კიდევ ერთი წელიწადი

წინა წელი არის აქ :))

იანვარი

იანვრის პირველი ერთი კვირა მეძინა. არანაირი გართობა, ხმაურიანი წვეულებები, არა მეგობრები, მხოლოდ ბებია და ბუხართან ძილი. მძიმე წლის დასასრულს დასვენება მჭირდებოდა. შემდეგ ისევ მთიულეთი, მკაცრი ხევსურული ზამთარი, მძიმე პოლიტიკური ფონი და ზამბარასავით დაჭიმული ნერვები.

იანვარში ერთადერთი დღე მახსოვს, 13 იანვარი. ხეობაში, ღვთისა და კაცისგან მიტოვებულ სოფელში რეპორტაჟის მოსამზადებლად წავედი. მახსოვს რამდენი ვიარე ფეხით, იმიტომ რომ მანქანა იმ სოფლამდე ვერ მივიდა. მახსოვს წინაასახაალწლო სამზადისში ჩართული სოფელი, სადაც მხოლოდ სამი ოჯახი ცხოვრობდა, მახსოვს როგორ დამაღამდა გზაში, როგორ მეშინოდა, ისიც მახსოვს რამდენი ვიტირე იმ ღამით და გადავწყვიტე რომ აღარ შემეძლო. მივხვდი რომ ნორმალური ცხოვრების დაბრუნება მინდოდა, რომელ ცხოვრებაზეც რვა თვის წინ მქონდა ნათქვამი უარი.
DSC_0135

თებერვალი

თებერვალი პრინციპში ისეთივე იყო, როგორც იანვარი. მუშაობა, მუშაობა და ბევრი მოგზაურობა ფშავის, ხევის და მთიულეთის სახიფათო გზებზე. ახალი სამუშაოს, ახალი ქალაქის, ახალი გარემოს მოლოდინში გავიდა მთელი თვე. თებერვლის ბოლოს, ქუთაისში დავბრუნდი, ზუსტად ერთი დღით. მეორე დღეს მატარებელში ჩავჯექი და ბათუმში წავედი. მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი, ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო გაზეთად მიჩნეულ გაზეთში მივდიოდი სამუშაოდ მაინც შემეშინდა, როცა კონტრაქტი მომცეს გასაცნობად და ხელმოსაწერად. ნახევარი საათი, ვკითხულობდი, ვფიქრობდი, ვკითხულობდი ვფიქრობდი, მერე ხელი მოვაწერე. იმ გადაწყვეტილებებს შორის, რაც კი ოდესმე მიმიღია, ერთ-ერთ სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ეს გადაწყვეტილება.

DSC_0039

მარტი

მარტში არ მახსოვს რამდენჯერ გადავკვეთე საქართველო აქეთ-იქით. შემიძლია ვთქვა რომ ბევრჯერ. 2012 წელს, მარტის დასაწყისში პირველად ჩავხედე თვალებში სიკვდილს. მარტის ბოლოს მეორედ. მსგავსი შეგრძნება, წამში გაანალიზება რომ შეიძლება ეს კადრი ბოლოა რასაც ხედავ, კიდევ რამდენჯერმე განმეორდა მთელი წლის განმავლობაში. მარტში და მის შემდეგ, კიდევ ერთი თვე მძულდა ბათუმი. კვირაში ერთხელ, ვიცვლიდი ბინას, სამსახურში გამუდმებით საპირფარეშოში ვიკეტებოდი და ვტიროდი, კვირაში ორჯერ დავდიოდი ქუთაისში, საბანაოდ და ტანსაცმლის გასარეცხად. შეიძლება ითქვას, მთელი მარტი „მარშუტკაში“ გავატარე.

პირველი ფოტო, რომელიც ბათუმში გადავიღე

პირველი ფოტო, რომელიც ბათუმში გადავიღე

აპრილი

აპრილშიც გზაში ვიცხოვრე. მაღალმთიანი აჭარა შემოვიარე. გაზაფხულმა, ზამთრისგან თავის დაღწევის სიხარულმა და პატარ-პატარა ცვლილებებმა, მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ თუ ადამიანი რთულ პერიოდს გაუძლებს, ბოლოს დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს. აპრილში კიდევ ერთხელ შევიცვალე ბინა და პორტთან ახლოს გადავედი. პატარა, თევზის სუნით გაჟღენთილ ქუჩაზე ვცხოვრობდი.

იმდენად ვერ ვიტანდი იმ ადგილს, სახლში გვიან მივდიოდი, დილას, როგორც კი მეღვიძებოდა, ვდგებოდი, და სანაპიროზე გავდიოდი. ის თვენახევარი, რაც იქ ვცხოვრობდი იმით იყო მნიშვნელოვანი რომ დღე ვყიდულობდი წიგნებს, რომელსაც, დილაობით, სამი-ოთხი საათი სანაპიროზე ვკითხულობდი.

ჰო, კიდევ, აპრილში ჩემი დაბადების დღე იყო. როგორც წესი, არასდროს აღვნიშნავ ხოლმე. 26-ე დაბადების დღესაც მთელი დღე ვმუშაობდი, საღამოს დასალევად წასვლას მინდოდა, მაგრამ არავის ეცალა. ამიტო წავედი სახლში, გზად გუდვილში კრუასანი და ლუდი ვიყიდე. მერე სახლში, რომელიც თევზისსუნიან ქუჩაზე იდგა, ამ კრუასანზე ერთი სანთელი ავანთე, ჩემს თავს დაბადების დღე თავად მივულოცე. ლუდს მჟავე გემო ჰქონდა. ისეთივე როგორიც იმ დღეს… გვიან ღამით მთელი დღის ნაგროვებ მესიჯებს ჩავუჯექი და მივხვდი, რა სწორად მოვიქეცი რომ ფეისბუქზე დაბადების დღის თარიღი შევცვალე. ყველაზე მაგარი შეგრძნებაა როცა დაბადების დღეს ის ადამიანები გილოცავენ ვისაც უყვარხარ, ვისაც ახსოვხარ, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ხარ. მნიშვნელობა არა აქვს ასეთი ადამიანი ათია თუ ოცი. მთავარია რომ ისინი არსებობენ და მათ ყოველთვის ახსოვხარ.

IMG_0382


მაისი

მაისიც მოგზაურობის იყო. დავდიოდი…დავდიოდი…დავდიოდი. მაისში აღმოვაჩინე ულამაზესი სოფელი თაგო. თუ არსებობს ადგილები, რომელიც სიცოცხლეში აუცილებლად უნდა ნახო, თაგო მათ შორისაა. მაისში როგორც იქნა ვიპოვე სასურველი ბინა, ვიგრძენი რომ შემიყვარდა ბათუმი, საერთოდ მაისი პოზიტივი იყო.
მაისში სხვა ამბებთან ერთად ისიც მოხდა რომ პირველად გამოვცადე რა არის დრიფტი. ვერანაირ შეგრძნებას ვერ შევადარებ. სხეულს ვერ გრძნობ, გული გივარდება და ადრენალინი ტვინს გითიშავს. მოკლედ, მაგარი იყო. მემგონი მომავალ წელსაც გავიმეორებ :))

P1160044

ივნისი

არ მახსოვს
მგონი სულ წვიმდა. თუ არ წვიმდა. მოკლედ არ მახსოვს. ისევ დავდიოდი აქეთ-იქით.

P1160718

ივლისი

ყველაზე წარმატებული თვე იყო. მიუხედავად იმისა რომ ბევრი ვინერვიულე და ვიწვალე ჩეხეთის ვიზის მისაღებად, მაინც შევძელი. ერთი კვირა პრაღაში, საუკეთესო რამ იყო იმ ამბებს შორის რაც წელს მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ამ ერთმა თვემ მასწავლა, რომ თუ არ გავრისკავ, ვერაფერს საინტერესოს ვერ მივიღებ ცხოვრებისგან. პრაღაში მარტო წავედი. ერთი შეხედვით ამაში არაფერია უცნაური, მილიონობით ადამიანი მარტო დადის დედამიწაზე აქეთ-იქით. მაგრამ როცა შენი ტვინი ინგლისურად შენელებულად აზროვნებს, როცა ერთი წინადადების ასაწყობად, მინიმუმ 3 წუთი გჭირდება, პრაღაში მარტო წასვლა არც თუ ისე გონივრული გადაწყვეტილებაა. მაგრამ მე ვთქვი რომ შევძლებ. და შევძელი კიდეც. პრაღაზე ბევრი დავწერე აქ და აქ.

რა თქმა უნდა ხიფათის გარეშე არც იქ მოგზაურობას ჩაუვლია, მაგრამ გაცილებით ამაყი ვარ ახლა. მოკლედ, გარისკვა და მერე ამ რისკით მიღებული სიამოვნებით ტკბობა ვისწავლე. ფანტასტიური იყო.

ამ დღეს მივხვდი რომ ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა შეიძლება, აბსოლიტურად ყველაფრის, მთავარია გინდოდეს

ამ დღეს მივხვდი რომ ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა შეიძლება, აბსოლიტურად ყველაფრის, მთავარია გინდოდეს

აგვისტო

დაიწყო იმით რომ ვკვდებოდი. სოფელში, მდინარეზე ვიყავი. კლდიდან გადავხტი. მახსოვს რომ ვიხრჩობოდი. ვიყავი ფსკერზე და ვცდილობდი ზედაპირზე ამოვსულიყავი. არანაირი კინოკადრები, ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი იყო როგორმე ზედაპირზე ავსულიყავი. ჩემმა ძმამ გადამარჩინა. მადლობა გიო.

ასევე აგვისტოში, ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად ვიყავი ზღვაზე. მივხვდი რომ ზღვა იმაზე მეტად მძულს, ვიდრე აქამდე მძულდა. არ მიყვარს მშვიდი, მზიანი და მლაშე ზღვა. ზღვა რომელიც მიყვარს, ასეთია. ვისაც ასეთი ზღვა არ გინახავთ, გეტყვით რომ არაფერი იცით ზღვის შესახებ 🙂
IMG_0252

სექტემბერი

არც კი ვიცი, სექტემბერში ვინმე იყო ბედნიერი? ვინმე, ვინც საქართველოში ცხოვრობდა. ჩემს ირგვლივ ასეთი ადამიანები არ მოიძებნებიან. ყველაზე სტრესული და რთული თვე იყო. 25 რთული დღე, როცა თითქმის არ მეძინა, დავდიოდი ბევრს, სხვადასხვა რეგიონში. ეს იყო თვე, როცა ნიუსების გარდა არაფერი წამიკითხავს, ფილმი არ მინახავს, მუსიკისთვის არ მომისმენია, არ დამისვენია, თვე რომელიც ყველაზე რთული იყო. მარტო ჩემთვის არა. ყველა ადამიანი ჩემს ირგვლივ ასე იყო. არ მინდა რომ ოდესმე ის გადავიტანო, რაც იმ ერთ თვეში გადავიტანე.

წელს სექტემბერში ერთ რამეს მივხვდი, ამ ქვეყანაში დაბადება, უკვე სასჯელია. არაფერში არ ვარ დარწმუნებული ისე, როგორც ამაში.

dog

ოქტომბერი

ოქტომბერში დავრწმუნდი იმაში და საკუთარ თავს პირობა მივეცი რომ თუკი ოდესმე შვილი მეყოლება, მას ამ საზოგადოებაში არ გავზრდი. ჯერ არ ვიცი სადაა ის ქვეყანა, სადაც ცხოვრება მინდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, ჩემს შვილს არ გავწირავ იმისთვის რომ იმ ქვეყანაში იცხოვროს, რომელი ქვეყანაც ასე მიყვარს, მაგრამ რომელი ქვეყანაც ყოველდღე გკლავს. რომლის საზოგადოებაც, ყველაზე ცუდი საზოგადოებაა იმ საზოგადოებებს შორის რომლის შესახებაც რამე ვიცი. ოქტომბერში გამუდმებით ვსვამდი კითხვას, სად არიან კარგი ადამიანები? პასუხი დღემდე არ მაქვს. რა არ დამავიწყდება ცხოვრებაში არასდროს? პირველი ოქტომბრის ღამე. ხმის დათვლის პროცესი, პირველი, ორი, სამი ბიულეტენი 41 ნომრით… და ვიღაცის ხმა ზურგიდან, დამთავრდა. მერე სადღაც, 10 წუთიანი სიმშვიდე და ეროვნული მარაზმის დასაწყისი. როგორ ზეიმობდნენ გარეთ, როგორ ზეიმობდნენ შიგნით, როგორ დაიწყო ერთ-ერთი მომავალი მაღალჩინოსნის ნათესავმა უკვე თანამდებობების განაწილება. როგორ მძულდა იმ მომენტში ყველაფერი.. მაშინ ვფიქრობდი და ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ ამ საზოგადოებას მომავალი არ აქვს. ის ვერასოდეს განვითარდება, იმიტომ რომ ეს საზოგადოება ისევ თავის მსგავს საზოგადოებას გაზრდის და თავს ვერასდროს დააღწევს იმ მოჯადოებულ წრეს, რომელ წრეზეც დიდი ხანია დავდივართ. ოქტომბერში მე მივხვდი რომ ამ ქვეყანაში სისტემა კი არა, სახელები და სახეები იცვლება მხოლოდ. იდეოლოგია, მიდგომა, ყველაფერი უცვლელი რჩება.

ოქტომბერი დაგვირგვინდა იმით რომ ეპისკოპოსმა პოლიციაში მიჩივლა. რა და როგორ იყო აქ მიწერია. მაშინ ვთვლიდი რომ არაფერი უნდა მეთქვა იმის შესახებ რა განვიცადე. მხოლოდ მშრალი ტექსტი და არაფერი სხვა. სასულიერო სასწავლებელში სწავლისას ერთ სემინარიელთან ვმეგობრობდი. ბევრს ვლაპარაკობდით ხოლმე. ბერობას აპირებდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა. დღეს ის ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია მათ შორის, ვისაც ვიცნობ. როგორ გავუძელი იმას რაც ეპისკოპოსმა, უმაღლესმა სასულიერო პირმა დამიშავა? როგორ შევძელი საკუთარი ტკივილისგან დისტანცირება? იმ ისტორიის წყალობით, რომელიც ჩემმა სემინარიელმა მეგობარმა მომიყვა და რომლის გაზიარების უფლებაც არ მაქვს. როცა მას ვუსმენდი მივხვდი, ცხოვრებაში იმაზე დიდი საშინელებებიც ჩაუდენიათ სასულიერო პირებს სხვა ადამიანების მიმართ ვიდრე მე დამემართა. მან შეძლო ეპატიებინა, იმ ღმერთის სახელით, რომელი ღმერთის ცნებებიც დაივიწყეს ჩვენმა სასულიერო პირებმა. მეც ვაპატიე.

ერთი რამ შემიძლია ვთქვა. ოქტომბერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი თვე ჩემს ცხოვრებაში. ერთ თვეში ერზეც და ბერზეც მყარი შეხედულება ჩამომიყალიბდა. ყველაფერი მე გადამხდა, ყველაფერი საკუთარ თავზე ვიწვნიე. მე ქრისტიანი ვარ, მაგრამ გადავწყვიტე რომ აღარ ვივლი ეკლესიაში.

IMG_0009

ნოემბერი

რა მოხდა ნოემბერში?
არც კი მახსოვს. ვმუშაობდი, ვკითხულობდი ბევრს, ვისვენებდი, ვნახულობდი ფილმებს და ვუსმენდი მუსიკას. დილაობით დავდიოდი ზღვაზე. ვუსმენდი, მისმენდა. მოკლედ კარგად ვიყავი.

Sweet November

Sweet November

დეკემბერი

მიუხედავად იმისა რომ ჯერ არ დამთავრებულა, მაინც ბევრი რამ მოხდა. მოხდა ის რომ ჩემს შორსმიმავალ გეგმებზე ფოკუსირება მოვახდინე, აღმოვაჩინე რომ ინგლისურად წინადადების გასამართად სამი წუთის ნაცვლად ერთი წუთი მჭირდება. ჩავრთე ახალ პროექტში, მართალია ამის გამო კვირაში 5-ის ნაცვლად 6 დღის მუშაობა მომიწევს, მაგრამ ეგ არაფერი, მომწონს კიდეც. მივიღე პირველი კონტრაქტი, როგორც ფოტოგრაფმა. ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამოდის, საკუთარი თავისთვის ფოტოგრაფის დარქმევა მიჭირს. მგონი ეს შეამჩნიეს და წამდაუწუმ მეკითხებიან, დარწმუნებული ხარ რომ შეძლებ? მე პასუხის ნაცვლად თავს ვაქნევ, გულში კი ვფიქრობ, რომ იცოდეთ რამდენი რამ შევძელი…

დეკემბერში საბოლოოდ გავარკვიე ურთიერთობები. ყველა მხრივ. ზოგადად ამ მხრივ ყველაზე უცნაური წელი იყო. მთელი წლის განმავლობაში იმდენი ვინმე მომწონდა ბოლოს სათვალავი ამერია. ბოლოს ისე მოხდა რომ ორი ერთდროულად მომწონდა. სულ ბოლოს კი როცა მივხვდი რომ წამიერ გატაცებებს რეალურად ზიანი მოჰქონდა, დროს მართმევდა, რომელიც შემეძლო სწავლისთვის დამეთმო, ავდექი და ვუთხარი. ყველაფერი დალაგდა. გაქრა და დამშვიდდა. მე მჯერა რომ ჩვენი მომავალი ჩვენსავე ხელშია. გადაწყვეტილებები, რომელსაც ვიღებთ, ცვლის მას, უარესობისკენ, ან უკეთესობისკენ.

წელს მივხვდი რომ არ არსებობს მზა რეცეპტები, როგორ უნდა იცხოვრო. ცხოვრება თავგადასავალია, იმისდამიხედვით როგორი ადამიანი ხარ, ან ბოროტი გმირი ხარ ამ თავგადასავალში, ან კეთილი.

გასული წელი მაჰათმა განდის ფრაზით დავიწყე. მთელი წელი რასაც ვაკეთებდი, სწორედ ამ შეგრძნებით ვაკეთებდი: „ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, უმნიშვნელო იქნება, მაგრამ უნდა გააკეთო“.

წელს, წლის ბოლოს განდის კიდევ ერთი ფრაზა აღმოვაჩინე, რომელიც მომავალი წლის და ცხოვრების ინსპირაციად მექცა. „You may never know what results come of your actions, but if you do nothing, there will be no results“.

მე ვიცხოვრებ იმ შეგძნებით ისევ რომ „Whatever you do will be insignificant, but it is very important that you do it“ და მაინც ყველაფერს გავაკეთებ, იმიტომ რომ ჩემს ნაცვლად არავინ გააკეთებს. იმიტომ რომ მე უნდა გავაკეთო.

გასული წლის შემაჯამებელი პოსტის ბოლოს რაც დავწერე ამიხდა. ტრადიციას არც ამჟამად დავარღვევ და დავწერ:
2013 წელს ერთი სურვილი მაქვს, ვისწავლო ოქსფორდში.

რაც მინდოდა ყველაფერი მაქვს ამ ეტაპზე, ახლა ეს სურვილი მაქვს და ვიცი რომ ვისწავლი.

397125_3633366846713_713940369_n