“მუხის შავი ტირილი”

ქუთაისის შემოსასვლელში მდებარე 400-წლოვანი მუხნარის ტყე შეიძლება განადგურდეს. მუხები ხმება – ეს განსაკუთრებით გზისპირა სავალ ზოლზე იგრძნობა, რომელზეც აქტიური ხმობის პროცესი უკვე დაწყებულია.
ტყის მასივში ძირითადად ენდემური და რელიქტური ჯიშის მუხაა. ეს ჯიში წითელ წიგნშია შეტანილი. მისი უნუკალურობა იმაშიცაა, რომ მთელ საქართველოში ამ სახეობის მუხა მარტო იმერეთშია. მუხნარის კორომს 460ჰა. ფართობი უჭირავს. კორომში ხშირად შეხვდებით ქარქცევებს და დეგრადირებულ ხეებს.
“მუხის შავი ტირილი” ასე ჰქვია დაავადებას, რომელიც მუხნარის კორომს ჭირს. დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი – ასაკია. თუმცა ტყეზე ცუდ გავლენას ცენტრალური ავტომაგისტრალი და წყალსაცავიც ახდენს. ეს უკანასკნელი იწვევს ტერიტორიის დაჭაობებას. გრუნტის წყლების დონე ნიადაგში იწევს და მუხებისთვის მეტად არახელსაყრელ პირობებს ქმნის.
ყველაზე ცუდი რაცაა, ტყის მასივში ჯიშთა ცვალებადობა ხდება. მუხის ნაცვლად კორომში რცხილა ამოდის.
ტყე საზოგადოებას ჰგავს. საზოგადოება სადაც ჩვილი ბავშვი არ იბადება – კვდება. ასევეა ტყეც. თუ ტყეში ახალი ნერგი არ გაჩნდა და გაიზარდა ის ვერ იცოცხლებს.
დღეს შეიძლება ითქვას რომ მუხნარის ტყე კვდება. მისი გადაშენების პროცესი უკვე დიდი ხანია დაწყებულია.

P.S.
პირველად ამ საკითხით ხუთი წლის წინ დავინტერესდი. სტატიაც დავწერე ამ პრობლემის შესახებ. 2007 წელს 10 წუთიანი ფილმიც გადავიღე, სადაც ტყეში არსებული მდგომარეობა კარგად იყო აღწერილი. სხვათაშორის ფილმმა წარმატება მომიტანა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების მეხუთე საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულიც გავხდი. მესამედ ამ პრობლემას რამდენიმე დღის წინ მივუბრუნდი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს არაფერი შეცვლილა. პრობლემა დღემდე დგას, მუხები ისევ კვდება და მათი მოვლა-პატრონობის სურვილი ისევ არავის აქვს. იმედი მაქვს ამ თემით გარემოსდამცველი ორგანიზაციები დაინტერესდებიან და შესაბამის სტრუქტურებთან ტყის დაცვის საკითხს დააყენებენ. მანამდე კი მარტო ვაგრძელებ საკითხის შესწავლას. პრობლემის არსი უკვე ვიცი, ახლა მთავარია მისი მოგვარების გზები ვიპოვო.