ყველას რაღაცა უნდა

ადამიანების მოთხოვნილებებს ხშირად დასასრული არა აქვს.

ერთხელ ერთმა მონადირემ დაინახა ფრინველთა გუნდი და დაიწყო ფიქრი: “რატომ არ მისცა ღმერთმა ადამიანს ფრთები, ხომ შეიძლებოდა მასაც ეფრინა?”

ამ დროს გამოიარა თამვმდაბალმა მეუდაბნოემ და უთხრა:

” შენ ფიქრობ რომ ღმერთმა არ მოგცა ფრთები, მაგრამ კიდევაც რომ მოეცა, მაინც არ იქნებოდი კმაყოფილი და იტყოდი: “რატომ არა ვარ ანგელოზიო?”

და თუ ანგელოზადაც გაგხდიდნენ, ისევ უკმაყოფილო იტყოდი: “რატომ არა ვარ ქერუბინიო?”

და თუ ქერუბინიც გახდებოდი, დაიწყებდი ჩივილს: “რატომ არ მომცა ღმერთმა ცის მართვის უნარი?”

და თუ ეს უნარიც მოგეცემოდა, მაინც არ დაკმაყოფილდებოდი და თავხედურად დაუწყებდი ძებნას რაღაც უფრო დიდს”.

P.S. მიუხედავად იმისა რომ ვთვლი, ცხოვრების აზრი სწორედ ძიებაშია, ხშირად მიფიქრია როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს? ერთი დღე? ერთი თვე? ერთი წელი? თუ მთელი ცხოვრება?

ნეტავ მარტო მე მჭირს ეს თუ თქვენც ჩემსავით “აღუვსებელი საწყაულები” ხართ?

The Day After Tomorrow

ყველა ჭეშმარიტი გარემოსდამცველი კლიმატის ცვლილებაზე საუბარს ამ ფრაზით იწყებს: კლიმატის ცვლილება, თუ იგი არსებობს….
ჩვენც ასე დავიწყოთ.
რა არის კლიმატის ცვლილება?
კლიმატის ცვლილება, რომელსაც გლობალურ დათბობასაც უწოდებენ, დედამიწის ზედაპირის, უფრო სწორად, მისი მიმდებარე ჰაერის ფენის და ოკეანეების ტემპერატურის ზრდაა.
სკეპტიკოსების აზრით გლობალური დათბობა არ არსებობს.

ოპტიმისტების აზრით კაცობრიობამ უნდა აირჩიოს მოცდის და დაკვირვების გზა, სანამ უკეთესად არ იქნება შესწავლილი კლიმატის ცვლილება.

არსებობს მესამე მოსაზრებაც, რომელიც ჩემი აზრით რეალობასთან ყველაზე ახლოს დგას. ვერცერთი კვლევა ვერ მოგვცემს საბოლოო პასუხს გლობალური დათბობის არსებობა-არარსებობის შესახებ, ხოლო როდესაც უტყუარი მტკიცებულებები გვექნება, პროცესი შეიძლება უკვე შეუქცევადი იყოს. სწორედ ამიტომ უმჯობესია ახლა გატარდეს გარკვეული პრევენციული პოლიტიკა.

ახლა უშუალოდ გლობალურ დათბობაზე.
რატომ იზრდება დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა?
ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის ეფექტის გამო.
სათბურის ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ ატმოსფეროში არსებული სათბური აირები “იჭერს” სითბოს ატმოსფეროს ქვედა შრეში- ტროპოსფეროში. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდა გამოწვეულია: წიაღისეული საწვავის გამოყენებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით, ტყის საფარის შემცირებით და ფრეონების გამოყენებით.

პროფესიული ტერმინების მიღმა გლობალური დათბობა ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის შემაშფოთებელი და ცოტა საშიშია. მე პირადად ბევრჯერ მომისმენია, თუნდაც ჩემი მეგობრებისგან, რომ დედამიწას კატასტროფა ემუქრება, რომ ხმელეთის ნაწილი ყინულის საფარველში გაეხვევა, ნახევარი დედამიწას კი აუტანელი სიცხე მოიცავს. “90 გრადუსი იქნება ტემპერატურა”, “ყინულის ლოლუებად ვიქცევით” და ა.შ.

რეალურად მოსალოდნელი შედეგები ცოტა ოპტიმისტურია:)
რაზე შეიძლება იმოქმედოს კლიმატის ცვლილებამ, თუ იგი არსებობს?
პირველ რიგში საკვებზე:
უფრო თბილმა ჰავამ შეიძლება გაზარდოს საკვების წარმოება ზოგიერთ რეგიონში და შეამციროს სხვაგან.
თითო გრადუსით დათბობისას კლიმატური ზოლები გადაიწევს 100-150 კილომეტრით ჩრდილოეთით ან 150 მეტრით მაღლა ზღვის დონიდან.
მომრავლდება მავნე მწერები, მცენარეთა დაავადებები და სარეველები.
სავარაუდოა მოსავლიანობის კლება 10-70%-ით და მოსავლიანი რეგიონების 10-50%-ის დაკარგვა.ზღვის დონის და ტემპერატურის აწევა უარყოფითად იმოქმედებს ზღვის პროდუქტების რაოდენობაზე.
გავლენას მოახდენს წყლის მარაგზეც.
ტბებმა, მდინარეებმა და წყალსაცავებმა, რომლებიც ამარაგებენ წყლით ეკოსისტემებს, ნაყოფიერ ნიადაგებსა და ქალაქებს, შეიძლება დაიკლონ, ან შეწყვიტონ არსებობა.
კიდევ არ უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს კლიმატის ცვლილებამ გარემოზე და ჩვენზე, ადამიანებზე, ამას პოსტის მეორე ნაწილში მოგიყვებით.
მანამდე კი მაინტერესებთ რა იცით გლობალური დათბობის შესახებ.
გჯერათ რომ კლიმატის ცვლილება არსებობს?
გამიზიარეთ თქვენი შეხედულებები, ჩემთვის თქვენი აზრი მნიშვნელოვანია.

P.S. პოსტში გამოყენებულია ნინო წიკლაურის მიერ მომზადებული პრეზენტაცია. პირველ რიგში სწორედ ამ ადამიანს ვუხდი მადლობას მასალების მოწოდებისათვის. შემდეგ მისი აღმატებულება Google-s:)

ადამიანი VS ბუნება

ბუნებაში არ არსებობს ნარჩენები. ყველაფერი იბადება, კვდება, იშლება და ისევ მიწაში ბრუნდება.

მაგრამ…
ეს მანამ იყო ასე, სანამ ხელოვნური მასალები გაჩნდებოდა.

სანამ განვაგრძობ, აქვე ერთი კითხვა:
როგორ ფიქრობთ, კარგია თუ ცუდი ის ფაქტი, რომ ადამიანმა ხელოვნური მასალების შექმნა ისწავლა?

მე ვფიქრობ რომ ცუდია. იმიტომ რომ ხელოვნური მასალების შექმნით ადამიანი ჩაერია იმ ბუნებრივ ციკლში, რომელიც უზრუნველყოფს ნივთიერების წრებრუნვას.

ხელოვნური მასალები ძალიან, ძალიან ნელა იშლება, იმდენად ნელა რომ ზოგჯერ მათი ბუნებრივი განადგურებისათვის რამდენიმე ათეული წელია საჭირო.

პოლიეთილენის პარკის დაშლისათვის 10-20 წელია საჭირო.
სიგარეტის ნამწვის დასაშლელად 1-12 წელი.
ქაღალდის დასაშლელად 2-5 თვე.
პლასტმასის ჭურჭელი პრაქტიკულად არ იშლება!

ეს იყო სულ…
თუ ვინმე ფიქრობთ რომ ხელოვნური მასალის შექმნამ კაცობრიობას სიკეთე მოუტანა სიამოვნებით მოგისმენთ…..

ამ პოსტზე უკეთესი პოსტი თითქმის იგივე თემაზე, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ .