ნაგავსაყრელი ბოტანიკურ ბაღში

გუშინ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ნაგავსაყრელი აღმოვაჩინე.
არ ვიცი ამ აღმოჩენაზე სააავტორო უფლებები რამდენად მეკუთვნის, (დიდი ეჭვი მაქვს ჩემამდეც ბევრს უნახავს ეს ნაგავსაყრელი) მაგრამ გადავწყვიტე ამ “აღმოჩენის” შესახებ ხვალ გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთ ცენტრალური ბიუროს შევატყობინო. როგორც სფეროს სპეციალისტებმა განმიმარტეს ბოტანიკურ ბაღში ნაგავსაყრელის არსებობა არის კანონდარღვევა. არ ვიცი რა არის ამ გროვის ქვეშ, რომლის ნახვაც თქვენც შეგიძლიათ ქვემოთ ფოტოზე, მაგრამ ზედაპირულად რაც ჩანს პოლიეთილენის პარკები და ბოთლებია. იმედი მაქვს ფაქტს გამოიკვლევენ და შესაბამის ზომებსაც მიიღებენ.

კიდევ ერთი გუშინდელი აღმოჩენა ჩამქრალი კოცონი იყო.
წესითა და რიგით ბოტანიკურ ბაღში კოცონი არ უნდა ინთებოდეს.
მაგრამ როგორც ჩანს მაინც ინთება…

ბაღის შესახებ:
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და მას მდინარისპირა სამი ტერასა უჭირავს. აქედან პირველ ტერასაზე არაფერია გაშენებული, რადგან ბოლო პერიოდამდე ბაღი მდინარისგან დაცული არ იყო დამბით. ამის გამო ბაღის პირველი ტერასა რიონის ადიდებისას პერიოდულად იტბორებოდა. დროდადრო რიონი ბაღს მიწასაც სტაცებდა. ამის გამო მდინარესა და ბაღს შორის თავდაპირველად არსებული 70 მეტრის მანძილი დღეს 15-20 მეტრამდეა შემცირებული.
დღეისათვის ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა (ხეები და ბუჩქები) 600-მდე სახეობას მოიცავს. ისინი 80 ბოტანიკური ოჯხის 207 გვარის წარმომადგენლობააა. ბაღის ნარგაობის დიდი ნაწილი ინტროდუცირებული მცენარეებია და მათი სამშობლო აღმოსავლეთ აზია, ჩრდილოეთ ამერიკა, მცირე აზია, სამხრეთ ამერიკა და ავსტრალიაა.

ბაღი საკმაოდ მოუვლელია. ბაღის დირექტორი ძირითად მიზეზად თანხების უქონლობას ასახელებს. 45 ჰა ტერიტორიას ორი მებაღე უვლის. პრინციპში შედეგიც სახეზეა.

მსგავსი წარწერები ბაღის მცირე ნაწილშია. ძირითადი ტერიტორია აუთვისებელია, რაც მნახველისთვის არაკომფორტულია. დაინახავ საინტერესო ხეს, ან ბუჩქს. მიხვალ, დაათვალიერებ, მაგრამ მის სახელწოდებას სამწუხაროდ ვერ გაიგებ.

სანაცვლოდ ადვილად გამოიცნობთ ზაფრანას ყვავილს, რომელსაც ბაღის ერთ კუთხეში საპატიო ადგილი უჭირავს.