მე შენ მოგიჭრი ხეს

მე შენ მოგიჭრი ხეს და შენ ხმას ვერ ამოიღებ.
მე შენ აგიშენებ შუშის შენობას, ბაღის ნაცვლად და შენ ხმას ვერ ამოიღებ.
მე უკვე მოგიჭერი ხეები ბათუმში და შენ ხმა ვერ ამოიღე.
მე უკვე გაგიჩეხე ხეივანი ქუთაისში და შენ ხმა ვერ ამოიღე.
მე გაგიჩეხე ხეები ზუგდიდში, შენ ხმა ამოიღე, მაგრამ ტყუილად იღაღადე და დარჩი ასე, უდაბნოსა შინა მღაღადებლად.

საერთოდაც, გააპროტესტე რამდენიც გინდა.

მე შეგიცვალე კონსტიტუცია და შენ ხმა ვერ ამოიღე.
მე გიცვლი კანონებს და შენ ხმას ვერ იღებ.
მე უკანონოდ გავცემ ლიცენზიებს/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს და მერე ვიღებ კანონებს, რომ ეს კანონები უკანონობას მოვარგო.

და შენ ხმას ვერ იღებ…

მე შენი ხელისუფლება ვარ.
შენ არავინ ხარ, შენი აზრი არ მაინტერესებს.
ყველაფერი ისე იქნება როგორც მე გადავწყვეტ.

შენ გექნება შუშის შენობები, დატბორილი ხაიში, აღარ გექნება თერგი, მაგრამ გექნება “განათებული” საქართველო.

შენ არ იცი რა გინდა.
მე ვიცი შენ რა გინდა.
ყველაფერს მე ვწყვეტ.

ვიღაცის/ვიღაცების გადაწყვეტილებით ახლა კიკვიძის ბაღს ჩეხავენ. ადამიანები ცდილობენ ეს ბაღი გადაარჩინონ.
იყავი რიგითი ადამიანი.
გადაარჩინე.
დღეს და ახლა. შენი მომავლისათვის.

Advertisements

სამი ამბავი მეგობრებზე

განშორება ასუსტებს წვრილმან ვნებებს და აძლიერებს დიდ სიყვარულს. ისევე, როგორც ქარი ანთებს სანთელს და აღვივებს ცეცხლის ალს.

ხეტიალის დაწყების მოსამზადებელი სამუშაოების ანატომია:
ორშაბათს ყველა თანახმაა – “აე რა მაგარია”.
სამშაბათს უკვე იწყებენ წუწუნს – “ვაიმეე რომ შეგვცივდეეს?”
ოთხშაბათს ასკვნიან – “უეჭველი შეგვცივდება, იქნებ სადმე დავსხდეთ”.
ხუთშაბათს მეუბნებიან რომ პარასკევს მეტყვიან ზუსტ პასუხს.
პარასკევს ალბათ მეტყვიან რომ ვერ მოდიან.

ერთი იტალიელი კიბერ-მეგობარი მყავს. Natural Photographer-ია. იმის წყალობით რომ ცოტა იტალიური ვიცი და მისი უდიდებულესობა გუგლი არსებობს, ხშირად ვკონტაქტობთ. არ ეზარება და მიყვება იმ სირთულეებზე რაც თან ახლავს ველურ ფოტოგრაფიას. მიყვება რა რთულია თუნდაც ერთი კარგი კადრის დაჭერა, რომელიც ხშირად რამდენიმე საათის ლოდინის შედეგია. ამ ზაფხულს აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და კოლხეთის ჭაობების დალაშქვრას. იმედი მაქვს ზაფხულამდე ეს ფოტოაპარატი მექნება. სერიოზული გეგმები მაქვს. აუცილებლად გავხდები კარგი wildlife photographer-ი. მანამდე კი სანამ ეს მოხდება შემიძლია უსასრულოდ ვსქროლო მისი ვები და იმ ზღაპრულ სამყაროში ვიმოგზაურო, რომელშიც ის ცხოვრობს.

მაშინებს ხოლმე დასასრული. იმიტომ რომ როგორც წესი დასასრულს ახალი რაღაცის დასაწყისი მოჰყვება. რაღაცასა და რაღაცას შორის ვარ გაჩხერილი ახლა. საშინელებაა როცა ადამიანს არჩევანი არ აქვს, მაგრამ უფრო საშინელებაა როცა რამდენიმე არჩევანი გაქვს. როცა ტვინს იჭყლეტ ფიქრით და გეშინია. გეშინია რომ არ შეცდე, იმიტომ რომ არჩევანზე, რომელსაც გააკეთებ, შენი მომავალი ცხოვრებაა დამოკიდებული.

კვირას “გუდბაი ფართი” გვაქვს. მინდა რომ ჩემმა მეგობრებმა ამ ერთხელ მაინც სძლიონ სიზარმაცეს, დაივიწყონ რომ არსებობს სიტყვა “კომფორტი” და მხარი აუბან ჩემს ერთი შეხედვით “გიჟურ” გადაწყვეტილებას. ჩემო ძვირფასებო, იმედი მაქვს რომ არ გაცივდებით, არ გაიყინებით, მაგრამ თუ მაინც სურდო შეგეყრებათ ლიმონიანი ჩაი ჩემზე იყოს 🙂

***************** ***********

მცხეთაში მტკვარი გაიყინა

ძლიერი ყინვის გამო მცხეთაში მტკვარი გაიყინა. პომპეუსის ხიდთან რამდენიმე სანტიმეტრის სისქის ყინულმა მდინარე მთლიანად დაფარა.

ფოტორეპორტაჟი: www.icmm.ge

მინისტრთან შეხვედრის დეტალები

“მინდა გითხრათ რა ხდება სინამდვილეში გარემოს დაცვის სამინისტროში, რომელშიც დაიჭირეს ბევრი ხალხი და რომელსაც წაართვეს ტყე და გადასცეს სხვა სამინისტროს,”- ამ სიტყვებით დაიწყო გოგა ხაჩიძემ შეხვედრა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში 2012 წლის 29 იანვარს. შეხვედრას 14 ბლოგერი და 2 ჟურნალისტი ესწრებოდა.

შეხვედრაზე, რომელიც არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი, რამდენიმე ნაკლებმნიშვნელოვანი და ორიოდე უმნიშვნელო შეკითხვა დაისვა. მინისტრმა შეხვედრის დასაწყისშივე თქვა რომ ელოდა მძიმე კითხვებს.

“არის კითხვები რომელზე პასუხიც არის ძნელი. არის კითხვები, რომლებზეც არსებობს ორნაირი პასუხი, ერთი მინისტრის პასუხი, მთავრობის წევრის და მეორე ძალიან ადამიანური. რაღა თქმა უნდა შენ როცა ხარ მინისტრი ყველას ფეხებზე კიდია შენი ადამიანური პოზიციები. მინისტრის პოზიცია აინტერესებთ. შენ რას ფიქრობ არავის. მე მინდა რომ ორივე პოზიცია დაგიფიქსიროთ და განვმარტო ის თუ რატომ ხდება ასე. რატომ არის ასეთი უხერხული კითხვები და რატომ არ გვაქვს რაღაცაზე პასუხი. ერთ-ერთი მიზეზი რაც იწვევს ბევრ კითხვაზე უპასუხობას არის შემდეგი. პრეზიდენტი ამბობს ხოლმე ამას, არასოდეს ასეთ მოკლე პერიოდში ასეთი განვითარება არ ქონია ჩვენს ქვეყანას. ფაქტია ეს. ვერ გაექცევი ამას. ასეთ პერიოდში გარემოს დაცვის მუშაობა, ფუნქცია და განსაკუთრებით მინისტრის არის ალბათ წყევლა. განსაკუთებით მაშინ როცა შენი წმინდა მორალური ადამიანური შეხედულებები არის ძალიან მორალისტური გარემოს დაცვის კუთხით. ის რაც ხდება ახლა ქვეყანაში არის მართლა ძალიან დაჩქარებული. მცირე დროში ბევრი განვითარება. გინდა თუ არ გინდა არსებობს ქვეყანაში პრიორიტეტები. გარემოს დაცვა (აი პირველი საშინელება რასაც ვიტყვი დღეს), ჩვენს რეალობაში ვერ იქნება წამყვანი პრიორიტეტი ქვეყნისთვის. იმიტომ რომ გარემოს დაცვას აქვს ძალიან კონკრეტული ფასი და ჩვენ უნდა ვიცოდეთ მაშინ ამის ფასი. ჩვენთან გარემოს დაცვაზე არის ფარისევლური დამოკიდებულება. ამბობენ, ჩემი ტყე, ჩემი მამაპაპის კალმახი, სინამდვილეში საქმე საქმეზე რომ მიდგეს ასე არაა. რამდენიმე დღის წინ კავკასიაზე ჩემი ლანძღვის გადაცემა იყო. ინტერაქტივში კითხვა იყო დასმული. იცავს თუ არა მთავრობა გარემოს. სავარაუდო პასუხები იყო კი და არა. არას ჰქონდა 99% და კის 1%. თუმცა აქ მთავარი ეს პროცენტები არაა. გადაცემის ბოლოში შედეგები შეაჯამეს და აღმოჩნდა რომ სულ შემოსულია 115 ზარი. აი ესაა უბედურება. პრიორიტეტი იმიტომ არაა გარემოს დაცვა რომ 115 ზარი შედის. თუ ხვალ რუსთაველზე დადგება 10 ათასი კაცი რაიმე გარემოსდაცვითი მოთხოვნით, რაღაც საკითხი საპირწონედ ამოიწევს ქვეყნის პრიორიტეტებში,” – განაცხადა შეხვედრის დასაწყისში გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.

სიმართლე გითხრათ, მინისტრს ერთ მოსაზრებაში დავეთანხმე. გარემოს დაცვა ჩვენს ქვეყანაში არ არის პრიორიტეტი. ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ნაკლებად გვაინტერესებს ეს საკითხი. Continue reading

***

როდესმე დამთავრდება ხეტიალი,
ვინ იცის დაღლილზე გაგიხარდეს.
ან ხრამში ბოლო მოგეღება,
ან ზვავი შეგინახავს აპრილამდე.

არავის დააკლდება არაფერი.
არც მზე დაგაკლდება დილდილობით.
ეგ არის, ვერ გაიგებ ვერასოდეს,
მოვდიოდი თუ მივდიოდი.

(C) თეა თოფურია