ტყის მართვა ბელორუსში

დიდი ხნის წინ დაპირებულ პოსტს ვწერ. უფრო სწორად IUCN -ისთვის დავწერე და ახლა იქიდან ვაკოპირებ.

2011 წლის ივნისში ENPI FLEG პროგრამის ფარგლებში ბელარუსში პრეს-ტურის მონაწილე გავხდი. პრეს-ტური, რომელშიც ქართველი, რუსი, უკრაინელი, ბელორუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი და მოლდოველი ჟურნალისტები მონაწილეობდნენ მიზნად ისახავდა ბელორუსიის სატყეო სისტემაში განხორციელებული რეფორმის გაცნობას.
რეფორმები, რომელიც ბელორუსიის სატყეო მეურნეობაში გატარდა, ერთი შეხედვით მართლაც მნიშვნელოვანი ჩანს. ტყე ბელორუსიისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია, რომელსაც შეიძლება ითქვას კარგადაც უვლიან.

ქვეყნის ტერიტორიის 38%-ზე მეტი, დაახლოებით 9.39 მილიონი ჰექტარი ტყეებს უჭირავს. ბოლო 60 წლის განმავლობაში ბელორუსიაში ტყის ფართობი თითქმის გაორმაგდა.

პრეს-ტურის სამდღიანი პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო. პირველი ოფიციალური შეხვედრა ბელორუსის სატყეო მეურნეობის სამინისტროში, მინისტრ მიხეილ ამელიანოვიჩთან შედგა. მინისტრის თქმით მათი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტყეების სათანადო-მოვლა პატრონობაზე.

პრეს-ტურის ფარგლებში მოვინახულეთ ბელორუსიის თითქმის ყველა სანერგე-მეურნეობა და მათი მუშაობის სპეციფიკას გავეცანით.

პატარ-პატარა მეურნეობები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა განთავსებული. სანერგეებში სხვადასხვა ჯიშის ნერგებს ზრდიან, რომელთაც შემდეგ აუთვისებელ ფართობებზე რგავენ და ახალ ტყეს აშენებენ. ყოველ წელს ბელორუსიაში ახალი ტყის გაშენება ხდება და ყოველწლიურად 100 ტონა თესლი ინახება სანერგე მეურნეობებისათვის.

მარტო 2010 წელს ტყის რეგენერაცია და ახალი ტყის გაშენება 29 ათას ჰექტარზე განხორციელდა. გარდა იმისა რომ ტყეებს აშენებენ, უკვე არსებულსაც კარგად იცავენ. პრევენციულ ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით ატარებენ, ერთ-ერთი ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებია. ქვეყანაში 239 სახანძრო სადგურია, რომელიც აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკით. გარდა ამისა ქვეყნის მასშტაბით ტყეებში დაყენებულია 72 ვიდეოთვალი, რომლის ფუნქცია, კონტროლთან ერთად ხანძრის კერების აღმოჩენა და შესაბამისი სამსახურებისთვის დროულად ცნობებაა. მკაცრია კანონი იმ პირების მიმართ, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა და ტყეში ცეცხლის დანთებისას შესაბამის ზომებს არ იღებს. სატყეო მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით ბოლო წლებში უსაფრთხოების ზომების დარღვევისათვის 800-მდე ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.

ტყის რეგულირება ის საკითხია, რომელიც ბელორუსიაში ნომერ პირველია. “ბელგოსლესი” ასე ჰქვია იმ სტრუქტურას, რომელიც უშუალოდ მონიტორინგს ახორციელებს. სატყეო ინჟინრებით, ნიადაგმცოდნეებით, კარტოგრაფებით და ტყის მონიტორინგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული უწყება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სატყეო მეურნეობის დაცვაში. რაც შეეხება ტყის მონიტორინგს იგი სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება. ეკოლოგიური, პათოლოგიური და რადიაციული მონიტორინგი ბელორუსიის ტყეებში მუდმივად ხდება. გარდა ამისა ვიდეოთვალით კონტროლდება ტყის მასივები.

ის რაც ბელორუსიაში ყველაზე მეტად თვალშისაცემია უჩვეულო სისუფთავეა. მინსკი სწორედ სუფთა ქუჩებით, მოვლილი სკვერებით და უზარმაზარი სივრცით დამამახსოვრდა. მინსკში სამი რამეა დიდი დოზით – საბჭოთა სიმბოლიკები, ლუკაშენკოს სურათები და ბალახის მკრეჭავები. ეს უკანასკნელები ქმნიან იმ წესრიგს, რომელიც ქალაქშია. და არამარტო მინსკში. რამდენიმე დღის მანძილზე თითქმის ნახევარი ბელორუსია შემოვიარე. ყველგან ერთიდაიგივეა – წესრიგი, წესრიგი და სისუფთავე.

შეიძლება ითქვას, იქ ყველა ბუჩქს და ხეს უფრთხილდებიან. ტყეები, რომელსაც კარგად უვლიან, იცავენ და აკონტროლებენ.

Advertisements

Life in a fool’s paradise

სამი თვეა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრში ვმუშაობ.
ეს სამი თვე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ყველაზე სევდიანი დროა.
საინტერესო იმიტომ რომ აბსოლიტურად სხვა გარემოში აღმოვჩნდი, სხვა რეალობაში. თუმცა ყველა სირთულე გამოწვევად მივიღე და შევეცადე ყველაფერში დადებითი მეპოვნა.
სევდიანი იმიტომ რომ ყველაფერს მოვწყდი – სახლს, მეგობრებს, საერთოდ ყველაფერს, რაც მაინტერესებდა და მიყვარდა.
ცხოვრების სტილიც შევიცვალე.
თუმცა არაფერს ვნანობ.
საუკეთესო გადაწყვეტილება იყო აქ წამოსვლა იმ გადაწყვეტილებებს შორის, რაც კი ოდესმე მიმიღია.
კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ ვერ ვწერ.
ალბათ ოდესმე ვიქნები გულახდილი და ღრმა დეტალებზეც მოგიყვებით.
მანამდე კი ეს “რაღაც” შეგიძლიათ ნახოთ… ფოტოები, რომელიც სხვადასხვა დროს მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისათვის გადავიღე.

ფშავ-ხევსურეთი

დარაბებს მიღმა ხევსურეთია

ერთი კვირაა ხევსურეთში დავხეტიალობ. მართალია სახეტიალოდ ცოტა ცუდი დრო შევარჩიე, ცივა, ხალხი თითქმის არ მოძრაობს, სოფლები უკვე დაცლილია და მოსახლეობა გამოსაზამთრებლად ბარშია გახიზნული, მაგრამ ხეტიალი მაინც დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო.
ქვემოთ საკმაოდ ვრცელ სტატიას გთავაზობთ, რომელიც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისათვის მოვამზადე.
წაიკითხეთ და თუ რამის დამატების სურვილი გაგიჩნდებათ, ქვემოთ, კომენტარებში მომწერეთ.

სოფელი ბარისახო, რომელიც დუშეთიდან 63 კილომეტრში მდებარეობს, პირაქეთა ხევსურეთის ცენტრია. ბარისახოს თემში შემავალი 32 სოფლიდან, სკოლა, საბავშვო ბაღი და სამედიცინო პუნქტი მხოლოდ ამ სოფელს აქვს. ბარისახო პირაქეთა ხევსურეთის ყველაზე დიდი სოფელია: სოფელში ამ დროისთვის 54 ოჯახი ცხოვრობს.
დუშეთი-ბარისახოს 63-კილომეტრიანი ოღრო-ჩოღრო გზის გავლას 2 საათზე მეტი სჭირდება. სოფელში უჩვეულო სიჩუმეა. რამდენიმე სახლიდან კვამლიც ამოდის, მაგრამ ხალხი არსად ჩანს. სოფლის ცენტრში რამდენიმე დანგრეული შენობაა. ერთ-ერთზე საქართველოს დროშა ფრიალებს. იქვე თბილისი-ბარისახოს ავტობუსი დგას. ავტობუსის საქარე მინაზე წარწერა გაკრული: „15 ოქტომბრიდან ამოღებული იქნება ოთხშაბათი“.
ავტობუსის მძღოლი გოგია ბურდული გვიხსნის, რომ მგზავრთა სიმცირის გამო იძულებულია გრაფიკი შეცვალოს.
„ახლა კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევს და კვირას ვივლი თბილისში. აქამდე ოთხშაბათობითაც დავდიოდი, მაგრამ ხალხი აღარ დადის. გუშინ სულ სამი მგზავრი მყავდა,“- ამბობს გოგია ბურდული.
ბარისახოში მცხოვრები ხევსურები ამბობენ, რომ სოფელში, მამა-პაპისეულ ფუძეზე ძირითადად ასაკოვანი ხალხი რჩება, ახალგაზრდები კი სამუშაოს საძებნელად ბარში მიდიან და მთაც თანდათანობით ცარიელდება.
ბარისახოში მცხოვრები სანათა წიკლაური იმ დროს იხსენებს, როცა სოფელში დასახლდა.
„34 წლის წინ გამოვთხოვდი აქეთ. მაშინ აქ სამუშაოც იყო და ხალხიც. სკოლაც გვქონდა, საბავშვო ბაღიც, ვეტუბანიც და 25-საწოლიანი საავადმყოფოც. სკოლა-ინტერნატში 270 ბავშვი სწავლობდა. ახლა იცლება მთა. მთელი ხევსურეთი რომ მოიაროთ, ორ-სამ ისეთ სოფელს თუ ნახავთ, სადაც ხალხი ჯერ კიდევ ცხოვრობს. დანარჩენი სოფლები სულ დაცარიელებულია. ბარისახო ყველაზე ხალხმრავალი სოფელია ამ მხარეში. სოფელი სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებული ხალხის წყალობით შევინარჩუნეთ. აქაურები მანდ რომ არ იყვნენ დასაქმებულები, აქამდე ბარისახოც დაიცლებოდა,“ – ამბობს სანათა წიკლაური.
ბარისახოში ყველგან თივის ზვინები დგას. ერთ-ერთ თივის ზვინთან რამდენიმე ადამიანს ვამჩნევთ. ბარისახოელი არსენა ჭინჭარაული ზვინს შლის და თავიდან დგამს. ამბობს, რომ ბავშვების გაფუჭებულ საქმეს ახლა თავიდან აკეთებს. კითხვაზე, კეთდება თუ არა რაიმე მათ სოფელში, ჭინჭარაული სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაკეთებულ სოფლის გზას იხსენებს. მაგრამ, იქვე ამბობს, რომ ხევსურეთი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება.
„სოფლის განვითარების პროგრამით 4000 ათასი ლარი მოგვცეს და შიდა გზა გავაკეთეთ. სხვა მხრივ მივიწყებული ვყავართ ყველას. ერთადერთი, ვინც მთას ყურადღებას აქცევდა, ჩვენი დეპუტატი მარინა მოლოდინი იყო. მარინას შემდეგ აქ კაციშვილი არ მოსულა ჩვენს საკითხავად, არც შალვა ნათელაშვილი და არც ახლანდელი დეპუტატი კობა ბადაგაძე. რაც ბადაგაძე ავირჩიეთ, მისთვის თვალი აღარ დამიკრია. განა ვემდური, მაგრამ ერთხელ მაინც იკითხოს ჩვენი ამბავი. არჩევნებისთვის მარათონი რომ იწყება, მოდიან და გვეუბნებიან: აბა თქვენი ჭირიმე, ხმა მოგვეცით, დაგეხმარებითო. გაინაღდებენ თავისას და მერე აღარავის ვახსოვართ. ჩვენი პრობლემები არავის ინტერესებს,“ – ამბობს არსენა ჭინჭარაული.
შსს-ს სასაზღვრო პოლიცია ერთადერთი სახელმწიფო უწყებაა, რომელსაც ხევსურები ემადლიერებიან. ბარისახოელების უმრავლესობა სწორედ იქ მუშაობს. დასაქმების კიდევ ერთი ადგილი სკოლა, საბავშვო ბაღი და სამედიცინო პუნქტია. სკოლისკენ გზა არსენა ჭინჭარაულმა გვიჩვენა.
„შედით სკოლაში და ნახეთ რა ხდება. შენობა დანგრეული და გასარემონტებელია. სკოლას სპორტული დარბაზი არა აქვს. ბავშვებს თამაშის საშუალება არა აქვთ. ფანჯრებს მინები არა აქვს და შენობას ნორმალური სახურავი. საკლასო ოთახებში წვიმის დროს წყალი ჩადის და ბავშვებს თავზე აწვიმთ. დირექტორი ბევრს წვალობს, მაგრამ სკოლის შეკეთებას საშველი მაინც არ დააყენეს,“ – ამბობს ჭინჭარაული.
ბარისახოს საჯარო სკოლაში პირაქეთა ხევსურეთის 10-ზე მეტი სოფლის 70-მდე ბავშვი სწავლობს. სკოლის გვერდით პანსიონია, სადაც სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული 23 ბავშვი ცხოვრობს. ისინი თავიანთ სახლებში მხოლოდ შაბათ-კვირას მიდიან. პანსიონში ცხოვრების მთავარი მიზეზი სკოლასა და სახლს შორის არსებული დიდი მანძილია, რომლის გავლაც დიდთოვლობის დროს შეუძლებელია. პანსიონი ორი წლის წინ გაარემონტეს, სკოლა კი ისევ სავალალო მდგომარეობაშია.
სკოლის სპორტული დარბაზი შესაკეთებელია. ფანჯრების ჩამტვრეული მინები „სკოჩითაა“ დამაგრებული. იატაკი ალაგ-ალაგ ამომტვრეულია, კედლების ბათქაში კი ჩამოყრილი. მიუხედავად ამისა, სკოლაში იდეალური წესრიგი და სუსუფთავეა. მასწავლებლები ამბობენ, რომ შენობის შეკეთებას სკოლა საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებს, დახმარება კი არსაიდან ჩანს. ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც ბარისახოს საჯარო სკოლას დაეხმარა, სასაზღვრო პოლიციაა – ინტერნეტის ქსელში ჩართული რამდენიმე კომპიუტერი სწორედ პოლიციის ნაჩუქარია. საკლასო ოთახების არასაკმარისი რაოდენობის გამო კომპიუტერების ოთახში ახლა პირველკლასელები სწავლობენ.
სკოლიდან გამოსულებს გზაზე დარიკო არაბული გვხვდება. მას ღუმელის დასანთებად სახლში ხის დამტვრეული ტოტები მიაქვს. „შეშა ძვირია. ერთი მანქანა შეშა 200 ლარი ღირს. ჩემი პენსია კი 100 ლარია. არ ვიცი ამ ზამთარს თავი როგორ უნდა გავიტანო,“-ამბობს არაბული.
ბარისახოში ახლა ზამთრისთვის ემზადებიან. მათ წინ 5 რთული თვე ელოდებათ. ზამთარი აქ ყველას ძნელად გადააქვს. ბარისახოელები თავს მხოლოდ იმით ინუგეშებენ, რომ დიდთოვლობაშიც კი ბართან დამაკავშირებელი გზა აქ დიდი ხნით თითქმის არასოდეს იკეტება. საავტომობილო გზა აქ ხშირად იწმინდება.
ამ გზით გაზაფხულზე პირაქეთა ხევსურეთს უმუშევრობით და ხანგრძლივი ზამთრით გაბეზრებული კიდევ რამდენიმე ოჯახი დატოვებს.

This slideshow requires JavaScript.

© სტატია მომზადებულია მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისათვის.
საავტორო უფლებები დაცულია!