახლოს იყო, მაგრამ იქ მისვლას მაინც დიდი დრო მოვანდომე. ხეივანში, რომელიც მდინარე ვლტავას მიუყვება უკვე ფოთოლცვენა იყო დაწყებული. კაფე მოვძებნე, რუკაზე რემარკა გავაკეთე და უკან, ოლდ თაუნ სკვერისკენ ვიწრო ქუჩებით წავედი. წვიმდა.

Jazz Dock

ის იყო ერთ-ერთ ქუჩაზე შევუხვიე, ესპანელი გოგონების ჯგუფს გადავეყარე. არდადეგებს ატარებდნენ პრაღაში და ჯონ ლელონის კედელს ეძებდნენ. მე მკითხეს სად იყო კედელი, ვუთხარი რომ არ ვიცოდი, მაგრამ შემეძლო მათთან ერთად მომეძებნა. მათ შევუერთდი და 10 წუთიანი ძებნის შემდეგ ვიპოვეთ კიდეც. წვიმამ იმატა.

John Lennon’s wall

თავი ხიდქვეშ შევაფარე, სადაც ჩემს გარდა ათეულობით ადამიანი იყო შეკრებილი და ქუჩის მორიგ ბენდს უსმენდნენ. ჩამოვჯექი. ისეთი მუხტი იყო, ისეთი მხიარულება, სულ დამავიყდა ფოტოები. ჰაერი წვიმით, მუსიკით და სიყვარულით იყო სავსე. კარგახანს ვუსმინე. მერე მივხვდი რომ იმ დღეს არაფრის გადამღები არ ვიყავი.

საათს დავხედე, ექვსი სრულდებოდა. კონცერტამდე ერთი საათი იყო დარჩენილი. წვიმს, სად წავიდე? – ვკითხე ჩემს თავს და პასუხიც უცებ ვიპოვე.
ტრამვაი!
საუკეთესო საშუალება წვიმისთვის თავის შესაფარებლად და პრაღის დასათვალიერებლად. თუმცა ტრამვაით ჩემი სეირნობა დიდხანს არ გაგრძელებეულა. გალერეასთან ჩემი ჯგუფელები დავლანდე, გამახსენდა რომ ფოტოგამოფენის შესახებ სულ დამავიწყდა. უახლოეს გაჩერებაზე ჩამოვხტი, უკან გალერიისკენ წავედი. ფოტოგამოფენა დავათვალიერე და ჩემს ახლადშეძენილ ნაცნობებთან ერთად კონცერტზე წავედი.
მუსიკას ვერ აღწერ, მუსიკას გრძნობ, ისმენ. ემოციური საღამო იყო. ფრაგმენტი იმ საღამოდან:

სასტუმროში გვიან დავბრუნდით. დილით დენთან მივედი და გულწრფელად მოვუყევი რატომ არ მქონდა დავალება. ხუთშაბათი ყველაზე მძიმე დღე იყო პრაღაში ყოფნის. დილიდან მთელი ისტორიული ცენტრი შემოვირბინე. როგორც იქნა მეოთხმოციათასე ცდაზე, ასეთუ ისე ნორმალური ფოტოსთორი გავაკეთე, საღამოსკენ სასტუმროში წავედი, დენს ფოტოები ვაჩვენე. მან თქვა რომ კარგია. წავედი და დავიძინე. არაფერი ისეთი არ მომხდარა. პარასკევს მთელი დღე ტრენინგი გვქონდა. ჯერ ფოტოები ავარჩიეთ, მერე დავბეჭდეთ. მერე მინი გამოფენა მოვაწყვეთ. ყველაზე მეტად Vytenis-ის ერთი ფოტო მომეწონა. სხვა ნამუშევრებს, ჩემსასაც და სხვებისასაც საშუალოზე მაღალ ქულას დავუწერდი. პარასკევ საღამოს გვქონდა Farewell Drinks. ზღაპარი დასრულდა.

კვირა საღამოს იმეილი ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილისგან იყო. თბილი და იმედით სავსე წერილი. ასეთი წერილები გაიძულებს ყველაფერი ცუდი დაივიწყო, უარყოფითისგან განთავსუფლდე და ცოტახნით მაინც მოეშვა. ის მეკითხებოდა როგორ ვიყავი, როგორ ვიმგზავრე და მიხსნიდა რატომ ვერ მომწერა ერთი კვირა. პასუხის მიწერა მისთვის ბოლოდან დავიწყე, აეროპორტის ამბით. თქვენც მოგიყვებით…

შაბათ დილით ავტობუსით უნდა წავსულიყავი აეროპორტში. წინა საღამოს პრაღის ისტორიული სადგური Hlavní nádraží მოვინახულე და კარგახანს ვეძებე სად იყო ავტობუსის გაჩერება. მერე უკანასკნელი ავტობუსი გავაცილე აეროპორტში და სასტუმროში დამშვიდებული დავბრუნდი. წესით მეორე დღეს არაფერი არ უნდა შემშლოდა და აეროპორტშიც თავის დროზე მივიდოდი. შაბათ ადრე ავდექი, დილით ჩემსს რუმმეითს გამოსამშვიდობებელი წერილი დავუტოვე, სასტუმრო დავტოვე, გადასასვლელზე მწვანეს ლოდინში პრაღაში მზის ამოსვლა გადავიღე.

მერე ჩავჯექი მეტროში და წავედი Hlavní nádraží-ზე, აეროპორტის ექსპრესი სწორედ იქიდან გადიოდა. 15 წუთის შემდეგ გამახსენდა რომ სასტუმროს ნომერში ჩანთა დამრჩა. ამ აღმოჩენიდან რამდენიმე წამში მატარებელი მეტროსადგურ ფლორენცზე გაჩერდა. რამდენიმე წამი დამჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად. მატარებლიდან ჩამოვედი, მეორე მხარეს გადავედი და სასტუმროში დავბრუნდი. გზაში ვანგარიშობდი რამდენი წუთი დამჭირდებოდა, მეტროს 15 წუთს + 5 წუთი სასტუმრომდე, 5 წუთი ადმინისტრატორისთვის სიტუაციის ახსნას და ჩანთის აღებას, 20 წუთი უკან ფლორენცამდე, 5 წუთი Hlavní nádraží-მდე, 3 წუთი ბაქნამდე და ზუსტად ვუსწრებ ავტობუსს. ნახევარი საათი აეროპორტამდე და მერე ზუსტად 15 წუთი რეგისტრაციისთვის. არ მქონდა სათადარიგო გეგმა.

სასტუმროში როგორ მივირბინე აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ ყველაფერი დამავიწყდა. ადმინისტრატორს თურმე ქართულად ვუხსნიდი რა მჭირდა. ბოლოს რომ მივხვდი რაც ხდებოდა ძლივს გავაგებინე რაც მინდოდა. ნება დამრთეს ნომერში მივსულიყავი. კარზე გაბმით ვაკაკუნებდი. ჩემმს რუმმეითს მილიონი ბოდიში მოვუხადე, კიდევ ერთხელ დავემშვიდობე. რესეფშენში ტაქსის გამოძახება ვთხოვე, მაგრამ მითხრეს რომ გაცილებით მეტი დრო დამეხარჯებოდა და უბრალოდ ვერ მივუსწრებდი რეისს. ავტობუსი ჯობდა. მახსოვს როგორ დამლოცა ადმინისტრატორმა და გამოვიქეცი. ვირბინე მეტრომდე. მერე მეტროში ნერვიულობისგან ლამის ხელები დავიმტვრიე. როცა Hlavní nádraží-ზე მივედი, აღმოვაჩინე რომ ზუსტად სამი წუთი მქონდა ავტობუსის გაჩერებამდე მისასვლელად. თუ ავტობუსი გამასწრებდა არანაირი შანსი არ მქონდა თვითმფრინავისთვის მიმესწრო. მახსოვს როგორ ვირბინე ესკალატორზე, როგორ ავვარდი ბაქანზე და მერე როგორ მივირბინე გაჩერებასთან სადაც ავტობუსი უკვე იდგა და მგზავრები ადიოდნენ. აეროპორტამდე ნახევარი საათი ბილეთს ჩავკირკიტებდი, გაფრენის დრო ხომ სწორად ეწერა. ადრე არ წავა, 15 წუთი მაქვს, ვიმშვიდებდი თავს. ჩეხეთში ცხოვრებაში პირველად დავაფასე სიზუსტე და მივხვდი რაოდენ მნიშვნელოვანი რამეა. აეროპორტში შესვლას და ჩემი გეიტის მოძებნას ზუსტად 5 წუთი მოვანდომე. უბედნიერესი ვიყავი როცა ბოლო ადამიანები დავლანდე რეგისტრაციის რიგში. ყველაფერი ელვის სისწრაფით ხდებოდა, რეგისტრაცია, ბარგის ჩაბარება, მერე კონტროლი. როცა თვითმფრინავში დავჯექი, მინდოდა მეკივლა.

დიახ, მე ეს შევძელი.

ჩემი პირველი მარტოხელა ხეტიალი საზღვარგარეთ შედგა.