ტყის მართვა ბელორუსში

დიდი ხნის წინ დაპირებულ პოსტს ვწერ. უფრო სწორად IUCN -ისთვის დავწერე და ახლა იქიდან ვაკოპირებ.

2011 წლის ივნისში ENPI FLEG პროგრამის ფარგლებში ბელარუსში პრეს-ტურის მონაწილე გავხდი. პრეს-ტური, რომელშიც ქართველი, რუსი, უკრაინელი, ბელორუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი და მოლდოველი ჟურნალისტები მონაწილეობდნენ მიზნად ისახავდა ბელორუსიის სატყეო სისტემაში განხორციელებული რეფორმის გაცნობას.
რეფორმები, რომელიც ბელორუსიის სატყეო მეურნეობაში გატარდა, ერთი შეხედვით მართლაც მნიშვნელოვანი ჩანს. ტყე ბელორუსიისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია, რომელსაც შეიძლება ითქვას კარგადაც უვლიან.

ქვეყნის ტერიტორიის 38%-ზე მეტი, დაახლოებით 9.39 მილიონი ჰექტარი ტყეებს უჭირავს. ბოლო 60 წლის განმავლობაში ბელორუსიაში ტყის ფართობი თითქმის გაორმაგდა.

პრეს-ტურის სამდღიანი პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო. პირველი ოფიციალური შეხვედრა ბელორუსის სატყეო მეურნეობის სამინისტროში, მინისტრ მიხეილ ამელიანოვიჩთან შედგა. მინისტრის თქმით მათი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტყეების სათანადო-მოვლა პატრონობაზე.

პრეს-ტურის ფარგლებში მოვინახულეთ ბელორუსიის თითქმის ყველა სანერგე-მეურნეობა და მათი მუშაობის სპეციფიკას გავეცანით.

პატარ-პატარა მეურნეობები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა განთავსებული. სანერგეებში სხვადასხვა ჯიშის ნერგებს ზრდიან, რომელთაც შემდეგ აუთვისებელ ფართობებზე რგავენ და ახალ ტყეს აშენებენ. ყოველ წელს ბელორუსიაში ახალი ტყის გაშენება ხდება და ყოველწლიურად 100 ტონა თესლი ინახება სანერგე მეურნეობებისათვის.

მარტო 2010 წელს ტყის რეგენერაცია და ახალი ტყის გაშენება 29 ათას ჰექტარზე განხორციელდა. გარდა იმისა რომ ტყეებს აშენებენ, უკვე არსებულსაც კარგად იცავენ. პრევენციულ ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით ატარებენ, ერთ-ერთი ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებია. ქვეყანაში 239 სახანძრო სადგურია, რომელიც აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკით. გარდა ამისა ქვეყნის მასშტაბით ტყეებში დაყენებულია 72 ვიდეოთვალი, რომლის ფუნქცია, კონტროლთან ერთად ხანძრის კერების აღმოჩენა და შესაბამისი სამსახურებისთვის დროულად ცნობებაა. მკაცრია კანონი იმ პირების მიმართ, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა და ტყეში ცეცხლის დანთებისას შესაბამის ზომებს არ იღებს. სატყეო მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით ბოლო წლებში უსაფრთხოების ზომების დარღვევისათვის 800-მდე ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.

ტყის რეგულირება ის საკითხია, რომელიც ბელორუსიაში ნომერ პირველია. “ბელგოსლესი” ასე ჰქვია იმ სტრუქტურას, რომელიც უშუალოდ მონიტორინგს ახორციელებს. სატყეო ინჟინრებით, ნიადაგმცოდნეებით, კარტოგრაფებით და ტყის მონიტორინგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული უწყება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სატყეო მეურნეობის დაცვაში. რაც შეეხება ტყის მონიტორინგს იგი სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება. ეკოლოგიური, პათოლოგიური და რადიაციული მონიტორინგი ბელორუსიის ტყეებში მუდმივად ხდება. გარდა ამისა ვიდეოთვალით კონტროლდება ტყის მასივები.

ის რაც ბელორუსიაში ყველაზე მეტად თვალშისაცემია უჩვეულო სისუფთავეა. მინსკი სწორედ სუფთა ქუჩებით, მოვლილი სკვერებით და უზარმაზარი სივრცით დამამახსოვრდა. მინსკში სამი რამეა დიდი დოზით – საბჭოთა სიმბოლიკები, ლუკაშენკოს სურათები და ბალახის მკრეჭავები. ეს უკანასკნელები ქმნიან იმ წესრიგს, რომელიც ქალაქშია. და არამარტო მინსკში. რამდენიმე დღის მანძილზე თითქმის ნახევარი ბელორუსია შემოვიარე. ყველგან ერთიდაიგივეა – წესრიგი, წესრიგი და სისუფთავე.

შეიძლება ითქვას, იქ ყველა ბუჩქს და ხეს უფრთხილდებიან. ტყეები, რომელსაც კარგად უვლიან, იცავენ და აკონტროლებენ.

“მუხის შავი ტირილი”

ქუთაისის შემოსასვლელში მდებარე 400-წლოვანი მუხნარის ტყე შეიძლება განადგურდეს. მუხები ხმება – ეს განსაკუთრებით გზისპირა სავალ ზოლზე იგრძნობა, რომელზეც აქტიური ხმობის პროცესი უკვე დაწყებულია.
ტყის მასივში ძირითადად ენდემური და რელიქტური ჯიშის მუხაა. ეს ჯიში წითელ წიგნშია შეტანილი. მისი უნუკალურობა იმაშიცაა, რომ მთელ საქართველოში ამ სახეობის მუხა მარტო იმერეთშია. მუხნარის კორომს 460ჰა. ფართობი უჭირავს. კორომში ხშირად შეხვდებით ქარქცევებს და დეგრადირებულ ხეებს.
“მუხის შავი ტირილი” ასე ჰქვია დაავადებას, რომელიც მუხნარის კორომს ჭირს. დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი – ასაკია. თუმცა ტყეზე ცუდ გავლენას ცენტრალური ავტომაგისტრალი და წყალსაცავიც ახდენს. ეს უკანასკნელი იწვევს ტერიტორიის დაჭაობებას. გრუნტის წყლების დონე ნიადაგში იწევს და მუხებისთვის მეტად არახელსაყრელ პირობებს ქმნის.
ყველაზე ცუდი რაცაა, ტყის მასივში ჯიშთა ცვალებადობა ხდება. მუხის ნაცვლად კორომში რცხილა ამოდის.
ტყე საზოგადოებას ჰგავს. საზოგადოება სადაც ჩვილი ბავშვი არ იბადება – კვდება. ასევეა ტყეც. თუ ტყეში ახალი ნერგი არ გაჩნდა და გაიზარდა ის ვერ იცოცხლებს.
დღეს შეიძლება ითქვას რომ მუხნარის ტყე კვდება. მისი გადაშენების პროცესი უკვე დიდი ხანია დაწყებულია.

P.S.
პირველად ამ საკითხით ხუთი წლის წინ დავინტერესდი. სტატიაც დავწერე ამ პრობლემის შესახებ. 2007 წელს 10 წუთიანი ფილმიც გადავიღე, სადაც ტყეში არსებული მდგომარეობა კარგად იყო აღწერილი. სხვათაშორის ფილმმა წარმატება მომიტანა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების მეხუთე საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულიც გავხდი. მესამედ ამ პრობლემას რამდენიმე დღის წინ მივუბრუნდი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს არაფერი შეცვლილა. პრობლემა დღემდე დგას, მუხები ისევ კვდება და მათი მოვლა-პატრონობის სურვილი ისევ არავის აქვს. იმედი მაქვს ამ თემით გარემოსდამცველი ორგანიზაციები დაინტერესდებიან და შესაბამის სტრუქტურებთან ტყის დაცვის საკითხს დააყენებენ. მანამდე კი მარტო ვაგრძელებ საკითხის შესწავლას. პრობლემის არსი უკვე ვიცი, ახლა მთავარია მისი მოგვარების გზები ვიპოვო.

ფინჯან ყავასთან საკითხავი

1. აი ასეთი ქვეყანა

2. ბედი, რომელიც ხეს არ ეღირსა

3. იქ, სადაც ცა ყველაზე ახლოა

4. ანაბეჭდი წყალზე

5. მკვდარი ტყე

ჩააქრე ძმაო სიგარეტი!

რამდენიმე დღეა საქართველოს ტყეები იწვის, ზუსტად ამდენივე დღეა რაც ამ თემაზე პოსტის დაწერას ვაპირებ. მთელი რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ქუთაისიდან ვერ გავაღწიე, შესაბამისად არც ფოტორეპორტაჟი მაქვს, არც რაიმე განსხვავებული ინფორმაცია იმისგან რაც საინფორმაციო საიტებზე ქვეყნდება და რასაც ისედაც წაიკითხავდით.

სწორედ ამიტომ, აქვე შეგიძლია მიატოვო ამ პოსტის კითხვა, თუ რა თქმა უნდა არ გაინტერესებს რა იწვევს ტყის ხანძრებს და რა სავალალო შედეგები მოჰყვება მას.
მართლაც საინტერესო კითხვაა, რა იწვევს ტყის ხანძარს?

ა დ ა მ ი ა ნ თ ა დ ა უ დ ე ვ რ ო ბ ა!

ხანძრის გაჩენის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში სწორედ ადამიანის ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობაა. ხოლო ბუნებრივი მიზეზებით (მეხი, ელვა) იშვიათად ჩნდება.
ანთებული ასანთი, სიგარეტის ჩაუქრობელი ნამწვი, ტურისტების მიერ ტყეში მიტოვებული ცეცხლი – აი არასრული ნუსხა, საიდან შეიძლება გაჩნდეს ცეცხლი.

ხანძრის შედეგი ყოველთვის კატასტროფულია. იმ ტყის მასივის აღდგენას, რომელიც ცეცხლმა შეიძლება ერთ დღეში გაანადგუროს ათეული წლები ჭირდება.

ტყის ხანძრები გავლენას ახდენს ბუნებრივ განახლებაზე, ჯიშთა ცვლაზე და მერქნის ხარისხზე.
ხანძრის დროს:
1. ზიანდება ტყე, ქვეტყე, ეცემა ტყის ნიადაგდაცვითი, წყალშენახვითი და სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა.
2. ისპობა ფრინველთა და ნადირთა თავშესაფარი.
3. იწვის ტორფის მარაგი.
და რაც მთავარია
ნადგურდება ბიომრავალფეროვნება!

როგორც ყველა გზა მიდიოდა რომში, ისე ბუნებაში, გარემოში მომხდარი ყველა ცვლილება ადამიანს უკავშირდება. თუ მიზეზებს ჩავუღრმავდებით, ყველა უბედურებაში ჩვენ, ადამიანები ვართ დამნაშავე.

რა შეგიძლია გააკეთო შენ, ერთმა ინდივიდმა?
ტყეში ყოფნის დროს, ჩააქრე მოწეული სიგარეტის ნამწვი, მწვადს რომ შეწვავ, არ დატოვო ცეცხლი.
ჩ ა ა ქ რ ე!
და სხვასაც უთხარი:
“ჩააქრე ძმაო სიგარეტი!”

დაფიქრდი, სანამ მოჭრი!

ადამიანის გონება ისეა მოწყობილი სანამ რაღაცა აქვს მანამ იმ რაღაცას არ აფასებს, ხოლო როდესაც აღარ აქვს წუწუნებს იმაზე, თუ რატომ არ აქვს და მისტირის მას, რაც ჰქონდა…

როდესაც 2008 წლის აგვისტოში ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალს ცეცხლი ეკიდა და უნიკალური ტყე ნადგურდებოდა, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდით,… მაშინ დაგვენანა ხეები…
მანამდე უბრალოდ “გვეკიდა”…
ახლა?
ახლაც გვენანება…რომანტიკოსებივით მივტირით ენდემურ თუ რელიქტურ ჯიშებს, თავს აქეთ-იქით ვაქნევთ და “ნწ…ნწ…-ს ძახილით ღრმა სინანულსა და აღშფოთებას გამოვხატავთ.
ის ტყე დაიწვა. ვეღარაფერს ვუშველით. მარტო ნიადაგის აღდგენას რამდენიმე ათეული წელი უნდა.
სამაგიეროდ ჩვენს ცხვირწინ უფრო ცუდი პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ამ პროცესების დანახვა არ გვინდა. იმიტომ რომ თუ დავინახავთ, მერე ზამთარში ვეღარ გავთბებით… თუ დავინახავთ ექსპორტზეც ვეღარ გავიტანთ… თუ დავინახავთ უნდა ვთქვათ, თქმა კი არავის უნდა..
ჰო, გამახსენდა ჩემი მეგობარი ამბობდა…ქართველებმა არაფერში ვიცით ზომიერება, ძვალიც რომ გვქონდეს, სანამ ბოლომდე არ გამოვხრავთ მანამ ვერ ვისვენებთო.
მერე შედარება გააკეთა. იმ ტემპით რა ტემპითაც ახლა მიმდინარეობს ტყის ჭრა ადრე მეფის რუსეთში ხდებოდაო. შედეგად რუსებმა გაუვალი ტყეების ნაცვლად ხრიოკი უდაბური ადგილები მიიღეს და ვატყობ ჩვენც ასე დაგვემართებაო..
არ ვეთანხმები, ჩემი მეგობარი პესიმისტია….
უფრო სწორად არ მინდა რომ დავეთანხმო…

რა არის ტყე?
შევეცადე ქვემოთ მოყვანილი ცნება გამემარტივებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
ამიტომ
“ტყე არის მერქნიან მცენარეთა რთული კომპლექსი – თანასაზოგადოება, რომელიც შექმნილია განვითარების ხანგრძლივ პროცესში და გარემოს საარსებო პირობებთან მჭიდრო კავშირსა და ურთიერთქმედებაში იმყოფება”.

მსოფლიოში ტყეებს უკავია მთელი ტერიტორიის 28%.
მსოფლიო ტყის ფონდის დაახლოებით ნახევარი ტროპიკულ სარტყელშია მოქცეული, ნახევარი ზომიერსა და ცივ სარტყელში. ტროპიკულ სარტყელში სჭარბობს ფოთლოვანი ჯიშები, ხოლო ზომიერსა და ცივ სარტყელში – წიწვოვანები.
მსოფლიო ტყის ფონდის ნახევარზე მეტი აუთვისებელია. ასეთი ტყეები განსაკუთრებით ბევრია აფრიკაში, სამხრეთ აფრიკასა და აზიაში.

რაც შეეხება საქართველოს, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები შეადგენს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს.

ჩვენს ქვეყანაში ტყის საშუალო სიხშირე კრიტიკულ ზღვრამდეა მისული. სტატისტიკის მიხედვით კრიტიკულ ზღვარზე დაბალი სიხშირის კორომები ტყით დაფარული საერთო ფართობის ნახევარზე მეტს (55%) შეადგენენ.
თუ გავითვალისწინებთ ტემპს, რა ტემპითაც საქართველოში ხე-ტყე იჭრება პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება უფრო მეტიც იყოს.
ცნობისათვის:
საქართველოს ტყეების ნახევარი წიფლნარებს უკავია. საექსპორტოდ გატანილი მერქნის დაახლოებით 90% წიფელია. საქართველოში წიფლის ხე მოსაჭრელ ასაკს 120-150 წელიწადში აღწევს.
გამომდინარე ამ მონაცემებიდან შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენმა წინაპრებმა ჩვენ, შვილებს, ტყე შეგვინახეს… ახლა საკითხავი ისაა, ჩვენ რას ვაკეთებთ მომავალი თაობისათვის…
რიტორიკული კითხვაა, რომელზეც პასუხი სამწუხაროდ მე არ მაქვს…

მიუხედავად არსებული მდგომარეობისა საქართველოში, ზომიერ სარტყელში ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელუხლებელი ტყეები, რომელთაც გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობა გააჩნიათ. ეს ტყეები მთელი ტყის ფართობის 17.2% -ს შეადგენენ, აქედან დაცვითი სტატუსი დაახლოებით 2%-ზე ვრცელდება.

რამდენიმე ადგილი ვიცი საქართველოში, სადაც ტყე უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია. ერთ-ერთი ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხნარის ტყეა.
ტყე, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით კვდება..
თუმცა ეს მომდევნო პოსტის თემააა.

ჰო სათაურზე…ცოტა ტრაფარეტული გამომივიდა, მაგრამ მართლა თუ დავფიქრდებით კარგია…

მოხეტიალეს ჩანაწერები

მოკლედ ჯერ არ დამიწყია და ისე გამოვიდა თითქოს ბლოგი დავივიწყე. არადა საპატიო მიზეზით ვიყავი დაკარგული… დავხეტიალობდი რა.
ჰოდა ამ ხეტიალ-ხეტიალში ლაგოდეხში ჩავხეტიალდი. “მწვანე ალტერნატივას” ტრეინინგებზე მოვხვდი და სწორედ ამ ორგანიზაციის წყალობით დაუვიწყარი მოგზაურობა ვაჩუქე საკუთარ თავს. თუ მაჩუქეს, მოკლედ როგორც არის.…

ორდღიანი ტრეინინგი გლობალურ და საქართველოს გარემოსდაცვით პრობლემებს ეძღვნებოდა. ტრეინინგის ბოლო აკორდი კი იყო ტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.

ჩვენი მარშრუტი დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციიდან დაიწყო, სადაც ლაგოდეხის შესახებ გადაღებული თხუთმეტწუთიანი ფილმი გვიჩვენეს. ფილმის დასრულების შემდეგ კი ზურგჩანთები ავიღეთ და ფეხით გავუყევით მდინარე შრომის ხევის მარცხენა სანაპიროს.
)


ამ საოცრება ხიდის გადავლის შემდეგ ხეობაში შევედით და საცალფეხო ბილიკით გავუყევით გზას ჩანჩქერამდე.
გზადაგზა ვიღებდი ყველაფერს რაც ლამაზად და საინტერესოდ მეჩვენებოდა.

მართალია გიდი გვყავდა, მაგრამ გიდის დახმარების გარეშეც თავისუფლად შეიძლებოდა გზის გაგნება აი ამ პატარა ნიშნების წყალობით.

მოგზაურობის დაწყებიდან საათნახევარში გზა საკმაოდ გართულდა. დაბლობზე არსებული საცალფეხო ბილიკი აი აქ დამთავრდა და ციცაბო აღმართი დაიწყო.

თან როგორი აღმართი. რას შეიძლება შევადარო…
აი წარმოიდგინეთ რომ მანქანით ადიხართ უღელტეხილზე.
სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა ამ ბილიკმა.
ვიწროა. ორი კაცი რომ გაჭირვებით აუქცევს გვერდს ერთმანეთს, აი ისეთი.
რაღაც ეტაპზე მივხვდი რომ ასვლას ვერ შევძლებდი…
ძალიან რთული იყო, მაგრამ უცებ აი ეს ხე ვნახე.

ხოდა გავმწარდი.
ჯერ იმაზე რომ ასე უტვინო თანამემამულე მყავს, სახელად ბონდო…
მეორეც მეთქი ვიღაც ბონდო ავიდა და მე როგორ ვერ უნდა ავიდეთქო
უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და გზა განვაგრძე.

ციცაბო აღმართის შემდეგ დაიწყო დიდი დაღმართი..

ცოტაც და ჩანჩქერიც გამოჩნდა.


უცნაური შეგრძნება მქონდა.
როდესაც დასახულ მიზანს აღწევ, ყველა სირთულე გავიწყდება რაც ამ მიზნის მისაღწევად გამოიარე.
ასე დამემართა მეც.
დაღლილობაც დამავიწყდა და საერთოდ ყველაფერი. ჩავეშვი ულამაზეს ხეობაში და ემოციებით დავიტვირთე…

ემოციებმა დამატყვევეს, გავგიჯდი და გადავირიე…
კარგი იყო.

რთული იყო გზა სახლისაკენ.
საკმაოდ რთული.
თუმცა არ მოგვიწყენია.
აბა შეიძლება მოიწყინო, როდესაც ასეთი აკომპანიმენტის თანხლებით გიწევს სახლში დაბრუნება?