მე შენ მოგიჭრი ხეს

მე შენ მოგიჭრი ხეს და შენ ხმას ვერ ამოიღებ.
მე შენ აგიშენებ შუშის შენობას, ბაღის ნაცვლად და შენ ხმას ვერ ამოიღებ.
მე უკვე მოგიჭერი ხეები ბათუმში და შენ ხმა ვერ ამოიღე.
მე უკვე გაგიჩეხე ხეივანი ქუთაისში და შენ ხმა ვერ ამოიღე.
მე გაგიჩეხე ხეები ზუგდიდში, შენ ხმა ამოიღე, მაგრამ ტყუილად იღაღადე და დარჩი ასე, უდაბნოსა შინა მღაღადებლად.

საერთოდაც, გააპროტესტე რამდენიც გინდა.

მე შეგიცვალე კონსტიტუცია და შენ ხმა ვერ ამოიღე.
მე გიცვლი კანონებს და შენ ხმას ვერ იღებ.
მე უკანონოდ გავცემ ლიცენზიებს/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს და მერე ვიღებ კანონებს, რომ ეს კანონები უკანონობას მოვარგო.

და შენ ხმას ვერ იღებ…

მე შენი ხელისუფლება ვარ.
შენ არავინ ხარ, შენი აზრი არ მაინტერესებს.
ყველაფერი ისე იქნება როგორც მე გადავწყვეტ.

შენ გექნება შუშის შენობები, დატბორილი ხაიში, აღარ გექნება თერგი, მაგრამ გექნება “განათებული” საქართველო.

შენ არ იცი რა გინდა.
მე ვიცი შენ რა გინდა.
ყველაფერს მე ვწყვეტ.

ვიღაცის/ვიღაცების გადაწყვეტილებით ახლა კიკვიძის ბაღს ჩეხავენ. ადამიანები ცდილობენ ეს ბაღი გადაარჩინონ.
იყავი რიგითი ადამიანი.
გადაარჩინე.
დღეს და ახლა. შენი მომავლისათვის.

ერთი წლის წინ

შარშანდელი პოსტია, მაგრამ დღეს აქტუალური.

ერთიანი ეროვნული უკულტურობა

Clean the world

Best Green Blogger

ცოტა ხნის წინ IUCN–ის კონკურსში გავიმარჯვე. Best Green Blogger -ი გავხდი.
არ ვთვლი რომ იმ ბლოგერებს შორის ვინც ეკოლოგიაზე წერს საუკეთესო ვარ, უბრალოდ გამიმართლა.
ვერ ავღწერ იმ სიხარულს და ემოციას რომელიც კონკურსის შედეგების გაგებისას მქონდა. ვკიოდი, სიხარულისგან ლამის გული გამისკდა. უბედნიერესი ვიყავი იმ წუთებში.
დაჯილდოება იყო პომპეზური. დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ
აქ.

ზუსტად ისეთი, როგორ შეხვედრებსაც ვარიდებ ხოლმე თავს. თუმცა ეს ის შემთხვევა იყო, როცა აუცილებლად უნდა დავსწრებოდი. პრიზის გადმოცემის შემდეგ სიტყვით გამოვედი 🙂 არ მახსოვს რა ვიბოდიალე. ვნერვიულობდი და დაბნეული ვიყავი. იმდენად დაბნეული რომ საკუთარი ბლოგის მისამართის თქმაც კი დამავიწყდა.

კონკურსში მონაწილე სხვა ბლოგების გაცნობა შეგიძლიათ ამ ლინკზე გადასვლით.

შეამჩნევდით ბლოგზე თითქმის აღარ ვწერ. მიზეზი ჩემი დაუსრულებელი გამოძიებაა, რომელსაც ვერ იქნა და თავი ვერ მოვაბი. უზარმაზარ თემას შევეჭიდე და სახლში მოსულს კლავიატურაზე მეძინება. 🙂 თუმცა მომავალი კვირიდან საინტერესო ნაწყვეტებს ჩემი პროექტიდან ბლოგზე გამოვაქვეყნებ. ვიმედოვენებ თქვენს ინტერესს დაიმსახურებს.

დასასრულის ნაცვლად

მადლობა IUCN–ის კონკურსის გამოცხადებისათვის, ობიექტურობისთვის და კიდევ იმისთვის რომ ლოდინი მასწავლა (ორთვენახევარი ველოდებოდი კონკურსის შედეგებს:).
მადლობა ჩემს დას, რომელიც მეხმარებოდა და საინტერესო ფოტოებით მამარაგებდა.
მადლობა “მწვანე ალტერნატივას”, იქ გავლილი ტრენინგები ბევრ რამეში დამეხმარა, მეხმარება და მჯერა მომავალშიც დამეხმარება.
და ბოლოს, მადლობა თქვენ, მკითხველებს.
მე თქვენთვის ვწერ და მინდა ოდესმე ეს ბლოგი რამეში გამოგადგეთ.