დაიჭირე საქართველო!

დაგიჭერ – შაგრენის ტყავივით დალეული რუკის ჩამოჭრილ ნაწილებს,

ჰესების კასკადებში ჩალეული მდინარეების წვეთებს დაგიჭერ პეშვით.

პირით დაგიჭერ მეორადი ავტომანქანების გამონაბოლქვით გაჯერებულ მონაბერ სიოს,

ნაფოტებს დაგიჭერ მოჭრილი ხეებისას – გზაზე შემთხვევით რომ გადმოცვენილან ლიცენზიამირტყმული მანქანის საბარგულიდან, რომელსაც არავინ დაიჭერს.

ნაფოტებს შეგიკოწიწებ, იქნებ გახევდეს, სული შთაბეროს დაჭერილმა სიომ, მდინარის წვეთებმა გამოაცოცხლოს – მიწა მოუნდეს…

მოხუცსაც დაგიჭერ, შენი გაბედნიერების ოცნებაში დაბერებულს, სანამ პენსიის რიგში შეწუხდებოდეს. მხარს შევაშვერ, ჰაერს ვუბერავ, წვეთებს ვაპკურებ, დავივიწყებ ხის ნაფოტებს…

ახალგაზრდასაც დაგიჭერ, საზღვართან გადავუდგები, ვეტყვი არ დაგტოვოს. ხის ნაფოტებს ვაჩვენებ – შველა უნდა თქო, იქნებ დამიჯეროს.

ნადირს დაგიჭერ, იქნებ დამაგრდნენ შენს გაჩეხილ ტყეებში და ფრინველებსაც, იქნებ მიეჩვიონ ამომშრალ ნაჭაობებთან ჩამოსხდომას.

ქვიშას დაგიჭერ ზღვის სანაპიროებთან, გაზრდილი ტალღა რომ რეცხავს დღითი-დღე და ზღვის სიშავესაც დაგიჭერ, ისეთი პირი უჩანს რომ ფერიც დასაჭერია.

ყველაფერს დაგიჭერ,

სანამ მე დამიჭერენ

ავტორი: დათო ყვავაძე

საარჩევნო პროგრამები გარემოსდაცვითი პოლიტიკის გარეშე

სტატია მომზადებულია “ბათუმელებისთვის”.

სტატიის ლინკი ნეტგაზეთზე

საქართველოს პარლამენტში დღეისათვის ოთხი პარტიაა წარმოდგენილი. „ბათუმელები“ დაინტერესდა, გარემოს დაცვის კუთხით, რას გვპირდებოდნენ პარტიები ოთხი წლის წინ საარჩევნო პროგრამებში და რა შეასრულეს ამ დაპირებებიდან.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო პროგრამაში სხვადასხვა დაპირებების ნახვა შეიძლებოდა, მათ შორის, სოციალური, პოლიტიკური, ქვეყნის გამთლიანების (აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება) შესახებ, მაგრამ არაფერია ნათქვამი, რას გააკეთებდა მმართველი პარტია გარემოს დაცვის კუთხით.

პარლამენტში უმცირესობის სახით წარმოდგენილი „ქრისტიან-დემოკრატების“ 2008 წლის საარჩევნო პროგრამაში – “ცვლილებების დროა”, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, არც ერთი სიტყვა არაა ნათქვამი, რას გააკეთებდა პარტია პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში გარემოსდაცვითი კუთხით.

კიდევ ერთი პარტია, რომელიც პარლამენტში არჩევნების შედეგად შევიდა, “საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიაა”, თუმცა ისინი საპარლამენტო ცხოვრებაში არ მონაწილეობენ. “ლეიბორისტების” საარჩევნო პროგრამაში, რომელსაც „მეტეხის ვალდებულება“ ჰქვია, ძირითადი აქცენტები ქვეყნის ეროვნულ-ინტერნაციონალურ, სამართლიან სახელმწიფოს მშენებლობაზე და სოციალური გარემოს გაუმჯობესებაზეა. გარემოს დაცვა ამ პარტიის ყურადღების მიღმაც დარჩა. Continue reading