158 დღე

158-ე დღეა რაც ბლოგი განვაახლე. 158-ე დღე და ერთი ეტაპის დასასრული. განსაკუთრებით მიყვარს ეს ეტაპები. აი რაღაცა რომ მთავრდება, იმიტომ რომ თავიდან დაიწყოს მერე.
მე ვერ შევაფასებ როგორი იყო ეს 158 დღე. ეს უფრო თქვენი, ამ ბლოგის მკითხველის პრეროგატივაა.
კიდევ IUCN -ის. მათ შეფასებას პრინციპში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის.
რაღაცის გასაგრძელებლად, ან ისევ თავიდან დასაწყებად.
გაგრძელება – ეს საუკეთესო რამეა რაც შეიძლება ჩემს ცხოვრებაში მოხდეს. გაგრძელება ბილიკივით იქნება, რომელიც ფართოვდება, როდესაც საწინააღმდეგო მიმართულებით კიდევ ერთხელ გადასერავ.
თავიდან დაწყებას კი ალბათ რამდენიმე რეპრესირებულ-დეპრესირებული დღე მოჰყვება.
თუმცა ყველაფრის დაძლევა შეიძლება.
რა შეიცვლება ჩემს ბლოგზე?
ზუსტად ვიცი რომ მიმართულება არა. რაც არ უნდა მოხდეს ეს მაინც მწვანე ბლოგი იქნება, მოხეტიალე ისევ იხეტიალებს და ისევ დაწერს.
რატომ?
მე ისევ გულუბრყვილოდ მჯერა რომ ოდესმე ეს ბლოგი რაიმე სარგებელს მოუტანს ვინმეს.

როდესაც სათქმელს სხვაგან მიაგნებ

***
მე დღეს ვნახე მკვდარი ჩიტი, რომელიც დინებას მოჰქონდა. ამ ჩიტის სიკვდილის ამბავი ადვილად შეიძლება წარმოვიდგინოთ.
სოფლის ბოლოს მანგოს ხეზე მას ჰქონდა ბუდე. იგი საღამოთი დაბრუნდა შინ და თავის რბილბუმბულიანი ამხანაგების გვერდით მოკალათებულმა მშვიდად დაიძინა, რომ მოესვენებინა თავისი დაღლილი სხეული. მაგრამ უეცრად, ღამეში, ძლიერი პადმა ოდნავ შეირხა თავის სარეცელზე და მანგოს ფესვებს მიწა მოურღვია. ბუდიდან გადმოვარდნილმა პატარა ქმნილებამ მხოლოდ წამით გაიღვიძა, რათა იმწამსვე საუკუნოდ დაეძინა.
როცა მე პირისპირ ვდგავარ ყოვლის დამქანცველი ბუნების საშინელი საიდუმლოს წინაშე, ჩემსა და სხვა ცოცხალ არსებათა შორის არსებული განსხვავება უმნიშვნელო და ფუჭი მეჩვენება. ქალაქში, სადაც ადამიანთა საზოგადოება წინა პლანზეა, იგი დიდი და მნიშვნელოვანი ჩანს. იგი სავსებით უგრძნობელია სხვა ქმნილებათა შვებისა და მწუხარების მიმართ, მას მხოლოდღა საკუთარი ახსოვს.
ადამიანი ისე რთულია და ისე დომინირებს ყველაფერზე, რომ ცხოველი მისთვის მხოლოდ ცხოველია. ცხოველიდან ადამიანში და ადამიანიდან ცხოველში სულის გადასახლების იდეა ინდოელებს უცნაურად არ ეჩვენებათ და ამიტომ ყველა მგრძნობელი არსებისადმი სიბრალული, როგორც სენტიმენტალური გაზვიადება, გამორიცხული არაა მათი წმინდა წერილებიდან.

***
მე არ შემიძლია გულგრილი ვიყო თვით პაწაწკინტელა სულის მიმართ, რომელიც სიცოცხლის სიხარულით ფეთქავდა დაღუპული ჩიტუნას ნაზ გულმკერდში.
რაბინდრანათ თაგორი

ნაგავსაყრელი ბოტანიკურ ბაღში

გუშინ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ნაგავსაყრელი აღმოვაჩინე.
არ ვიცი ამ აღმოჩენაზე სააავტორო უფლებები რამდენად მეკუთვნის, (დიდი ეჭვი მაქვს ჩემამდეც ბევრს უნახავს ეს ნაგავსაყრელი) მაგრამ გადავწყვიტე ამ “აღმოჩენის” შესახებ ხვალ გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთ ცენტრალური ბიუროს შევატყობინო. როგორც სფეროს სპეციალისტებმა განმიმარტეს ბოტანიკურ ბაღში ნაგავსაყრელის არსებობა არის კანონდარღვევა. არ ვიცი რა არის ამ გროვის ქვეშ, რომლის ნახვაც თქვენც შეგიძლიათ ქვემოთ ფოტოზე, მაგრამ ზედაპირულად რაც ჩანს პოლიეთილენის პარკები და ბოთლებია. იმედი მაქვს ფაქტს გამოიკვლევენ და შესაბამის ზომებსაც მიიღებენ.

კიდევ ერთი გუშინდელი აღმოჩენა ჩამქრალი კოცონი იყო.
წესითა და რიგით ბოტანიკურ ბაღში კოცონი არ უნდა ინთებოდეს.
მაგრამ როგორც ჩანს მაინც ინთება…

ბაღის შესახებ:
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და მას მდინარისპირა სამი ტერასა უჭირავს. აქედან პირველ ტერასაზე არაფერია გაშენებული, რადგან ბოლო პერიოდამდე ბაღი მდინარისგან დაცული არ იყო დამბით. ამის გამო ბაღის პირველი ტერასა რიონის ადიდებისას პერიოდულად იტბორებოდა. დროდადრო რიონი ბაღს მიწასაც სტაცებდა. ამის გამო მდინარესა და ბაღს შორის თავდაპირველად არსებული 70 მეტრის მანძილი დღეს 15-20 მეტრამდეა შემცირებული.
დღეისათვის ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა (ხეები და ბუჩქები) 600-მდე სახეობას მოიცავს. ისინი 80 ბოტანიკური ოჯხის 207 გვარის წარმომადგენლობააა. ბაღის ნარგაობის დიდი ნაწილი ინტროდუცირებული მცენარეებია და მათი სამშობლო აღმოსავლეთ აზია, ჩრდილოეთ ამერიკა, მცირე აზია, სამხრეთ ამერიკა და ავსტრალიაა.

ბაღი საკმაოდ მოუვლელია. ბაღის დირექტორი ძირითად მიზეზად თანხების უქონლობას ასახელებს. 45 ჰა ტერიტორიას ორი მებაღე უვლის. პრინციპში შედეგიც სახეზეა.

მსგავსი წარწერები ბაღის მცირე ნაწილშია. ძირითადი ტერიტორია აუთვისებელია, რაც მნახველისთვის არაკომფორტულია. დაინახავ საინტერესო ხეს, ან ბუჩქს. მიხვალ, დაათვალიერებ, მაგრამ მის სახელწოდებას სამწუხაროდ ვერ გაიგებ.

სანაცვლოდ ადვილად გამოიცნობთ ზაფრანას ყვავილს, რომელსაც ბაღის ერთ კუთხეში საპატიო ადგილი უჭირავს.

V.I.P.

რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მით უფრო მიძნელდება მეგობრების დათანხმება სადმე წასვლაზე. რკინასავით მაგარი არგუმენტები აქვთ ხოლმე: “აუ წვიმს”… “ცივა, რა დროს წასვლაა”.. და ა.შ.
დღეს თბილოდა, შესაბამისად სწრაფად აიტაცეს ბოტანიკურ ბაღში წასვლის იდეა.
ერთწელზე მეტია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში აღარ ვყოფილვარ. ჩემი ბოლო სტუმრობიდან შეშის ღუმელი და მის ირგლივ შემომსხდარი თანამშრომლები დამამახსოვრდნენ, კიდევ დატბორილი ბაღი და გაუკვალავი ბილიკები. დღეს როდესაც მივდიოდი, ვფიქრობდი რომ ცოტა უკეთესი სიტუაცია დამხვდებოდა.

ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. თუმცა ამ წუთში ამაზე ვერ ვისაუბრებ.
მიზეზი? თემა, რომელზეც უნდა დავწერო კარგად არ მაქვს შესწავლილი. ჯერ იმ ადამიანებს მინდა ვკითხო აზრი, ვინც ამ საკითხებში კარგად ერკვევა. იმედი მაქვს ხვალისთვის ჩემს შეკითხვებზე პასუხებს მივიღებ და ბლოგზეც სრულყოფილ ინფორმაციას განვათავსებ.
მანამდე კი ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში არსებული ნაგავსაყრელით “დატკბით”.

არამგონია ბაღში ნაგავსაყრელის არსებობას რაიმე გამართლება ჰქონდეს.

მე ეკოლოგისტი ვარ. შენ?

ეკოლოგისტები, განსაკუთრებით კი ღრმა ეკოლოგისტები ბუნებას ურთიერთდაკავშირებულ მთლიანობად მიიჩნევენ, რომელიც მოიცავს ადამიანებსაც და ცხოველებსაც, ისევე როგორც უსულო სამყაროს. ბუნება ზოგჯერ განიხილება, როგორც ცოდნისა და “მართებული ცხოვრების” წყარო, ადამიანის სრულყოფა მოიპოვება ბუნებასთან სიახლოვითა და მისი პატივისცემით, და არა მასზე დომინირების მცდელობით.
“ენდრიუ ჰეივუდი”


მე ეკოლოგისტი ვარ. შენ?

თევზის წვიმა

მოკლედ რას არ გაიგებ. ახლახანს ერთ ძველ და საინტერესო წიგნს ვკითხულობდი, საბუნებისმეტყველო კრებულია ათასგვარი ამბით. ეს ამბავიც ამ წიგნიდანაა.

თურმე 1806 წელს გერმანიაში ზღვის კიბორჩხალების წვიმა მოვიდა. მოსახლეობა გაკვირვებული შესცქეროდა ცას, საიდანაც ნახევარი საათის მანძილზე ზღვის კიბორჩხალები ცვიოდა. მსგავსი შემთხვევა ესპანეთსა და შოტლანდიაშიც ყოფილა. ესპანეთში კიბორჩხალების ნაცვლად ხორბალი, ხოლო შოტლანდიაში თევზები “წვიმდა”.
ხალხმა ეს მოვლენები სასწაულად მონათლა და ლეგენდების შეთხზვა დაიწყო. მეცნიერებამ კი სულ სხვა რამ დაადგინა.
ხორბლის წვიმა გამოწვეული ყოფილა იმით რომ ძლიერ ქარიშხალს დაუნგრევია პურის ბეღლები, აუტაცია ხორბალი ჰაერში და შემდეგ წვიმის სახით დაუბრუნებია დედამიწაზე.
რაც შეეხება თევზის წვიმას. მას იწვევს ძლიერი ქარბორბალას მოქმედება, რომელიც ზოგჯერ ზღვებიდან წყალთან ერთად ატყორცნის ჰაერში თევზებს ან კიბორჩხალებს და მიაქვს ის შორ მანძილზე. შემდეგ კი როდესაც ამინდი დაწყნარდება ზღვის ცხოველებს ისევ დედამიწაზე ყრის წვიმის სახით.

კარგი იქნებოდა ერთი უცნაური წვიმა ამ საუკუნეშიც ყოფილიყო.
აბა სურვილები ჩამოწერეთ. რა გინდათ ქარმა აიტაცოს და შემდეგ დედამიწაზე დააბრუნოს წვიმის სახით?

ყველას რაღაცა უნდა

ადამიანების მოთხოვნილებებს ხშირად დასასრული არა აქვს.

ერთხელ ერთმა მონადირემ დაინახა ფრინველთა გუნდი და დაიწყო ფიქრი: “რატომ არ მისცა ღმერთმა ადამიანს ფრთები, ხომ შეიძლებოდა მასაც ეფრინა?”

ამ დროს გამოიარა თამვმდაბალმა მეუდაბნოემ და უთხრა:

” შენ ფიქრობ რომ ღმერთმა არ მოგცა ფრთები, მაგრამ კიდევაც რომ მოეცა, მაინც არ იქნებოდი კმაყოფილი და იტყოდი: “რატომ არა ვარ ანგელოზიო?”

და თუ ანგელოზადაც გაგხდიდნენ, ისევ უკმაყოფილო იტყოდი: “რატომ არა ვარ ქერუბინიო?”

და თუ ქერუბინიც გახდებოდი, დაიწყებდი ჩივილს: “რატომ არ მომცა ღმერთმა ცის მართვის უნარი?”

და თუ ეს უნარიც მოგეცემოდა, მაინც არ დაკმაყოფილდებოდი და თავხედურად დაუწყებდი ძებნას რაღაც უფრო დიდს”.

P.S. მიუხედავად იმისა რომ ვთვლი, ცხოვრების აზრი სწორედ ძიებაშია, ხშირად მიფიქრია როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს? ერთი დღე? ერთი თვე? ერთი წელი? თუ მთელი ცხოვრება?

ნეტავ მარტო მე მჭირს ეს თუ თქვენც ჩემსავით “აღუვსებელი საწყაულები” ხართ?

ხვალინდელი დღე

წინა პოსტში ვწერდი თუ რა არის გლობალური დათბობა და რას შეიძლება ველოდოთ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ. ვაგრძელებ იგივე თემას.
ვარაუდობენ რომ, კლიმატის ცვლილებამ, თუ რა თქმა უნდა იგი არსებობს, შეიძლება დიდი რაოდენობით ხალხი აქციოს ეკოლოგიურ ლტოლვილებად. ზოგიერთი ვარაუდით 2050 წლისთვის დედამიწაზე შეიძლება იყოს 50-150 მილიონი ეკოლოგიური ლტოლვილი. გარდა ამისა კლიმატის ცვლილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობას. როგორც ვარაუდობენ სითბური ტალღების მომატება საფრთხეს შეუქმნის მოხუცებს და გულით დაავადებულებს. მოიმატებს ასთმითა და ბრონქიტით დაავადებულთა რიცხვი. ბაქტერიების გამრავლება და ობის წარმოქმნა პროდუქტებზე გაზრდის, პროდუქტების გაფუჭების და ზოგიერთი სახის მოწამვლის სიხშირეს. ზღვის დონის აწევამ შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციური დაავადებების გავრცელებას სანაპირო ზოლში კანალიზაციის და გამწმენდი ნაგებობების დატბორვით.
მკვლევარები ვარაუდობენ რომ კლიმატის ცვლილება უარყოფითად იმოქმედებს ბიომრავალფეროვნებაზე.
მომავალი საუკუნის განმავლობაში ტყეების მთელი ნაირსახეობები შეიძლება გაქრეს დედამიწიდან, მათ შორის მსოფლიოში არსებული მშრალი ტროპიკული ტყეების ნახევარი.
გლობალური დათბობის შემთხვევაში შეიძლება ზოგიერთი სახეობა გადაშენდეს კიდეც.
ტყის სიკვდილმა შეიძლება გაათავისუფლოს მის ბიომასაში და ირგვლივ ნიადაგში არსებული ნახშირბადი და კიდევ უფრო დააჩქაროს გლობალური დათბობა.
ტყეების დაღუპვა გამოიწვევს მცენარეების და ცხოველების იმ სახეობების მასობრივ გადაშენებას, რომლებიც ვერ მოახერხებენ მიგრირებას.
დაიღუპება თევზი მდინარეებში და ტბებში.
დაიტბორება ჭარბტენიანი ტერიტორიები.
დაიღუპება მარჯნის რიფები.

რას აკეთებს მსოფლიო გლობალური დათბობის შესაჩერებლად და რამდენად ეფექტურია ეს ღონისძიებები, ამაზე მომდევნო პოსტში მოგიყვებით:)

The Day After Tomorrow

ყველა ჭეშმარიტი გარემოსდამცველი კლიმატის ცვლილებაზე საუბარს ამ ფრაზით იწყებს: კლიმატის ცვლილება, თუ იგი არსებობს….
ჩვენც ასე დავიწყოთ.
რა არის კლიმატის ცვლილება?
კლიმატის ცვლილება, რომელსაც გლობალურ დათბობასაც უწოდებენ, დედამიწის ზედაპირის, უფრო სწორად, მისი მიმდებარე ჰაერის ფენის და ოკეანეების ტემპერატურის ზრდაა.
სკეპტიკოსების აზრით გლობალური დათბობა არ არსებობს.

ოპტიმისტების აზრით კაცობრიობამ უნდა აირჩიოს მოცდის და დაკვირვების გზა, სანამ უკეთესად არ იქნება შესწავლილი კლიმატის ცვლილება.

არსებობს მესამე მოსაზრებაც, რომელიც ჩემი აზრით რეალობასთან ყველაზე ახლოს დგას. ვერცერთი კვლევა ვერ მოგვცემს საბოლოო პასუხს გლობალური დათბობის არსებობა-არარსებობის შესახებ, ხოლო როდესაც უტყუარი მტკიცებულებები გვექნება, პროცესი შეიძლება უკვე შეუქცევადი იყოს. სწორედ ამიტომ უმჯობესია ახლა გატარდეს გარკვეული პრევენციული პოლიტიკა.

ახლა უშუალოდ გლობალურ დათბობაზე.
რატომ იზრდება დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა?
ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის ეფექტის გამო.
სათბურის ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ ატმოსფეროში არსებული სათბური აირები “იჭერს” სითბოს ატმოსფეროს ქვედა შრეში- ტროპოსფეროში. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდა გამოწვეულია: წიაღისეული საწვავის გამოყენებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით, ტყის საფარის შემცირებით და ფრეონების გამოყენებით.

პროფესიული ტერმინების მიღმა გლობალური დათბობა ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის შემაშფოთებელი და ცოტა საშიშია. მე პირადად ბევრჯერ მომისმენია, თუნდაც ჩემი მეგობრებისგან, რომ დედამიწას კატასტროფა ემუქრება, რომ ხმელეთის ნაწილი ყინულის საფარველში გაეხვევა, ნახევარი დედამიწას კი აუტანელი სიცხე მოიცავს. “90 გრადუსი იქნება ტემპერატურა”, “ყინულის ლოლუებად ვიქცევით” და ა.შ.

რეალურად მოსალოდნელი შედეგები ცოტა ოპტიმისტურია:)
რაზე შეიძლება იმოქმედოს კლიმატის ცვლილებამ, თუ იგი არსებობს?
პირველ რიგში საკვებზე:
უფრო თბილმა ჰავამ შეიძლება გაზარდოს საკვების წარმოება ზოგიერთ რეგიონში და შეამციროს სხვაგან.
თითო გრადუსით დათბობისას კლიმატური ზოლები გადაიწევს 100-150 კილომეტრით ჩრდილოეთით ან 150 მეტრით მაღლა ზღვის დონიდან.
მომრავლდება მავნე მწერები, მცენარეთა დაავადებები და სარეველები.
სავარაუდოა მოსავლიანობის კლება 10-70%-ით და მოსავლიანი რეგიონების 10-50%-ის დაკარგვა.ზღვის დონის და ტემპერატურის აწევა უარყოფითად იმოქმედებს ზღვის პროდუქტების რაოდენობაზე.
გავლენას მოახდენს წყლის მარაგზეც.
ტბებმა, მდინარეებმა და წყალსაცავებმა, რომლებიც ამარაგებენ წყლით ეკოსისტემებს, ნაყოფიერ ნიადაგებსა და ქალაქებს, შეიძლება დაიკლონ, ან შეწყვიტონ არსებობა.
კიდევ არ უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს კლიმატის ცვლილებამ გარემოზე და ჩვენზე, ადამიანებზე, ამას პოსტის მეორე ნაწილში მოგიყვებით.
მანამდე კი მაინტერესებთ რა იცით გლობალური დათბობის შესახებ.
გჯერათ რომ კლიმატის ცვლილება არსებობს?
გამიზიარეთ თქვენი შეხედულებები, ჩემთვის თქვენი აზრი მნიშვნელოვანია.

P.S. პოსტში გამოყენებულია ნინო წიკლაურის მიერ მომზადებული პრეზენტაცია. პირველ რიგში სწორედ ამ ადამიანს ვუხდი მადლობას მასალების მოწოდებისათვის. შემდეგ მისი აღმატებულება Google-s:)

ხეები

რაც ხალხში ვიცხოვრე,
იმდენ ხანს რომ ტყეში მეცხოვრა,
ხეებს ხომ მაინც გავარჩევდი ერთმანეთისგან…
ვიშრიალებდი მეც იმათთან
დღეს გაცნობილი
ახალ თვისებით ხვალე აღარ გამაკვირვებდა.


“ხეები”
ბესიკ ხარანაული

რას ეუბნება ერთი ხე მეორეს, როდესაც მისკენ იხრება?

>

<

ღმერთო, როგორი წუთიერი არის ცხოვრება,
შეყვარებულნი
სიყვარულსაც ვერ მოასწრებენ.

მაგრამ როგორი ხანგრძლივია
იგი ჩვენი ტკივილებისთვის.

მე დავბრუნდი…
სიყვითლეშეპარული მწვანე პოსტებით.
არაფერი პირადი… შემოდგომის და ხარანაულის “ბრალია”.