სანამ მზე ამოვა

“მთები – ვისთვის თვალსეირი,
ვისთვის ჯავრი შიგნიდანა “

ქუთაისიდან ბათუმამდე ორი მატარებლის ხიდია. ბევრი სხვა სიკეთეების გარდა, მატარებლით მგზავრობა მარტო ამ ორი ხიდისთვის ღირს. ალბათ ვერასოდეს აღვწერ შეგრძნებას, რომელიც იმ მომენტში მოდის, როცა მატარებელი ხიდზე შესრიალდება, ხიდის კონსტრუქცია ლანშაფტს კადრებად შლის, აიპოდში ვიღაც რაღაცაზე მღერის, მე კი ვფიქრობ რომ თუნდაც მარტო ამ წამისთვის ღირს ცხოვრება. ეს ის წამებია, როცა საკუთარ სამყაროში ხარ და გარესამყაროს არსებობას ვეღარ ამჩნევ.

IMG_0512

გასულ შაბათს, ქედიდან სხალთამდე ეს წამი, ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. წასვლისას ჩემს თავს ვუთხარი, არცერთი კადრი, ყველაფერი მეხსიერებაში გადაგაქვს. მოგიყვებოდით, მაგრამ შეუძლებელია ადამიანურ ენაზე გადათარგმნო რას ეუბნება მთა მეზობელ მთას, რაზე ეჭორავება ერთი ხე მეორეს, რაზე ბურტყუნებს მდინარე, რომელსაც ერთგან უზარმაზარი ლოდები ჩამოუტანია და ლამის კალაპოტი ჩაუხერგავს. როგორ შლიან მხრებს ფერისცვალების მოლოდინში მყოფი მთები, როცა ხეობებიდან ნისლები ამოდის. თითქოს ჯავრს იშორებენო. და ამ მთებს შორის როგორ მიიკლაკნება გზა, რომელზეც ნაადრევი ფოთოლცვენა დაწყებულა უკვე.

IMG_0743

IMG_0716

გუშინ საღამოს პირველად დავფიქრდი იმაზე, მთიანეთში რომ არ მეცხოვრა ალბათ საერთოდ სხვა ადამიანი ვიქნებოდი. 6 თვე ხევ-ხევ, მთა-მთა, სოფელ-სოფელ რომ არ მეარა, ის არაჩვეულებრივი, კეთილი, ალალი ადამიანები რომ არ გამეცნო, მთაში რომ ცხოვრობენ მე დღევანდელი მე არ ვიქნებოდი. შემდეგ სამი თვე ყინულის ქალაქში რომ არ მეცხოვრა, მთის ავი სახე რომ არ მენახა, ვერასოდეს მივხვდებოდი რას უძლებენ ადამიანები რომლებიც წელიწადში 6 თვეზე მეტს გარესამყაროს წყდებიან და ყინულიან მთებში იკეტებიან. ამბობენ რომ სიყვარულს მაშინ განიცდის ადამიანი, როცა მუცელში პეპლები იწყებენ ფართხალს. ბოლო დროს როცა ჩემი ყინულის ქალაქი მახსენდება, მოწყენილობისგან, დარდისგან, სიცარიელისგან სავსე, cup story – ების კეთებით რომ ვაცოცხლებდი ცხოვრებას, პეპლების არსებობას ვგრძნობ ჩემში. წარსული კი არ მენატრება, უბრალოდ მიყვარს.

IMG_0726