Eat… Pray… Love

მეშინოდა რომ ბორისპოლის აეროპორტში გეიტი შემეშლებოდა ან რეისი ამერეოდა ან რამე მოხდებოდა. საბედნიეროდ ჩემი შიშები არ გამართლდა. პრაღამდე მშვიდად ვიფრინე. ფანჯარასთან ვიჯექი და ღრუბლებში დავფრინავდი. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

პრაღაში ფოტოჟურნალისტიკის კურსს ვესწრები. უცნაურია მაგრამ პირველ დღეს ერთი კადრიც არ გადამიღია. შეიძლება იმიტომ რომ დაღლილი ვიყავი. არ ვიცი. რამდენჯერაც რამის გადაღება დავაპირე იმდენჯერ დამეზარა. საღამოს სავახშმოდ წავედით. სახელი არ მახსოვს, მაგრამ ვიცი რომ ის კაფე პრაღის იმ ნაწილში მდებარეობს, რომელიც იუნესკომ თავის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა.

პატარა კაფე იყო, მყუდრო, ბუხრით და სიძველის ეფექტით. პირველი ორი კერძი გამოვტოვე, ძირითადად ვლაპარაკობდი. პირველივე ჩეხმა, რომელიც გავიცანი მკითხა“ მოგწონს პრაღა. მეც მთელი „cute” სიტყვების მარაგი გამოვიყენე იმისათვის რომ ჩემი აღფრთოვანება გამომეხატა. თუმცა ეს არ იყო ბოლომდე მართალი. ზრდილობის და ეტიკეტის ამბავი უფრო იყო. იმ მომენტში სულაც არ ვფიქრობდი რომ პრაღა მშვენიერი იყო. ერთადერთი რაც მინდოდა იყო ძილი, სრული 25 საათიანი უძილობის შემდეგ. მერე ყავამ გამომაფხიზლა, და ახლადგაცნობილის მოსმენა დავიწყე.

„იმ მშვენიერ სახლებში, რომელიც შენ ასე მოგწონს, პრაღელები აღარ ცხოვრობენ. აქ ყველაფერი ძალიან ძვირია,“-მითხრა მან.
გამეღიმა. გეთანხმები შეიძლება აქ სიძვირეა, მაგრამ თქვენ თქვენს ისტორიას მაინც უვლით. ჩვენთან ძველ შენობებს ანგრევენ. მაგალითად გუშინ ერთ-ერთი ძველი მშენებლობა დაანგრიეს ბათუმში. თქვენთან ყველგან ძველი შენობებია. ჩვენთან აღარც შენობებია და აღარც ადამიანები იმ შენობებში,“ – ვუთხარი მე მას და მერე ორივემ კარგახანს ვიწუწუნეთ ჩვენ-ჩვენს ქვეყანაზე.

სასტუმრომდე ძლივს მივაღწიე. მეორე დღეს დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი ტრენინგისათვის.

დენი, კარგი ფოტოგრაფია, მე ვფიქრობ კიდევ უფრო კარგი ტრენერია. ფანტასტიურად, გასაგებად და ადვილად აგვიხსნა, რა უნდა გადავიღოთ, რატომ და როგორ. მერე დავალება მოგვცა და გადასაღებად გაგვიშვა.

ასე შევხვდი პრაღას. ავიღე რუკა და მეტროსკენ წავედი. სასტუმრო სადაც მე ვცხოვრობ პრაღის გარეუბანია. გადავწყვიტე ებრაელების სასაფლაო გადამეღო. ახლა რომ ვფიქრობ არ ვიცი რატომ მომეჩვენა საინტერესოდ სასაფლაოს გადაღება, მაგრამ ფაქტია რომ გადავწყვიტე. თავგადასავალი აქ დაიწყო. მეტროდან პრაღის ცენტრში, ნაციონალური მუზეუმის წინ ამოვედი. მიუხედავად იმისა რომ ლენკამ, ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ ამიხსნა როგორ უნდა მივსულიყავი სასაფლაომდე და თან რუკაც მქონდა, მაინც ვერ მივაგენი. პირველი საათიდან საღამოს შვიდ საათამდე ვიბოდიალე პრაღაში, სასაფლაოს ვერ მივაგენი, ფოტოაპარატს რაღაც დაემართა, წესიერი კადრები ვერ გადავიღე. რაღაც უგემურ სალათში 5 ევრო გადავიხადე.

რადგან რუკით გზა ვერ გავიკვლიე გადავწყვიტე მეკითხა. ბოლოს იმ დონეზე მივედი კითხვას: „სად არის ებრაელების სასაფლაო“ ვეღარ ვიტანდი. ცოტაც და თავად აღმოვჩნდებოდი სასაფლაოზე. განვლილ დღეს რომ ვიხსენებდი ერთადეთ დადებით ამბად ქუჩის მუსიკოსები მეჩვენებოდა. ცოტა გავერთე მათი მოსმენით. სასტუმროში დავბრუნდი, ციოდა. დავიძინე. დილით დენს ფოტოები მივუტანე და ვუთხარი, ჩემს ფოტოესეს ჰქვია: „სად არის ებრაელების სასაფლაო“. დენმა გაიღიმა, ფოტოები დაათვალიერა და ორ ფოტოზე თქვა: „იზ ნოთ ბედ“. ჭეშმარიტად, მიღწევაა ეს შეფასება.

მეორე დღეს, ანუ გუშინ გადავწყვიტე რომ არ შეიძლებოდა პრაღიდან ასეთი წავსულიყავი. ასეთი ანუ უბედური, უკმაყოფილო და სევდიანი. მთელი ჩემი ფული გადავთვალე, გადავანაწილე და ჩემს თავს ვუთხარი, ჯანდაბა მანანა, არ გაქვს უფლება ასე იყო. ბი ჰეფი.

განხილვაზე დენს ვუთხარი რომ მინდოდა ფოტოსთორი ქუჩის მუსიკოსებზე გადამეღო. იდეა მოეწონა. ავიღე ფოტოაპარატი და წავედი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე, ყველაზე კარგი დღე ალბათ.

პირველ რიგში გადავწყვიტე რადაც არ უნდა დამჯდომოდა მეპოვა ებრაელების სასაფლაო და დამეთვალიერებინა. თან გულში ილიკოზე ვბრაზობდი, რომელმაც „ებრაელების სასაფლაო რომ არ ნახო ისე არ წამოხვიდე მანდედანო“ მითხრა.

მივედი, ვნახე და ვერ აგიხსნით როგორი იმედგაცრუებული დავრჩი. თურმე გუშინ იქ ვყოფილვარ. ზუსტად მაშინ, როცა ძალიან დავიღალე, როცა კითხვის თავიც აღარ მქონდა, მაშინ ვმჯდარვარ მის კიბეებთან და ისე წამოვსულვარ რომ ვერ მივმხვდარვარ რომ უკვე ნაპოვნი მქონდა ის რასაც მთელი დღე ვეძებდი.

ამ აღმოჩენამ ერთი ფრაზა ამადევნა: ადამიანები კი არ ვმარცხდებით, ფარხმალს ვყრითო. ჭეშმარიტებაა, თან სრული. გუშინდელი ტური პრაღაში ებრაელების სასაფლაოდან დავიწყე. ის უბანი სადაც სინაგოგები და სასაფლაოა ერთ-ერთი ულამაზესი უბანია პრაღაში.

„ეს უნდა ნახო“
ვერ ვიტან სიტყვა „უნდას“. არაფერიც არ „უნდა“. მარტო ის უნდა ნახო და აკეთო რაც გაინტერესებს და რაც ნამდვილად გინდა. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი აქ. გვანცა მწერს რომ კაფკას მაისურის გარეშე არ უნდა წამოვიდე აქედან, ილიკო ამბობს რომ ებრაელების სასაფლაო უნდა ვნახო. ვნახე, ვიყიდე მაგრამ სიამოვნება სულ სხვა რამით მივიღე. კათედრალით ვერ მოვიხიბლე. რამდენადაც დიდია მისი ისტორიული მნიშვნელობა და რამდენადაც შთამბეჭდავი ოქროთი მოვარაყებული უზარმაზარი ხატები, იმდენად უინტერესოა ჩემთვის. სამაგიეროდ შესასვლელში ცოტახანს კიბეებზე ჩამოვჯექი და „წელიწადის დროებს“ ვუსმინე ორღანის შესრულებით. სტარაე მესტოზე თანამედროვე ხელოვნების გალერეებია.

პაწაწინა ორ და სამ ოთახიანი გალერეებია. ყველაზე დიდი დრო სწორედ იქ გავატარე გუშინ. შიგნით ფოტოს გადაღება არ შეიძლებოდა, ამიტომ მხოლოდ გარეთა ხედებით დავკმაყოფილდი. საინტერესო ნახატებია და თუ ოდესმე პრაღაში მოხვდებით გირჩევთ ნახოთ. საერთოდ სადაცალის გაიხედავ ყველგან რაღაცის მუზეუმია. მუზეუმებში ბოდიალს ორი საათი მოვანდომე, სწრაფად ვათვალიერებდი ყველაფერს. აქ დრო ისე გარბის, თვალის დახამხამებასაც ვერ ასწრებ.

ზოგი მუზეუმის სახელი აღარც მახსოვს სადაც ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს რომ დღეს სალვადორ დალის მუზეუმში უნდა წავიდე. მუზეუმებით დაღლილი ერთ პატარა ქუჩას გავუყევი. კიდევ ერთი მუზეუმი იყო. „Sex machines Museum”. მოკლედ ეს ჯადოსნური მუზეუმია. ყველა ღიმილით შედის და სიცილით გამოდის.

გუშინ როცა ებრაელების სასაფლაო როგორც იქნა ვნახე, იქვე პატარა სუვენირების მაღაზიაში შევედი. საერთოდაც პრაღაში ხიდების შემდეგ ყველაზე მეტი სუვენირების მაღაზიაა ყველა კუთხეში იყიდება რაღაც, რაც პრაღას გაგახსენებს.

არ ვიცი დღეში რამდენ ათას ტურისტს ემსახურებიან ეს ადამიანები, მაგრამ ყოველ შესვლაზე გაგრძნობინებენ რომ ისინი სულაც არ არიან დაღლილები, მზად არიან გაგიღიმონ, მოგემსახურონ და თავი ისე იგრძნო თითქოს პირველი ხარ. არა აქვს მნიშვნელობა 25 კრონად ღირებულ კალამს ყიდულობ თუ 1000 კრონად ღირებულ ჩანთას. ყველა ნივთი და ყველა ადამიანი მათთვის მნიშვნელოვანია.
ბათუმის კაფეებისთვის დამახასიათებელი მზერა, რომელიც უსიტყვოდ გეუბნება „ნეტა რას მოეთრეოდი“, მხოლოდ “Charles Bridges Museum”-ში ვიგრძენი. მუზეუმში პატარა კაფეა. ყავა მინდოდა, მაგრამ მეზღვაურის ფორმიან ბარმენს ისეთი მზერა ჰქონდა, მარტო ბათუმის კაფეებისთვის დამახასიათებელი რომ მეგონა აქამდე. ყავის დალევა გადავიფიქრე. კაფე-მუზეუმში რამდენიმე ფოტო გადავიღე. ცარიელი იყო. პრინციპში ლოგიკურიცაა.

მუზეუმის ბილეთი იმ 290 კრონში (12 ევრო) შედიოდა რომელიც მდინარე ვლტავაზე ნავით გასეირნებისთვის გადავიხადე. ნავით გასეირნება გუშინდელი დღის ულამაზესი დეტალი იყო.

დაახლოებით ყველაფერი ისე იყო, როგორც ფილმში “eat, pray, love”. Eat – უგემრიელესი ნაყინი ულამაზეს კაფეში (სახელი არ მახსოვს), Pray – „Charles Bridges Museum”-ის ეკლესიაში. ეკლესია კათოლიკური იყო, მაგრამ მთავარი ნიშნები არ არის, მთავარი რწმენაა. ღმერთი ერთია, უბრალოდ სხვადასხვა სახელი ჰქვია და ეგაა. Love – ეს იმდენად პირადულია, სისულელეა აქ დაწერო. სულელური ამბავი რომელიც ბორისპოლის აეროპორტში დაიწყო, და აქ გრძელდება. რამდენიმე დღეში დამთავრდება. საერთოდაც ყველაფერი იმისთვის იწყება რომ ოდესმე დამთავრდეს. სიცოცხლესავითაა.

ნავით სეირნობა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მეგზურობას გიდი გვიწევდა. ნავზე საქართველო, პოლონეთი, იტალია და ესპანეთი ვიყავით. „ოოო, ჯორჯია, სტალინ“ – მითხრა გიდმა, როდესაც ვუთხარი საიდან ვიყავი. სტალინი შემთხვევით არ უხსნებია. ის ადგილი გვანახა სადაც ადრე სტალინის უზარმაზარი ძეგლი იდგა ჩეხეთში, ძეგლის ფოტოც ჰქონდა. რომლის მეორე მხარეს ასევე ეს ძეგლი იყო, ოღონდ უკვე აფეთქებული. „ეს არის კომუნიზმის ორი მხარე, სიმბოლო კომუნიზმის“- გვითხრა გიდმა. როდესაც სტალინი მოკვდა და ხრუშოვი მოვიდა მან ააფეთქა ეს ძეგლი. საბოლოოდ ვერ გავარკვიე რა დამოკიდებულება ჰქონდა სტალინთან გიდს, მაგრამ როდესაც ვუთხარი რომ საქართველოში, სტალინის მშობლიურ ქალაქში მისი ძეგლი აიღეს, თვალები გაუფართოვდა და თავი გაკვირვების ნიშნად გადაიქნია. აღარაფერი უთქვამს მერე სტალინზე.

საინტერესოა უცხოელების ასოციაციები საქართველოზე.
პირველ დღეს, როცა სასტუმროს ჰოლში ტრენინგის მონაწილეები და ტრენერები ერთმანეთს ვეცნობოდით მაიკლმა, რომელიც ტრენინგებს ატარებს მწერალი ჟურნალისტებისთვის როგორც კი გაიგო რომ საქართველოდან ვიყავი მითხრა. „ოო, ჯორჯია, ხინქალი, კაჩაპური. ვაინ, ვერი გუდ ვაინ“.

გამიხარდა. ისეთია, რაღაცნაირი. რომ ვერ ახსნი. გიხარია. მესამე მსოფლიოს ქვეყნებში კი ხარ, მაგრამ მთლად წყალწაღებულიც არ ხარ და ვიღაცას რაღაცა მაინც მოსწონს შენს ქვეყანაში. სიხარული იქვე „ჩამაშხამა“ იქვე კანადელმა ჟურნალისტმა ბიჭმა. „ბოდიში, სად არის ჯორჯია?“ – მკითხა მან.

ჩემთვის გავიფიქრე, რა კარგია რომ არ იცითქო და ვუთხარი რომ კავკასიაში იყო. თუმცა დარწმუნებული არ ვარ რომ იცის სად არის კავკასია.

ნავით სეირნობის შემდეგ „Charles Bridges“ გადავჭერი და კაფკას მუზეუმს მივადექი. აღმოჩნდა რომ სანამ მე ვსეირნობდი, თანამედროვე ხელოვნების გალერეებს ვათვალიერებდი, ქუჩის მუსიკოსებს ვუსმენდი კაფკას მუზეუმს მუშაობა დაუმთავრებია. 6 საათამდე მუშაობს მხოლოდ. წამოვედი, ხიდი ისევ გადმოვჭერი და წიგნების მაღაზიაში შევედი. საჩუქრები ავარჩიე, კაფკას მაისური, კალმები, პოსტქარდები, გულსაბნევები და მილიონი რამე ვიყიდე. კაფკას მაისურის ყიდვისას გვანცას რჩევის გათვალისწინება ვცადე და ჩეხეთში ყოფნისას პირველად გამოვხატე ხმამაღლა უკმაყოფილება ნივთის სიძვირის გამო. „ებრაელი ხარ?“ – მკითხა პასუხად თურქმა გამყიდველმა ისტორიული პრაღის ცენტრში. როდესაც უარყოფითი პასუხი მიიღო, მკითხა საიდან ვიყავი. „მხოლოდ ებრაელები ამბობენ რომ ძვირია,“ – ამიხსნა თან. როცა გაიგო რომ ქართველი ვარ, მაისურზე 20 კრონი დამიკლო (გეფიცებით არ მითქვამს დამიკელითქო) და ბათუმთან მოკითხვა დამაბარა. აზრზე არ ვარ როგორ უნდა გადავცე ეს მოკითხვა ბათუმს, მაგრამ მაინც. დავპირდი რომ როდესაც ბათუმში ჩავიდოდი უბრალოდ გავიხსენებდი მას.

მერე წავედი გოიას მუზეუმის სანახავად, მაგრამ ისიც დაკეტილი დამხვდა. სასტუმროში დავბრუნდი. მეტროს ხაზი შემეშალა. რის გამოც გზა ნახევარი საათით დაგრძელდა.

დღეს შედარებით თავისუფალი დღე მაქვს. დილით დენს გუშინდელი ფოტოსთორის დავალება ვაჩვენე. 50 ფოტოდან 4-ზე მითხრა რომ არაუშავს. გადასარევია. ახლა ზუსტად ვიცი რა უნდა გადავიღო. ისევ ქუჩის მუსიკოსებზე ვმუშაობ. ოღონდ ამჯერად ყველა დეტალს ზუსტად გავითვალისწინებ. ფოტოსთორს საქართველოში რომ ჩამოვალ მერე დავდებ. მანამდე მხოლოდ ვიდეოებს ვდებ. გუშინ კიდევ ბევრი რამ მოხდა, მაგრამ უკვე 1500 სიტყვა დავწერე და ამდენს მაინც აღარავინ წაიკითხავს. დღეს წინ გამოფენა და საღამოს ჯაზ-კონცერტია. ხვალ დავწერ დღევანდელ დღეზე.

Advertisements

9 comments on “Eat… Pray… Love

  1. ანუ, წახვედი… მე მახსოვს, როგორ ემზადებოდი, ენა უნდა ვისწავლოო.

    მშვენიერია. მე მინდა პრაღაში საახალწლოდ წასვლა. დიდი ხანია, მინდა, მაგრამ ვერ მოვაბი თავი. შვებულება არ გამომდის მაგ დროს.

  2. შესანიშნავი პოსტია .. ასე მგონია ოთახში ვზივარ და დაუკითხავად აღებულ ფურცლებში ვკითხულობ ფრაზებს… რომელიც ვიცი ჩემთვის არაა განკუთვნილი, არამედ იმ მეგობრისთვის, წერილს რომ წერ ღია ფანჯარასთან მჯდომი; ბევრის მიწერა არ გინდა, მაგრამ ფურცელი ფურცელს რომ მიჰყვება, მერე უცებ დაგიძახეს, გახვედი და ამ დროს შემოვიძურწე მე და ჩუმად ვკითხულობ :დდდ

  3. გამოხმაურება: კიდევ ერთი წელიწადი | მოხეტიალეს 緑 ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s