მე შენ მოგიჭრი ხეს

მე შენ მოგიჭრი ხეს და შენ ხმას ვერ ამოიღებ.
მე შენ აგიშენებ შუშის შენობას, ბაღის ნაცვლად და შენ ხმას ვერ ამოიღებ.
მე უკვე მოგიჭერი ხეები ბათუმში და შენ ხმა ვერ ამოიღე.
მე უკვე გაგიჩეხე ხეივანი ქუთაისში და შენ ხმა ვერ ამოიღე.
მე გაგიჩეხე ხეები ზუგდიდში, შენ ხმა ამოიღე, მაგრამ ტყუილად იღაღადე და დარჩი ასე, უდაბნოსა შინა მღაღადებლად.

საერთოდაც, გააპროტესტე რამდენიც გინდა.

მე შეგიცვალე კონსტიტუცია და შენ ხმა ვერ ამოიღე.
მე გიცვლი კანონებს და შენ ხმას ვერ იღებ.
მე უკანონოდ გავცემ ლიცენზიებს/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს და მერე ვიღებ კანონებს, რომ ეს კანონები უკანონობას მოვარგო.

და შენ ხმას ვერ იღებ…

მე შენი ხელისუფლება ვარ.
შენ არავინ ხარ, შენი აზრი არ მაინტერესებს.
ყველაფერი ისე იქნება როგორც მე გადავწყვეტ.

შენ გექნება შუშის შენობები, დატბორილი ხაიში, აღარ გექნება თერგი, მაგრამ გექნება “განათებული” საქართველო.

შენ არ იცი რა გინდა.
მე ვიცი შენ რა გინდა.
ყველაფერს მე ვწყვეტ.

ვიღაცის/ვიღაცების გადაწყვეტილებით ახლა კიკვიძის ბაღს ჩეხავენ. ადამიანები ცდილობენ ეს ბაღი გადაარჩინონ.
იყავი რიგითი ადამიანი.
გადაარჩინე.
დღეს და ახლა. შენი მომავლისათვის.

ფანჯრიდან გაფრენილი კულტურა

დღეს დილით:
თეთრი სამარშუტო ტაქსიდან ყვითელი პარკი გამოფრინდა, ცოტახანს იფარფატა ჰაერში და მერე თვალს მიეფარა…

თბილისი, დიდუბის ავტოსადგური, ივლისი, 2010
-დე მიყიდე რა ბანანი.
უყიდა.
-დე მიყიდე რა კოკაკოლა.
უყიდა.
-დე სად წავიღო ეს კანები?
-მოიცა დაიძრება “მარშუტკა” და გადავაგდოთ სადმე.

ერთი რიგითი დღე, სამარშუტო ტაქსი, დილა.
-ფანჯარა გამოაღო და მრავალჯერ გამოყენებული ერთჯერადი ცხვირსახოცი ქუჩაში მოისროლა.

აგვისტო, 2010, ისევ სამარშუტო ტაქსი:
რაღაცნაირი ტიპი იყო, ცოტა მომხიბლავი, შავგრემანი… ფანჯარაში იყურებოდა და ლუდს წრუპავდა…ის იყო ბოლო ყლუპი იგემა, ოდნავ წამოიწია და ფანჯრიდან ცარიელი ლუდის ბოთლი მოისროლა. ვერ გათვალა… უკან მომავალ მანქანას მოხვდა.
-ბიჭო შენ აზრზე ხააააააარ?
– “იზვინი ბრატ”…

რომელიღაცა თვის რომელიღაცა დღე…

არავინ იცის როგორი იყო, გოგო იყო თუ ბიჭი… უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს (რომელიც შეიძლებოდა სულაც არ ყოფილიყო მშვენიერი) ქუთაისის განახლებულ ძველ უბანში გაიარა, გაიხედა-გამოიხედა და ახლადმოპირკეთებულ ფასადზე მათემატიკური ჭეშმარიტება მიაჯღაბნა:
1+1=3

2010, ივლისი, ერთიანი ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი დღე:

ქუთაისი, წარწერა #7 ავტობუსში:
მზესუმზირა და ბანანი მიირთვით კანიანად!

ისევ ერთი რიგითი დღე… ისევ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ისევ ღია ფანჯრები, ისევ… ისევ…
გადააგდო…
გადააგდო…
გადაგდო…