ადამიანი VS ბუნება

ბუნებაში არ არსებობს ნარჩენები. ყველაფერი იბადება, კვდება, იშლება და ისევ მიწაში ბრუნდება.

მაგრამ…
ეს მანამ იყო ასე, სანამ ხელოვნური მასალები გაჩნდებოდა.

სანამ განვაგრძობ, აქვე ერთი კითხვა:
როგორ ფიქრობთ, კარგია თუ ცუდი ის ფაქტი, რომ ადამიანმა ხელოვნური მასალების შექმნა ისწავლა?

მე ვფიქრობ რომ ცუდია. იმიტომ რომ ხელოვნური მასალების შექმნით ადამიანი ჩაერია იმ ბუნებრივ ციკლში, რომელიც უზრუნველყოფს ნივთიერების წრებრუნვას.

ხელოვნური მასალები ძალიან, ძალიან ნელა იშლება, იმდენად ნელა რომ ზოგჯერ მათი ბუნებრივი განადგურებისათვის რამდენიმე ათეული წელია საჭირო.

პოლიეთილენის პარკის დაშლისათვის 10-20 წელია საჭირო.
სიგარეტის ნამწვის დასაშლელად 1-12 წელი.
ქაღალდის დასაშლელად 2-5 თვე.
პლასტმასის ჭურჭელი პრაქტიკულად არ იშლება!

ეს იყო სულ…
თუ ვინმე ფიქრობთ რომ ხელოვნური მასალის შექმნამ კაცობრიობას სიკეთე მოუტანა სიამოვნებით მოგისმენთ…..

ამ პოსტზე უკეთესი პოსტი თითქმის იგივე თემაზე, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ .

Advertisements

ფინჯან ყავასთან საკითხავი

1. აი ასეთი ქვეყანა

2. ბედი, რომელიც ხეს არ ეღირსა

3. იქ, სადაც ცა ყველაზე ახლოა

4. ანაბეჭდი წყალზე

5. მკვდარი ტყე

როცა ქუჩაში ფონს ეძებ

დღეს დილიდან გადაუღებლად წვიმდა ქუთაისში.
ზოგადად წვიმა მიყვარს,მაგრამ მაშინ როდესაც ფანჯარასთან ვზივარ, დიდი ყავის ჭიქით და კლავიატურაზე ვაკაკუნებ:)

დღეს სულ სხვა იყო, საქმეებით დატვირთული დღე, რომელიც ქუთაისის ქუჩებში ცურვით დამთავრდა.
ქალაქის ცენტრში თითქმის ყველა ქუჩა დატბორილი იყო. აი,ფალიაშვილზე კი ნამდვილად გჭირდებოდა პატარა ნავი, ქუჩის მეორემხარეს რომ გადასულიყავი.


თითქმის ყველა გადასასვლელზე ხალხმრავლობა იყო. ზოგი ბედავდა ქუჩის გადაცურვას და მეორე მხარეს გადასვლას, ზოგი კი – წვიმის გადაღებას ელოდა. ხალხი ცოტა გაღიზიანებული იყო, ხშირად ისმოდა ფრაზები: აი, ეს არის ამათი დაგებული გზები, სანიაღვრე არხებს რატომ არ წმინდავენ და ა.შ.

მიუხედავად ცუდი ამინდისა,მიუხედავად იმისა რომ ადამიანებს წყალში უწევდათ გაცურვა, ქუჩაში ყველა იღიმებოდა…. ამდენი მხიარული სახე ქუთაისის ქუჩებში მართლა არასდროს მინახავს. (ჩვენ ხომ რაღაცნაირად დავდივართ ხოლმე ქუჩაში, ძალიან სერიოზული სახეებით,მოღუშულები და სევდიანები).
დღეს დილით ყველა მხიარული იყო, ყველას ბედნიერი სახე ჰქონდა და არავის არაფერი უტყდებოდა.

სფაგნუმის “ბალიშები” ქობულეთში

ისპანის დაცული ტერიტორიები ქობულეთის აღმოსავლეთით მდებარეობს. ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარი ერთი შეხედვით ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს ტბას დაჰყურებდე ნიადაგის ზემოთ, რომელსაც საბანივით ახურავს 25-45 სმ. სისქის სფაგნუმი – თეთრი ხავსი.

სფაგნუმი არასოდეს იფარება წყლით. იგი ისე მოქმედებს, როგორც ღრუბელი. მას შეუძლია თავის წონასთან შედარებით 25-ჯერ მეტი წყალი შეიწოვოს. ძლიერი კოკისპირული წვიმებისას, როცა დღე-ღამეში 100 მმ ნალექი მოდის და როცა არემარე წყლითაა დაფარული, ისპანის ხელუხლებელ 300 ჰა გუმბათს შეუძლია 25 სმ-ით “გაიბეროს” და შეისრუტოს წყლის დიდი რაოდენობა.

ისპანის ტორფნარები – ბიომრავალფეროვნებისათვის განსაკუთრებული, თითქმის ხელუხლებელი ჰაბიტატებია.

აუცილებელი მინაწერი:

ოციოდე წუთის წინ, ვისხედით მე და ჩემი მეგობრები და ვფიქრობდით სად შეიძლებოდა წასვლა. ბევრი იდეა გაჩნდა, თუმცა ვერცერთზე ვერ შევთანხმდით. ბოლოს ტურისტული რუკები გადმოვყარეთ და არჩევა დავიწყეთ.
გავოცდით როდესაც რუკაზე ქობულეთის დაცული ტერიტორიები აღმოვაჩინეთ (მე პირადად ძალიან მრცხვენია ამის), სამწუხაროდ დღემდე ჩვენთვის ქობულეთი ზღვასთან, მზესთან და გართობასთან ასოცირდებოდა. გადაწყვეტილება იმწამსვე მივიღეთ – ოქტომბრის პირველ კვირას ქობულეთში მივდივართ, ისპანის დაცულ ტერიტორიებში.
ისპანის აღმოჩენის ისტორიას და უფრო მეტს, ამ პატარა სამოთხეზე დაბრუნების მერე მოგიყვებით:)

ფანჯრიდან გაფრენილი კულტურა

დღეს დილით:
თეთრი სამარშუტო ტაქსიდან ყვითელი პარკი გამოფრინდა, ცოტახანს იფარფატა ჰაერში და მერე თვალს მიეფარა…

თბილისი, დიდუბის ავტოსადგური, ივლისი, 2010
-დე მიყიდე რა ბანანი.
უყიდა.
-დე მიყიდე რა კოკაკოლა.
უყიდა.
-დე სად წავიღო ეს კანები?
-მოიცა დაიძრება “მარშუტკა” და გადავაგდოთ სადმე.

ერთი რიგითი დღე, სამარშუტო ტაქსი, დილა.
-ფანჯარა გამოაღო და მრავალჯერ გამოყენებული ერთჯერადი ცხვირსახოცი ქუჩაში მოისროლა.

აგვისტო, 2010, ისევ სამარშუტო ტაქსი:
რაღაცნაირი ტიპი იყო, ცოტა მომხიბლავი, შავგრემანი… ფანჯარაში იყურებოდა და ლუდს წრუპავდა…ის იყო ბოლო ყლუპი იგემა, ოდნავ წამოიწია და ფანჯრიდან ცარიელი ლუდის ბოთლი მოისროლა. ვერ გათვალა… უკან მომავალ მანქანას მოხვდა.
-ბიჭო შენ აზრზე ხააააააარ?
– “იზვინი ბრატ”…

რომელიღაცა თვის რომელიღაცა დღე…

არავინ იცის როგორი იყო, გოგო იყო თუ ბიჭი… უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს (რომელიც შეიძლებოდა სულაც არ ყოფილიყო მშვენიერი) ქუთაისის განახლებულ ძველ უბანში გაიარა, გაიხედა-გამოიხედა და ახლადმოპირკეთებულ ფასადზე მათემატიკური ჭეშმარიტება მიაჯღაბნა:
1+1=3

2010, ივლისი, ერთიანი ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი დღე:

ქუთაისი, წარწერა #7 ავტობუსში:
მზესუმზირა და ბანანი მიირთვით კანიანად!

ისევ ერთი რიგითი დღე… ისევ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ისევ ღია ფანჯრები, ისევ… ისევ…
გადააგდო…
გადააგდო…
გადაგდო…

შეჩერებული წამის ისტორია

13 წლის წინ მე და ჩემი 10 კლასელი ამ ძველ, მიტოვებულ გაზის მილზე გავედით. გუშინდელი დღესავით მახსოვს ის წვიმიანი დღე და დღემდე მაკანკალებს იმ წუთების გახსენებაზე.

ზრუნვა გარემოზე პირადი გამორჩენის მიზნით…

ამ ზაფხულს მდინარის ხეობაში ხეტიალისას თავზე წავადექით ბრაკონიერებს…. ვინაიდან და რადგანაც ძალიან პატარები ( 11-12 წლის) იყვნენ ნახევარსაათიანი ლექციით შემოვიფარგლეთ რატომ იყო ცუდი რასაც ისინი აკეთებდნენ. ხოლო ეს “ბანერი” მოგვიანებით აღმოვაჩინეთ და კარგადაც ვიხალისეთ:)

ქვეყნად უამრავი გზაა…მაგრამ ყველა გზა ია-ვარდით არაა მოფენილი. თუმცა ზოგს უმართლებს და იოლი გზით სიარულს სწავლობს…თუ რა თქმაუნდა ამას გამართლება ჰქვია:(

რაღაცნაირად იდგა ეს ხე იქ. თითქოს მარტო იყო და არც იყო. იმ ადამიანს ჰგავდა, თითქოს ბევრი მეგობარი რომ ჰყავს, მაგრამ როდესაც გაუჭირდება და მეგობარი დაჭირდება მარტო რომ აღმოჩნდება ხოლმე…

…………………………………………………………………………………………

არაფერია მზის ქვეშ ახალი

ყოველთვის როდესაც ცუდად ვარ, ვიღებ ზურგჩანთას და სადღაც მივდივარ. სწორედ ასე დაუგეგმავად მაქვს შემოვლილი ნახევარი საქართველო. ზაფხულიც დაუგეგმავად დაიწყო…მე და ჩემი მეგობარი ერთდროულად დავრჩით სამსახურის გარეშე… ერთი განსხვავებით, მას კვლევა ჰქონდა დასამთავრებელი…ვინაიდან და რადგანაც მე საქმე არაფერი მქონდა, მის წინადადებას დავთანხმდი და მასთან ერთად შემოვიარე მთელი ზემო იმერეთი. ქალთა უფლებების შესახებ ამზადებდა ნაშრომს. ათამდე სოფელში ჩავედით და დაახლოებით 50-მდე ოჯახს ვესტუმრეთ, რამდენიმე ათეული ინტერვიუ ჩავწერეთ და უამრავი მასალა შევაგროვეთ.
ჩვენი მოგზაურობის შედეგად ჩემს მეგობარს ბევრი სამუშაო დაუგროვდა, მე კი ბევრი ამბავი ფიქრისა და ანალიზისათვის.
მართალია ამ ბლოგის პროფილი თავიდანვე მკაცრად განვსაზღვრე, მაგრამ ეს ნახევრად პირადი პოსტია და ვფიქრობ შეიძლება გენდერულ თანასწორობაზეც დავწერო ორიოდე სიტყვით.
ჩემი ათდღიანი ხეტიალის შედეგად რამდენიმე საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე.
1. იმერეთის სოფლებში ქალებმა არაფერი იციან გენდერული თანასწორობის შესახებ,
2. ამავე რეგიონში ქალების უმრავლესობა ქმრების მონაა, ხაზს ვუსვამ – მონა. ხოლო უკეთეს შემთხვევაში უფასო მოსამსახურე.
3. ამავე რეგიონში ქალის მოვალეობაა მუშაობა, ხოლო კაცის მოვალეობა – ბირჟაზე დგომა ან ქეიფი.
4. ამავე რეგიონში ჩვენს მიერ გამოკითხულ უკლებლივ ყველა ოჯახში გადაწყვეტილებას იღებს ქმარი, ხოლო ცოლი ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, მოტივით კაცია და უფრო მეტი იცის.

თითქმის ერთი თვე გავიდა ამ მოგზაურობიდან, ამ ხნის მანძილზე ხშირად მიფიქრია იმ ქალებზე, რომლებსაც შევხვდით და ვესაუბრეთ.
ვფიქრობ ისინი ვერასოდეს იქნებიან თავისუფლები და დამოუკიდებლები. ვერასოდეს იქნებიან მამაკაცის თანასწორნი. სამწუხაროდ შვილებსაც ასე ზრდიან, ქმრის მორჩილებას ასწავლიან და არარსებულ მორალს უნერგავენ. თუმცა ვფიქრობ პრობლემა უფრო იმაშია რომ ეს ქალები არ თვლიან ამას პრობლემად.
………………………………………………
ახლა იმაზე თუ როგორ დავისვენე…
თუ ჩემს ბლოგს ხშირად კითხულობ, შეამჩნევდი ალბათ, 11 აგვისტოს შემდეგ არაფერი დამიწერია. ის პოსტიც გაქცეულმა დავწერე, რამდენიმე საათით შემოვურბინე ცივილიზაციას და მერე ისევ იქ დავბრუნდი სადაც არაფერი მაწუხებდა, არსად მეჩქარებოდა და არაფერი არ მინდოდა დასვენების გარდა.
ჩემს სოფელში ვიყავი, თავასაში. ულამაზესი სოფელი მაქვს. ორ მთას შუა მდებარეობს და თავადაც ნახევრად მთაზეა შეფენილი. იმ სილამაზის სიტყვებით გადმოცემა ცოტა რთულია, ფოტოებით კიდევ შეიძლება.

ამ სოფლის კიდევ ერთი ღირსება ისაა რომ მდინარის პირას მდებარეობს და 40 გრადუს სიცხეში ეს მდინარე მშვენიერი თავშესაფარია.
ჩემი ზაფხულის კიდევ ერთი თავგადასავალი სწორედ ამ მდინარეს უკავშირდება. მე და ჩემმა ბიძაშვილებმა მდინარის სათავის დალაშქვრა გადავწყვიტეთ, რაც სანახევროდ მოვახერხეთ კიდეც.