ერთი ფოტო ისტორია

თითქმის სულ ასეთი ცარიელია დუშეთის ქუჩები.
შეიძლება ნახევარი ქალაქი ისე მოიარო ადამიანი არ შეგხვდეს.

ორი დღე შიშის ქალაქში

ჩემმა მეგობარმა მითხრა დიდი ხნის წინ, საშინელი მეოცნებე ხარ. არ გეშინია ერთ დღეს ყველა ოცნება რომ აგიხდესო? მაშინ ხომ ცხოვრების აზრს დაკარგავ. მიზანი აღარ გექნება რისკენაც სწრაფვას ისურვებო.
კარგად მახსოვს რა ვუპასუხე:
– ნეტავ ამიხდეს და ახალს მოვიფიქრებ რამესთქო.
მე ოცნებები ამიხდა. თქვენ ხომ იცით, ჩემი ბლოგის ერთგულმა მკითხველებმა, ყველა ჩემი ოცნება მთას უკავშირდება.
მთა, მთა და ისევ მთა.
სამი წელი დამჭირდა იმისთვის, ის რომ მქონოდა რაც ამწუთას მაქვს.
მთასთან ახლოს ვარ, დუშეთში.
ვმუშაობ.
წესით ბედნიერი უნდა ვიყო.
ვარ კიდეც, თუმცა პირველივე სამუშაო დღეს ტორნადომ გადამიარა.
ასე მგონია რომ საქართველოში კი არ ვცხოვრობ და ვმუშაობ, არამედ სადღაც იტალიაში. ძველ სიცილიაზე, მაფიოზური კლანები რომ თარეშობდნენ და მთელს იტალიას განაგებდნენ.
ოდესღაც ყველა გზა რომში მიდიოდა, 21-ე საუკუნის საქართველოში, პატარა ქალაქ დუშეთში ყველა გზა ზურაბ ოტიაშვილთან მიდის.
დღეს ყველა მეკითხება ვინ არის ეს კაცი. ოფიციალური სტატუსით საკრებულოს რიგითი დეპუტატი, არაოფიციალური სტატუსით კი ის მთელს დუშეთს განაგებს.
მე არასოდეს მინახავს საქარველოს რომელიმე კუთხეში ხალხი ისე იყოს დაშინებული როგორც დუშეთში. ეს პატარა ქალაქი შიშის სამეფოა. გუშინ ატრაქციონებთან დაკავშირებით ქუჩაში გამოკითხვას ვატარებდი. უმრავლესობა გამირბოდა, ზოგი მელაპარაკებოდა, მაგრამ სახელს და გვარს არ ამბობდა. ვინაობის დასახელების გარეშე კიდევ აზრი არ აქვს. ყველა კომენტარზე რომელსაც ვწერ და რომლის ქრონომეტრაჟი მაქსიმუმ 2 წუთია, მინიმუმ ნახევარი საათი მუშაობა მჭირდება. და მე, ცხოვრებაში პირველად ვეხვეწები ადამიანებს რომ სახელი და გვარი მითხრან.
ვეუბნები რომ ეს ქალაქი ვინმე ოტიაშვილის კი არ არის მათია, ხოლო ოტიაშვილი ხალხის მიერ დაქირავებული რიგითი ჩინოვნიკი. რომ ფული, რომელსაც ზურაბ ოტიაშვილი ყოველ თვიურად ხელფასის სახით იღებს, ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით ხვდება ბიუჯეტში. მაგრამ ხალხს მაინც ეშინია.
იმ ადამიანებმა ვინც მიცნობს, კარგად იციან როგორი არასკანდალური ვარ. უცნაურია, მაგრამ ექსკლუზივების მოპოვების იღბალი ნამდვილად მაქვს. არაერთი მნიშვნელოვანი თემა გამიშუქებია დღემდე როგორც ჟურნალისტს, მაგრამ ჩემი სახელი და გვარი, ყოველთვის ჩრდილში რჩებოდა. იმიტომ რომ მე მინდოდა ასე. ერთ მაგალითად ვფიქრობ ზაზა ბურჭულაძის და ქუთაისელი ინტელიგენციის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო კადრებიც საკმარისია. იმ დღეს, როცა სამსახურიდან წამოვედი, ჩემს ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა. თითქმის ყველა წამყვანი არხი მირეკავდა ინტერვიუსათვის. მაგრამ ყველას უარი ვუთხარი. ბოლოს იმაზეც თანახმა იყვნენ, უბრალოდ კადრში გამოვჩენილიყავი და ხმა საერთოდ არ ამომეღო. მე მაშინ უარი ვთქვი ერთჯერად პოპულარობაზე და ახლა იგივე სიტუაციაში რომ ვიყო, ისევ უარს ვიტყოდი.
რატომ დამჭირდა ამ ისტორიის მოყოლა. გუშინ ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრში. შეიძლება ითქვას ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში.
გუშინ ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი რეალური საფრთხის წინაშე – დაგაბრალონ ის რაც არ ჩაგიდენია. ვაღიარებ, გუშინ ძალიან შემეშინდა. შემეშინდა მაშინ, როცა ჩემი ხელჩანთა დაცვის თანამშრომელს ეჭირა , ხოლო პრესსამსახურის ხელმძღვანელი იმავე დაცვას ეძახდა – იცოდეთ არაფერი ჩაუდოთო ! წამებში გავაანალიზე, რომ მოულოდნელად შეიძლება აღმოვჩენილიყავი ნარკორეალიზატორი, იარაღის გადამტანი ან ძალიან საშიში დამნაშავე. შემეშინდა იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ყველაფერი მოსულა. საქართველოს რიგ კუთხეებში ცხოვრება ჯერ კიდევ საბჭოურ სისტემაზე მორგებული მიედინება.
ჯერ კიდევ გუშინ მთა ოცნება იყო.
დღეს ეს სამსახური ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
გუშინ, როცა დუშეთის გამგეობიდან ოფისში ვბრუნდებოდი უკვე ვიცოდი რომ ამ ისტორიას დავწერდი. ცხოვრებაში პირველად შევეცდებოდი დამეცვა საკუთარი თავი და ის ადამიანები ვინც ჩემს გვერდით მუშაობენ.
მე არ ვარ სკანდალისტი. მე არასოდეს გამივრცელებია ინფორმაცია, რომლის სიმართლეში დარწმუნებული არ ვიყავი. მე არ მსურს პოპულარობა და ამ მიზნით საშიშ ისტორიებს არ ვთხზავ. მე ამწუთში ჩემი და ჩემი კოლეგების უსაფრთხოება მაინტერესებს.
არ მეშინია მუქარების. არც იმის რომ დამიჭერენ. ცოცხალი თავს ყოველთვის დავიცავ, მაგრამ მკვდარი ვეღარ!

ცოტა ხნის წინ საკრებულოს დეპუტატის სახელით შემოგვითვალეს:
„არ გეშინიათ, მოულოდნელად მანქანამ რომ არ დაამუხრუჭოს ან ოფისში გაზის ბალონი რომ აგიფეთქდეთო?“

არ გვეშინია,მაგრამ…

ეს ლინკები მათთვის ვისაც დიდი ტექსტების კითხვა არ ეზარება და ვისაც დეტალები დააინტერესებს:

თავდასხმა ჟურნალისტზე დუშეთის გამგეობაში

ვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს!

როცა ქუჩაში ფონს ეძებ

დღეს დილიდან გადაუღებლად წვიმდა ქუთაისში.
ზოგადად წვიმა მიყვარს,მაგრამ მაშინ როდესაც ფანჯარასთან ვზივარ, დიდი ყავის ჭიქით და კლავიატურაზე ვაკაკუნებ:)

დღეს სულ სხვა იყო, საქმეებით დატვირთული დღე, რომელიც ქუთაისის ქუჩებში ცურვით დამთავრდა.
ქალაქის ცენტრში თითქმის ყველა ქუჩა დატბორილი იყო. აი,ფალიაშვილზე კი ნამდვილად გჭირდებოდა პატარა ნავი, ქუჩის მეორემხარეს რომ გადასულიყავი.


თითქმის ყველა გადასასვლელზე ხალხმრავლობა იყო. ზოგი ბედავდა ქუჩის გადაცურვას და მეორე მხარეს გადასვლას, ზოგი კი – წვიმის გადაღებას ელოდა. ხალხი ცოტა გაღიზიანებული იყო, ხშირად ისმოდა ფრაზები: აი, ეს არის ამათი დაგებული გზები, სანიაღვრე არხებს რატომ არ წმინდავენ და ა.შ.

მიუხედავად ცუდი ამინდისა,მიუხედავად იმისა რომ ადამიანებს წყალში უწევდათ გაცურვა, ქუჩაში ყველა იღიმებოდა…. ამდენი მხიარული სახე ქუთაისის ქუჩებში მართლა არასდროს მინახავს. (ჩვენ ხომ რაღაცნაირად დავდივართ ხოლმე ქუჩაში, ძალიან სერიოზული სახეებით,მოღუშულები და სევდიანები).
დღეს დილით ყველა მხიარული იყო, ყველას ბედნიერი სახე ჰქონდა და არავის არაფერი უტყდებოდა.