ფინჯან ყავასთან საკითხავი

1. აი ასეთი ქვეყანა

2. ბედი, რომელიც ხეს არ ეღირსა

3. იქ, სადაც ცა ყველაზე ახლოა

4. ანაბეჭდი წყალზე

5. მკვდარი ტყე

იქ, სადაც ცა ყველაზე ახლოა

ამ პოსტის დაწერაზე იმ დღიდან ვფიქრობ რაც ამ ბლოგის განახლების იდეა გამიჩნდა, მაგრამ რაღაც ვერასდროს ვერ მოვაბი თავი.
აბასთუმანზე ვწერ..
ობსერვატორიაზე..
ბავშვობის მოგონებაზე…
ბოლოს, ზუსტად თორმეტი წლის წინ ვიყავი აბასთუმანში.
თორმეტი წლის შემდეგ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის
დახმარებით დავბრუნდი იქ სადაც ყოველთვის მიმიწევდა გული და სადაც დაბრუნება ოცნება იყო.
თუმცა ბევრი არც არაფერი შეცვლილა…
იგივე ხედი, დანგრეული, მოუვლელი სახლები…
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა….
თითქოს გუშინ იყო, ავტობუსის მინას მიკრული გაფაციცებით რომ ვათვალიერებდი უძველეს დაბას.
ბევრი პრობლემა ჰქონდა მაშინ აბასთუმანს.
აქვს დღესაც.
პირველ რიგში წყლის და კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ აბასთუმნელები.
დაბას არა აქვს ნაგავსაყრელი.
ამიტომ მოსახლეობა ნაგავს სხვადასხვა ადგილას ყრის. ხშირად ქარის მეშვეობით ნაგავი ტყეში ხვდება და გარემოს აბინძურებს. ბინძურდება მდინარეც და ამის შემხედვარე ადამიანს გიფუჭდება ხასიათი.
თუმცა აბასთუმანში არსებული პრობლემები ამით არ მთავრდება.
იჩეხება აბასთუმნის სავიზიტო ბარათი – ფიჭვი.
ფიჭვს სხვა მერქანი ენაცვლება.
ფიჭვის გარეშე კი აბასთუმანი, აბასთუმანი აღარ იქნება.
სწორედ ფიჭვის წყალობითაა აბასთუმანში უნიკალური ატმოსფერული პირობები, ჰაერი სუფთავდება და მაღალი გამჭვირვალობით ხასიათდება.
ამის გამო ის ევრაზიის მასშტაბით ასტრონომიული დაკვირვებებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილადაა მიჩნეული.

მოკლედ აბასთუმანი ულამაზესია, აღმაფრთოვანებელი, გასაგიჟებელი, მაგრამ ძალიან მოუვლელი.


ალბათ დროა დავფიქრდეთ რომ რაღაც უნდა შეიცვალოს!…

და კიდევ, თუ თაფლობისთვე გაქვთ, მაგრამ პარიზში წასასვლელი ფული არა, ჩადით აბასთუმანში. დამერწმუნეთ, ვარსკვლავები იქიდან უფრო ახლოა.

Welcome Abastumani

აბასთუმანი ადიგენის რაიონში, მესხეთის ქედის ერთ-ერთ ულამაზეს ხეობაში მდებარეობს. ხეობის ნაწილი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცულ ტერიტორიებში შედის. მის სუბალპურ და ალპურ მდელოებზე შეგიძლიათ იხილოთ მრავალფეროვანი ენდემური ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლები, მარადმწვანე ქვეტყე, ტურისტული ბილიკების სიმაღლე ზღვის დონიდან 1340-2850 მეტრია.

თუ გადაწყვიტე დალაშქრო აბასთუმანი, სჯობს წინასწარ დაგეგმოთ მარშრუტები და თქვენი მოგზაურობა უფრო საინტერესო გახადოთ.
ამისათვის აუცილებლად დაგჭირდებათ “აბასთუმნის ტურისტული ასოციაციის” დახმარება, რომელიც თავგადასავლების მოყვარულებს დაუვიწყარ მოგზაურობას პირდება.

ტურისტული ასოციაციის დახმარებით შეგიძლიათ დაიქირავოთ ცხენები, კარვები, საძილე ტომრები და აირჩიოთ მარშრუტი, სად და როგორ გაატაროთ დრო სასიამოვნოდ. ტურისტმა ერთ დღეში შეიძლება გაიაროს სამი ტიპის ლანდშაფტი: მუქწიწვოვანი ტყე, ალპური და სუბალპური მდელოები. ბილიკების უმრავლესობა გახსნილია მაისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე.

აი მარშრუტების ჩამონათვალიც…

ერთდღიანი ტური:
ექსკურსია კურორტ აბასთუმანში: თამარის ხიდი – აბაზანების შენობა – პატარა ზარზმა – გიორგი რომანოვის ზამთრის და ზაფხულის სასახლე – გლაზენაპის კოშკი.

კურორტი აბასთუმანი – ობსერვატორია – “მელოტი მთა” – თამარის ციხე –კურორტი აბასტუმანი.

კურორტი აბასთუმანი – ზეკარი – ხიბლის კარიბჭე (ოცხეს და ბარათხევის შესართავი) – საკალმახე –ზეკარის უღელტეხილი.

აბასთუმანი – ობსერვატორია – “კლდეები” – ალპური ზონა – მამლის მთა (ტრაპეცია 2300მ) – აბასთუმანი.

ორდღიანი ტური:
აბასთუმანი – კურცხანას ხეობა – ალპური ზონა – ოცხეს ხეობა – აბასთუმანი.

ოთხდღიანი ტური:
აბასთუმანი – ობსერვატორია– მამლის მთა (ტრაპეცია 2300მ) – მეფისწყარო –ფერსათის მთა – ჭულეს მონასტერი – ოქროს ციხე – აბასთუმანი.

აბასთუმანი – სოფელი ნაქურდევი – ტბები – ოქროს ციხე – ფერსათის მთა – ჭულეს მონასტერი – აბასთუმანი.

საავტომობილო მარშრუტი:
აბასთუმანი – ადიგენი –ზარზმის მონასტერი – გოდერძის უღელტეხილი – “განამარხი ტყე” .

აბასთუმანი – ოქროს ციხე – ჭულეს მონასტერი.

აბასთუმანი – რაბათის ციხე – ეთნოგრაფიული მუზეუმი – საფარა.
აბასთუმანი – ხერთვისის ციხე – ვარძია.

სამწუხაროდ მე პირადად ვერცერთი მარშრუტის ათვისება ვერ მოვახერხე, მაგრამ ამბობენ ისეთი ადგილებია დარჩენა მოგინდებაო.… განსაკუთრებით ლამაზი ზაფხულშია თურმე.
გისურვებთ მწვერვალები დაგეპყროთ.
ოღონდ არ დარჩეთ რაა..
ჩამოდით და შთაბეჭდილებები აქ დაპოსტეთ.