158 დღე

158-ე დღეა რაც ბლოგი განვაახლე. 158-ე დღე და ერთი ეტაპის დასასრული. განსაკუთრებით მიყვარს ეს ეტაპები. აი რაღაცა რომ მთავრდება, იმიტომ რომ თავიდან დაიწყოს მერე.
მე ვერ შევაფასებ როგორი იყო ეს 158 დღე. ეს უფრო თქვენი, ამ ბლოგის მკითხველის პრეროგატივაა.
კიდევ IUCN -ის. მათ შეფასებას პრინციპში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის.
რაღაცის გასაგრძელებლად, ან ისევ თავიდან დასაწყებად.
გაგრძელება – ეს საუკეთესო რამეა რაც შეიძლება ჩემს ცხოვრებაში მოხდეს. გაგრძელება ბილიკივით იქნება, რომელიც ფართოვდება, როდესაც საწინააღმდეგო მიმართულებით კიდევ ერთხელ გადასერავ.
თავიდან დაწყებას კი ალბათ რამდენიმე რეპრესირებულ-დეპრესირებული დღე მოჰყვება.
თუმცა ყველაფრის დაძლევა შეიძლება.
რა შეიცვლება ჩემს ბლოგზე?
ზუსტად ვიცი რომ მიმართულება არა. რაც არ უნდა მოხდეს ეს მაინც მწვანე ბლოგი იქნება, მოხეტიალე ისევ იხეტიალებს და ისევ დაწერს.
რატომ?
მე ისევ გულუბრყვილოდ მჯერა რომ ოდესმე ეს ბლოგი რაიმე სარგებელს მოუტანს ვინმეს.

აუცილებელი განმარტება

ამ ბლოგმა ბევრი ქარტეხილი გამოიარა. ბლოგი გასული წლის დეკემბერში დავარეგისტრირე, თავიდან პირად ამბებზე ვწერდი. მერე მივხვდი რომ მომბეზრდა…
ჰოდა ერთ მშვენიერ დილას, ცუდ განწყობაზე გავიღვიძე და წავშალე. ხაზი გადავუსვი ყველაფერს, რასაც რამდენიმე თვის მანძილზე ვქმნიდი.
თუმცა ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებ.დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით.
გადაწყვიტე ეკოლოგიაზე ვწერო. მიზეზი რამდენიმეა: ეკოლოგია და გარემოსდაცვითი თემები მაინტერესებს, აქეთ-იქეთ ხეტიალი მიყვარს და რაც მთავარია, გულუბრყვილოდ მჯერა რომ ოდესმე ეს ბლოგი რაიმე სარგებელს მოუტანს ვინმეს….

ჰო, კიდევ ამ ბლოგის განახლება ნაწილობრივ IUCN- ის დამსახურებაა. სწორედ IUCN- ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე გამიჩნდა ეკობლოგის შექმნის იდეა. ეს ერთგვარი კონკურსია, რომელიც არ ვიცი ბოლოს რა შედეგით დასრულდება.

ძირითადად ქართულ ამბებზე დავწერ. საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე.
შევეცდები არ იყოს მოსაწყენი.
ჰო, კიდევ აუცილებლად იქნება ბევრი ფოტო რეპორტაჟი და საინტერესო ნიუსები..
ამბობენ, ვინც ეძებს, ის პოულობსო…
მეც ვეძებ, დავხეტიალობ…