The Day After Tomorrow

ყველა ჭეშმარიტი გარემოსდამცველი კლიმატის ცვლილებაზე საუბარს ამ ფრაზით იწყებს: კლიმატის ცვლილება, თუ იგი არსებობს….
ჩვენც ასე დავიწყოთ.
რა არის კლიმატის ცვლილება?
კლიმატის ცვლილება, რომელსაც გლობალურ დათბობასაც უწოდებენ, დედამიწის ზედაპირის, უფრო სწორად, მისი მიმდებარე ჰაერის ფენის და ოკეანეების ტემპერატურის ზრდაა.
სკეპტიკოსების აზრით გლობალური დათბობა არ არსებობს.

ოპტიმისტების აზრით კაცობრიობამ უნდა აირჩიოს მოცდის და დაკვირვების გზა, სანამ უკეთესად არ იქნება შესწავლილი კლიმატის ცვლილება.

არსებობს მესამე მოსაზრებაც, რომელიც ჩემი აზრით რეალობასთან ყველაზე ახლოს დგას. ვერცერთი კვლევა ვერ მოგვცემს საბოლოო პასუხს გლობალური დათბობის არსებობა-არარსებობის შესახებ, ხოლო როდესაც უტყუარი მტკიცებულებები გვექნება, პროცესი შეიძლება უკვე შეუქცევადი იყოს. სწორედ ამიტომ უმჯობესია ახლა გატარდეს გარკვეული პრევენციული პოლიტიკა.

ახლა უშუალოდ გლობალურ დათბობაზე.
რატომ იზრდება დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა?
ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის ეფექტის გამო.
სათბურის ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ ატმოსფეროში არსებული სათბური აირები “იჭერს” სითბოს ატმოსფეროს ქვედა შრეში- ტროპოსფეროში. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდა გამოწვეულია: წიაღისეული საწვავის გამოყენებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით, ტყის საფარის შემცირებით და ფრეონების გამოყენებით.

პროფესიული ტერმინების მიღმა გლობალური დათბობა ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის შემაშფოთებელი და ცოტა საშიშია. მე პირადად ბევრჯერ მომისმენია, თუნდაც ჩემი მეგობრებისგან, რომ დედამიწას კატასტროფა ემუქრება, რომ ხმელეთის ნაწილი ყინულის საფარველში გაეხვევა, ნახევარი დედამიწას კი აუტანელი სიცხე მოიცავს. “90 გრადუსი იქნება ტემპერატურა”, “ყინულის ლოლუებად ვიქცევით” და ა.შ.

რეალურად მოსალოდნელი შედეგები ცოტა ოპტიმისტურია:)
რაზე შეიძლება იმოქმედოს კლიმატის ცვლილებამ, თუ იგი არსებობს?
პირველ რიგში საკვებზე:
უფრო თბილმა ჰავამ შეიძლება გაზარდოს საკვების წარმოება ზოგიერთ რეგიონში და შეამციროს სხვაგან.
თითო გრადუსით დათბობისას კლიმატური ზოლები გადაიწევს 100-150 კილომეტრით ჩრდილოეთით ან 150 მეტრით მაღლა ზღვის დონიდან.
მომრავლდება მავნე მწერები, მცენარეთა დაავადებები და სარეველები.
სავარაუდოა მოსავლიანობის კლება 10-70%-ით და მოსავლიანი რეგიონების 10-50%-ის დაკარგვა.ზღვის დონის და ტემპერატურის აწევა უარყოფითად იმოქმედებს ზღვის პროდუქტების რაოდენობაზე.
გავლენას მოახდენს წყლის მარაგზეც.
ტბებმა, მდინარეებმა და წყალსაცავებმა, რომლებიც ამარაგებენ წყლით ეკოსისტემებს, ნაყოფიერ ნიადაგებსა და ქალაქებს, შეიძლება დაიკლონ, ან შეწყვიტონ არსებობა.
კიდევ არ უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს კლიმატის ცვლილებამ გარემოზე და ჩვენზე, ადამიანებზე, ამას პოსტის მეორე ნაწილში მოგიყვებით.
მანამდე კი მაინტერესებთ რა იცით გლობალური დათბობის შესახებ.
გჯერათ რომ კლიმატის ცვლილება არსებობს?
გამიზიარეთ თქვენი შეხედულებები, ჩემთვის თქვენი აზრი მნიშვნელოვანია.

P.S. პოსტში გამოყენებულია ნინო წიკლაურის მიერ მომზადებული პრეზენტაცია. პირველ რიგში სწორედ ამ ადამიანს ვუხდი მადლობას მასალების მოწოდებისათვის. შემდეგ მისი აღმატებულება Google-s:)

350

350 წილადი მილიონზე არის ნახშირორჟანგის ატმოსფეროში კონცენტრირების კრიტიკული ზღვარი. იგი საშიშროებას უქმნის პლანეტის მდგრად და უსაფრთხო არსებობას.

treehugger.com

საერთაშორისო მოძრაობა 350.org ევროპის ახალგაზრდული კლიმატური მოძრაობაა. მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის არსებული მაღალი მაჩვენებელი (ნახშირორჟანგის მაჩვენებელი დღეისათვის 390 – ზე მეტია, ეს მაშინ, როდესაც კრიტიკული ზღვარია 350) საფრთხეს უქმნის პლანეტას და ყველაზე მეტად დედამიწის დაუცველ მოსახლეობას.

საერთოდ, კლიმატის რეგულირებაში უდიდესი როლი ეკუთვნის ატმოსფეროს, რომლის შედგენილობა უცვლელია დაახლოებით 50 მლნ წლის მანძილზე.

კლიმატის ცვლილება გამოიხატება დედამიწის საშუალო წლიური ტემპერატურის მომატებით და მისი მიზეზი ადამიანს სამეურნეო მოღვაწეობის შედეგად ატმოსფეროს შემადგენლობის ცვლილებაა. მას მეცნიერთა უმრავლესობა უკავშირებს ატმოსფეროში ე.წ. “სათბური აირების” (ნახშირბადის დიოქსიდი, მეთანი, ფრეონები, ოზონი, აზოტის ოქსიდი) დაგროვებას.
ატმოსფეროში არსებული სათბურის აირები ერთის მხრივ დედამიწამდე უშვებს მზის ენერგიის დიდ ნაწილს, მეორეს მხრივ კი, გარეთ თითქმის, არ უშვებს დედამიწის მიერ გამოსხივებულ სითბოს. ე.წ. “სათბური აირების” ანტროპოგენური წყარო შეიძლება იყოს საწვავი წიაღისეულის წვა, ცემენტის წარმოება, ნაგავსაყრელები, სასუქები და სამრეწველო წვის პროცესები.