ქორწილი ქუთაისის ნაგავსაყრელზე

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა NETGAZETI.GE – ზე

ეკო ქორწილი

ცოტა ხნის წინ ქუთაისის ნაგავსაყრელზე მხატვრებმა ქორწილი გადაიხადეს. იყო მუსიკა, შამპანური, ცეკვა და დიდი მხიარულება. ქორწილი ერთგვარი დაგვირგვინება იყო პროექტისა, რომელიც ერთი წლის წინათ დაიწყო. პროექტ “ეკო-არტის” იდეა გერმანიაში “კლიმატისა და კულტურის” აკადემიის 2010 წლის “საზაფხულო აკადემიის” დროს დაიბადა. მას ორგანიზებას აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გოეთეს ინსტიტუტი უწევდა.

“შარშანდელი საზაფხულო აკადემიის თემა იყო “კლიმატის ცვლილებები და ხელოვნება” . თუ როგორ შეიძლება ხელოვნება, ან მისი სხვადასხვა ჟანრები გამოიყენო იმისათვის, რომ მოსახლეობის ცნობიერება აამაღლო, დააფიქრო ადამიანები ამ პრობლემებზე და კიდევ ერთხელ შეახსენო , თუ რა პრობლემებს უქმნის კლიმატის ცვლილებები ზოგადად მოსახლეობას” – იხსენებს პროექტ “ეკო-არტის” იდეის ავტორი და კოორდინატორი საქართველოში ქეთევან ცხაკაია.

ეკოლოგიური პლენერის ჩატარება, სლოგანით “კლიმატსა და ხელოვნებას საზღვრები არა აქვს”, სწორედ ქეთევან ცხაკაიას იდეა იყო, რომელსაც მხარი საზაფხულო აკადემიის მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმაც დაუჭირეს. კერძოდ, რუსეთმა და უზბეკეთმა. იდეა ბოლოს პროექტად იქცა, რომელი პროექტის ფარგლებშიც ივნისში ქუთაისში ეკოლოგიური პლენერი ჩატარდა. მასში მონაწილეობას სულ 9 მხატვარი იღებდა, 3 მხატვარი რუსეთიდან (სერგეი კალინინი, დიანა მაჩულინა, ევგენია კოზლოვა), 2 უზბეკეთიდან (ალექსეი კობზევი, კამილა გალიცკაია), 1 სომხეთიდან (მარინე ოვსეპიანი) და 3 საქართველოდან (ლევან ვეკუა, ბექა ბოლქვაძე, მაკა ბათიაშვილი). პლენერზე შექმნილი ნამუშევრები კალენდრის სახით უკვე გამოიცა. მოგვიანებით იგეგმება ნახატების გამოფენა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ეკო-ქორწილის იდეა ეკოლოგიური პლენერის დასასრულს გაჩნდა.

“იდეა სპონტანური იყო. მართალია, დაგეგმილი გვქონდა აქცია, მაგრამ კონკრეტულად რას გავაკეთებდით, გადაწყვეტილი არ იყო. მხატვრებთან ერთად დილით გელათში ვიყავით, სადაც ქართული ქორწილი ვნახეთ, მთელი თავისი პომპეზურობოთ. ნაშუადღევს კი ნაგავსაყრელზე წავედით. სწორედ მხატვრებმა შემოგვთავაზეს, რომ ნაგავსაყრელზე ქორწილი გადაგვეხადა. თან რუსი მხატვრები– სერგეი კალინინი და დიანა მაჩულინა ცოლ-ქმარი არიან. აღმოჩნდა, რომ ქორწილი არ ჰქონდათ გადახდილი. გადავწყვიტეთ, ეკოაქცია მოგვეწყო, ქორწილი- პერფორმანსი. ნაგავსაყრელზე არ ხდება იდენტიფიცირება, თუ სად ხდება მოქმედება, რომელ ქვეყანაში. ფაქტია, რომ ყველა ქვეყანაში, რომელთა წარმომადგენლებიც ეკო-ქორწილში იღებდენ მონაწილეობას, ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით ანალოგიური სიტუაციაა. პრობლემა გლობალურია”, – ამბობს პროექტ “ეკო არტის” იდეის ავტორი და კოორდინატორი საქართველოში ქეთევან ცხაკაია.

“ჩვენ ყოველდღე დავდივართ ნაგავში, ყოველდღე რაღაცას ვზეიმობთ, მაგრამ ვერ ვამჩნევთ ამ პრობლემას. ბუნებრივობა გახდა, ქუჩაში ნაგავი ეყაროს, ჩვენ კი თვალი დავხუჭოთ ამ პრობლემაზე და მშვიდად ვიცხოვროთ,” – ამბობს მხატვარი ლევან ვეკუა, რომელიც პროექტის ერთ–ერთი მონაწილეა.

ქორწილი უკვე ვიდეოარტად იქცა, რომელიც ქართველმა რეჟისორმა გიორგი ბანძელაძემ გადაიღო. 7– წუთიან ვიდეოარტში, რომლის პრემიერაც მალე შედგება, კარგად ჩანს, რომ ნაგავსაყრელზე ქორწილისათვის ერთგვარი ბუნებრივი გარემოა შექმნილი. ნაგავი ხომ ყველგანაა, უბრალოდ, ერთი პატარა ქორწილისათვის ცოტა ბევრია.

“ის პრობლემები, რაც დღეს ეკოლოგიას ეხება, ყველგან ძალიან აქტუალურია. ნაგვით სავსე ქუჩები და პარკები, გაჩეხილი ტყეები, დაბინძურებული ჰაერი და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი თუ შედარებით უმნიშვნელო დეტალი, რომელსაც ყოველ დღე ვაწყდებით, უკვე აღარავის უკვირს და, სამწუხაროდ, ბევრს არც აღელვებს. გარემოს დასაცავად ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი, თუნდაც პატარა. არადა, პირიქით ვიქცევით და ისედაც უკვე შელახულ დედამიწას საფუძვლიანად ვანადგურებთ და ვერ ვხვდებით, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს ვუთხრით საფლავს. პროექტმა (ეკოარტი) შესაძლებლობა მომცა, ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამომეხატა და თანამოაზრეებიც შემეძინა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან,“ – ამბობს რეჟისორი გიორგი ბანძელაძე.

რეჟისორის თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება აუცილებელია, რადგან კაცობრიობა უკვე დგას იმ საფრთხის წინაშე, რასაც ეკოლოგიური კატასტროფა ჰქვია.

„უკვე დროა, შევიგნოთ, რომ თუ დღესვე არ მივხედავთ გარემოს, ხვალ არა თუ ჩვენს შვილებს და შვილთაშვილებს, არამედ ჩვენც არაფერი შეგვრჩება. ასე რომ, ვინც მომავალ თაობებზე არ ზრუნავთ, თქვენს ხვალინდელ დღეზე მაინც იზრუნეთ. საზოგადოებამ ( მასში ვგულისხმობ საკუთარ თავსაც) გვერდიდან მინდა შეხედოს საკუთარ თავს, დაინახოს ნაკლოვანებანი, რაც აქვს, შეიცვალოს და ამაღლდეს ზნეობრივად. ვთხოვდი ყველას, რომ ქუჩაში სიგარეტის ნამწვავსაც ნუ გადააგდებთ, რადგან ეს არა მარტო აბინძურებს გარემოს, არამედ ჩვენი შინაგანი კულტურის და აღზრდის უქონლობაზეც მეტყველებს. დანარჩენ სათქმელს ალბათ თვითონ ფილმი იტყვის,“ – ამბობს გიორგი ბანძელაძე.

ეკოარტი “ეკო ქორწილი” ნოვაციაა ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად საზოგადოების ყურადღების მისაქცევად.

ფოტო ფაქტები: დუშეთის ხევი

მდინარე დუშეთის ხევზე მოწყობილი უკანონო ნაგავსაყრელი 😐

ბოლო პოსტები ზედმეტად არამწვანე გამომივიდა და აი ეს ფოტო კომპენსაციისთვის:(

ერთი ფოტო ისტორია

თითქმის სულ ასეთი ცარიელია დუშეთის ქუჩები.
შეიძლება ნახევარი ქალაქი ისე მოიარო ადამიანი არ შეგხვდეს.

ორი დღე შიშის ქალაქში

ჩემმა მეგობარმა მითხრა დიდი ხნის წინ, საშინელი მეოცნებე ხარ. არ გეშინია ერთ დღეს ყველა ოცნება რომ აგიხდესო? მაშინ ხომ ცხოვრების აზრს დაკარგავ. მიზანი აღარ გექნება რისკენაც სწრაფვას ისურვებო.
კარგად მახსოვს რა ვუპასუხე:
– ნეტავ ამიხდეს და ახალს მოვიფიქრებ რამესთქო.
მე ოცნებები ამიხდა. თქვენ ხომ იცით, ჩემი ბლოგის ერთგულმა მკითხველებმა, ყველა ჩემი ოცნება მთას უკავშირდება.
მთა, მთა და ისევ მთა.
სამი წელი დამჭირდა იმისთვის, ის რომ მქონოდა რაც ამწუთას მაქვს.
მთასთან ახლოს ვარ, დუშეთში.
ვმუშაობ.
წესით ბედნიერი უნდა ვიყო.
ვარ კიდეც, თუმცა პირველივე სამუშაო დღეს ტორნადომ გადამიარა.
ასე მგონია რომ საქართველოში კი არ ვცხოვრობ და ვმუშაობ, არამედ სადღაც იტალიაში. ძველ სიცილიაზე, მაფიოზური კლანები რომ თარეშობდნენ და მთელს იტალიას განაგებდნენ.
ოდესღაც ყველა გზა რომში მიდიოდა, 21-ე საუკუნის საქართველოში, პატარა ქალაქ დუშეთში ყველა გზა ზურაბ ოტიაშვილთან მიდის.
დღეს ყველა მეკითხება ვინ არის ეს კაცი. ოფიციალური სტატუსით საკრებულოს რიგითი დეპუტატი, არაოფიციალური სტატუსით კი ის მთელს დუშეთს განაგებს.
მე არასოდეს მინახავს საქარველოს რომელიმე კუთხეში ხალხი ისე იყოს დაშინებული როგორც დუშეთში. ეს პატარა ქალაქი შიშის სამეფოა. გუშინ ატრაქციონებთან დაკავშირებით ქუჩაში გამოკითხვას ვატარებდი. უმრავლესობა გამირბოდა, ზოგი მელაპარაკებოდა, მაგრამ სახელს და გვარს არ ამბობდა. ვინაობის დასახელების გარეშე კიდევ აზრი არ აქვს. ყველა კომენტარზე რომელსაც ვწერ და რომლის ქრონომეტრაჟი მაქსიმუმ 2 წუთია, მინიმუმ ნახევარი საათი მუშაობა მჭირდება. და მე, ცხოვრებაში პირველად ვეხვეწები ადამიანებს რომ სახელი და გვარი მითხრან.
ვეუბნები რომ ეს ქალაქი ვინმე ოტიაშვილის კი არ არის მათია, ხოლო ოტიაშვილი ხალხის მიერ დაქირავებული რიგითი ჩინოვნიკი. რომ ფული, რომელსაც ზურაბ ოტიაშვილი ყოველ თვიურად ხელფასის სახით იღებს, ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით ხვდება ბიუჯეტში. მაგრამ ხალხს მაინც ეშინია.
იმ ადამიანებმა ვინც მიცნობს, კარგად იციან როგორი არასკანდალური ვარ. უცნაურია, მაგრამ ექსკლუზივების მოპოვების იღბალი ნამდვილად მაქვს. არაერთი მნიშვნელოვანი თემა გამიშუქებია დღემდე როგორც ჟურნალისტს, მაგრამ ჩემი სახელი და გვარი, ყოველთვის ჩრდილში რჩებოდა. იმიტომ რომ მე მინდოდა ასე. ერთ მაგალითად ვფიქრობ ზაზა ბურჭულაძის და ქუთაისელი ინტელიგენციის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო კადრებიც საკმარისია. იმ დღეს, როცა სამსახურიდან წამოვედი, ჩემს ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა. თითქმის ყველა წამყვანი არხი მირეკავდა ინტერვიუსათვის. მაგრამ ყველას უარი ვუთხარი. ბოლოს იმაზეც თანახმა იყვნენ, უბრალოდ კადრში გამოვჩენილიყავი და ხმა საერთოდ არ ამომეღო. მე მაშინ უარი ვთქვი ერთჯერად პოპულარობაზე და ახლა იგივე სიტუაციაში რომ ვიყო, ისევ უარს ვიტყოდი.
რატომ დამჭირდა ამ ისტორიის მოყოლა. გუშინ ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრში. შეიძლება ითქვას ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში.
გუშინ ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი რეალური საფრთხის წინაშე – დაგაბრალონ ის რაც არ ჩაგიდენია. ვაღიარებ, გუშინ ძალიან შემეშინდა. შემეშინდა მაშინ, როცა ჩემი ხელჩანთა დაცვის თანამშრომელს ეჭირა , ხოლო პრესსამსახურის ხელმძღვანელი იმავე დაცვას ეძახდა – იცოდეთ არაფერი ჩაუდოთო ! წამებში გავაანალიზე, რომ მოულოდნელად შეიძლება აღმოვჩენილიყავი ნარკორეალიზატორი, იარაღის გადამტანი ან ძალიან საშიში დამნაშავე. შემეშინდა იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ყველაფერი მოსულა. საქართველოს რიგ კუთხეებში ცხოვრება ჯერ კიდევ საბჭოურ სისტემაზე მორგებული მიედინება.
ჯერ კიდევ გუშინ მთა ოცნება იყო.
დღეს ეს სამსახური ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
გუშინ, როცა დუშეთის გამგეობიდან ოფისში ვბრუნდებოდი უკვე ვიცოდი რომ ამ ისტორიას დავწერდი. ცხოვრებაში პირველად შევეცდებოდი დამეცვა საკუთარი თავი და ის ადამიანები ვინც ჩემს გვერდით მუშაობენ.
მე არ ვარ სკანდალისტი. მე არასოდეს გამივრცელებია ინფორმაცია, რომლის სიმართლეში დარწმუნებული არ ვიყავი. მე არ მსურს პოპულარობა და ამ მიზნით საშიშ ისტორიებს არ ვთხზავ. მე ამწუთში ჩემი და ჩემი კოლეგების უსაფრთხოება მაინტერესებს.
არ მეშინია მუქარების. არც იმის რომ დამიჭერენ. ცოცხალი თავს ყოველთვის დავიცავ, მაგრამ მკვდარი ვეღარ!

ცოტა ხნის წინ საკრებულოს დეპუტატის სახელით შემოგვითვალეს:
„არ გეშინიათ, მოულოდნელად მანქანამ რომ არ დაამუხრუჭოს ან ოფისში გაზის ბალონი რომ აგიფეთქდეთო?“

არ გვეშინია,მაგრამ…

ეს ლინკები მათთვის ვისაც დიდი ტექსტების კითხვა არ ეზარება და ვისაც დეტალები დააინტერესებს:

თავდასხმა ჟურნალისტზე დუშეთის გამგეობაში

ვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს!