istanbul not Constantinople

ავტობუსი შეგვეშალა. ჰო, აი ასე, ავედით, დავსხედით, ბარგი დავაწყვეთ, ნახევარი საათი ვიარეთ და აღმოვაჩინეთ რომ სტამბულში არ მივდიოდით. ჩამოვედით სადღაც ბენზინგასამართ სადგურზე. მერე ვისხედით სამნი, შეცივებულები, აბუზულები, ვსვამდით ცხელ თურქულ ჩაის და ველოდით. დაკვირვებიხართ როგორ სწრაფად ქრება სიგარეტი, როცა ელოდები? მოკიდებასაც ვერ ასწრებ ისე სწრაფად.
მთელი ღამე მივდიოდით. არ მახსოვს როდის ჩამეძინა. მახსოვს გაღვიძება. უზარმაზარი მწვანე ველი იშლებოდა ჩვენი ავტობუსის ფანჯრიდან.
ვიჯექი ავტობუსში, როგორც რომელიღაც ჰოლივუდური მელოდრამის გმირი, ვუყურებდი როგორ ცვლიდა ვინდოუსის ფონებიან მინდვრებს ყარყატის ბუდიანი სახლები, როგორ იღვიძებდნენ გზადაგზა სოფლები, ქალაქები და ვხვდებოდი რომ წინ არაჩვეულებრივი თავგადასავალი მელოდა.

IMG_0044

მაისის მერე ვცდილობ ამ პოსტის დაწერას. ჩვევა მაქვს ასეთი, რაღაც ამბავი მანამ გრძელდება, სანამ არ დავწერ. და როცა ვწერ მთავრდება. ყველაფერი რაც სტამბულში მოხდა იმდენად პირადი და იმდენად ჩემია ვერაფრით მოვახერხე მისი სიტყვებად ქცევა.
ჰოდა აი ასე ემოციებს მოგიყვებით.

ისტიკლალ ჯადესზე მივდივართ. ახალი წელი არაა, მაგრამ ყველაფერი ისეა განათებული, გეგონება სადაცაა ფეიერვერკები ამოიფრქვევა და ახალი წლის ან სულაც ახალი საუკუნის დადგომას გამცნობს. სელფი ისტიკლალზე, სელფი ტრამვაისთან, სელფი ტრამვაიში, სელფი სიმითის გამყიდველთან, დაბადების დღის ფართი სტარბაქსში, შემწვარი წაბლის, მოხალული ბუსტუღის და სიმითის სუნი ერთმანეთში ირევა. არაფერზე არ ვფიქრობ საერთოდ, ბედნიერებაზე პასუხისმგებელი ტვინის უჯრედები (თუ საერთოდ არსებობენ ისინი) სრული დატვირთვით მუშაობენ. როგორი გრძნობაა იცით? აი უბრალოდ კარგად ხარ. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ კარგად ხარ. იღებ ასობით ფოტოს, ათასი სუნით, გემოთი და ფერით გაჟღენთილ ქალაქში დადიხარ და ბედნიერი ხარ.

10418973_1479014172363418_524704161930704188_n

დერვიშების მუზეუმი, გალათას კოშკი, თევზიანი პურები ბოსფორზე, გრანდ ბაზარი, მეჩეთები, აია სოფია, სულთნის სასახლეები, დადიხარ ოტომანთა იმპერიის ნანგრევებზე ახალ თურქეთში და რაღაცებზე ფიქრობ. გინდა რომ აღფრთოვანდე, ემოციები გაგიჩნდეს, მაგრამ ზოგჯერ უდიდესი არქიტექტურული შენობაც კი შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოს.

IMG_0773

სტამბულში ყოფნის რომელიღაცა ერთ დღეს წვიმდა. მარტინით გაბრუებული ვიწექით სამი გოგო სადღაც სასტუმროს თეთრ ნომერში, რომლის ერთი კედელი აგურისფერი იყო, წითელი აგურის ორნამენტებით. რაღაცეებზე ვიცინოდით, გარეთ წვიმდა, ფანჯარაზე მარტინის ჭიქები ეწყო, ზოგი სავსე, ზოგი ნახევრად ცარიელი. ცოტა უფრო გვიან ვავსებდით რაღაც ტესტს, რომელიც იყო რუსული და რომელიც სინქრონული თარგმანით აღწევდა ჩემამდე. მეძინებოდა სასტიკად, თავს ვერ ვწევდი, მინდოდა მალე დამთავრებულიყო ტესტი, რომელიც არა და არ მთავრდებოდა.
მერე უცებ ტესტიც დამთავრდა და ჩემი სურვილიც დამეძინა, უკვალოდ გაქრა.

IMG_0665

ასე ხდება ხოლმე ცხოვრებაშიც. ზოგჯერ არის რაღაც, რაც ძალიან, ძალიან მინდა. მილიონ გზას, ხერხს, მეთოდს ვეძებ სასურველის მისაღწევად. ღია კარს ვამტვრევ, წყალს ვნაყავ, ქარის წისქვილებს ვებრძვი, ბოლოს ვეშვები და ვიკიდებ მოტივით – აღარ მინდა. მერე გადის დროს და მართლა აღარ მინდა ის, რის მისაღწევადაც უამრავი შრომა და ენერგია დავხარჯე. და ზუსტად მაშინ როცა ამ გადაწყვეტილებას მივიღებ, იმ რაღაცას, რის მისაღწევადაც ვიბრძოდი – ვიღებ. ასეთ დროს სასოწარკვეთილებაში რომ არ ჩავვარდე, თვითირონიას ვეძალები.

IMG_1104

ჰოდა ახლა, მაისში დასაწერ პოსტს ვწერ ნოემბერში. ძველი ამბების დასამთავრებლად დავწერე. აი ამ კატებისთვის დავწერე, თუ ამბისთვის რომელთანაც კატებმა დამაკავშირა. ოდესმე ყველა კატას ექნება სახლი და ყველა ადამიანი თავისებურად იქნება ბედნიერი.

IMG_0594

დატოვე კომენტარი