ქარის შიგნითა მხარე

„ქალი თავისი ცხოვრების პირველ ნახევარში შვილებს აჩენს, მეორეში კი კლავს და მარხავს საკუთარ თავს ან ახლობლებს. საკითხავი მხოლოდ ის არის, როდის იწყება ეს მეორე ნახევარი“.
მილორად პავიჩი

„მთავარი ის კი არ არის რას გრძნობ,
მთავარია შეგწევს თუ არა საიმისო ძალა გრძნობებს მოერიო“.
მე

თუ გრძნობების გონებით მართვა შეგიძლია ეს ნიშნავს რომ ის მთავარი და მნიშვნელოვანი გრძნობა, რომლის განცდის გარეშე სიკვდილიც დედამიწაზე ფუჭად დაკარგულ წლებს, უფრო მეტიც არ არსებობას ნიშნავს, ჯერ არ განგიცდია.
და თუ ეს ის მთავარი არ იყო, მაშინ სანერვიულოც არაფერია.

პატარა ქალაქის სანაპიროზე, ზუსტად იმ მონაკვეთში, სადაც მდიდრული სასტუმროს კერძო პლაჟის ღობე შუაზე ჰყოფდა სანაპიროს და ზღვარს ავლებდა ადამიანებს შორის, ვსეირნობდი ახლადგაცნობილ, მაგრამ მაინც უცნობ ადამიანთან ერთად და ფოტოებს ვუღებდი.
მოგვიანებით ის გოგო მიყვებოდა, წლების მანძილზე როგორ სურდა იმ ღობის მიღმა აღმოჩენილიყო რომელი ღობეც ზღვარს ავლებდა მასა და უცნობ ადამიანებს შორის.

„ახლა როცა მე ღობის მიღმა ვარ, როცა ის მაქვს რაც სულ მინდოდა, ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვგრძნობ“, – მითხრა მან.
„რა ნაცნობი გრძნობაა,“ – ვფიქრობდი ჩემთვის.

ხშირად ასეა: ზოგი რამ მაშინ ხდება, როცა აღარ გჭირდება. ოღონდ სანამ მოხდება არ იცი რომ აღარ გჭირდება. უკან მიდევნებული ლამპარივით არის.

IMG_0078

სხვა ამბავი

ცოტა ადამიანია დედამიწაზე რომელიც ჩემგან დამოუკიდებლად, დროსა და სივრცეში არსებობს და რომელთანაც ჰიპოთეტურად რაღაც საერთო ინტერესები შეიძლება მქონდეს. თუ სადღაც ვიღაცამ სწორედ ისე აღმოაჩინა “Into the Wild” როგორც მე აღმოვაჩინე ერთ საღამოს, მარტო ამიტომ შემიძლია ამ ვიღაცისთვის რაღაც გავაკეთო.
შეიძლება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში არ იყო ბედნიერი. მაგრამ გქონდეს შანსი გახდე. მხოლოდ იმით რომ სხვა გახადო ბედნიერი ცოტახნით. თუნდაც უცნობი.

beautiful_landscape_view_1920x1200

უფრო სხვა ამბავი

ისტორიულად მეზიზღებიან კოლონიზატორები. ერთადერთი ცრურწმენა რომლისიც მწამს ისაა რომ ოდესმე ინდიელთა წყევლა ყველას უწევს და ყველა ზღავს იმ დანაშუალის გამო რაც ჩაიდინეს.
ერთადერთი სიკეთე რომელიც კოლონიზატორებმა გააკეთეს, აცტეკური სალოცავების დანგრევა და ათი ათასობით ტყვის გამოხსნაა მსხვერპლშეწირვის საშინელი რიტუალისაგან. ერთი გულუბრყვილო კითხვა მღრღნის ბავშვობიდან, თუ აცტეკები თვლიდნენ რომ მათი ღმერთებისთვის ადამიანის მსხვერპლად შეწირვა საუკეთესო იყო, თავად რატომ არ ეწირებოდნენ? ამით ხომ მათი რწმენისამებრ საუკეთესო ადგილს მიიღებდნენ სამოთხეში. მგონი გულისსიღრმეში მათაც არ სჯეროდათ იმის, რასაც სხვებს უქადაგებდნენ. რაც უფრო მეტს ვკითხულობ, ვრწმუნდები, მაიას ტომის ინდიელები არიან ჩემი ფავორიტები.

უფრო სხვა ამბავზე სხვა ამბავი

სადამდე შეუძლია ადამიანს მიტევება, პატიება. ვერასოდეს დავაწესე აქ საზღვრები. წყენა მალე ქრება, არ მავიწყდება, მაგრამ ურთიერთობებში სირთულეს არ აჩენს.

რა უნდა გააკეთო ადამიანმა რომ შენი მსგავსი მილიონობით უსახური მასისგან გამოცალკავდე, ისე არ გაქრე დედამიწიდან როგორც შენამდე მილიარდობით სხეული გამქრალა და როგორც შენს შემდეგაც მილიარდობით გაქრება.

რატომ ვანადგურებთ სიცოცხლეს, რატომ ვწყვეტთ ხიდან ფოთოლს უმიზნოდ და რატომ ვანაკუწებთ?

რატომ არ ვამჩნევთ ჩვენს ირგვლივ მნიშვნელოვან ადამიანებს და რატომ გავრბივართ, რატომ ვეკედლებით ბრჭყვიალა ადამიანებს?

რატომ ვღალტობთ მეგობრებს და თუ ვღალატობთ, რატომ ვცდილობთ თავი ისე მოვაჩვენოთ, თითქოს არ გვიღალატია?

რატომ არ ვამბობთ იმას რასაც ვგრძნობთ და რატომ ვფრთხებით, როცა იმას გვეუბნებიან რასაც გრძნობენ?

რატომ გავრბივართ ადამიანებისაგან ვისაც ვჭირდებით და რატომ მივრბივართ ადამიანებისკენ ვისაც არ ვჭირდებით?

რატომ არ ვაფასებთ მას რაც ჩვენს ცხვირწინაა და რატომ მივილტვით შორეულისკენ?

რატომ ვცხოვრობთ ეჟენი გრანდეს ნაცრისფერი ცხოვრებით როცა შეგვიძლია ვიყოთ ოდისევსები, ულისეები.

საერთოდაც რატომ ვცხოვრობთ სხვისი ცხოვრებით, როცა შეგვიძლია ვიცხოვროთ საკუთარით?

რატომ ვართ პატარა ჯეი გეტსბები?

46ffbf245f8a

“ქარის შიგნითა მხარეა ის, რომელიც მშრალია მაშინაც კი, როცა წვიმაში ქარი უბერავს”

ერთი დაკარგული კადრის ამბავი

არაფერზე არ მეშლება ისე ნერვები, როგორც დაკარგულ კადრებზე.
ერთი კვირის წინ მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი სოფლიდან მოვდიოდი.
წვიმდა.
დაღლილი, სამარშუტო ტაქსის ფანჯრის მინას მისვენებული, ქუჩას ვათვალიერებდი. ქალაქში შესვლამდე შუქნიშანთან ქუჩა სამხედროებმა გადაკვეთეს. ბევრნი იყვნენ, მწყობრში იდგნენ და მიდიოდნენ. ერთი ჯარისკაცი ჩამორჩა, ვეღარ დაეწია, თუმცა ცდილობდა ისევ მწყობრი ნაბიჯებით ეარა. უცებ საიდანღაც გამოჩნდა პატარა შავი ლეკვი, ამოუდგა ამ სამხედროს უკან და მასთან ერთად განაგრძო გზა. მარშუტკა დაიძრა, თითქმის გავუსწორდით სამხედროებს. მიუხედავად იმისა რომ წვიმდა, ხალხი ჩერდებოდა, სამხედროებს უყურებდა და იღიმებოდა. საოცარი კადრი იყო, Pictures of the days, რომლის გადაღებაც ვერ შევძელი 😦

მეორე კადრი, გუშინ „დავკარგე“. შავი, დაბურულმინებიანი ჯიპი, თავზე ტაქსის ნიშნით…

მესამე დღეს. რაც იმ კადრისგან დარჩა, ქვემოთ ფოტოზეა….:|

დარაბებს მიღმა ხევსურეთია

ერთი კვირაა ხევსურეთში დავხეტიალობ. მართალია სახეტიალოდ ცოტა ცუდი დრო შევარჩიე, ცივა, ხალხი თითქმის არ მოძრაობს, სოფლები უკვე დაცლილია და მოსახლეობა გამოსაზამთრებლად ბარშია გახიზნული, მაგრამ ხეტიალი მაინც დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო.
ქვემოთ საკმაოდ ვრცელ სტატიას გთავაზობთ, რომელიც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისათვის მოვამზადე.
წაიკითხეთ და თუ რამის დამატების სურვილი გაგიჩნდებათ, ქვემოთ, კომენტარებში მომწერეთ.

სოფელი ბარისახო, რომელიც დუშეთიდან 63 კილომეტრში მდებარეობს, პირაქეთა ხევსურეთის ცენტრია. ბარისახოს თემში შემავალი 32 სოფლიდან, სკოლა, საბავშვო ბაღი და სამედიცინო პუნქტი მხოლოდ ამ სოფელს აქვს. ბარისახო პირაქეთა ხევსურეთის ყველაზე დიდი სოფელია: სოფელში ამ დროისთვის 54 ოჯახი ცხოვრობს.
დუშეთი-ბარისახოს 63-კილომეტრიანი ოღრო-ჩოღრო გზის გავლას 2 საათზე მეტი სჭირდება. სოფელში უჩვეულო სიჩუმეა. რამდენიმე სახლიდან კვამლიც ამოდის, მაგრამ ხალხი არსად ჩანს. სოფლის ცენტრში რამდენიმე დანგრეული შენობაა. ერთ-ერთზე საქართველოს დროშა ფრიალებს. იქვე თბილისი-ბარისახოს ავტობუსი დგას. ავტობუსის საქარე მინაზე წარწერა გაკრული: „15 ოქტომბრიდან ამოღებული იქნება ოთხშაბათი“.
ავტობუსის მძღოლი გოგია ბურდული გვიხსნის, რომ მგზავრთა სიმცირის გამო იძულებულია გრაფიკი შეცვალოს.
„ახლა კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევს და კვირას ვივლი თბილისში. აქამდე ოთხშაბათობითაც დავდიოდი, მაგრამ ხალხი აღარ დადის. გუშინ სულ სამი მგზავრი მყავდა,“- ამბობს გოგია ბურდული.
ბარისახოში მცხოვრები ხევსურები ამბობენ, რომ სოფელში, მამა-პაპისეულ ფუძეზე ძირითადად ასაკოვანი ხალხი რჩება, ახალგაზრდები კი სამუშაოს საძებნელად ბარში მიდიან და მთაც თანდათანობით ცარიელდება.
ბარისახოში მცხოვრები სანათა წიკლაური იმ დროს იხსენებს, როცა სოფელში დასახლდა.
„34 წლის წინ გამოვთხოვდი აქეთ. მაშინ აქ სამუშაოც იყო და ხალხიც. სკოლაც გვქონდა, საბავშვო ბაღიც, ვეტუბანიც და 25-საწოლიანი საავადმყოფოც. სკოლა-ინტერნატში 270 ბავშვი სწავლობდა. ახლა იცლება მთა. მთელი ხევსურეთი რომ მოიაროთ, ორ-სამ ისეთ სოფელს თუ ნახავთ, სადაც ხალხი ჯერ კიდევ ცხოვრობს. დანარჩენი სოფლები სულ დაცარიელებულია. ბარისახო ყველაზე ხალხმრავალი სოფელია ამ მხარეში. სოფელი სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებული ხალხის წყალობით შევინარჩუნეთ. აქაურები მანდ რომ არ იყვნენ დასაქმებულები, აქამდე ბარისახოც დაიცლებოდა,“ – ამბობს სანათა წიკლაური.
ბარისახოში ყველგან თივის ზვინები დგას. ერთ-ერთ თივის ზვინთან რამდენიმე ადამიანს ვამჩნევთ. ბარისახოელი არსენა ჭინჭარაული ზვინს შლის და თავიდან დგამს. ამბობს, რომ ბავშვების გაფუჭებულ საქმეს ახლა თავიდან აკეთებს. კითხვაზე, კეთდება თუ არა რაიმე მათ სოფელში, ჭინჭარაული სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაკეთებულ სოფლის გზას იხსენებს. მაგრამ, იქვე ამბობს, რომ ხევსურეთი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება.
„სოფლის განვითარების პროგრამით 4000 ათასი ლარი მოგვცეს და შიდა გზა გავაკეთეთ. სხვა მხრივ მივიწყებული ვყავართ ყველას. ერთადერთი, ვინც მთას ყურადღებას აქცევდა, ჩვენი დეპუტატი მარინა მოლოდინი იყო. მარინას შემდეგ აქ კაციშვილი არ მოსულა ჩვენს საკითხავად, არც შალვა ნათელაშვილი და არც ახლანდელი დეპუტატი კობა ბადაგაძე. რაც ბადაგაძე ავირჩიეთ, მისთვის თვალი აღარ დამიკრია. განა ვემდური, მაგრამ ერთხელ მაინც იკითხოს ჩვენი ამბავი. არჩევნებისთვის მარათონი რომ იწყება, მოდიან და გვეუბნებიან: აბა თქვენი ჭირიმე, ხმა მოგვეცით, დაგეხმარებითო. გაინაღდებენ თავისას და მერე აღარავის ვახსოვართ. ჩვენი პრობლემები არავის ინტერესებს,“ – ამბობს არსენა ჭინჭარაული.
შსს-ს სასაზღვრო პოლიცია ერთადერთი სახელმწიფო უწყებაა, რომელსაც ხევსურები ემადლიერებიან. ბარისახოელების უმრავლესობა სწორედ იქ მუშაობს. დასაქმების კიდევ ერთი ადგილი სკოლა, საბავშვო ბაღი და სამედიცინო პუნქტია. სკოლისკენ გზა არსენა ჭინჭარაულმა გვიჩვენა.
„შედით სკოლაში და ნახეთ რა ხდება. შენობა დანგრეული და გასარემონტებელია. სკოლას სპორტული დარბაზი არა აქვს. ბავშვებს თამაშის საშუალება არა აქვთ. ფანჯრებს მინები არა აქვს და შენობას ნორმალური სახურავი. საკლასო ოთახებში წვიმის დროს წყალი ჩადის და ბავშვებს თავზე აწვიმთ. დირექტორი ბევრს წვალობს, მაგრამ სკოლის შეკეთებას საშველი მაინც არ დააყენეს,“ – ამბობს ჭინჭარაული.
ბარისახოს საჯარო სკოლაში პირაქეთა ხევსურეთის 10-ზე მეტი სოფლის 70-მდე ბავშვი სწავლობს. სკოლის გვერდით პანსიონია, სადაც სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული 23 ბავშვი ცხოვრობს. ისინი თავიანთ სახლებში მხოლოდ შაბათ-კვირას მიდიან. პანსიონში ცხოვრების მთავარი მიზეზი სკოლასა და სახლს შორის არსებული დიდი მანძილია, რომლის გავლაც დიდთოვლობის დროს შეუძლებელია. პანსიონი ორი წლის წინ გაარემონტეს, სკოლა კი ისევ სავალალო მდგომარეობაშია.
სკოლის სპორტული დარბაზი შესაკეთებელია. ფანჯრების ჩამტვრეული მინები „სკოჩითაა“ დამაგრებული. იატაკი ალაგ-ალაგ ამომტვრეულია, კედლების ბათქაში კი ჩამოყრილი. მიუხედავად ამისა, სკოლაში იდეალური წესრიგი და სუსუფთავეა. მასწავლებლები ამბობენ, რომ შენობის შეკეთებას სკოლა საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებს, დახმარება კი არსაიდან ჩანს. ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც ბარისახოს საჯარო სკოლას დაეხმარა, სასაზღვრო პოლიციაა – ინტერნეტის ქსელში ჩართული რამდენიმე კომპიუტერი სწორედ პოლიციის ნაჩუქარია. საკლასო ოთახების არასაკმარისი რაოდენობის გამო კომპიუტერების ოთახში ახლა პირველკლასელები სწავლობენ.
სკოლიდან გამოსულებს გზაზე დარიკო არაბული გვხვდება. მას ღუმელის დასანთებად სახლში ხის დამტვრეული ტოტები მიაქვს. „შეშა ძვირია. ერთი მანქანა შეშა 200 ლარი ღირს. ჩემი პენსია კი 100 ლარია. არ ვიცი ამ ზამთარს თავი როგორ უნდა გავიტანო,“-ამბობს არაბული.
ბარისახოში ახლა ზამთრისთვის ემზადებიან. მათ წინ 5 რთული თვე ელოდებათ. ზამთარი აქ ყველას ძნელად გადააქვს. ბარისახოელები თავს მხოლოდ იმით ინუგეშებენ, რომ დიდთოვლობაშიც კი ბართან დამაკავშირებელი გზა აქ დიდი ხნით თითქმის არასოდეს იკეტება. საავტომობილო გზა აქ ხშირად იწმინდება.
ამ გზით გაზაფხულზე პირაქეთა ხევსურეთს უმუშევრობით და ხანგრძლივი ზამთრით გაბეზრებული კიდევ რამდენიმე ოჯახი დატოვებს.

This slideshow requires JavaScript.

© სტატია მომზადებულია მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისათვის.
საავტორო უფლებები დაცულია!

ფხოვი ფხოველების გარეშე


ბოლო 20 წელში უკანა ფშავში მდებარე 23 სოფლიდან მხოლოდ 12 სოფელი დარჩა. ამ სოფლებშიც მოსახლეობის უმრავლესობა ზაფხულობით ადის. ზამთარში ძირითადად მოხუცები რჩებიან, ისინიც იმიტომ, რომ შემოსავლის ერთადერთ წყაროს, ცხვარ-ძროხას ვერ ტოვებენ. 12 სოფელს მხოლოდ ერთი სკოლა და ერთი სამედიცინო პუნქტი აქვს.

„ბოლო ორ წელიწადში უკანა ფშავში სამი სოფელი დაიცალა. მთაში მარტო მთაა დარჩენილი,“ – ამბობს სოფელ ვაკისოფლის მკვიდრი ვახტანგ ცოკილაური.

ვაკისოფელი უკანაფშავის ერთ – ერთი ბოლო სოფელია. სოფელში სულ ცხრა ოჯახი ცხოვრობს, თუმცა, ზამთარს ვაკისოფელში ოთხი ოჯახი ატარებს. სოფლამდე მისასვლელი სამანქანო გზა ვიწროა და სახიფათო. რამდენიმე ადგილზე პატარა ხევი უნდა გადაიარო, მთელ გზაზე წვრილი, წვეტიანი ქვები ყრია, რომელიც მანქანის საბურავებს სერიოზულად აზიანებს. სოფელში მისულებს მხოლოდ ორი ადამიანი დაგხვდა. უკანაფშაველი ვახტანგ ცოკილაური და მისი და, სანათა ცოკილაური.

„სოფლები ყოველ წელს იცლება, ცხოვრების გაუარესების და უყურადღებობის გამო. ახალგაზრდებს აქ დასაქმების და მთაში დამაგრების საშუალება არ აქვთ. ეს მოხუცები კიდევ როდემდე გაძლებენ? გზა არ არის. ხვალ რომ თოვლი მოვიდეს, მაისამდე აქ მანქანა ვეღარ ამოვა. შემოდგომაზე დარჩენილი ხალხიდან გაზაფხულზე ვინ დაგვხვდება ცოცხალი და ვინ მკვდარი, არავინ იცის,“ – ამბობს ვახტანგ ცოკილაური.

მთის მოსახლეობის შემოსავლის წყარო მესაქონლეობა, მეფუტკრეობა და მებოსტნეობაა. „ამ დროს სახლში ვერავის ვერ ნახავთ. ყველა საქონლის მოსავლელად არის წასული. ჩვენც უამრავი რამ გვაქვს მოსასწრები. პროდუქტს ვამზადებთ – ყველს, ერბოს, ხაჭოს. არაყიც გამოსახდელია. დაზამთრებამდე უნდა მოვასწროთ. ბარში მივდივართ, აქ ვერ გამოვიზამთრებთ,“ – გვეუბნება სანათა ცოკილაური ისე, რომ ცდილობს საქმეს არ მოსწყდეს.

ვაკისოფელს წლების მანძილზე ელექტროენერგია არ ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ, სოფელში მზის ბატარეები დაამონტაჟეს, რომლის საშუალებითაც ზამთარში გარესამყაროს მოწყვეტილი ადამიანები ქვეყანაში მიმდინარე ამბებს იგებენ.
მუქო უკანა ფშავში ბოლო სოფელია, რომელსაც ელექტროენერგია მიეწოდება. მუქოში 2 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა წლევანდელ ზამთარს იქ მხოლოდ შალვა წითელაური გაატარებს, მოხუც დედასთან და ძმასთან ერთად.

„ბოლო სამი წელია აქ უცხო არავინ მოსულა თქვენს გარდა. ზაფხულში საქეიფოდ ბევრი მოდის, მაგრამ ჩვენი ამბის საკითხავად კაცი არ ინტერესდება. ცხოვრება მთაში ძალიან მძიმეა“, – გვეუბნება წითელაური.

„თივის კონები მარტო ჩამოვზიდე მთიდან. არც ხალხია და შესაბამისად დამხმარეც არავინაა. მთაში თუ გინდა გადარჩე, საკუთარი თავის გარდა არავის იმედი არ უნდა გქონდეს“, – ამბობს შალვა წითელაური.

მუქოში, ისევე როგორც უკანა ფშავის ბევრ სოფელში გზა ნოემბერში ჩაიკეტება და მაისამდე ეს მხარე გარესამყაროს მოწყვეტილი იქნება. ასეთ დროს კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება ტელეფონია, თუმცა მუქოს მაცხოვრებლებს ტელეფონზე დასარეკად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.

„მობილური არ იჭერს მთაში, მხოლოდ მაგთიფიქსი, მაგრამ მუქოში მაგითაც ვერ ვსარგებლობთ. 5 კილომეტრზე შუაფხოში უნდა ჩავიდე დასარეკად ან 3 კილომეტრზე გაღმა სოფელ ჭიჩოში უნდა გავიდე. შარშან სამმეტრიანი თოვლი იდო. საქონელი ვერ გამყავდა წყალზე და აბა დასარეკად როგორ გახვალ სხვა სოფელში. ვუთხარით ამ პრობლემის შესახებ გამგებელს, „მაგთიკომშიც“ გვქონდა განცხადება დაწერილი, მაგრამ გვითხრეს, მიუდგომელი სოფელია და ვერ გავაკეთებთ ანძასო“, – აღნიშნავს შალვა წითელაური.

დაცლილია მუქოს ზემოთ მდებარე სოფელი მათურაც. იქ მხოლოდ ორი ოჯახიღა ცხოვრობს და ისიც მხოლოდ ზაფხულობით. ორი წლის წინ ნასოფლარად იქცა სოფელი ახადი. 13-13 ოჯახი ცხოვრობს სოფლებში: შუაფხო და თხილიანა.

უკანა ფშავში ერთადერთი საჯარო სკოლა სოფელ შუაფხოს ცენტრში დგას. სკოლაში სულ 18 მოსწავლე სწავლობს. ისინი სხვადასხვა სოფლებიდან დადიან. შუაფხოშია ასევე მხარის ერთადერთი სამედიცინო ცენტრი, რომელშიც ერთი ექიმი და ერთი ექთანი მუშაობს.

„ძირითადად წნევას ვუზომავ და ნემსი თუ აქვს ვინმეს გასაკეთებელი ვუკეთებ ხოლმე. ყოფილა შემთხვევა როცა ადგილზე ჩავსულვართ და დავხმარებივართ. ზამთარში გადაადგილება გვიჭირს, თუ შესაძლებელია მანქანით მივდივართ, თუ არადა ფეხით,“ – ამბობს სოფელ შუაფხოს საკრებულოს ამბულატორიის ექთანი ნინო ცაბაურაშვილი.

ფშაველების თქმით, მთა სულ რომ არ დაიცალოს, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და სამუშაო ადგილები უნდა იყოს, თუმცა ამ ეტაპზე უკანა ფშავში არც ერთია და არც მეორე.

© სტატია მომზადებულია მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისათვის
© საავტორო უფლებები დაცულია

This slideshow requires JavaScript.

დაცული: My dreams Cemetery :)

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ: