დედამიწის საათი

დავასვენოთ დედამიწა ერთი საათით

ცოტა ხნის წინ დავბრუნდი მაღაზიიდან, სულ რაღაც 70 თეთრად ვიყიდე სანთელი დღევანდელი საღამოსათვის.

იცით ალბათ, დღეს მთელს მსოფლიოში იმართება აქცია სახელწოდებით “დედამიწის საათი”. საქართველოს დროით საღამოს 9-ის ნახევრიდან 10-ის ნახევრამდე, შენობების გარე ან სხვა ელექტროგანათების ჩაქრობით,თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ამ აქციაში.

აქციის მსვლელობისას გამოირთვება ისეთი მნიშვნელოვანი შენობების განათება, როგორიცაა; სიდნეის საოპერო თეატრი, სან–ფრანცისკოს ”გოლდენ გეით” ხიდი, რომის კოლიზეუმი, კუალა ლუმპურის პეტრონასის კოშკები, ნიუ იორკის ემფაირ სთეით ბილდინგი, ეიფელის კოშკი პარიზში, რანდენბერგის კარიბჭე ბერლინში, სფინქსი და პირამიდები გიზაში და ა.შ. 2011 წლის აქციაში მონაწილეობას მიიღებს ათასობით ქალაქი და სიმბოლური მნიშვნელობის ასობით ძეგლი.

მოლი, tamaRa, Pandora’s box, ქევანა, Geoaria , მოდი შევუერთდეთ ამ აქციას და გამოვრთოთ ელექტროენერგია ერთი საათით.

მე პირადად გადავწყვიტე ედგარ კერეტის “ნებროთმა გარეკა” დავიწყო. ოთხი თვეა ეს წიგნი სახლში მიდევს და ვერ დავაყენე საშველი წაკითხვას:)
რას გააკეთებთ თქვენ?

პროტესტი უხარისხო ტელე-შოუებს

26 მარტს თბილისში, 15:00-ზე გაიმართება აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით „პროტესტი უხარისხო ტელე-შოუებს“.

აქციის ჩატარების ადგილი: რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია (მაკდონალდსისა და შადრევნის მიმდებარე ტროტუარი).

აქციის ერთ-ერთ მესიჯი:

“TV, რომელიც “გვანაგვიანებს”, სახიფათოა თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის”

უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ლინკებზე:

1.Lasharela.com: რა, სად, როდის ანუ Junk TV

2. Vasassi.com : ჩვენ მზად ვართ, თქვენ?

3. Hexsus.com : მე მინდა ვუყურო ტელევიზორს!

ეს კიდევ მათ, ვისაც ზემოთ მითითებული ლინკები არ დააკმაყოფილებს და დამატებითი კითხვები გაუჩნდება:

1. გადავრთოთ?

2. “პროფილი”, ალტერნატივა და რეალური ვირტუალური სამყარო

3. პროტესტის პროტესტის პროტესტი

როდესაც პროფილი არ მომწონდა და ამის შესახებ დავწერე- გადართეო
გადავრთე
როდესაც ნანუკას შოუ არ მომწონდა და ამის შესახებ დავწერე- გადართეო
გადავრთე
როდესაც თბილისი ლაივი არ მომწონდა და ამის შესახებ ვწერდი – გადართეო
გადავრთე
როდესაც სპეციალური რეპორტაჟი არ მომწონდა და ამის შესახებ დავწერე – გადართეო
გადავრთე
როდესაც მოდელირებული ქრონიკა არ მომეწონა და ამის შესახებ დავწერე – გადართეო
გადავრთე
როდესაც მონიკას ძუძუებზე აწყობილი სიუჟეტი არ მომეწონა და ამის შესახებ დავწერე-გადართეო
გადავრთე
როდესაც დღის შოუ არ მომწონდა და ამის შესახებ დავწერე გადართეო
გადავრთე

და მერე უცებ აღმოვაჩინე რომ გადასართავი აღარ დამრჩა არსად.

Hexsus.com

სანამ ცოცხალი ვარ

სანამ მოვკვდები მინდა მსოფლიოს გარშემო ვიხეტიალო.
მინდა სამყარო შევიცნო, გავიცნო, შევიგრძნო…

კუბაში სიგარა მოვწიო, მალაიზიის ჯუნგლებში შიშისგან ძარღვებში სისხლი გამეყინოს, საჰარის უდაბნოს მზის ქვეშ გავიხრუკო, კაპრიზე უგემრიელესი იტალიური პიცით დავტკბე, მაჩუ-პიქჩუზე, ინკების დაკარგულ ქალაქში დავიკარგო, მექსიკური ტეკილით დავთვრე, ესპანეთში ფლამენკო ვიცეკვო ჩემს ირლანდიელ ბიჭთან ერთად, გრენლანდიაში თეთრ დათვებთან გადავიღო სამახსოვრო ფოტო, ტანზანიაში, კილიმანჯაროს ნახვისას დავმუნჯდე. ლოსანჯელესში მეასე სართულიდან ვნახო მზის ამოსვლა, ბალიზე ვუყურო მზის ჩასვლას.
ქრისტიანიაში, ვიგელანდის პარკში ადამიანების ბედზე დავფიქრდე, ამაოებას ხელით შევეხო. ათასი კუნძულის ქვეყნის ყველა კუნძული ვნახო, მზის სამშობლოში, კიუსიუზე იაპონური კულტურით გავგიჟდე და იაპონია სამყაროს ცენტრად გამოვაცხადო 🙂 პირველი აღფრთოვანების შემდეგ კი გამახსენდეს სამყაროს ცენტრი ჩემთვის სხვაგან გადის, სადღაც ნისლიან ალბიონზე…

გავაგრძელო?
მგონი აზრი არ აქვს, რაც მსურს ამის მისაღწევად ალბათ ერთი სიცოცხლე დამჭირდება. პრინციპში მეტი არც მაქვს.

პოსტის იდეა ♥ Summer ♥ -ს ეკუთვნის. ორიგინალი პოსტიც შეგიძლიათ მასთან ნახოთ.

მაჩუ პიქჩუ

და რა გინდა გააკეთო შენ სანამ მოკვდები?

გთაგავთ იმ ბლოგერებს, ვისაც თითქმის ყოველდღე გკითხულობთ…

Geoaria, ვასასი, მოლი ბლუმი, შორენი, პანდორას ყუთი, SUNNY WORLD, ქევანა,
ცდისპირელი, მაწიბალი ბლოგი, ჩორვენი, სქოლიოზიანი ემბრიონი, ნატალი,
ჯორჯ პაიკი

პატარა მდინარის დიდი პრობლემა

ოღასკურა პატარა მდინარეა ქუთაისში. სათავეს სათაფლიის მთის სამხრეთ კალთებზე არსებული კარსტული წყლებიდან იღებს და ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მიედინება. მდინარე ქალაქის იმ ნაწილს კვეთს სადაც ახლა ახალი პარლამენტის შენობა შენდება.
ოღასკურა დაბინძურებულია!
შეიძლება ითქვას იმ ადამიანების მსხვერპლია, რომლებიც მდინარის სანაპიროზე ცხოვრობენ და რომელთაც ჰგონიათ რომ ნაგავი ბუნკერის ნაცვლად მდინარეში უნდა ჩაყარონ.
აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, ორი დღის წინ გადავიღეთ “ზასტავაზე”. ოღასკურას კალაპოტი ყველაზე მეტად სწორედ ამ უბანში ბინძურდება.

დასკვნები და შეფასებები თქვენთვის მომინდვია.