როცა მზე ჩავიდა აღმოსავლეთით

ხანდახან ძალიან მარტივია უბრალოდ ადგე და წახვიდე. ყოველგვარი მიზნის, გეგმის გარეშე, მაგრამ მაინც წახვიდე.
ასე წავედით მე და იაკო ტრაბზონში.

სულ ვამბობ ხოლმე, თანამგზავრში უნდა გაგიმართლოს. ჰო, ახლა შემიძლია ვთქვა, იაკო, იმ ადამიანებს შორის ვისთან ერთადაც მიმოგზაურია, საუკეთესო თანამგზავრია. სამყაროს დასალიერში რომ შეგიძლია წახვიდე მასთან ერთად, ისეთი. რუკა გვქონდა, მაგრამ პირველად ჩემს ცხოვრებაში რუკით სიარული არ მინდოდა. გზაში ათას რაღაცაზე ვფიქრობდით, ვლაპარაკობდით და იაკოს ჩანთაში ექსტრემალური სიტუაციებისთვის შემონახულ ვანილს ვისუნთქავდით. მე არ ვიცოდი და ამ მოგზაურობის დროს აღმოვაჩინე, ვანილის ფანტასტიური თვისება – დაახშოს ყველა სხვა სუნი და ჰაერი ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელით გაჟღინთოს.

გზაში ვიღებდი გზას. სანამ ადამიანების გადაღებას დავიწყებდი, მანამდე იმ მილიონ რამეს შორის, რასაც ვიღებდი იყო გზები და ხეები. გზა, როგორც ასეთი, მხოლოდ გზა არ არის ჩემთვის. ცოტა უფრო მეტია, წესიერად არ შემიძლია ავხსნა. ასე, სიტყვებით არ გამომდის. უბრალოდ გზა, გზაზე მეტია.

IMG_0028

თურქეთში პირველად ვიყავით. მოჯადოებული ვუყურებდი ზღვისპირა ქალაქების წინ მოწყობილ პატარა პორტებს, მეთევზეთა გემებს და თეთრ შუქურებს. თუმცა ვიღაცისთვის ეს ალბათ მოწყენილი და უინტერესო ხედია. ამაზე მერე დავფიქრდი, უკან დაბრუნებისას, საქართველოში მომავალ ქალებს რომ ვუსმინე. ამ გზაზე სიარულით და შრომით დაღლილ ქალებს. ჰო შრომით, თურქეთში ცხოვრება, აპრიორი ცუდ რაღაცებს არ ნიშნავს და ქართული სტერეოტიპი, იქ მომუშავე ქალებზე, უმეტეს შემთხვევაში, ჩვეულებრივი „გრუზინული“ სტერეოტიპია და მეტი არაფერი.

IMG_0024

ქალაქის აღქმა და შეყვარება დავიწყეთ ბაზრიდან. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ მცირე დროში მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის მიღება სწორედ ბაზარში შეიძლება. ქალაქის/ქვეყნის კულტურაზე, რიტმზე, ცხოვრების წესზე ბაზარი გაძლევს ფასდაუდებელ ინფორმაციას.

IMG_0050

IMG_0132

IMG_0635

დავდიოდით ორი გურჯი გოგო ტრაბზონის ათას ფერად აჭრელებულ ბაზარში, ფერად თავსაფრებს, კაბებს, კერამიკებს შორის და ვტკბებოდით. ფუტკრებივით მოფუსფუსე ხალხის ცქერით, სიფერადით და აუტანლად მაგარი გრძნობით, რომ გამოგვივიდა. არაფერი განსაკუთრებული, ცხოვრება იმ მომენტში თავგადასავლად ვაქციეთ და ეს მოგვწონდა.

IMG_0066

IMG_0578

საკვები, საკვები, საკვები – ყველგან საჭმელია. როგორც იაკომ თქვა 75 ქურუშიანი ფუნთუშა წარმოუდგენლად გემრიელი იყო.

ეს კაცი ვინ იყო და რა უნდოდა არ ვიცი  :))  ისე, ყველგან მისი ფოტოები იყო გაკრული

ეს კაცი ვინ იყო და რა უნდოდა არ ვიცი :)) ისე, ყველგან მისი ფოტოები იყო გაკრული

ფუნთუშა არ ვიცი, მაგრამ მე ყველაზე მეტად კარამელში ამოვლებული ვაშლი მომეწონა. ჯადოქრობაა, ყველაზე გემრიელი რამე, რაც კი შეიძლება გასინჯო ქუჩაში შემწვარი წაბლის შემდეგ.

IMG_0293

ორ თუ სამსაათიანი ხეტიალის შემდეგ ჩაიხანა ვიპოვეთ, ჩაის დასალევად. ვსვამდით უგემრიელეს თურქულ ჩაის შემწვარ წაბლთან ერთად და არ გვჯეროდა იმის რაც ხდებოდა.

IMG_0240

ალბათ იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან კარგი იყო. საოცარი შეგრძნებაა როცა ყველაფრისგან შორს ხარ, ფიზიკურადაც და გონებრივადაც. როცა ყველაფერს აქრობ შენი ციდან, იმ წამის გარდა რომელშიც ცხოვრობ. როცა წარსული და მომავალი აღარ არსებობს. ყველაფერი მარტო ერთი წამია. ჯერ ჩაის სმის წამი, მერე გაზეთის ყიდვის, საინტერესო კადრის დანახვის წამი, ქუჩის მუსიკოსების მოსმენის წამი, ნარდის მოთამაშეთა გადაღების წამი, ციცაბო ქუჩაზე დაშვების წამი, ქუჩის თავში მდგარი ბიჭები რომ მოგძახიან ჰეი ჩიჩეკ. ყველაფერი მართლა წამი იყო.

IMG_0600

დავდიოდით აღმართ-დაღმართ, უბან-უბან, ვისრუტავდით ქალაქს, ვიღებდით ბევრ ფოტოს, ხოლო რის გადაღებასაც ვერ ვასწრებდით, მეხსიერებაში ვინახავდით, როგორც იმ კადრს, ვიწრო ქუჩის თავზე თვითმფრინავმა რომ გადაიფრინა, ან იმ კადრს სანელებლების გამყიდველმა სანელებლების ქილას რომ ამოურია, ან იმ კადრს ყვავილების გამყიდველი პაწაწინა ჯიხურიდან რომ გამოვარდა ჩვენს დანახვაზე, ეგონა ვიყიდდით. ყვავილები არ მიყვარს, მაგრამ ღმერთო ჩემო, ისე ლამაზად იყო შეფუთული, მეც კი მომეწონა.

IMG_0596

ჩემი და იაკოს ვნებები ბლოკნოტებშიც დაემთხვა, ღმერთო, ლამის ყველა საკანცელარიო მაღაზიაში შევედით, ყველა ბლოკნოტი სათითაოდ გავსინჯეთ. ფასს რომ ვგებულობდით, ერთმანეთს გადავხედავდით, ვიტყოდით: „ეს ჩვენ არ გვინდა“ და მოვდიოდით. ვერაფერს იტყვი, ფანტასტიური იყო. ჰო და კიდევ, ორივეს დაგვწყდა გული დერვიშზე, რომელიც არ ვიყიდეთ. მე რომელიც მომეწონა, ის ზედმეტად ძვირი ღირდა. იაფი კიდევ არ მოგვეწონა. დავრჩით უდერვიშოდ.

ზედმეტად მწვანე იყო ჩემი რუმი ♥

ზედმეტად მწვანე იყო ჩემი რუმი ♥

კიდევ რა ვნახეთ? რა ვიცი, მილიონი რამე ვნახეთ. ტრაბზონის მუზეუმი – გარედან, მეჩეთები, თურქი არქიტექტორის მიმარ სინანის ძეგლი, რომელიც ტრაბზონის ვილაიეთის წინ მდებარე სკვერში დგას, ვიწრო ქუჩებზე მდგარი, ყვითელკედლებიანი სახლები, ტრაბზონის აბანო, ვნახეთ როგორ ანგრევენ ქალაქის ძველ უბანს და იქ მდგარ ძველ, ბანიან სახლებს.

IMG_0391

მთელს ამ მოგზაურობას ეს მუსიკა სდევდა თან. აღმოსავლეთით ვარ გატაცებული. როცა ამ მუსიკას ვუსმენ სხვა პლანეტაზე ვარ. შაბათსაც, ტრაბზონში, ვხედავდი როგორ როგორ ჩადიოდა მზე აღმოსავლეთით და არა დასავლეთით, უდაბნო არსად იყო, მაგრამ ვხედავდი როგორ ხვეტდა ქარი უდაბნოს ქვიშას და როგორ წითლდებოდა ჰორიზონტი. ვხედავდი როგორ ფენდა თავსაფრიანი ქალი ბანიან სახლზე სარეცხს, სახლს მზის სხივი ეცემოდა, გარდატყდებოდა და ათასფერად იშლებოდა. ახლადგაფენილ სარეცხს ორთქლი ასდიოდა… მზე ჩავიდა და დაღამდა.

IMG_0390

ჰო, მთავარი. ამ ჩვენს ჯადოსნურ მოგზაურობას ერთი ნაკლი ჰქონდა, ძალიან ცოტა ფული გვქონდა, თითქმის არ გვქონდა.
და მაინც, მე ვფიქრობ როცა რაღაც გინდა, ის რაღაც ზუსტად მაშინ უნდა მიიღო, როცა გინდა. არცერთი წამით გვიან, არცერთი წამით ადრე. მერე რა რომ შეიძლება მხოლოდ უკანდასაბრუნებელი ბილეთის ფული გქონდეს, მერე რა …

IMG_0652

ერთადერთ წიგნი, რომელსაც არასდროს არავის ვათხოვებ ელიფ შაფაქის „სიყვარულის ორმოცი წესია“. ეს წიგნი არ არის სიყვარულზე კლასიკური გაგებით. სუფიზმზეა, აბსოლუტური ჭეშმარიტების ძიებაზე და გზაზე, რომელსაც სუფი გადის. რაღაცნაირად მივეჯაჭვე ამ წიგნს. როცა რთული პერიოდი მაქვს, უბრალოდ ვიღებ, შემთხვევით რომელიმე გვერდზე გადავშლი და იქ ზუსტად იმას ვპოულობ, რაც მოცემულ მომენტში მჭირდება. ახლაც, ამ პოსტს ვამთავრებ, ვშლი წიგნს და ვკითხულობ:

„არ შეეწინააღმდეგო ცვლილებებს, რომლებიც ცხოვრების გზაზე დაგხვდება. იდინოს ცხოვრებამ. წინ ნუ გადაეღობები. თუ ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა, ნურც ეგ შეგაკრთობს. კარს მომდგარ სიახლეს რად უნდა ამჯობინო ის, რასაც უკვე შეჩვეული ხარ? განა რა იცი, რა სჯობს სინამდვილეში?“

IMG_0450