თევზის წვიმა

მოკლედ რას არ გაიგებ. ახლახანს ერთ ძველ და საინტერესო წიგნს ვკითხულობდი, საბუნებისმეტყველო კრებულია ათასგვარი ამბით. ეს ამბავიც ამ წიგნიდანაა.

თურმე 1806 წელს გერმანიაში ზღვის კიბორჩხალების წვიმა მოვიდა. მოსახლეობა გაკვირვებული შესცქეროდა ცას, საიდანაც ნახევარი საათის მანძილზე ზღვის კიბორჩხალები ცვიოდა. მსგავსი შემთხვევა ესპანეთსა და შოტლანდიაშიც ყოფილა. ესპანეთში კიბორჩხალების ნაცვლად ხორბალი, ხოლო შოტლანდიაში თევზები “წვიმდა”.
ხალხმა ეს მოვლენები სასწაულად მონათლა და ლეგენდების შეთხზვა დაიწყო. მეცნიერებამ კი სულ სხვა რამ დაადგინა.
ხორბლის წვიმა გამოწვეული ყოფილა იმით რომ ძლიერ ქარიშხალს დაუნგრევია პურის ბეღლები, აუტაცია ხორბალი ჰაერში და შემდეგ წვიმის სახით დაუბრუნებია დედამიწაზე.
რაც შეეხება თევზის წვიმას. მას იწვევს ძლიერი ქარბორბალას მოქმედება, რომელიც ზოგჯერ ზღვებიდან წყალთან ერთად ატყორცნის ჰაერში თევზებს ან კიბორჩხალებს და მიაქვს ის შორ მანძილზე. შემდეგ კი როდესაც ამინდი დაწყნარდება ზღვის ცხოველებს ისევ დედამიწაზე ყრის წვიმის სახით.

კარგი იქნებოდა ერთი უცნაური წვიმა ამ საუკუნეშიც ყოფილიყო.
აბა სურვილები ჩამოწერეთ. რა გინდათ ქარმა აიტაცოს და შემდეგ დედამიწაზე დააბრუნოს წვიმის სახით?

როცა ქუჩაში ფონს ეძებ

დღეს დილიდან გადაუღებლად წვიმდა ქუთაისში.
ზოგადად წვიმა მიყვარს,მაგრამ მაშინ როდესაც ფანჯარასთან ვზივარ, დიდი ყავის ჭიქით და კლავიატურაზე ვაკაკუნებ:)

დღეს სულ სხვა იყო, საქმეებით დატვირთული დღე, რომელიც ქუთაისის ქუჩებში ცურვით დამთავრდა.
ქალაქის ცენტრში თითქმის ყველა ქუჩა დატბორილი იყო. აი,ფალიაშვილზე კი ნამდვილად გჭირდებოდა პატარა ნავი, ქუჩის მეორემხარეს რომ გადასულიყავი.


თითქმის ყველა გადასასვლელზე ხალხმრავლობა იყო. ზოგი ბედავდა ქუჩის გადაცურვას და მეორე მხარეს გადასვლას, ზოგი კი – წვიმის გადაღებას ელოდა. ხალხი ცოტა გაღიზიანებული იყო, ხშირად ისმოდა ფრაზები: აი, ეს არის ამათი დაგებული გზები, სანიაღვრე არხებს რატომ არ წმინდავენ და ა.შ.

მიუხედავად ცუდი ამინდისა,მიუხედავად იმისა რომ ადამიანებს წყალში უწევდათ გაცურვა, ქუჩაში ყველა იღიმებოდა…. ამდენი მხიარული სახე ქუთაისის ქუჩებში მართლა არასდროს მინახავს. (ჩვენ ხომ რაღაცნაირად დავდივართ ხოლმე ქუჩაში, ძალიან სერიოზული სახეებით,მოღუშულები და სევდიანები).
დღეს დილით ყველა მხიარული იყო, ყველას ბედნიერი სახე ჰქონდა და არავის არაფერი უტყდებოდა.

სფაგნუმის “ბალიშები” ქობულეთში

ისპანის დაცული ტერიტორიები ქობულეთის აღმოსავლეთით მდებარეობს. ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარი ერთი შეხედვით ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს ტბას დაჰყურებდე ნიადაგის ზემოთ, რომელსაც საბანივით ახურავს 25-45 სმ. სისქის სფაგნუმი – თეთრი ხავსი.

სფაგნუმი არასოდეს იფარება წყლით. იგი ისე მოქმედებს, როგორც ღრუბელი. მას შეუძლია თავის წონასთან შედარებით 25-ჯერ მეტი წყალი შეიწოვოს. ძლიერი კოკისპირული წვიმებისას, როცა დღე-ღამეში 100 მმ ნალექი მოდის და როცა არემარე წყლითაა დაფარული, ისპანის ხელუხლებელ 300 ჰა გუმბათს შეუძლია 25 სმ-ით “გაიბეროს” და შეისრუტოს წყლის დიდი რაოდენობა.

ისპანის ტორფნარები – ბიომრავალფეროვნებისათვის განსაკუთრებული, თითქმის ხელუხლებელი ჰაბიტატებია.

აუცილებელი მინაწერი:

ოციოდე წუთის წინ, ვისხედით მე და ჩემი მეგობრები და ვფიქრობდით სად შეიძლებოდა წასვლა. ბევრი იდეა გაჩნდა, თუმცა ვერცერთზე ვერ შევთანხმდით. ბოლოს ტურისტული რუკები გადმოვყარეთ და არჩევა დავიწყეთ.
გავოცდით როდესაც რუკაზე ქობულეთის დაცული ტერიტორიები აღმოვაჩინეთ (მე პირადად ძალიან მრცხვენია ამის), სამწუხაროდ დღემდე ჩვენთვის ქობულეთი ზღვასთან, მზესთან და გართობასთან ასოცირდებოდა. გადაწყვეტილება იმწამსვე მივიღეთ – ოქტომბრის პირველ კვირას ქობულეთში მივდივართ, ისპანის დაცულ ტერიტორიებში.
ისპანის აღმოჩენის ისტორიას და უფრო მეტს, ამ პატარა სამოთხეზე დაბრუნების მერე მოგიყვებით:)