ჰორიზონტს მიღმა

ბოლო წუთამდე მეგონა რომ ვერ წავიდოდი. არადა თითქმის სამთვიანი ბათუმში ჩაკეტვის გამო სუნთქვაც კი მიჭირდა. სასწაულები არ ხდება. ორდღიანი უძილობის ხარჯზე ყველაფერი მოვასწარი. თბილისის ამბებს გამოვტოვებ. ყოველჯერზე ეს ქალაქი სიცარიელით მავსებს, საერთოდაც ალბათ ყველაზე არასაჩემო ქალაქია დედამიწაზე. თბილისიდან რვის ნახევარზე უნდა გავსულიყავით, მაგრამ წმინდა ქართულ ამბავში 9-ზე წავედით. როცა არჩევანი გაქვს იმგზავრო უცნობებთან თუ ნაცნობებთან ერთად, 10-დან 8 ალბათ ნაცნობებს აირჩევ. მე იმ დილით უცნობები ავირჩიე.

სულ ვამბობ რომ მოკლე დროში ადამიანის მრავალმხრივ გაცნობა თუ გინდა, მასთან ერთად უნდა იმოგზაურო. მოგზაურობისას შეგიძლია დაინახო ავერსიც და რევერსიც. მერე არჩევანიც იოლია, ან გააგრძელებ ახლადგაცნობილთან ურთიერთობას, ან არა.
მოკლედ იმის თქმას ვცდილობ რომ მთელი ერთი „მარშუტკა“ ადამიანები გავიცანი და მათთან ერთად ორი არაჩვეულებრივი დღე გავატარე.

IMG_0007

თბილისის შემდეგ პირველი რემარკა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სოფელ ერისიმედში გავაკეთეთ. ერისიმედში მაღალმთიანი აჭარიდან – ხულოდან და შუახევიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. ბედის ირონიაა მეწყერს გაქცეულებს ახლა ალაზნის შემოტევასთან უწევთ გამკლავება, მდინარე ყოველდღე რეცხავს ნაპირებს და ორი ქვეყნის საზღვარს ჩვენსკენ, საქარათველოსკენ წევს.

ალაზანი, სოფელ ერისიმედთან

ალაზანი, სოფელ ერისიმედთან

რაღაცნაირად გამიხარდა აჭარლები რომ ვნახე. ამ ბოლო დროს ვატყობ რომ ე.წ. კუთხური მგრძნობელობა არეული მაქვს. კარგად რომ დავფიქრდი ამ თემაზე მივხვდი, 10% ხევსური ვარ, 10% ფშაველი, 10% მთიული, 10% აჭარელი, ისე ზოგადად იმერელი, თუმცა საგვარეულო ფესვები რაჭაში მაქვს :))

გზაზე

გზაზე

ერისიმედიდან ყვარელში წავედით. ღამე ყვარლის ტბაზე გავათიეთ. ვერაფერს იტყვი, ჯადოსნური გარემოა, თუმცა ადამიანის შექმნილი ესთეტიკა ნაკლებად მხიბლავს ხოლმე ასეთ ადგილებში. იმ დღეს რომ ეკითხა ვინმეს ტობაზე ან მწვანე ტბაზე გაღვიძება მერჩივნა. თუმცა წინ ზაფხულია და ამასაც მოვასწრებ.

ყვარლის ტბა

ყვარლის ტბა

მეორე დღეს თითქმის დაგეგმილ დროს დავადექით შირაქის ველისკენ გზას. თვალუწვდენელი ველები და ჰორიზონტი, რომლის იქეთაც გგონია რომ ცა იწყება. მესამე თუ მეოთხე კლასში ბუნების გაკვეთილზე, მასწავლებელმა ჰორიზონტზე საუბრისას დაახლოებით ასეთი რამ გვითხრა. „როცა მაღალ მთას უყურებ, გგონია რომ თუ მთაზე ახვალ ჰორიზონტს ხელით შეეხები. მაგრამ როცა მთაზე დგები, ხვდები რომ ეს ილუზიაა და შეუძლებელი“. მაოგნებს ხოლმე საკუთარი მეხსიერება. არ შემიძლია აღვწერო რას ვგრძნობდი მაშინ როცა მარშუტკა აღმართზე ადიოდა და მეგონა რომ იმ აღმართის მიღმა ცა იყო.

IMG_0623

მაგრამ აღმართს დაღმართი მოსდევს და ერთ-ერთ ასეთ დაღმართზე, ჩვენმა „გიდმა“, გეოგრაფმა და უბრალოდ ძალიან კარგმა ადამიანმა დაინახა კუ. ამ საკითხში კომპეტენტურმა ადამიანებმა თქვეს რომ მიუხედავად იმისა რომ ეს კუ ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება სადღაც ორასი წლის მაინც იქნება.

ჰელლო

ჰელლო

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ცხრა მთა, ცხრა ჰორიზონტი გადავიარეთ და მივადექით ნავთობის საბადოს. იცოდით რომ საქართველოში ნავთობს მოიპოვებდნენ? მე არ ვიცოდი.

რაც უფრო შორს მივდიოდით, ჰოდიზონტი მით უფრო იშლებოდა და უკიდეგანო ხდებოდა. გზად ჭაჭუნას აღკვეთილთან ახლოს, ტარიბანას ველზე ეს საკმევლის ხეები შეგვხვდა. აი ეკლესიებში რომ საკმეველია, სწორედ ამ ხეებისგან მზადდება ეგ კეთილსურნელება.
გზად ბევრი ცხვრის ფარა შეგვხვდა, შირაქი ხომ მეცხვარეთა ველია, მაგრამ ეს ცხვრის ფარა განსაკუთრებული იყო. როგორც ხედავთ ჩიტები და ცხვრები მშვენივრად თანაცხოვრობენ ერთად.

IMG_0754

სად იყო და სად არა დალისმთა და წყალსაცავი გამოჩნდა. ეს ცხვრები წყალსაცავის სანაპიროზე ნებივრობდნენ. ერთ-ერთმა ჩვენმა თანამგზავრმა ცხვრები პლაჟზე დაარქვა ამ პეიზაჟს.

IMG_0809

დალისმთის წყალსაცავიდან წამოვედით და წავედით ჭაჭუნას აღკვეთილში. მთელი ექსპედიციის განმავლობაში გვაფრთხილებდნენ გიურზების შესახებ. მაგრამ ერთია გაფრთხილება და მეორეა როცა უკვე ფაქტის წინაშე დგები. ზოგადად არაფრის არ მეშინია, გველების მეშინია მარტო. ისე სასტიკად მეშინია რომ შიშის ზედა ზღვარი ჰქვია ამას. მაგრამ შიში დავძლიე და მაინც წავედი. მონაწილეთა ნაწილი მანქანებში დარჩა. ჭაჭუნას აღკვეთილში ვნახე საქართვლეოში ყველაზე მხცოვანი და მრავალტანჯული ვერხვი. ახლა მწყდება გული რომ შიშის გამო სიამოვნება ვერ მივიღე. ფოტოებს კი ვიღებდი, მაგრამ სულ მეგონა რომ საიდანღაც გამოძვრებოდა გიურზა და ზუსტად მე მიკბენდა. ყველაფერი ცუდი მაშინ გამახსენდა, მერე ვიღაცამ თქვა ანტიგიურზინი 4 საათში თუ არ გაიკეთე მოკვდებიო, მოკლედ, ეროვნული, სახალხო ჰორორ ისტორიები იდებოდა გზადაგზა და ყველას ეშინოდა რაც მთავარია. ყველაფერი დამთავრდა იმით რომ ის ტერიტორია ექსპედიციის მონაწილეთა უმრავლესობამ უცნაური მანევრებით დატოვა. აი სირბილსა და ჩქარი ნაბიჯით სიარულს შორის რომ არის, თან რბილ ნიადაგს რომ ახტები და ხმელ ბალახებში მიდიხარ იმ იმედით რომ გიურზას ნაზი კანი აქვს და ხმელ ბალახებში ვერ დაიბუდებს.

IMG_0945

მერე დავინახე ცხვრები. ბევრი ცხვრები. ლამის ყველა ცხვარს პორტფოლიო გავუკეთე იმდენი ფოტო გადავიღე, მერე ლაშამ იპოზიორა ცხვრების ფონზე, მერე არც მე ჩამოვრჩი, მერე მძღოლმა საყვირის ფუნქცია აქტიურ რეჟიმში მოიყვანა, მერე მარშუტკაში აღნიშნეს რომ ცხვარი არ დავტოვე ფოტოს გარეშე, მერე დავიძარით და წამოვედით.
IMG_1046
ამდენი ვწერე და არაფერი მომიყოლია ადამიანებზე რომლებიც ამ ექსპედიციაში გავიცანი. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. როგორც წესი არაკომუნიკაბელურობას არ ვუჩივი, მაგრამ იმ დილით, როცა ჩვენი ექსპედიცია დაიწყო, დაღლილი და გათიშული ვიყავი. გზაში თანდათან ყველა გავიცანი. სადღაც პატარძეულთან მივხვდი რომ ფანტასტიურ ადამიანებთან ერთად მიწევდა მოგზაურობა. სწორადაც მივხვდი. პირველი დღე ჰო, მაგრამ მეორე უფრო ჰო. ხომ იცით დასასრული უფრო რომ გაახლოვებს ადამიანებთან. თბილისში დაბრუნებისას მართლა ძალიან დამწყდა გული, რომ ამ ადამიანებს ვშორდებოდი. არ ვიცი, აი შანსი რომ მქონდეს მათთან ერთად სადმე წასვლის აუცილებად წავიდოდი. მართლა მთელი ორი დღე, მონოტორულად ჩამესმოდა მძღოლის მისამართით გაგზავნილი თხოვნა-მოთხოვნის ხმა „რამდენი მალოდინე“ ჩართე რა. მძღოლი კიდევ არ რთავდა.

დალისმთა, დალისმთის წყალსაცავი დალისმთა, დალისმთის წყალსაცავი[/caption]

თბილისი, როგორც ყოველთვის ამჯერადაც დროებითი გავლითი ზონა იყო, წავედი ქუთაისში. იმ ღამეს მეძინა სახლში და ეს იყო ყველაზე კარგი ღამე უკანასკნელი სამი თვის მანძილზე. მერე გათენდა, მე ვნახე ის ადამიანები, ვინც ძალიან, ძალიან მიყვარს და არ ვიცი, მემგონი მემილიონედ მივხვდი რატომ მიყვარს ეს ქალაქი ასე ძალიან.

მერე წამოვედი ბათუმში. მახინჯაურს რომ გამოცდები პორტისკენ გზაზე, რაღაცნაირი სუნი დგას ხოლმე. ზღვის სუნი. პორტს რომ მიუახლოვდები, ზღვის, თევზის და ნავთობის სუნი ერთმანეთში ირევა. პორტს გამოსცდები და თევზის, წვიმის და ზღვი სუნი რჩება. შეიძლება ცოტა პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ამ სუნებს რომ გაარჩევ, მემგონი მაშინ გრძნობ პირველად, როგორ გიყვარს ეს ქალაქი და ადამიანები, რომელიც ამ ქალაქში შენს ცხოვრებაში შეუშვი.

ასეა. ალბათ ცოტა პოლიგამი ვარ.
ბათუმში ახლა წვიმების სეზონია. რამდენიმე კვირა და მზის სეზონი დაიწყება. ქალაქი ხალხით აივსება, ზღვის, თევზის და ნავთობის სუნი ხალხის სუნში აირევა. ბათუმი კი დაელოდება შემოდგომას, წვიმების სეზონს და სითბოს…

ჰო, ვიდეოები არ დამიმონტაჟებია ჯერ. ბევრი საქმე მქონდა. ვერ მოვასწარი. დავამატებ ერთ-ორ დღეში 🙂

Advertisements