ფინჯან ყავასთან საკითხავი

1. აი ასეთი ქვეყანა

2. ბედი, რომელიც ხეს არ ეღირსა

3. იქ, სადაც ცა ყველაზე ახლოა

4. ანაბეჭდი წყალზე

5. მკვდარი ტყე

მკვდარი ტყე

ხშირად ვამბობ ადამიანის ბოროტებას ბუნების მიმართ საზღვარი არ აქვსთქო… ჩვენ, ადამიანები ძალიან სასტიკად ვექცევით მას. თითქოს ბუნება მკვდარი, უსულო ორგანიზმი იყოს, რომელიც იმისთვისაა შექმნილი რომ ჩვენ გავანადგუროთ.

დღეს ჭიაურის ტყეებზე ვწერ, რომელიც კახეთში, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მდინარე ალაზნის პირას იყო გაშენებული.
ჰო, სამწუხაროდ იყო, იმიტომ რომ რაც იმ ტყისგან დარჩა (იხ. ფოტოზე), ძნელია იმას ტყე უწოდო.

ცოტა რამ ისტორიიდან:

ჭიაურის ტყეები ე.წ. ჭალის ტყე იყო. (ცნობისათვის, ჭალის ტყე არის ისეთი ტყე, რომელიც მდინარის პირას ვიწრო ზოლადაა გაყოლებული). რამდენიმე წლის წინ, იქ სადაც ახლა “ცოცხალი ხის” ნახვა წამლადაც შეუძლებელია ბუნებრივი ტყე იყო. ტყე – ასწლოვანი ხეებით: ვერხვი, მუხა, ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი, რცხილა, თხმელა, თელა, ლაფანი და სხვა მერქნიანი სახეობები შეგეძლოთ გენახათ ამ ტყეებში.
დღეს ტყე მკვდარია.

ოფიციალურად ამაში “დამნაშავეა” მდინარე კაბალი. რომელიც ლაგოდეხში მოედინება. იმის გამო რომ მდინარე კაბალის კალაპოტი არ იწმინდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში ჭიაურის ტყეების მიმდებარე ტერიტორია წყლით იფარებოდა. წყალი ტყეში თვეობით იდგა, არაბუნებრივმა პირობებმა გამოიწვია ის რომ, ტყე განადგურდა. როგორც ყოველთვის გზა მაშინ გამოჩნდა, როცა უკვე ურემი გადაბრუნებულიც იყო, გაჩეხილიც და ღუმელში შესანთებად გამზადებულიც.
მას შემდეგ რაც ტყე გახმა, მდინარე კაბალის კალაპოტი გაწმინდეს, თუმცა ტყის აღდგენა არ მომხდარა. პირიქით, ერთ-ერთი წინასაარჩევნო კამპანიის დროს საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას შეშის ვაუჩერები გადასცა. ვინაიდან ვაუჩერები იმ დროს დარიგდა (ნოემბრის თვეში), როცა მთაში შეშის მოჭრა შეუძლებელი იყო, მოსახლეობამ ადვილი გამოსავალი მოძებნა და ჭიაურის ტყეებს მიადგა შეშის მოსაჭრელად. შედეგად მივიღეთ უზარმაზარი “უდაბნო” (დაახლოებით 800 ჰა) შუაგულ კახეთში. “უდაბნო”, რომელმაც უნიკალური ტყე ჩაანაცვლა.
საბედნიეროდ ტყის აღდგენა დაწყებულია. “სამხრეთ კავკასიაში ტყის ლანდშაფტების აღდგენა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების შემცირების მიზნით” – ასეთია იმ პროგრამის სახელწოდება, რომელი პროგრამის ფარგლებშიც ჭიაურის ტყის აღდგენა დაიწყო. პროექტს გერმანიის მთავრობა აფინანსებს.
ის ფაქტი რომ ჭიაური ტყე რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აღდგება, რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ ალბათ ერთხელ კიდევ ყველანი უნდა დავფიქრდეთ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ჩვენს უგულო დამოკიდებულებას ბუნების მიმართ.
აქ იყო ტყე:(

აი ასეთი ქვეყანა

წარმოიდგინეთ
მიდიხართ ლაგოდეხის ნაკრძალში
ულამაზეს ბუნებაში
ირგვლივ სიმშვიდე
სითბო
და უცებ
დაინახე ქვევრი
ქვემოთ ფოტოზე რომაა აი ისეთი

რა აკეთებ?
უღებ ფოტოს
ან ტკბები მშვენიერებით.
მერე?
მერე იხედები ქვევრში..
გაინტერესებს როგორია შიდა სივრცე.
გაოცებული შეიძლება დარჩე.
ისეთი მშვენიერი სიურპრიზი დაგხვდება.
თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს ქვევრში?
ღვინო?
არც იოცნებო..
ვერ წარმოიდგენ..
ან იქნებ წარმოიდგინო კიდეც, იმიტომ რომ ქართველი ხარ..
ლაგოდეხის ნაკრძალში…
ქვევრში.
არის აი ეს!

არ მინდა ძალიან ბანალური გამოვიდეს
მაგრამ
ამ სილამაზეს უნდა გავუფრთხილდეთ!
მინიმუმ დავასუფთავოთ მაინც.

მოხეტიალეს ჩანაწერები

მოკლედ ჯერ არ დამიწყია და ისე გამოვიდა თითქოს ბლოგი დავივიწყე. არადა საპატიო მიზეზით ვიყავი დაკარგული… დავხეტიალობდი რა.
ჰოდა ამ ხეტიალ-ხეტიალში ლაგოდეხში ჩავხეტიალდი. “მწვანე ალტერნატივას” ტრეინინგებზე მოვხვდი და სწორედ ამ ორგანიზაციის წყალობით დაუვიწყარი მოგზაურობა ვაჩუქე საკუთარ თავს. თუ მაჩუქეს, მოკლედ როგორც არის.…

ორდღიანი ტრეინინგი გლობალურ და საქართველოს გარემოსდაცვით პრობლემებს ეძღვნებოდა. ტრეინინგის ბოლო აკორდი კი იყო ტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.

ჩვენი მარშრუტი დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციიდან დაიწყო, სადაც ლაგოდეხის შესახებ გადაღებული თხუთმეტწუთიანი ფილმი გვიჩვენეს. ფილმის დასრულების შემდეგ კი ზურგჩანთები ავიღეთ და ფეხით გავუყევით მდინარე შრომის ხევის მარცხენა სანაპიროს.
)


ამ საოცრება ხიდის გადავლის შემდეგ ხეობაში შევედით და საცალფეხო ბილიკით გავუყევით გზას ჩანჩქერამდე.
გზადაგზა ვიღებდი ყველაფერს რაც ლამაზად და საინტერესოდ მეჩვენებოდა.

მართალია გიდი გვყავდა, მაგრამ გიდის დახმარების გარეშეც თავისუფლად შეიძლებოდა გზის გაგნება აი ამ პატარა ნიშნების წყალობით.

მოგზაურობის დაწყებიდან საათნახევარში გზა საკმაოდ გართულდა. დაბლობზე არსებული საცალფეხო ბილიკი აი აქ დამთავრდა და ციცაბო აღმართი დაიწყო.

თან როგორი აღმართი. რას შეიძლება შევადარო…
აი წარმოიდგინეთ რომ მანქანით ადიხართ უღელტეხილზე.
სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა ამ ბილიკმა.
ვიწროა. ორი კაცი რომ გაჭირვებით აუქცევს გვერდს ერთმანეთს, აი ისეთი.
რაღაც ეტაპზე მივხვდი რომ ასვლას ვერ შევძლებდი…
ძალიან რთული იყო, მაგრამ უცებ აი ეს ხე ვნახე.

ხოდა გავმწარდი.
ჯერ იმაზე რომ ასე უტვინო თანამემამულე მყავს, სახელად ბონდო…
მეორეც მეთქი ვიღაც ბონდო ავიდა და მე როგორ ვერ უნდა ავიდეთქო
უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და გზა განვაგრძე.

ციცაბო აღმართის შემდეგ დაიწყო დიდი დაღმართი..

ცოტაც და ჩანჩქერიც გამოჩნდა.


უცნაური შეგრძნება მქონდა.
როდესაც დასახულ მიზანს აღწევ, ყველა სირთულე გავიწყდება რაც ამ მიზნის მისაღწევად გამოიარე.
ასე დამემართა მეც.
დაღლილობაც დამავიწყდა და საერთოდ ყველაფერი. ჩავეშვი ულამაზეს ხეობაში და ემოციებით დავიტვირთე…

ემოციებმა დამატყვევეს, გავგიჯდი და გადავირიე…
კარგი იყო.

რთული იყო გზა სახლისაკენ.
საკმაოდ რთული.
თუმცა არ მოგვიწყენია.
აბა შეიძლება მოიწყინო, როდესაც ასეთი აკომპანიმენტის თანხლებით გიწევს სახლში დაბრუნება?

“მასკოვსკი” და “გლაზოკები” კახურად

შეამჩნევდით ალბათ
რამდენიმე დღეა ბლოგზე არაფერი დამიწერია…
ლაგოდეხში ვიყავი…
იქ სადაც კომპიუტერი არ მქონდა, თუმცა კომპიუტერი რომც მქონოდა ინტერნეტი არ იყო… ჰოდა არ დამწყვეტია გული ლეპტოპი რომ არ წავიღე.
ამ მხარეში პირველად ვიყავი და ძალიან მომეწონა.
ბევრი პრობლემაც აღმოვაჩინე გარემოსდაცვის კუთხით და ეს ყველაფერი უახლოეს დღებში აისახება ჩემს ბლოგზე.
თუმცა მანამდე!
ერთ რამეს მივხვდი.
ქართველებმა ბიზნესის კეთება ვერ ვისწავლეთ და ვერც ვერასოდეს ვისწავლით ალბათ.
ჩვენი სასტუმრო მდინარის პირას იყო, ნაკრძალიდან 10 წუთის სავალზე. ულამაზეს გარემოში, მაგრამ რად გინდა მომსახურეობა იყო საშინელი.
სწორედ ამ სასტუმროში აღმოვაჩინე რომ “ოლივიეს” “მასკოვსკი” ჰქვია, ხოლო შემწვარ კვერცხს “გლაზოკები”.
სასტუმროს დიასახლისმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ როდესაც მეორედ ლაგოდეხში მოვხვდებით მისკენ აღარ გავიხედოთ.
ნუ ეს საშინელება იყო.
დეტალებზე საუბარი უხერხულია:)

თავად ლაგოდეხი საინტერესო და ძალიან ლამაზი.
ის რაც ამ მოგზაურობიდან კარგად დამამახსოვრდება ლაგოდეხის ჩანჩქერია, ხოლო ცუდი––– რა თქმა უნდა “მასკოვსკი” და “გლაზოკები” კახურად.