პროგნოზირებული “ანომალია”

ქართული ბლოგინგის დღეებზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ ნახევარი საქართველო წყალს მიაქვს და ვფიქრობ ამ ეტაპზე, ეს თემა უფრო მნიშვნელოვანია.

რა მოხდა

18 ივნისის საღამოს რიკოთის უღელტეხილზე მოვარდნილმა ღვარცოფმა 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშველები ბოლო ორი დღეა სამაშველო ღონისძიებებს ატარებენ და კიდევ ორ დაკარგულს ეძებენ. დაზარალდნენ სურამში, ხაშურში და ჩუმათელეთში მცხოვრებნი. მოსახლეობას წყალი ეზოებში შეუვარდა და საცხოვრებელი სახლები ქვა ღორღით აუვსო.

რეკომენდირებული ლინკები:
რადიო თავისუფლება

ნეტგაზეთი

რატომ მოხდა

პირველი კითხვა რაც გამიჩნდა იყო რატომ?
ცნობილი ფაქტია რომ საქართველო რთული მთიანი რელიეფისა და კლიმატური თავისებურებების გამო, საშიში სტიქიური პროცესების განვითარების მასშტაბებით და დროში განმეორებადობით მსოფლიოს ურთულეს რეგიონს განეკუთვნება. ამასთან ეს პროცესები უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობაზე და საინჟინრო -სამეურნეო ობიექტებზე.
წესით და რიგით ნორმალურ ქვეყანაში, სადაც სწორი გარემოსდაცვითი პოლიტიკა არსებობს ხელისუფლება უნდა ატარებდეს სტრუქტურულ ღონისძიებებს შესაძლო კატასტროფით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად.
განმარტებისათვის, ბუნებრივი კატასტორფების რისკების შემცირების სტრატეგია ნიშნავს რისკების შემსუბუქებას, კატასტროფებზე რეაგირებას და კატასტროფის შედეგების აღმოფხვრას. სამწუხაროდ ქართულ რეალობაში ძირითადი ყურადღება ეთმობა კატასტროფებზე რეაგირებას და შედეგების აღმოფხვრას, ხოლო რისკების შემსუბუქება უკანა პლანზეა გადაწეული.

დაახლოებით ის სიტუაციაა, ურემი რომ გადაბრუნდება და გზა მერე რომ ჩანს. ვერაფერს იტყვი, კარგად გვეხერხება ზარალის დათვლა და ტელეეკრანიდან დამწუხრებული სახეებით დაღუპულთა ოჯახებისთვის მისამძიმრება. ასეთ დროს სულ მიჩნდება ხოლმე კითხვა, “ურემის გადაბრუნებამდე” რას ვაკეთებდით? რა ღონისძიებებს ატარებდა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება თემის და რიგითი მოქალაქეების მომზადებისათვის, რათა შემცირებულიყო რისკისგან დაუცველობა და გაზრდილიყო ადგილობრივი მოსახლეობის მზაობა. რას პრევენციულ ღონისძიებებს ატარებდა ხელისუფლება ბუნებრივი კატასტროფების რისკების შესამცირებლად?
ან იცოდა თუ არა საერთოდ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ?
ამ კითხვებზე პასუხები არ მაქვს. სამწუხაროდ არც იმის შესაძლებლობა, პირადად ვკითხო იმ ადამიანებს ვისაც ეს ეხება. მიახლოებითი პასუხები სხვადასხვა სააგენტოების და ონლაინ-გამოცემების ვებგვერდებზე ვიპოვე. სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროების და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსი, ემილ წერეთელი მომხდარ სტიქიურ უბედურებას ანომალიას უწოდებს.
პრინციპში სხვაგვარ პასუხს არც ველოდი. შეიძლებოდა დამეჯერებინა კიდეც რომ ეს ანომალია იყო, რომ არა დღეს ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” მიერ ფეისბუქში “მწვანე ალტერნატივას” ღია ჯგუფში დადებული ერთი ფოტო. ქვემოთ მოცემული ფოტოზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიულეტენის “საქართველოში 2010 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2011 წლისათვის”, 271-ე გვერდია. ბიულეტენი მიმდინარე წლის იანვარშია გამოქვეყნებული.
მასში ვკითხულობთ:
“რიკოთის საავტომობილო გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან განვითარებული მეწყერი. პროცესი მასშტაბური ხასიათისაა და განვითარებულია მდ. ჩუმათელეთის წყლის მარცხენა ციცაბო ფერდობზე, რომელიც აგებულია პალეოზოური ასაკის ძლიერ გამოფიტული გრანიტებით.
ფერდობის დიდი დახრა, გრანიტების ინტენსიური გამოფიტვა, მათი პერიოდული გაწყლოვანება, ტყის საფარის მკვეთრი შემცირება, ხელშემწყობ პირობებს ქმნიან მეწყრული მოვლენების აქტივიზაციის თვალსაზრისით და ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიან მის სტაბილურ მდგომარეობაში გადაყვანას. არც მიმდინარე წლის ზამთარი და გაზაფხული ყოფილა გამონაკლისი. მთელი 200მ სიგრძეზე წვიმებისა და თოვლის საფარის შედეგად ფერდობიდან ჩამოტანილმა გამოფიტულმა მასალამ გაავსო დამცავი კედლის მიღმა სივრცე, შემდეგ კი ასეულობით კუბ.მეტრი ქვა-ღორღი და თიხური გრუნტი გადმოვიდა გზის სავალი ნაწილის ნახევარზე და შეაფერხა მისი ნორმალური ფუნქციონირება. დათვალიერების მომენტისათვის გზა მთლიანად გაწმენდილია, მაგრამ ფერდობის შუა და ზედა ნიშნულებზე კვლავ უამრავი პალეოზოური გრანიტების გამოფიტვის მასალაა დაგროვილი, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოდ, რომ გარკვეული დროს შემდგომ პროცესები კვლავ განახლდება.”

გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიულეტენი "საქართველოში 2010 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2011 წლისათვის", 271-ე გვერდი.

თუ ვინმეს სურვილი გექნებათ ეს ბიულეტენი თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ, აი ამ მისამართზე შეგიძლიათ იხილოთ.

ანუ დასკვნა, რომელიც ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ გამოვიტანე ასეთია, საფრთხე რეალურად არსებობდა და ამის შესახებ შესაბამისი სტრუქტურები ინფორმირებულები იყვნენ. ასე რომ სტიქიური უბედურება არც ანომალია ყოფილა და არც მფრინავი თეფშები :/. მოსალოდნელი საფრთხე იყო, რომლის თავიდან აცილება არა, მაგრამ პრევენცია შეეძლოთ.
ამის შესახებ იმავე ანგარიშის 272-ე გვერდზე წერია.
“მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება რთული გეოლოგიური პირობებისა და ქანების ძლიერი და ღრმა გამოფიტვის გამო სასურველ ეფექტს ვერ მოგვცემს. საჭირო იქნება ჩამონატანი მასალის პერიოდული გაწმენდა და გატანა, რაც ბოლო წლების განმავლობაში აუცილებლობის შემთხვევაში ხორციელდება კიდეც”.
საშუალება რომ მქონდეს აუცილებლად გავარკვევდი კონკრეტულად რა ღონისძიებები ხორციელდებოდა ამ კონკრეტულ უბანზე. დროის რა მონაკვეთში, ვის მიერ და ბოლოს როდის ჩატარდა ეს გაწმენითი სამუშაოები.

მე ვფიქრობ არც არაფერი არ ჩატარებულა. სხვა შემთხვევაში გარემოს ეროვნული სააგენტოს საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტი არ იტყოდა რომ ანომალიასთან გვაქვს საქმე და თავისივე დაწერილ ანგარიშში ეჭვს არ შეიტანდა. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და არა დამტკიცებული ფაქტი. იმედი მაქვს ის ჟურნალისტები ვინც ამ თემაზე მუშაობენ დაინტერესდებიან და ამ კითხვებს დასვამენ.

საერთოდაც ვფიქრობ დროა ვისწავლოთ რისკების შეფასება და მათი პრევენცია. სხვა შემთხვევაში ყოველთვის ერთიდაიგივე შედეგს მივიღებთ.

Advertisements

9 comments on “პროგნოზირებული “ანომალია”

  1. მე სპეციალისტი არ ვარ, რასაც შენ ამბობ, მჯერა, ოღონდ იმას მეც ვხვდები, რომ ასეთი სახიფათო ზონების წინასწარ განსაზღვრა და მომზადება (მინიმუმ – სამოქმედო გეგმის შედგენა) შესაძლებელი იყო…

  2. იცოდნენ კიდეც წინასწარ მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ. ამას ადასტურებს სწორედ ეს ანგარიში.
    ახლა სხვა კითხვები მაწუხებს, რა გააკეთეს ზიანის შესამცირებლად. ყოველთვის რატომ ხდება ისე, რომ მარტო ზარალს ვითვლით :///

  3. აი პოსტი… ნამდვილი მწვანე პოსტი..

    საერთოდ, ვფიქრობ, ჩვენთან გეოლოგებისა და ინჟინრების დასკვნას არ ითვალისწინებენ… და ძალიან ცუდია.
    საქონლის ხორცად გასაღებული ცხენის ხორცისა არ იყოს, ეგრეა სხვა სფეროშიც 🙂

    უვიცები და არც უნდათ რომ ისწავლონ და გაითვალისწინონ 😦

  4. დიდი მადლობა ამ პოსტისთვის, მეც მინდოდა რაღაცის დაწერა და ჩემი სათქმელი შენ თქვი 🙂
    რისკები კარგა ხნის შეფასებულია უკვე, გარდა მაგ რეპორტისა, მერვე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოშიც კი არის დამეწყრილი და ღვარცოფსაშიში ტერიტორიების ამსახველი რუკები. მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი სექტორი (სახელმწიფო სტრუქტურებს ვგულისხმობ) კონსერვაციასა და კატასტროფების წინააღმდეგ მუშაობაზე კი არა, ბუნებისგან მოგების მაქსიმალურად ამოქაჩვაზე მუშაობს, რასაც სავალალო შედეგები ექნება. კიდევ ერთი – რიკოთის ტრაგედიის შემდეგ პრეზიდენტი გამოვიდა და პირველი რაც თქვა, იყო ”ახლა ტურისტული სეზონი იწყება და პირველ რიგში გზაა აღსადგენიო”.
    კიდევ ერთი – პრევენცია ყოველთვის გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე პოსტ-ფაქტუმ მოვლენის შედეგებთან ბრძოლა.

  5. ახლა ვნახე სტუდია GNS-ის სიუჟეტი. დიდი ხანია ამ თემაზე დაწერა მინდოდა, უბრალოდ ლეჩხუმამდე ვერ ჩავაღწიე.

    იმედი მაქვს ეს პროექტი ჩავარდება და არ განხორციელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მასშტაბური კატასტროფისთვის უნდა მოვემზადოთ. მეორე სიუჟეტია.

  6. ძალიან საჭირო პოსტია მანანა. ცუდია ნაღდათ ის რომ არ უჯერებენ გეოლოგებს თორემ ეგ ყველაფერი არ მოხდებოდა. მე მაინტერესებს ამ ზარალს რომ ითვლიან და ასახელებენ 10მილონ ლარს, ეგ მარტო გზის ფულია და ჯიბის თუ ოჯახებს ზარალსაც აუნაზღაურებენ? მემგონი და სამწუხაროდ არა, მხოლოდ ხალხი დარჩა დაზარალებული, პრეზიდენტმა მხოლოდ ის თქვა არ ჩავაგდოთ ტურისტული სეზონიოოოოოოოოო :((((((((

    • avtomachi,@ მე საერთოდაც ის მაინტერესებს ზარალს როგორ ითვლიან.10 მილიონი ძალიან ცოტაა სტიქიის მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ. თან ტრანზიტული ტვირთების გადატანაც შეფერხდა, ასე რომ ვფიქრობ ზარალი გაცილებით მეტი იქნება. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, ძალიან გამაკვირვა. როგორც წესი სახელმწიფოს მეთაურები ფორმალურად მაინც გამოხატავენ ხოლმე მწუხარებას, ამ განცხადებამ კი მე უფრო სხვა რამ დამანახა. ვის აინტერესებს ადამიანების ბედი, მთავარია ტურისტული სეზონი არ ჩავარდეს ! 😦

      fmagellan,@ მადლობა საინტერესო კომენტარისთვის. სავარაუდოდ ბლოგერი ხარ, მაგრამ ლინკი არ გაქვს მითითებული და შენთან ვერ გადმოვდივარ:)

  7. ხეები ხალხო! ხეები დავრგოთ სანამ დროა და რაც შეიძლება ბევრი. ხეებს ბევრი სტიქიის შეკავება შეუძლია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s