ორნი




ეს ფოტოები ჩემმა მეგობარმა მომაწოდა, როგორც ვიცი სხვადასხვა საიტებიდანაა გადმოწერილი. სამწუხაროდ არცერთი ფოტოს ავტორი არ ვიცი… მაგრამ როდესაც გავიგებ სიამოვნებით მივუთითებ.

Advertisements

იქ, სადაც ცა ყველაზე ახლოა

ამ პოსტის დაწერაზე იმ დღიდან ვფიქრობ რაც ამ ბლოგის განახლების იდეა გამიჩნდა, მაგრამ რაღაც ვერასდროს ვერ მოვაბი თავი.
აბასთუმანზე ვწერ..
ობსერვატორიაზე..
ბავშვობის მოგონებაზე…
ბოლოს, ზუსტად თორმეტი წლის წინ ვიყავი აბასთუმანში.
თორმეტი წლის შემდეგ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის
დახმარებით დავბრუნდი იქ სადაც ყოველთვის მიმიწევდა გული და სადაც დაბრუნება ოცნება იყო.
თუმცა ბევრი არც არაფერი შეცვლილა…
იგივე ხედი, დანგრეული, მოუვლელი სახლები…
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა….
თითქოს გუშინ იყო, ავტობუსის მინას მიკრული გაფაციცებით რომ ვათვალიერებდი უძველეს დაბას.
ბევრი პრობლემა ჰქონდა მაშინ აბასთუმანს.
აქვს დღესაც.
პირველ რიგში წყლის და კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ აბასთუმნელები.
დაბას არა აქვს ნაგავსაყრელი.
ამიტომ მოსახლეობა ნაგავს სხვადასხვა ადგილას ყრის. ხშირად ქარის მეშვეობით ნაგავი ტყეში ხვდება და გარემოს აბინძურებს. ბინძურდება მდინარეც და ამის შემხედვარე ადამიანს გიფუჭდება ხასიათი.
თუმცა აბასთუმანში არსებული პრობლემები ამით არ მთავრდება.
იჩეხება აბასთუმნის სავიზიტო ბარათი – ფიჭვი.
ფიჭვს სხვა მერქანი ენაცვლება.
ფიჭვის გარეშე კი აბასთუმანი, აბასთუმანი აღარ იქნება.
სწორედ ფიჭვის წყალობითაა აბასთუმანში უნიკალური ატმოსფერული პირობები, ჰაერი სუფთავდება და მაღალი გამჭვირვალობით ხასიათდება.
ამის გამო ის ევრაზიის მასშტაბით ასტრონომიული დაკვირვებებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილადაა მიჩნეული.

მოკლედ აბასთუმანი ულამაზესია, აღმაფრთოვანებელი, გასაგიჟებელი, მაგრამ ძალიან მოუვლელი.


ალბათ დროა დავფიქრდეთ რომ რაღაც უნდა შეიცვალოს!…

და კიდევ, თუ თაფლობისთვე გაქვთ, მაგრამ პარიზში წასასვლელი ფული არა, ჩადით აბასთუმანში. დამერწმუნეთ, ვარსკვლავები იქიდან უფრო ახლოა.

Welcome Abastumani

აბასთუმანი ადიგენის რაიონში, მესხეთის ქედის ერთ-ერთ ულამაზეს ხეობაში მდებარეობს. ხეობის ნაწილი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცულ ტერიტორიებში შედის. მის სუბალპურ და ალპურ მდელოებზე შეგიძლიათ იხილოთ მრავალფეროვანი ენდემური ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლები, მარადმწვანე ქვეტყე, ტურისტული ბილიკების სიმაღლე ზღვის დონიდან 1340-2850 მეტრია.

თუ გადაწყვიტე დალაშქრო აბასთუმანი, სჯობს წინასწარ დაგეგმოთ მარშრუტები და თქვენი მოგზაურობა უფრო საინტერესო გახადოთ.
ამისათვის აუცილებლად დაგჭირდებათ “აბასთუმნის ტურისტული ასოციაციის” დახმარება, რომელიც თავგადასავლების მოყვარულებს დაუვიწყარ მოგზაურობას პირდება.

ტურისტული ასოციაციის დახმარებით შეგიძლიათ დაიქირავოთ ცხენები, კარვები, საძილე ტომრები და აირჩიოთ მარშრუტი, სად და როგორ გაატაროთ დრო სასიამოვნოდ. ტურისტმა ერთ დღეში შეიძლება გაიაროს სამი ტიპის ლანდშაფტი: მუქწიწვოვანი ტყე, ალპური და სუბალპური მდელოები. ბილიკების უმრავლესობა გახსნილია მაისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე.

აი მარშრუტების ჩამონათვალიც…

ერთდღიანი ტური:
ექსკურსია კურორტ აბასთუმანში: თამარის ხიდი – აბაზანების შენობა – პატარა ზარზმა – გიორგი რომანოვის ზამთრის და ზაფხულის სასახლე – გლაზენაპის კოშკი.

კურორტი აბასთუმანი – ობსერვატორია – “მელოტი მთა” – თამარის ციხე –კურორტი აბასტუმანი.

კურორტი აბასთუმანი – ზეკარი – ხიბლის კარიბჭე (ოცხეს და ბარათხევის შესართავი) – საკალმახე –ზეკარის უღელტეხილი.

აბასთუმანი – ობსერვატორია – “კლდეები” – ალპური ზონა – მამლის მთა (ტრაპეცია 2300მ) – აბასთუმანი.

ორდღიანი ტური:
აბასთუმანი – კურცხანას ხეობა – ალპური ზონა – ოცხეს ხეობა – აბასთუმანი.

ოთხდღიანი ტური:
აბასთუმანი – ობსერვატორია– მამლის მთა (ტრაპეცია 2300მ) – მეფისწყარო –ფერსათის მთა – ჭულეს მონასტერი – ოქროს ციხე – აბასთუმანი.

აბასთუმანი – სოფელი ნაქურდევი – ტბები – ოქროს ციხე – ფერსათის მთა – ჭულეს მონასტერი – აბასთუმანი.

საავტომობილო მარშრუტი:
აბასთუმანი – ადიგენი –ზარზმის მონასტერი – გოდერძის უღელტეხილი – “განამარხი ტყე” .

აბასთუმანი – ოქროს ციხე – ჭულეს მონასტერი.

აბასთუმანი – რაბათის ციხე – ეთნოგრაფიული მუზეუმი – საფარა.
აბასთუმანი – ხერთვისის ციხე – ვარძია.

სამწუხაროდ მე პირადად ვერცერთი მარშრუტის ათვისება ვერ მოვახერხე, მაგრამ ამბობენ ისეთი ადგილებია დარჩენა მოგინდებაო.… განსაკუთრებით ლამაზი ზაფხულშია თურმე.
გისურვებთ მწვერვალები დაგეპყროთ.
ოღონდ არ დარჩეთ რაა..
ჩამოდით და შთაბეჭდილებები აქ დაპოსტეთ.

რატომ გარემოს დაცვა

ჩემს პირველ პოსტს არც თუ ისე დიდი გამოხმაურება მოჰყოლია. პრინციპში არც არაფერს ველოდი განსაკუთრებულს. ადამიანებს უყვართ სკანდალი, მკვლელობა, პოლიტიკა, სიამოვნებით იჭვრიტებიან ე.წ. „ფეისების“ ცხოვრებაში, მაგრამ ნაკლებად აინტერესებთ ეკოლოგია.
ჩემმა მეგობარმა პირველი პოსტის წაკითხვის შემდეგ რჩევა მომცა: თუ წერა გეხალისება რამე ისეთ თემებზე წერე ხალხს რომ დააინტერესოსო და ზემოთ მოყვანილი თემები ჩამომითვალა.
ჩემი კამათი მასთან უშედეგოდ დასრულდა. თუმცა ამან უფრო მეტი სტიმული მომცა წერისათვის.
რატომ?
ახლავე გეტყვით.
ქალაქში სადაც მე ვცხოვრობ სამი მდინარეა.
ამათგან ერთი მდინარე რიონი, იცის ყველამ მთელ საქართველოში.
მეორე მდინარე ოღასკურა იცის არც თუ ისე ბევრმა, ძირითადად ქუთაისლებმა და ალბათ იმ ადამიანებმაც ვისაც ეს სფერო აინტერესებს.
არსებობს მესამე მდინარეც – მდინარე რუა.. რომლის არსებობის შესახებ მგონი მხოლოდ ეკოლოგებმა და რამდენიმე ქუთაისელმა იცის.
პატარა მდინარე რუა ქუთაისის ერთ-ერთ უბანში ჭომაში ჩამოედინება და მდინარე რიონს უერთდება. თუმცა იმის გამო რომ მდინარე რუა ქალაქის არაკანალიზებულ უბანს კვეთს მისი კალაპოტი საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული. ყოველი ზაფხული მდინარეს ანტისანიტარიის კერად აქცევს.
ამ პატარა მდინარეზე ყოველთვის მალხაზ ხარბედიას ერთ-ერთი პოსტი მახსენდება, ხარბედიაზე კი მარკესი და მისი გენიალური ესე, რომელიც ჩემს სათქმელს ზედმიწევნით გადმოსცემს.

წაიკითხეთ? ალბათ ისიამოვნეთ….

ჰო, კარგი ჩაფიქრდით მაინც…
კარგია, რაც მეტი ადამიანი იფიქრებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებაზე, მით უკეთესი.
მე კიდევ ჩემის მხრივ შევეცდები არ ვწერო გაყინულ თემებზე. შევეცდები გარემოს დაცვის კუთხით არსებული ნაკლებად ცნობილი პრობლემები წამოვწიო წინ და ახალ-ახალი ინფორმაციებით მოგამარაგოთ.

P.S.ალბათ გაგიჩნდათ გრძნობა რომ აბდაუბდა პოსტია… უბრალოდ შევეცადე პრობლემა შემეფუთა და საინტერესო წასაკითხი გამოსულიყო. არ ვიცი რამდენად გამომივიდა… იმედი მაქვს დავიხვეწები:)

მოხეტიალე დახეტიალობს..
აბა ჰე, ორშაბათამდეეეეეე….

აუცილებელი განმარტება

ამ ბლოგმა ბევრი ქარტეხილი გამოიარა. ბლოგი გასული წლის დეკემბერში დავარეგისტრირე, თავიდან პირად ამბებზე ვწერდი. მერე მივხვდი რომ მომბეზრდა…
ჰოდა ერთ მშვენიერ დილას, ცუდ განწყობაზე გავიღვიძე და წავშალე. ხაზი გადავუსვი ყველაფერს, რასაც რამდენიმე თვის მანძილზე ვქმნიდი.
თუმცა ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებ.დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით.
გადაწყვიტე ეკოლოგიაზე ვწერო. მიზეზი რამდენიმეა: ეკოლოგია და გარემოსდაცვითი თემები მაინტერესებს, აქეთ-იქეთ ხეტიალი მიყვარს და რაც მთავარია, გულუბრყვილოდ მჯერა რომ ოდესმე ეს ბლოგი რაიმე სარგებელს მოუტანს ვინმეს….

ჰო, კიდევ ამ ბლოგის განახლება ნაწილობრივ IUCN- ის დამსახურებაა. სწორედ IUCN- ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე გამიჩნდა ეკობლოგის შექმნის იდეა. ეს ერთგვარი კონკურსია, რომელიც არ ვიცი ბოლოს რა შედეგით დასრულდება.

ძირითადად ქართულ ამბებზე დავწერ. საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე.
შევეცდები არ იყოს მოსაწყენი.
ჰო, კიდევ აუცილებლად იქნება ბევრი ფოტო რეპორტაჟი და საინტერესო ნიუსები..
ამბობენ, ვინც ეძებს, ის პოულობსო…
მეც ვეძებ, დავხეტიალობ…