ფხოვი ფხოველების გარეშე


ბოლო 20 წელში უკანა ფშავში მდებარე 23 სოფლიდან მხოლოდ 12 სოფელი დარჩა. ამ სოფლებშიც მოსახლეობის უმრავლესობა ზაფხულობით ადის. ზამთარში ძირითადად მოხუცები რჩებიან, ისინიც იმიტომ, რომ შემოსავლის ერთადერთ წყაროს, ცხვარ-ძროხას ვერ ტოვებენ. 12 სოფელს მხოლოდ ერთი სკოლა და ერთი სამედიცინო პუნქტი აქვს.

„ბოლო ორ წელიწადში უკანა ფშავში სამი სოფელი დაიცალა. მთაში მარტო მთაა დარჩენილი,“ – ამბობს სოფელ ვაკისოფლის მკვიდრი ვახტანგ ცოკილაური.

ვაკისოფელი უკანაფშავის ერთ – ერთი ბოლო სოფელია. სოფელში სულ ცხრა ოჯახი ცხოვრობს, თუმცა, ზამთარს ვაკისოფელში ოთხი ოჯახი ატარებს. სოფლამდე მისასვლელი სამანქანო გზა ვიწროა და სახიფათო. რამდენიმე ადგილზე პატარა ხევი უნდა გადაიარო, მთელ გზაზე წვრილი, წვეტიანი ქვები ყრია, რომელიც მანქანის საბურავებს სერიოზულად აზიანებს. სოფელში მისულებს მხოლოდ ორი ადამიანი დაგხვდა. უკანაფშაველი ვახტანგ ცოკილაური და მისი და, სანათა ცოკილაური.

„სოფლები ყოველ წელს იცლება, ცხოვრების გაუარესების და უყურადღებობის გამო. ახალგაზრდებს აქ დასაქმების და მთაში დამაგრების საშუალება არ აქვთ. ეს მოხუცები კიდევ როდემდე გაძლებენ? გზა არ არის. ხვალ რომ თოვლი მოვიდეს, მაისამდე აქ მანქანა ვეღარ ამოვა. შემოდგომაზე დარჩენილი ხალხიდან გაზაფხულზე ვინ დაგვხვდება ცოცხალი და ვინ მკვდარი, არავინ იცის,“ – ამბობს ვახტანგ ცოკილაური.

მთის მოსახლეობის შემოსავლის წყარო მესაქონლეობა, მეფუტკრეობა და მებოსტნეობაა. „ამ დროს სახლში ვერავის ვერ ნახავთ. ყველა საქონლის მოსავლელად არის წასული. ჩვენც უამრავი რამ გვაქვს მოსასწრები. პროდუქტს ვამზადებთ – ყველს, ერბოს, ხაჭოს. არაყიც გამოსახდელია. დაზამთრებამდე უნდა მოვასწროთ. ბარში მივდივართ, აქ ვერ გამოვიზამთრებთ,“ – გვეუბნება სანათა ცოკილაური ისე, რომ ცდილობს საქმეს არ მოსწყდეს.

ვაკისოფელს წლების მანძილზე ელექტროენერგია არ ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ, სოფელში მზის ბატარეები დაამონტაჟეს, რომლის საშუალებითაც ზამთარში გარესამყაროს მოწყვეტილი ადამიანები ქვეყანაში მიმდინარე ამბებს იგებენ.
მუქო უკანა ფშავში ბოლო სოფელია, რომელსაც ელექტროენერგია მიეწოდება. მუქოში 2 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა წლევანდელ ზამთარს იქ მხოლოდ შალვა წითელაური გაატარებს, მოხუც დედასთან და ძმასთან ერთად.

„ბოლო სამი წელია აქ უცხო არავინ მოსულა თქვენს გარდა. ზაფხულში საქეიფოდ ბევრი მოდის, მაგრამ ჩვენი ამბის საკითხავად კაცი არ ინტერესდება. ცხოვრება მთაში ძალიან მძიმეა“, – გვეუბნება წითელაური.

„თივის კონები მარტო ჩამოვზიდე მთიდან. არც ხალხია და შესაბამისად დამხმარეც არავინაა. მთაში თუ გინდა გადარჩე, საკუთარი თავის გარდა არავის იმედი არ უნდა გქონდეს“, – ამბობს შალვა წითელაური.

მუქოში, ისევე როგორც უკანა ფშავის ბევრ სოფელში გზა ნოემბერში ჩაიკეტება და მაისამდე ეს მხარე გარესამყაროს მოწყვეტილი იქნება. ასეთ დროს კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება ტელეფონია, თუმცა მუქოს მაცხოვრებლებს ტელეფონზე დასარეკად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.

„მობილური არ იჭერს მთაში, მხოლოდ მაგთიფიქსი, მაგრამ მუქოში მაგითაც ვერ ვსარგებლობთ. 5 კილომეტრზე შუაფხოში უნდა ჩავიდე დასარეკად ან 3 კილომეტრზე გაღმა სოფელ ჭიჩოში უნდა გავიდე. შარშან სამმეტრიანი თოვლი იდო. საქონელი ვერ გამყავდა წყალზე და აბა დასარეკად როგორ გახვალ სხვა სოფელში. ვუთხარით ამ პრობლემის შესახებ გამგებელს, „მაგთიკომშიც“ გვქონდა განცხადება დაწერილი, მაგრამ გვითხრეს, მიუდგომელი სოფელია და ვერ გავაკეთებთ ანძასო“, – აღნიშნავს შალვა წითელაური.

დაცლილია მუქოს ზემოთ მდებარე სოფელი მათურაც. იქ მხოლოდ ორი ოჯახიღა ცხოვრობს და ისიც მხოლოდ ზაფხულობით. ორი წლის წინ ნასოფლარად იქცა სოფელი ახადი. 13-13 ოჯახი ცხოვრობს სოფლებში: შუაფხო და თხილიანა.

უკანა ფშავში ერთადერთი საჯარო სკოლა სოფელ შუაფხოს ცენტრში დგას. სკოლაში სულ 18 მოსწავლე სწავლობს. ისინი სხვადასხვა სოფლებიდან დადიან. შუაფხოშია ასევე მხარის ერთადერთი სამედიცინო ცენტრი, რომელშიც ერთი ექიმი და ერთი ექთანი მუშაობს.

„ძირითადად წნევას ვუზომავ და ნემსი თუ აქვს ვინმეს გასაკეთებელი ვუკეთებ ხოლმე. ყოფილა შემთხვევა როცა ადგილზე ჩავსულვართ და დავხმარებივართ. ზამთარში გადაადგილება გვიჭირს, თუ შესაძლებელია მანქანით მივდივართ, თუ არადა ფეხით,“ – ამბობს სოფელ შუაფხოს საკრებულოს ამბულატორიის ექთანი ნინო ცაბაურაშვილი.

ფშაველების თქმით, მთა სულ რომ არ დაიცალოს, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და სამუშაო ადგილები უნდა იყოს, თუმცა ამ ეტაპზე უკანა ფშავში არც ერთია და არც მეორე.

© სტატია მომზადებულია მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისათვის
© საავტორო უფლებები დაცულია

This slideshow requires JavaScript.