2010

ჩემი ბლოგი ერთი წლისაა. ერთი წლის წინ გაზეთის რედაქციაში ტრენინგისთვის CV-ს ვავსებდი, რომელიც სოციალურ მედიას ეხებოდა. მეილი გავაგზავნე და დავფიქრდი რატომ უნდა დაველოდო პასუხს მოვხვდები თუ არა ტრენინგზე, ვცდი – ბლოგის შექმნა არც ისე რთულია.
ვცადე და ასე გაჩნდა ჩემი ბლოგი.
თავიდან ვწერდი ყველაფერზე, მაგრამ მერე მივხვდი რომ სულაც არ მომწონდა ის რასაც ვწერდი, ამიტომ ავდექი და წავშალე.
ჩემი ბლოგის ახალი სიცოცხლე მაისიდან დაიწყო, როცა IUCN ის ტრენინგზე საინტერესო იდეა შემოგვთავაზეს და მეც გადავწყვიტე გარემოს დაცვაზე დამეწერა.
ერთი შეხედვით საკმაოდ მოსაწყენია ბლოგზე თვეების მანძილზე წერო პოსტები, რომელიც გარემოს დაცვას ეხება. მეორეც, ძალიან რთულია მარტივი ენით, პროფესიული ტერმინების გარეშე წერო ამ თემაზე.
რაც მთავარია ძალიან, ძალიან რთულია იაზროვნო ეკოლოგიურად.

დასაწყისში არჩევანის წინაშე ვიდექი: ბლოგი ყოფილიყო ყოველდღიურად განახლებადი, მომეძიებინა ქართული ნიუსები, მეთარგმნა უცხოური თუ გამეკეთებინა ბლოგი, რომელზე განთავსებული ინფორმაცია დროს გაუძლებდა და ნიუსისგან განსხვავებით რამდენიმე თვის შემდეგაც საინტერესო წასაკითხი იქნებოდა.
ავირჩიე მეორე გზა, რამდენად გამომივიდა ეს თქვენ, ჩემი ბლოგის მკითხველებმა უნდა შეაფასოთ.
ადვილია აიღო რომელიმე წიგნი, ნარკვევი ან ბროშურა გარემოს დაცვაზე, ეკოლოგიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, გააშინაარსო და საკუთარ ნაააზრევად შეასაღო შენს მკითხველს. ან სულაც არ გააშინაარსო და თავის ტერმინებიანად გადმოწერო.
რთულია თავიდან ბოლომდე წაიკითხო ეს წიგნები, ნარკვევები, ბროშურები, პოსტის დასაწერად დაჯდე კომპიუტერთან და ვერაფერი ვერ დაწერო. იმიტომ რომ გაქვს შეგრძნება, ეს ერთხელ უკვე დაიწერა, რაღაც ახალი გინდა, რაც ჯერ არ დაწერილა. და ამ ახლის ძიებაში შეიძლება შემოგეკითხოს სქელტანიანი “მეტყევეობა”, არანაკლებ სქელტანიანი “ბუნების კარი”, რამდენიმე ათეული პატარა ბროშურა და ბოლოს სასოწარკვეთილებაში ჩავარდე “რა ჯანდაბა დავწერო”.
თემები გაქვს, არაპოპულარული, მაგრამ საინტერესო, თუმცა სრულყოფისთვის ჯერ კიდევ უნდა მოიძიო ინფორმაცია. ყველაზე ცუდი ის მომენტი იყო, როცა არასრულყოფილი პოსტები დრაფტში იყრებოდა. ისინი ახლაც იქ არიან, ყოველთვის როცა ახალ პოსტს ვწერ საცოდავად მიყურებენ და თითქოს მეხვეწებიან: “გამოგვაქვეყნე რა!”
სამწუხაროდ იმისთვის რომ მათ ვორდპრესის სინათლე იხილონ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს წასაკითხი.
ბევრი იდეა, რომელიც მქონდა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ განხორციელდა. თუმცა იმედი მაქვს 2011-ში მაინც მექნება სანატრელი “ფლიპკამერა” და ყველაფერს რაც 2010-ში უნდა გადამეღო, სწორედ მაშინ გადავიღებ.
ისე საერთო ჯამში 2010 ძალიან წარუმატებელი წელი იყო.
უფრო სწორად ამ წელს დავარქმევდი მოლოდინის წელს. კონკურსიდან კონკურსამდე, პროექტიდან პროექტამდე გამაწამებელმა მოლოდინმა და ნერვიულობამ დაღი ჩემს ჯანმრთელობას დაასვა.
გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი ყველაზე მთავარი ადამიანისთვის არის ჯანმრთელობა – მხედველობა + სმენა. ჩემი აზრით შეუცვლელი და შეუფასებელი საუნჯეა. სხვა ყველაფერი, მეორეხარისხოვანია.
ბლოგს რომ დავუბრუნდე, ბლოგისთვის დადებითად შევაფასებდი ამ წელს. 2010-ში ჩვენ (მე და ჩემმა ბლოგმა) მოვიპოვეთ სტაბილური მკითხველი, ქუთაისურმა გაზეთმა “პოსტსკრიპტუმმა” ჩემი ერთ-ერთი პოსტიდან ფოტოები აიღო და გაზეთში დაბეჭდა.
მეტს განსაკუთრებულს ვერაფერს ვიხსენებ….
თუმცა მაინც ვფიქრობ ეს ბლოგი ესკიზია იმ დიდი პროექტისა, რომლის განხორციელებასაც ვაპირებ. და კიდევ ჯიუტად მჯერა, რომ ოდესმე ეს ბლოგი გახდება სასარგებლო და ძალიან, ძალიან საინტერესო.
ბევრი ვწერე, იდეაში მინდოდა შემაჯამებელი პოსტი დამეწერა. მგონი გამოვიდასავით.
ბოლოს, მინდა მადლობა გითხრათ თქვენ, ჩემი ბლოგის მკითხველებს. განსაკუთრებული მადლობა კი შენ, ჰო შენ ამ პოსტს რომ კითხულობ ახლა და ბოლოში რაღაცას დამიტოვებ კომენტარის სახით.
კომენტარს რაც შეეხება, როცა რაღაცას აკეთებ, ამ შემთხვევაში წერ – გჭირდება უკუკავშირი. დასტური იმისა, რომ ვიღაცამ კი არ გადაგიარა, არამედ წაგიკითხა და თავისი ემოცია კარგი ან ცუდი დაგიტოვა პოსტზე.

ყველას გილოცავთ შობას და ახალ წელს!
რას გისურვებთ?
სურვილების ასრულებას…
შემოიარეთ ხოლმე ჩემთან, ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სახეტიალო….

ყველაფერი ახალი…

მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ბლოგის განახლებას, ახალი პოსტების დაწერას ვერ ვახერხებ.
ამ რამდენიმე დღის წინ შევეცადე დამეწერა. პატარა მდინარის, ოღასკურას პრობლემებზე მინდოდა მომეყოლა. მთელი დღე ვიხეტიალე, სურათები გადავიღე, რამდენიმე საინტერესო კადრი მოხვდა ჩემს ობიექტივში, საღამოს როცა უკვე ტექსტი მზად მქონდა აღმოვაჩინე რომ ყველაფერი წაშლილი იყო. სამწუხაროდ ვეღარ მოვძებნე ჩემს თავში ძალა მეორედ წავსულიყავი და იგივე გზა გამევლო.
საერთოდაც რატომ ვლაპარაკობ ამდენს, ვის აინტერესებს დაუწერელი და გამოუქვეყნებელი პოსტები.
მოდი უკვე დაწერილებს გადავხედოთ. მეც თქვენთან ერთად გავიხსენებ.

ოღასკურაზე კი სხვა დროს მოგიყვებით. გიამბობთ ამბავს რა დაემართა პატარა მდინარეს რომელიც ჯერ ნაგვით დაახრჩვეს. ახლა კი მის ერთ მონაკვეთს მილებში მოაქცევენ და საიმედოდ ჩააბეტონებენ.

1.არაფერია მზის ქვეშ ახალი

2. The Day After Tomorrow

3. მოხეტიალეს ჩანაწერები

4. წყალი ჩვენი არსობისა

5. ბედი, რომელიც ხეს არ ეღირსა