ბოლო ერთი წელიწადი

იანვარი – Inception

ზუსტად ერთი წლის წინ ჩემს ჯაბახანა კომპიუტერს ვარეფრეშებდი და თითქმის არარსებული საახალწლო განწყობის შექმნას ვცდილობდი.
საახალწლო დღეებმა და ეიფორიამ უცებ ჩაიარა, ჩემი ახალი წელი კი 7 იანვარს დადგა. IUCN-დან დამირეკეს და მითხრეს რომ Best Green Blogger გავხდი და ამის აღსანიშნავად Dell-ის შესანიშნავ ნოუთბუქს მაჩუქებდნენ. თვე თვალისდახამხამებაში გავიდა. წარმატებით განებივრებული თებერვალს ახალი პროექტით შევხვდი.

...Be Happy

თებერვალი – რა მინდოდა წვენებში

თებერვალი დატვირთული იყო. ერთი საგამოძიებო პროექტი ავიღე და მთელი თვე იმერეთის მასშტაბით დევნილებს ვხვდებოდი. კოლექტიურ ცენტრებში დავდიოდი და მათ პრობლემებს ვეცნობოდი. თვის ბოლოს პროექტი დასრულდა და შემომთავაზეს ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიაში დარჩენა და ნიუსებზე მუშაობა. დავრჩი.

სანამ მიწაზე მყარად დადგები...

მარტი – “ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი”

ტელევიზიაში ზუსტად სამი კვირა ვიმუშავე. ქუთაისის ოპერის თეატრის სცენაზე ზაზა ბურჭულაძის ეპატაჟური გამოსვლა ჩემი ტელევიზიიდან წამოსვლის საბაბი გახდა. რას გავაკეთებდი დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს? ალბათ არც არაფერს განსხვავებულს იმისგან როგორც მოვიქეცი. მაქსიმუმ ერთი ადამიანისთვის შემეძლო მეთქვა დამატებით სიუჟეტის იუთუბზე ატვირთვამდე.
ალბათ არ დავპოსტავდი ფეისბუქზე. იმიტომ რომ საკუთარ თავზე არ გამომეცადა რას ნიშნავს როცა ჟურნალისტები ფაქტებს წაღმა-უკუღმა ისე ატრიალებენ რომ საკუთარი სიმართლის დაჯერება შენც გიჭირს. და ამბავს, რომელიც გადაგხდა ვეღარ ცნობ.
თუმცა არაფერს არ ვნანობ. არც ჩემს ემოციურ ფონზე მიღებულ გადაწყვეტილებას ტელევიზიიდან წამოსვლის შესახებ. ვერ ვიტან როცა მიყვირიან და ვერ ვმუშაობ ასეთ ადამიანებთან. მით უმეტეს თუ არ დაგიმსახურებია.
მიუხედავად ყველაფრისა დღეს იმ ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. უმადური არ ვარ და ცუდ რაღაცებთან ერთად კარგის დანახვაც შემიძლია.

არაფერი არ მთავრდება, გრძელდება... მთავარია გაგრძელება შეძლო

აპრილი – დიდი დეპრესია

აპრილი იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. 25 წელი რაც არ მიტირია, აპრილში ვიტირე. უსამართლობამ, გაუტანლობამ, ერთ დროს ძვირფასი ადამიანების ღალატმა დამთრგუნა. განსაკუთრებით მძიმე იყო 19 აპრილი. ჩემი დაბადების დღე.
თუმცა ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ დამიკარგავს იმედი. რომ ყველაფერი დროებითია და ყველაფერი შეიცვლება. შეიცვალა კიდეც.

Save me...

მაისი – Never Give Up!

გადამწყვეტი ეტაპი იყო. შევავსე რამდენიმე აპლიკაცია და ქვეყნიდან წასვლა მტკიცედ გადავწყვიტე. საჭირო საბუთების დიდი ნაწილი უკვე მზად მქონდა. თუმცა ერთმა ზარმა ყველაფერი შეცვალა.

Never give up!

ივნისი – ბედნიერი მოხეტიალე

ივნისი როგორ გავიდა არ მახსოვს. უამრავი რამ მოვასწარი სულ რაღაც 30 დღეში. ვიყავი ბელორუსში, სადაც დრო ფანტასტიურად გავატარე. ჩავატარე ორი ტრენინგი, ვიყავი Georgia Blogger Day 2011-ის მონაწილე, ჩემი გეოგრაფი მეგობრების წყალობით სამეგრელოს კანიონები ავითვისე. მივიღე შემოთავაზება უნივერსიტეტიდან.

Happy...Happy... Happy

ივლისი – გაურკვევლობა

ერთ დღეს ჩემმა ფრენდმა ფეისბუქზე ერთი ვაკანსიის შესახებ დაპოსტა. CV გავუგზავნე და ეს ფრენდი ახლა ჩემი რედაქტორია. თუმცა მანამდე იყო გაურკვეველი პერიოდი. როცა არ ვიცოდი გახდებოდა თუ არა ფრენდი რედაქტორი. და ამ გაურკვევლობაში, რადიოდან შემოთავაზება მივიღე, რომელსაც რა თქმა უნდა დავთანხმდი. პროექტი წარმატებით განხორციელდა. პრეზენტაცია 2012 წლის იანვარშია დაგეგმილი და ერთი სული მაქვს როდის ვნახავ საბოლოო პროდუქტს. ჰო ივლისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ცხოვრებაში პირველად გავმართე აქცია. ფოტოგრაფების მხარდამჭერ აქციას ვგულისხმობ. ქუთაისში აქციას ორგანიზება მე და ჩემმა მეგობარმა თეო ხარაბაძემ გავუწიეთ.

We can...

აგვისტო – “რა გაგიკეთებია სამშობლოსთვის?”

აგვისტოდან ახალი სამსახური მაქვს. http://www.icmm.ge – ეს არის ჩემი შეყვარებული, შვილი, ჩემი სამსახური, პირადი ცხოვრება და საერთოდ ყველაფერი ბოლო 5 თვის მანძილზე. მიუხედავად იმისა რომ ბევრი სირთულე გავიარე, ყოველ დილით სარკეში ჩემს თავს ვუმტკიცებ და ვამბობ “I Love My Job”. შენ რა გაგიკეთებია სამშობლოსთვის? – ეს კითხვა ერთმა ქართველმა ჩინოვნიკმა დამისვა. სამწუხაროდ ფულის კეთება და ლუდის ხარშვა არ ვიცი. რაც შეეხება ჩემს საქმეს პატიოსნად ვაკეთებ. გმირობას ნუ მომთხოვთ. ვერ და არ ვიქნები გმირი.

რა გაგიკეთებია სამშობლოსთვის?

სექტემბერი – ქაოსი

მუშაობა, მუშაობა, მუშაობა, სამსახური, სამსახური, სამსახური. თემები – გაჭირვებულები, გაღატაკებულები. ურთულესი თვე იყო. რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა მქონდა სექტემბერში. ვეძათხევის სკოლა, რომელიც ქოხში იყო განთავსებული სრულიად ქართულმა საინფორმაციო სივრცემ ატრიალა. სამწუხაროდ ცოტა დაინტერესდა თავად ვეძათხეველების ბედით. უღატაკესი სოფლის უღატაკესი მოსახლეობა დღემდე ითხოვს დახმარებას, მაგრამ პატრონი ჯერ არ გამოჩენიათ.

Nata and me worked 🙂

ოქტომბერი – მუშაობა Present Continuous

სექტემბრის მსგავსად რთული თვე იყო.
სტატიები…
ნიუსები…
სტატიები…
ნიუსები… ნიუსები… ნიუსები..

შრომამ მოკლა ადამიანი კი არადა...ჩიტი!

ნოემბერი – Sweet November

ყველაზე ტკბილი ნოემბერი. მოვიარე ფშავ-ხევსურეთი. ვიყავი ცარიელ, მიტოვებულ სოფლებში. გავიცანი ძალიან კარგი და საყვარელი ხალხი. ამაყი ხევსურები, თბილი ფშავლები, გადარეული მთიულები. შეიძლება ითქვას საუკეთესო დრო იყო ბოლო 5 თვის მანძილზე. მხიარული, სევდიანი, სამახსოვრო.

დეკემბერი – “Jackub! – Gela will Kill Me!”

ვებს ნერვები შევწირე.
გასულმა ერთმა თვემ ერთ რამეში დამარწმუნა. ყველაზე რთულია როცა ორ ადამიანს შორის დგახარ. მით უფრო თუ ამ ორი ადამიანიდან ერთი საშინლად ზარმაცია და მეორე საშინლად მომთხოვნი. და საბოლოოდ იჭყლიტები შენ. თუმცა რამდენიმე უძილო ღამის შემდეგ ყველაფერი დალაგდა. მე არ მოვკვდი. ისინიც რაღაცაზე შეთანხმდნენ, მკითხველს კი აქვს http://www.icmm.ge.

ღრრრრრრრ

ბოლო ერთი კვირა
კვირას ორ მეგობართან ერთად ელვისში დავაღამე. გრანდიოზული გეგმები გვაქვს. მიუხედავად იმისა რომ არ გვაქვს ფული, ერთ საინტერესო პროექტს მაინც ვიწყებთ.
ორშაბათს მთელი დღე ვწერე… ძველი ვალები მქონდა რედაქტორთან და უკლებლივ ჩავაბარე ყველა სტატია:)
სამშაბათსაც ვწერე…
დღეს თიანეთში ვიყავი ანუ ხეტიალი 2011 წარმატებით დავაგვირგვინე:)

Today is sad day....

ხვალ ისევ უნდა ვწერო.
პარასკევს სახლში მივდივარ.
შაბათს ჩემებს ვნახავ, თუმცა ყველას ერთად ალბათ საახალწლო სუფრასთან შევხვდები.
ასეთი იყო ჩემი ბოლო ერთი წელიწადი.
2012 ერთი სურვილი მაქვს.
“მქონდეს Nikon D7000 და მინდა ვიყო nature and wildlife photographer -ი.

რაც მინდოდა ყველაფერი მაქვს ამ ეტაპზე. ახლა ეს მინდა და ესეც მექნება კი არადა გავხდები 🙂

Life in a fool’s paradise

სამი თვეა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრში ვმუშაობ.
ეს სამი თვე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ყველაზე სევდიანი დროა.
საინტერესო იმიტომ რომ აბსოლიტურად სხვა გარემოში აღმოვჩნდი, სხვა რეალობაში. თუმცა ყველა სირთულე გამოწვევად მივიღე და შევეცადე ყველაფერში დადებითი მეპოვნა.
სევდიანი იმიტომ რომ ყველაფერს მოვწყდი – სახლს, მეგობრებს, საერთოდ ყველაფერს, რაც მაინტერესებდა და მიყვარდა.
ცხოვრების სტილიც შევიცვალე.
თუმცა არაფერს ვნანობ.
საუკეთესო გადაწყვეტილება იყო აქ წამოსვლა იმ გადაწყვეტილებებს შორის, რაც კი ოდესმე მიმიღია.
კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ ვერ ვწერ.
ალბათ ოდესმე ვიქნები გულახდილი და ღრმა დეტალებზეც მოგიყვებით.
მანამდე კი ეს “რაღაც” შეგიძლიათ ნახოთ… ფოტოები, რომელიც სხვადასხვა დროს მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისათვის გადავიღე.

ფშავ-ხევსურეთი

ფხოვი ფხოველების გარეშე


ბოლო 20 წელში უკანა ფშავში მდებარე 23 სოფლიდან მხოლოდ 12 სოფელი დარჩა. ამ სოფლებშიც მოსახლეობის უმრავლესობა ზაფხულობით ადის. ზამთარში ძირითადად მოხუცები რჩებიან, ისინიც იმიტომ, რომ შემოსავლის ერთადერთ წყაროს, ცხვარ-ძროხას ვერ ტოვებენ. 12 სოფელს მხოლოდ ერთი სკოლა და ერთი სამედიცინო პუნქტი აქვს.

„ბოლო ორ წელიწადში უკანა ფშავში სამი სოფელი დაიცალა. მთაში მარტო მთაა დარჩენილი,“ – ამბობს სოფელ ვაკისოფლის მკვიდრი ვახტანგ ცოკილაური.

ვაკისოფელი უკანაფშავის ერთ – ერთი ბოლო სოფელია. სოფელში სულ ცხრა ოჯახი ცხოვრობს, თუმცა, ზამთარს ვაკისოფელში ოთხი ოჯახი ატარებს. სოფლამდე მისასვლელი სამანქანო გზა ვიწროა და სახიფათო. რამდენიმე ადგილზე პატარა ხევი უნდა გადაიარო, მთელ გზაზე წვრილი, წვეტიანი ქვები ყრია, რომელიც მანქანის საბურავებს სერიოზულად აზიანებს. სოფელში მისულებს მხოლოდ ორი ადამიანი დაგხვდა. უკანაფშაველი ვახტანგ ცოკილაური და მისი და, სანათა ცოკილაური.

„სოფლები ყოველ წელს იცლება, ცხოვრების გაუარესების და უყურადღებობის გამო. ახალგაზრდებს აქ დასაქმების და მთაში დამაგრების საშუალება არ აქვთ. ეს მოხუცები კიდევ როდემდე გაძლებენ? გზა არ არის. ხვალ რომ თოვლი მოვიდეს, მაისამდე აქ მანქანა ვეღარ ამოვა. შემოდგომაზე დარჩენილი ხალხიდან გაზაფხულზე ვინ დაგვხვდება ცოცხალი და ვინ მკვდარი, არავინ იცის,“ – ამბობს ვახტანგ ცოკილაური.

მთის მოსახლეობის შემოსავლის წყარო მესაქონლეობა, მეფუტკრეობა და მებოსტნეობაა. „ამ დროს სახლში ვერავის ვერ ნახავთ. ყველა საქონლის მოსავლელად არის წასული. ჩვენც უამრავი რამ გვაქვს მოსასწრები. პროდუქტს ვამზადებთ – ყველს, ერბოს, ხაჭოს. არაყიც გამოსახდელია. დაზამთრებამდე უნდა მოვასწროთ. ბარში მივდივართ, აქ ვერ გამოვიზამთრებთ,“ – გვეუბნება სანათა ცოკილაური ისე, რომ ცდილობს საქმეს არ მოსწყდეს.

ვაკისოფელს წლების მანძილზე ელექტროენერგია არ ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ, სოფელში მზის ბატარეები დაამონტაჟეს, რომლის საშუალებითაც ზამთარში გარესამყაროს მოწყვეტილი ადამიანები ქვეყანაში მიმდინარე ამბებს იგებენ.
მუქო უკანა ფშავში ბოლო სოფელია, რომელსაც ელექტროენერგია მიეწოდება. მუქოში 2 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა წლევანდელ ზამთარს იქ მხოლოდ შალვა წითელაური გაატარებს, მოხუც დედასთან და ძმასთან ერთად.

„ბოლო სამი წელია აქ უცხო არავინ მოსულა თქვენს გარდა. ზაფხულში საქეიფოდ ბევრი მოდის, მაგრამ ჩვენი ამბის საკითხავად კაცი არ ინტერესდება. ცხოვრება მთაში ძალიან მძიმეა“, – გვეუბნება წითელაური.

„თივის კონები მარტო ჩამოვზიდე მთიდან. არც ხალხია და შესაბამისად დამხმარეც არავინაა. მთაში თუ გინდა გადარჩე, საკუთარი თავის გარდა არავის იმედი არ უნდა გქონდეს“, – ამბობს შალვა წითელაური.

მუქოში, ისევე როგორც უკანა ფშავის ბევრ სოფელში გზა ნოემბერში ჩაიკეტება და მაისამდე ეს მხარე გარესამყაროს მოწყვეტილი იქნება. ასეთ დროს კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება ტელეფონია, თუმცა მუქოს მაცხოვრებლებს ტელეფონზე დასარეკად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.

„მობილური არ იჭერს მთაში, მხოლოდ მაგთიფიქსი, მაგრამ მუქოში მაგითაც ვერ ვსარგებლობთ. 5 კილომეტრზე შუაფხოში უნდა ჩავიდე დასარეკად ან 3 კილომეტრზე გაღმა სოფელ ჭიჩოში უნდა გავიდე. შარშან სამმეტრიანი თოვლი იდო. საქონელი ვერ გამყავდა წყალზე და აბა დასარეკად როგორ გახვალ სხვა სოფელში. ვუთხარით ამ პრობლემის შესახებ გამგებელს, „მაგთიკომშიც“ გვქონდა განცხადება დაწერილი, მაგრამ გვითხრეს, მიუდგომელი სოფელია და ვერ გავაკეთებთ ანძასო“, – აღნიშნავს შალვა წითელაური.

დაცლილია მუქოს ზემოთ მდებარე სოფელი მათურაც. იქ მხოლოდ ორი ოჯახიღა ცხოვრობს და ისიც მხოლოდ ზაფხულობით. ორი წლის წინ ნასოფლარად იქცა სოფელი ახადი. 13-13 ოჯახი ცხოვრობს სოფლებში: შუაფხო და თხილიანა.

უკანა ფშავში ერთადერთი საჯარო სკოლა სოფელ შუაფხოს ცენტრში დგას. სკოლაში სულ 18 მოსწავლე სწავლობს. ისინი სხვადასხვა სოფლებიდან დადიან. შუაფხოშია ასევე მხარის ერთადერთი სამედიცინო ცენტრი, რომელშიც ერთი ექიმი და ერთი ექთანი მუშაობს.

„ძირითადად წნევას ვუზომავ და ნემსი თუ აქვს ვინმეს გასაკეთებელი ვუკეთებ ხოლმე. ყოფილა შემთხვევა როცა ადგილზე ჩავსულვართ და დავხმარებივართ. ზამთარში გადაადგილება გვიჭირს, თუ შესაძლებელია მანქანით მივდივართ, თუ არადა ფეხით,“ – ამბობს სოფელ შუაფხოს საკრებულოს ამბულატორიის ექთანი ნინო ცაბაურაშვილი.

ფშაველების თქმით, მთა სულ რომ არ დაიცალოს, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და სამუშაო ადგილები უნდა იყოს, თუმცა ამ ეტაპზე უკანა ფშავში არც ერთია და არც მეორე.

© სტატია მომზადებულია მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისათვის
© საავტორო უფლებები დაცულია

This slideshow requires JavaScript.