როცა ქუჩაში ფონს ეძებ

დღეს დილიდან გადაუღებლად წვიმდა ქუთაისში.
ზოგადად წვიმა მიყვარს,მაგრამ მაშინ როდესაც ფანჯარასთან ვზივარ, დიდი ყავის ჭიქით და კლავიატურაზე ვაკაკუნებ:)

დღეს სულ სხვა იყო, საქმეებით დატვირთული დღე, რომელიც ქუთაისის ქუჩებში ცურვით დამთავრდა.
ქალაქის ცენტრში თითქმის ყველა ქუჩა დატბორილი იყო. აი,ფალიაშვილზე კი ნამდვილად გჭირდებოდა პატარა ნავი, ქუჩის მეორემხარეს რომ გადასულიყავი.


თითქმის ყველა გადასასვლელზე ხალხმრავლობა იყო. ზოგი ბედავდა ქუჩის გადაცურვას და მეორე მხარეს გადასვლას, ზოგი კი – წვიმის გადაღებას ელოდა. ხალხი ცოტა გაღიზიანებული იყო, ხშირად ისმოდა ფრაზები: აი, ეს არის ამათი დაგებული გზები, სანიაღვრე არხებს რატომ არ წმინდავენ და ა.შ.

მიუხედავად ცუდი ამინდისა,მიუხედავად იმისა რომ ადამიანებს წყალში უწევდათ გაცურვა, ქუჩაში ყველა იღიმებოდა…. ამდენი მხიარული სახე ქუთაისის ქუჩებში მართლა არასდროს მინახავს. (ჩვენ ხომ რაღაცნაირად დავდივართ ხოლმე ქუჩაში, ძალიან სერიოზული სახეებით,მოღუშულები და სევდიანები).
დღეს დილით ყველა მხიარული იყო, ყველას ბედნიერი სახე ჰქონდა და არავის არაფერი უტყდებოდა.