აღშფოთებულ-შეშფოთებული პოსტი

აღშფოთებული ვარ

უფრო მეტად შეშფოთებული

საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ზურაბ ზვიადაური უხელმძღვანელებს.

ადამიანი რომლის გამოცდილება ამ სფეროში თურმე ისაა რომ ხევსურია და ბუნება უყვარს.

რა გამოცდილება ან განათლება გაქვთ გარემოს დაცვის სფეროში?

როგორც ყველა ადამიანი, მე ვარ საქართველოს მოქალაქე. ვარ ხევსური – მიყვარს ბუნება. ვფიქრობ, რომ ამ საქმეს კარგად გავუძღვები.

წყარო: ინტერვიუ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ზურაბ ზვიადაურთან

P.S. ხაჩიძე, წამოიღე დოლი და წამოდი :დ

Advertisements

პატარა მდინარის დიდი პრობლემა

ოღასკურა პატარა მდინარეა ქუთაისში. სათავეს სათაფლიის მთის სამხრეთ კალთებზე არსებული კარსტული წყლებიდან იღებს და ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მიედინება. მდინარე ქალაქის იმ ნაწილს კვეთს სადაც ახლა ახალი პარლამენტის შენობა შენდება.
ოღასკურა დაბინძურებულია!
შეიძლება ითქვას იმ ადამიანების მსხვერპლია, რომლებიც მდინარის სანაპიროზე ცხოვრობენ და რომელთაც ჰგონიათ რომ ნაგავი ბუნკერის ნაცვლად მდინარეში უნდა ჩაყარონ.
აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, ორი დღის წინ გადავიღეთ “ზასტავაზე”. ოღასკურას კალაპოტი ყველაზე მეტად სწორედ ამ უბანში ბინძურდება.

დასკვნები და შეფასებები თქვენთვის მომინდვია.

შორია ევროპამდე?

ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდაო…

ამ პოსტის დაწერა ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა, როცა გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმების შესახებ გავიგე. თუმცა მერე გადავიფიქრე. რა უნდა დამეწერა? რომ ძალიან შეშფოთებული ვარ, მეტისმეტად აღშფოთებული და გაბრაზებული? ღრმა შეშფოთება ისედაც საქართველოში არსებულმა თითქმის ყველა გარემოსდაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციამ გამოხატა.

ამონარიდები განცხადებებიდან:

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა გამოხატავს შეშფოთებას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო, ვინაიდან, ჩვენი აზრით, ეს პროცესი დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკებსა და საფრთხეებთან. კერძოდ კი, ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გარემოსდაცვითი სტრუქტურების ქმედითუნარიანობისა და ეფექტურობის შემცირება, საფრთხის წინაშე დააყენოს საქართველოს გარემოს დაცვის საქმე და შეაფერხოს ევროინტეგრაციის პროცესი.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რესტრუქტურიზაციის გეგმის გამო.


გარდა ამისა საქართველოში მოქმედმა ოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური მიმართვა გაავრცელა საქართველოს მთავრობისადმი, ამ მიმართვაში საუბარია იმ საფრთხეებზე რომელიც შეიძება მოჰყვეს გარემოს დაცვისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციას.

არსებობს საშიშროება, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსადმი დაქვემდებარებით შეილახება დაცული ტერტორიების ძირითადი ფუნქცია _ ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების კონსერვაცია – დაცვა და შენარჩუნება. მთავრობის წევრთა განცხადება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათ დაცული ტერიტორიები მხოლოდ ტურიზმის განვითარების ერთ–ერთ საშუალებად მიაჩნიათ. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია მინისტრ ხაჩიძის (რომელმაც მხარი დაუჭირა ამ “რეფორმას”) განცხადება, რომლის თანახმადაც გარემოს დაცვის სამინისტროს მხოლოდ “წმინდა გარემოსდაცვითი ფუნქციები დარჩება”, რითაც მან აღიარა, რომ დაცული ტერიტორიების მართვა მას გარემოს დაცვის ღონისძიებად არ მიაჩნია“

„არსებოს საშიშროება, რომ საქართველოს ტყეები განხილული იქნება, როგორც მხოლოდ ეკონომიკური რესურსი და უგულვებელყოგილი იქნება მათი ეკოლოგიური და სოციალური ფუნქცია, რაც მოკლე ხანში გამოუსწორებელ შედეგებს გამოიღებს“.

მიუხედავად არასამთავრობოს სექტორის აქტიურობისა, კანონპროექტი, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხს ეხება, პარალმენტში განსახილველად მაინც შევიდა. ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ მთავრობის შემადგენლობაშო ორი ახალი დასახელების სამინისტრო შევა: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტრო.
ჩემი აზრით ერთი ნათელი წერტილი ამ ამბავში ისაა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო კვლავ გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში დარჩება. სხვა დანარჩენი ბლაბლაბლაა და მეტი არაფერი. ეჭვი არ მეპარება პარლამენტი ისეთივე „წარმატებით“ მიიღებს ამ კანონს, როგორაც სხვა კანონებს იღებდა.
კიდევ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იმ დეპუტატების 80% ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს გაგებაში არ იქნება რას მისცეს ხმა. რა საჭიროა წაკითხვა ან ფიქრი, მთავარია პარტიული დავალება.

ამონარიდი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებიდან:

ორჰუსის კონვენციის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა იმ ეტაპზე, სანამ არჩევანის გაკეთება ჯერ კიდევ შესაძლებელია (კონვენციის დედანში – while options are still open). გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გაუმჭვირვალე პრაქტიკა, გარემოსდაცვითი სექტორისადმი ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება არ შეეფერება ქვეყანას, რომელიც ისწრაფვის ევრო–ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისაკენ. შემოთავაზებული მოდელი გვაგონებს რამდენიმე წლის წინათ პუტინის რუსეთში განხორციელებულ რეფორმას. გამოვთქვამთ შეშფოთებას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ “საქართველო გახდება მდგრადი განვითარების სამოდელო ქვეყანა”.

დავუბრუნდები სათაურში გამოტანილ შეკითხვას.
შორია ევროპამდე?
შორია, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან ბნელა!