პროგნოზირებული “ანომალია”

ქართული ბლოგინგის დღეებზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ ნახევარი საქართველო წყალს მიაქვს და ვფიქრობ ამ ეტაპზე, ეს თემა უფრო მნიშვნელოვანია.

რა მოხდა

18 ივნისის საღამოს რიკოთის უღელტეხილზე მოვარდნილმა ღვარცოფმა 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშველები ბოლო ორი დღეა სამაშველო ღონისძიებებს ატარებენ და კიდევ ორ დაკარგულს ეძებენ. დაზარალდნენ სურამში, ხაშურში და ჩუმათელეთში მცხოვრებნი. მოსახლეობას წყალი ეზოებში შეუვარდა და საცხოვრებელი სახლები ქვა ღორღით აუვსო.

რეკომენდირებული ლინკები:
რადიო თავისუფლება

ნეტგაზეთი

რატომ მოხდა

პირველი კითხვა რაც გამიჩნდა იყო რატომ?
ცნობილი ფაქტია რომ საქართველო რთული მთიანი რელიეფისა და კლიმატური თავისებურებების გამო, საშიში სტიქიური პროცესების განვითარების მასშტაბებით და დროში განმეორებადობით მსოფლიოს ურთულეს რეგიონს განეკუთვნება. ამასთან ეს პროცესები უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობაზე და საინჟინრო -სამეურნეო ობიექტებზე.
წესით და რიგით ნორმალურ ქვეყანაში, სადაც სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკა არსებობს ხელისუფლება უნდა ატარებდეს სტრუქტურულ ღონისძიებებს შესაძლო კატასტროფით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად.
განმარტებისათვის, ბუნებრივი კატასტორფების რისკების შემცირების სტრატეგია ნიშნავს რისკების შემსუბუქებას, კატასტროფებზე რეაგირებას და კატასტროფის შედეგების აღმოფხვრას. სამწუხაროდ ქართულ რეალობაში ძირითადი ყურადღება ეთმობა კატასტროფებზე რეაგირებას და შედეგების აღმოფხვრას, ხოლო რისკების შემსუბუქება უკანა პლანზეა გადაწეული.

დაახლოებით ის სიტუაციაა, ურემი რომ გადაბრუნდება და გზა მერე რომ ჩანს. ვერაფერს იტყვი, კარგად გვეხერხება ზარალის დათვლა და ტელეეკრანიდან დამწუხრებული სახეებით დაღუპულთა ოჯახებისთვის მისამძიმრება. ასეთ დროს სულ მიჩნდება ხოლმე კითხვა, “ურემის გადაბრუნებამდე” რას ვაკეთებდით? რა ღონისძიებებს ატარებდა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება თემის და რიგითი მოქალაქეების მომზადებისათვის, რათა შემცირებულიყო რისკისგან დაუცველობა და გაზრდილიყო ადგილობრივი მოსახლეობის მზაობა. რას პრევენციულ ღონისძიებებს ატარებდა ხელისუფლება ბუნებრივი კატასტროფების რისკების შესამცირებლად?
ან იცოდა თუ არა საერთოდ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ?
ამ კითხვებზე პასუხები არ მაქვს. სამწუხაროდ არც იმის შესაძლებლობა, პირადად ვკითხო იმ ადამიანებს ვისაც ეს ეხება. მიახლოებითი პასუხები სხვადასხვა სააგენტოების და ონლაინ-გამოცემების ვებგვერდებზე ვიპოვე. სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროების და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსი, ემილ წერეთელი მომხდარ სტიქიურ უბედურებას ანომალიას უწოდებს.
პრინციპში სხვაგვარ პასუხს არც ველოდი. შეიძლებოდა დამეჯერებინა კიდეც რომ ეს ანომალია იყო, რომ არა დღეს ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” მიერ ფეისბუქში “მწვანე ალტერნატივას” ღია ჯგუფში დადებული ერთი ფოტო. ქვემოთ მოცემული ფოტოზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიულეტენის “საქართველოში 2010 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2011 წლისათვის”, 271-ე გვერდია. ბიულეტენი მიმდინარე წლის იანვარშია გამოქვეყნებული.
მასში ვკითხულობთ:
“რიკოთის საავტომობილო გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან განვითარებული მეწყერი. პროცესი მასშტაბური ხასიათისაა და განვითარებულია მდ. ჩუმათელეთის წყლის მარცხენა ციცაბო ფერდობზე, რომელიც აგებულია პალეოზოური ასაკის ძლიერ გამოფიტული გრანიტებით.
ფერდობის დიდი დახრა, გრანიტების ინტენსიური გამოფიტვა, მათი პერიოდული გაწყლოვანება, ტყის საფარის მკვეთრი შემცირება, ხელშემწყობ პირობებს ქმნიან მეწყრული მოვლენების აქტივიზაციის თვალსაზრისით და ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიან მის სტაბილურ მდგომარეობაში გადაყვანას. არც მიმდინარე წლის ზამთარი და გაზაფხული ყოფილა გამონაკლისი. მთელი 200მ სიგრძეზე წვიმებისა და თოვლის საფარის შედეგად ფერდობიდან ჩამოტანილმა გამოფიტულმა მასალამ გაავსო დამცავი კედლის მიღმა სივრცე, შემდეგ კი ასეულობით კუბ.მეტრი ქვა-ღორღი და თიხური გრუნტი გადმოვიდა გზის სავალი ნაწილის ნახევარზე და შეაფერხა მისი ნორმალური ფუნქციონირება. დათვალიერების მომენტისათვის გზა მთლიანად გაწმენდილია, მაგრამ ფერდობის შუა და ზედა ნიშნულებზე კვლავ უამრავი პალეოზოური გრანიტების გამოფიტვის მასალაა დაგროვილი, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოდ, რომ გარკვეული დროს შემდგომ პროცესები კვლავ განახლდება.”

გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიულეტენი "საქართველოში 2010 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2011 წლისათვის", 271-ე გვერდი.

თუ ვინმეს სურვილი გექნებათ ეს ბიულეტენი თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ, აი ამ მისამართზე შეგიძლიათ იხილოთ.

ანუ დასკვნა, რომელიც ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ გამოვიტანე ასეთია, საფრთხე რეალურად არსებობდა და ამის შესახებ შესაბამისი სტრუქტურები ინფორმირებულები იყვნენ. ასე რომ სტიქიური უბედურება არც ანომალია ყოფილა და არც მფრინავი თეფშები :/. მოსალოდნელი საფრთხე იყო, რომლის თავიდან აცილება არა, მაგრამ პრევენცია შეეძლოთ.
ამის შესახებ იმავე ანგარიშის 272-ე გვერდზე წერია.
“მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება რთული გეოლოგიური პირობებისა და ქანების ძლიერი და ღრმა გამოფიტვის გამო სასურველ ეფექტს ვერ მოგვცემს. საჭირო იქნება ჩამონატანი მასალის პერიოდული გაწმენდა და გატანა, რაც ბოლო წლების განმავლობაში აუცილებლობის შემთხვევაში ხორციელდება კიდეც”.
საშუალება რომ მქონდეს აუცილებლად გავარკვევდი კონკრეტულად რა ღონისძიებები ხორციელდებოდა ამ კონკრეტულ უბანზე. დროის რა მონაკვეთში, ვის მიერ და ბოლოს როდის ჩატარდა ეს გაწმენითი სამუშაოები.

მე ვფიქრობ არც არაფერი არ ჩატარებულა. სხვა შემთხვევაში გარემოს ეროვნული სააგენტოს საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტი არ იტყოდა რომ ანომალიასთან გვაქვს საქმე და თავისივე დაწერილ ანგარიშში ეჭვს არ შეიტანდა. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და არა დამტკიცებული ფაქტი. იმედი მაქვს ის ჟურნალისტები ვინც ამ თემაზე მუშაობენ დაინტერესდებიან და ამ კითხვებს დასვამენ.

საერთოდაც ვფიქრობ დროა ვისწავლოთ რისკების შეფასება და მათი პრევენცია. სხვა შემთხვევაში ყოველთვის ერთიდაიგივე შედეგს მივიღებთ.

Georgian Blogging Days

ცაიტნოტში დაწერილი პროექტით ქართული ბლოგინგის დღეების ერთ-ერთი მონაწილე გავხდი.
ხვალ კვარიათში მივდივარ.
ცოტახნისწინ ვნახე პროგრამა და სასიამოვნოდა გაოცებული დავრჩი. ზღვას ვერ ვიტან, მაგრამ მთის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ჰოდა კვირას მაღალმთიან აჭარას ვესტუმრებით. იქ არასოდეს ვყოფილვარ. ზუსტად ვიცი რომ მომეწონება.

მთლიანი პროგრამა ასე გამოიყურება:

პარასკევი:
09:00 – 09:30- შეკრება, გამგზავრება
09:30 – 16:30 – გზა
16:30 – 17:30 – დაბინავება
18:00 – 19:00 სადილი
19:00 – 20:00 შეხვედრა, გაცნობა, განახლებული სარფის საბაჟოს დათვალიერება.
20:00 -თავისუფალი დრო

შაბათი:
08:30- 09:30 – საუზმე
10:00 – 12:00 – კონფერენცია, პროექტების პრეზენტაცია.
12:00 12-30 – შესვენება
12:30 – 14:00 – კონფერენცია, პროექტების პრეზენტაცია (გაგრძელება)
14:00 – 15:00 – სადილი
15:00 – 16:00 – შეჯამება- სიგელების გადაცემის ცერემონია.
16:00 – 18:00 – თავისუფალი დრო
18:30 – 19:30 ბათუმში გამგზავრება
19:30 – ავტობუსთან შეკრება ძველ ბულვარში, იუსტიციის სახლთან გამგზავრება
20:00 – 21:00 იუსტიციის სახლის პრეზენტაცია
21:00 – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან შეხვედრა (ვახშამი აჭარის მთავრობის სახელით)

კვირა
08:30 – 9:30 – საუზმე
9:30 – გამგზავრება მარალმთიან აჭარაში, მაღალმთიან აჭარაში დამზადებული ღვინის დეგუსტაცია, ფოლკლორული ტრადიციები, უნიკალური ბუნება
(სადილი რესტორანში)
17:00 – თბილისში გამგზავრება.

ბლოგერებს ქუთაისში შევუერთდები. თითქმის არავის არ ვიცნობ, ამიტომ წინ “გაცნობის ცერემონიალი” მელის, რომელიც იმედია უშუალოდ ჩაივლის. საერთოდაც დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგი და საინტერესო იქნება. ერთადერთი “ჩრდილი” ამ დღეების ისაა, რომ სადიპლომო მაქვს დასამთავრებელი. თუმცა ეს მარტო ჩემი პრობლემა და ორი უძილო ღამეა. ჰო კიდევ ამ საღამოს ჩემი პროექტის პრეზენტაცია მაქვს გასაკეთებელი და შეპირებული პოსტი დასაწერი. არა რა. ჩემი გამოსწორება არ იქნება 🙂

მწვანე ავტობუსების ქალაქი ანუ მინსკი პოლიტიკის მიღმა

სულ ვამბობდი ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდებათქო. ჰოდა მოულოდნელად მოხეტიალე მინსკში წახეტიალდა. წასვლის წინ მეგობარმა, რომელსაც 26 მაისის მოვლენებზე ვეკამათებოდი ასეთი რამ მითხრა: “ბელარუსიაში რომ ჩახვალ, შედარება ამ ორ ქვეყანას შორის აეროპორტიდანვე დაიწყეო. ალბათ მისი რჩევა არ გამახსენდებოდა რომ არა ის ბიუროკრატიული პროცესები, რისი გავლაც ბელარუსიის მიწაზე ფეხის დადგმისთანავე მოგვიწია. მიუხედავად იმისა რომ ოფიციალური ვიზიტით ვიყავით და ბოლო-ბოლო VIP გასასვლელითაც ვსარგებლობდით, აეროპორტში ყურყუტი დიდხანს მოგვიწია. ქვეყანაში შესვლის უფლება, მხოლოდ გაურკვეველ სამედიცინო დაზღვევაში სამი დოლარის გადახდის შემდეგ მოგვცეს. პირველი შთაბეჭდილება წარუშლელია. აეროპორტის შეფერხების შემდეგ ნაძალადევი ღიმილით ჩამოვართვი მძღოლს ხელი, რომელიც გველოდებოდა და მანქანაში ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე. ჩემი უარყოფითი განწყობა სადღაც გაქრა, როცა მინსკის გზას დავადექით. გავოგნდი – და ამის მიზეზი ის უჩვეულო სისუფთავე გახდა, რომელიც მანქანიდან გზის ორივე მხარეს ჩანდა. თავიდან ვიფიქრე რომ სუფთა ქართული ამბავი იყო – უბრალო ფასადური სისუფთავე. მაგრამ შევცდი.
მინსკი დედამიწაზე ალბათ ყველაზე სუფთა ქალაქია. ან შეიძლება ასე ვთქვათ, მინსკი იმ ქალაქებს შორის რომელიც ოდესმე მინახავს ყველაზე სუფთაა.

ის რაც ადამიანის თვალს და გულს იტაცებს ამ ქალაქში უზარმაზარი სივრცის შეგრძნება და უჩვეულო სისუფთავეა. ჩემი მეგობრები აღტაცებულები იყვნენ – ქუჩაში რომ მოგვიწიოს ძილი არ შემეზარება, ისეთი სუფთაა ყველაფერიო. მინსკის ქუჩებში სახეტიალოდ გავედით. კაფეს ძებნა დავიწყეთ – ყველას ერთადერთი სურვილი გვქონდა, თუნდაც ერთი ყლუპი ყავა დაგველია. მიუხედავად იმისა რომ მინსკში ძალიან ადრე თენდება ქალაქი 8 საათიდან იწყებს გაღვიძებას, კაფეები, ბანკები და სხვა დაწესებულებები კი 10 საათამდე არ იღება. ვიდექით სამი ქართველი მინსკის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, პერემოჟცაიაზე, გვინდოდა ყავა, ძილი, დასვენება – მაგრამ უახლოესი სამი საათი არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა. ბოლოს გადავწყვიტეთ დაგვეძინა. გვეძინა პერემოჟცაიაზე. დაახლოებით იგივეა, რუსთაველზე რომ დაიძინო. ალბათ თბილისში რომ აღმოვჩენილიყავით არ დავიძინებდით, მაგრამ მინსკში გვეკიდა. იქ ხომ არსად იყო ყვავი ჩხიკვის მამიდა ჟუჟუნა დეიდა, არც ტელეფონმომარჯვებული ქართველი თინეიჯერი რომელიც შემდეგ იუთუბზე ატვირთავდა ჩვენს უწყინარ ძილს.

მინსკი – პარადოქსების ქალაქია ჩემთვის. 21-საუკუნის კომუნისტური ქალაქი. რომელსაც სახელმწიფო შენობებზე საბჭოურ ემბლემებს და ვარსკვლავებს თუ ჩამოვაშორებთ, თავისუფლად გაუწევს ნებისმიერ ევროპულ ქალაქს კონკურენციას. წესრიგი – აი რას იცავენ ყველაზე კარგად ბელარუსიაში. გამორიცხულია წითელზე გადავიდეს რომელიმე მოქალაქე, თუნდაც 1 კილომეტრის რადიუსში მანქანა არ ჩანდეს. ერთმა ფაქტმა გამაოცა. ქუჩაში სეირნობისას მოულოდნელად ორი პოლიციელი დავინახე, რომლებიც მთელი სიჩქარით გამორბოდნენ, უკან კი პატარა, კაფანდარა გოგო მოსდევდათ. თავიდან ვერაფრით ვერ გავიგე რა ხდებოდა, რატომ გამორბოდნენ პოლიციელები და რატომ მოსდევდათ გოგო. მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა პოლიციელებმა და გოგონამ ქუჩაზე გადაირბინეს, შუქნიშანზე კი უკანასკნელი წითელი წამი მწვანით შეიცვალა.
მინსკი ჩემთვის სისუფთავის, მწვანე ავტობუსების და ღია სივრცის ქალაქია. საქალაქო ტრანსპორტის ფერი ისე ორგანულად არის შერწყმული ქალაქის ლანდშაფტთან, რომ მისგან უზარმაზარი სიმშვიდე მოდის. სიმშვიდე მოაქვს სივრცესაც, რომელიც ყველგან იგრძნობა. უზარმაზარ ქუჩებში სიარულისას, ნაციონალური ბიბლიოთეკის ბოლო სართულიდან გადმოხედვისას თუ ავტობუსის ფანჯრიდან ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას. ნაციონალურ ბიბლიოთეკაზე გამახსენდა. გამიკვირდა როცა ბიბლიოთეკის გარე ფასადზე სხვადასხვა ენაზე გაკეთებულ წარწერებს შორის ქართული ვერ აღმოვაჩინეთ.
ნაციონალური ბიბლიოთეკა
მინსკში სამი რამეა დიდი დოზით – საბჭოთა სიმბოლიკები + ლენინის ძეგლები, ლუკაშენკოს სურათები (იმდენგან ვნახე ლუკაშენკოს პორტრეტები, ბოლოს ტყეშიც მეგონა რომ რომელიმე ფიჭვზე ან არყის ხეზე აუცილებლად იქნებოდა მიკრული) და ბალახის მკრეჭავები. ეს უკანასკნელები ქმნიან იმ წესრიგს რომელიც ქალაქშია. და არამარტო მინსკში. რამდენიმე დღის მანძილზე თითქმის ნახევარი ბელარუსია შემოვიარე. ყველგან ერთიდაიგივეა – წესრიგი, წესრიგი, წესრიგი და სისუფთავე.
შეიძლება ითქვას, იქ ყველა ბუჩქს და ხეს უფრთხილდებიან. ბელარუსიის ტერიტორიის 38 % ტყეები შეადგენს. ტყეები, რომელსაც კარგად უვლიან, იცავენ და აკონტროლებენ (ტყეებზე უფრო ვრცლად მომდევნო პოსტში დავწერ ).
ბევრი რამის გამო იყო ეს მოგზაურობა ჩემთვის დაუვიწყარი. პირველ რიგში იმიტომ რომ პირველი იყო, მეორე იმიტომ რომ ერთი კონკრეტული ქალაქით არ შემოვფარგლულვარ, მინსკის გარდა რამდენიმე ქალაქი, სოფელი და დაბა მოვინახულე. მესამე იმიტომ რომ ვნახე ბერეზინო. პატარა, წყნარი სოფელი. მართალია მოსკიტებმა დამკბინეს და დღემდე ვიშუშებ იარებს მაგრამ ეს არაფერი. სხვა უფრო მნიშვნელოვანი რამეც იყო იქ. მაგრამ ეს პირადია და ბლოგზე არ დავწერ.


მომავალ პოსტში უფრო კონკრეტულად მოგიყვებით ჩემი იქ ჩასვლის მიზანზე. გიამბობთ იმასაც როგორ უვლიან და ზრუნავენ გარემოზე ბელარუსები. ეს ნამდვილი მასტერკლასი იყო, მაგრამ ამაზე მოგვიანებით…

This slideshow requires JavaScript.

World Oceans Day

დღეს მსოფლიო მსოფლიო ოკეანის დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.


რეკომენდირებული პოსტები:
1. World Oceans Day: A Wary Celebration

2. Looking for a Sea Change on World Oceans Day

World Environment Day

ბოლოს საზოგადოება შეფასდება არა იმით, თუ რა შექმნა, არამედ იმით, თუ რის გაჩანაგებაზე თქვა უარი

ჯონ სოუჰილი

World Environment Day

დღეს მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს 39-ედ აღნიშნავს.
ადამიანის უხეში ჩარევა ბუნებაში ტოვებს კვალს. ხშირად სავალალოს და გამოუსწორებელს. ადამიანებს ხშირად გვავიწყდება რომ ჩვენი მომავალი დედამიწის ეკოსისტემაზეა დამოკიდებული. ბუნება გვემსახურება, გვასაზრდოებს, მაგრამ საკმარისია მას “მტრულად” მოვექცეთ, “შურისძიებაც” არ აყოვნებს.
არადა სასტიკია ხოლმე ბუნების “შურისძიება”.
ზვავი.
მეწყერი.
თუმცა ეს მაინც არაა საკმარისი ადამიანების შესაჩერებლად.
ჩვენ ვყრით ქუჩაში ნაგავს – ნაყინის ქაღალდს, ბანანის ქერქს და მშვიდი სინდისით ვაგრძელებთ გზას.
ჩვენ ვღვრით ნავთობს, ვიხდით ჯარიმას და მერე მშვიდი სინდისით ვაგრძელებთ საქმიანობას. თითქოს ცოცხალი ორგანიზმები არ გაგვინადგურებია, ფლორა და ფაუნა არ დაგვიზიანებია.
ჩვენ ვტოვებთ ანთებულ ნათურებს, მოშვებულ ონკანებს, ამდროს მშვიდი სინდისით ვჭორაობთ მეზობლებთან.
ჩვენ ყოველწუთას ვაბინძურებთ, ვანადგურებთ გარემოს, მაგრამ არ ვფიქრობთ რომ რამე ცუდს ვაკეთებთ.

როგორ ვაბინძურებთ და ვანადგურებთ? შევეცდები ჩამოვთვალო:
– პოლიმერული ნარჩენებით
– ღია ნაგავსაყრელებით
– ზღვებში და ოკეანეებში ჩაღვრილი ნავთობით
– 35° სიცხეში შუაგულ ტყეში გადაგდებული ანთებული სიგარეტით
– ტოქსიკური ნარჩენებით
– ბუნებრივი რესურსების არაგონივრული გამოყენებით
– ბრაკონიერობით
– გარემოს დაცვისადმი გულგრილი დამოკიდებულებით

და მიუხედავად ამისა ჩვენ ვამბობთ რომ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში.

უფლებები და ვალდებულებები.
ვფიქრობ არ არსებობს პირველი მეორეს გარეშე. დიახ, ჩვენ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ სუფთა გარემოში, მაგრამ ასევე გვაქვს ვალდებულება დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან. ცუდი ისაა, უფლებები ვიცით, ვალდებულებები კი – არა. ან უბრალოდ არ გვინდა ვიცოდეთ.

გარემოს დაცვის დღე 1972 წელს დაწესდა. ამ დღის დაარსების მთავარი მიზანი და არსი გარემოს დაცვის საკითხებზე ინფორმაციის ეფექტური გავრცელებაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით “გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა”(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს უძღვნის. 2011 წლის წლის მთავარი თემაა – „ბუნება თქვენს სამსახურში“.

ბუნების ჭეშმარიტი დამცველი ის არის, ვინც ხვდება, რომ ეს ქვეყანა მამებმა კი არ გადმოგვცეს, არამედ შვილთაგან გვაქვს ნათხოვარი

ჯონ ოდობონი


საინტერესო გამონათქვამები ბუნებაზე