“ჩვენი მდინარე ჩვენი სისხლია, ჩვენი მთა კი, ჩვენი ღმერთია”

Global Forest Coalition-ის და Global Justice Ecology-ის ამ ვიდეოში ახსნილია რას წარმოადგენს კლიმატის ცვლილების შესარბილებლად მსოფლიოში გამოყენებული მექანიზმები REDD (Reduce Emissions from Deforestation and Forest Degradation) და REDD+. მექსიკაში, ბრაზილიაში, პანამაში, ფილიპინებში, ინდონეზიაში, ნეპალში, უგანდასა და ინდოეთში მცხოვრები ადამიანები თავისი ქვეყნების გამოცდილებიდან ხსნიან, როგორ ზღუდავენ ეს მექანიზმები მკვიდრი მოსახლეობის უფლებებს.

“ჩვენ, მსოფლიოს მკვიდრი ხალხები, ვიცავთ ჩვენს მიწას, სიცოცხლეს და რესურსებს.

ჩვენი ტყე ჩვენი სულია, ჩვენი მიწა ჩვენი სიცოცხლეა,

ჩვენი მდინარე ჩვენი სისხლია, ჩვენი მთა კი, ჩვენი ღმერთია.

ჩვენ ვართ ჩვენი ნიადაგის ძლიერი და ამაყი შვილები.

ჩვენ, მსოფლიოს მკვიდრი ხალხები, ვიბრძვით ჩვენი თვითგამორკვევის უფლებების რეალიზებისთვის.

ჩვენ არ ვითხოვთ მეტს, მაგრამ არც ნაკლები გვინდა”.

მცხეთაში მტკვარი გაიყინა

ძლიერი ყინვის გამო მცხეთაში მტკვარი გაიყინა. პომპეუსის ხიდთან რამდენიმე სანტიმეტრის სისქის ყინულმა მდინარე მთლიანად დაფარა.

ფოტორეპორტაჟი: www.icmm.ge

ხვალინდელი დღე

წინა პოსტში ვწერდი თუ რა არის გლობალური დათბობა და რას შეიძლება ველოდოთ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ. ვაგრძელებ იგივე თემას.
ვარაუდობენ რომ, კლიმატის ცვლილებამ, თუ რა თქმა უნდა იგი არსებობს, შეიძლება დიდი რაოდენობით ხალხი აქციოს ეკოლოგიურ ლტოლვილებად. ზოგიერთი ვარაუდით 2050 წლისთვის დედამიწაზე შეიძლება იყოს 50-150 მილიონი ეკოლოგიური ლტოლვილი. გარდა ამისა კლიმატის ცვლილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობას. როგორც ვარაუდობენ სითბური ტალღების მომატება საფრთხეს შეუქმნის მოხუცებს და გულით დაავადებულებს. მოიმატებს ასთმითა და ბრონქიტით დაავადებულთა რიცხვი. ბაქტერიების გამრავლება და ობის წარმოქმნა პროდუქტებზე გაზრდის, პროდუქტების გაფუჭების და ზოგიერთი სახის მოწამვლის სიხშირეს. ზღვის დონის აწევამ შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციური დაავადებების გავრცელებას სანაპირო ზოლში კანალიზაციის და გამწმენდი ნაგებობების დატბორვით.
მკვლევარები ვარაუდობენ რომ კლიმატის ცვლილება უარყოფითად იმოქმედებს ბიომრავალფეროვნებაზე.
მომავალი საუკუნის განმავლობაში ტყეების მთელი ნაირსახეობები შეიძლება გაქრეს დედამიწიდან, მათ შორის მსოფლიოში არსებული მშრალი ტროპიკული ტყეების ნახევარი.
გლობალური დათბობის შემთხვევაში შეიძლება ზოგიერთი სახეობა გადაშენდეს კიდეც.
ტყის სიკვდილმა შეიძლება გაათავისუფლოს მის ბიომასაში და ირგვლივ ნიადაგში არსებული ნახშირბადი და კიდევ უფრო დააჩქაროს გლობალური დათბობა.
ტყეების დაღუპვა გამოიწვევს მცენარეების და ცხოველების იმ სახეობების მასობრივ გადაშენებას, რომლებიც ვერ მოახერხებენ მიგრირებას.
დაიღუპება თევზი მდინარეებში და ტბებში.
დაიტბორება ჭარბტენიანი ტერიტორიები.
დაიღუპება მარჯნის რიფები.

რას აკეთებს მსოფლიო გლობალური დათბობის შესაჩერებლად და რამდენად ეფექტურია ეს ღონისძიებები, ამაზე მომდევნო პოსტში მოგიყვებით:)

მკვდარი ტყე

ხშირად ვამბობ ადამიანის ბოროტებას ბუნების მიმართ საზღვარი არ აქვსთქო… ჩვენ, ადამიანები ძალიან სასტიკად ვექცევით მას. თითქოს ბუნება მკვდარი, უსულო ორგანიზმი იყოს, რომელიც იმისთვისაა შექმნილი რომ ჩვენ გავანადგუროთ.

დღეს ჭიაურის ტყეებზე ვწერ, რომელიც კახეთში, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მდინარე ალაზნის პირას იყო გაშენებული.
ჰო, სამწუხაროდ იყო, იმიტომ რომ რაც იმ ტყისგან დარჩა (იხ. ფოტოზე), ძნელია იმას ტყე უწოდო.

ცოტა რამ ისტორიიდან:

ჭიაურის ტყეები ე.წ. ჭალის ტყე იყო. (ცნობისათვის, ჭალის ტყე არის ისეთი ტყე, რომელიც მდინარის პირას ვიწრო ზოლადაა გაყოლებული). რამდენიმე წლის წინ, იქ სადაც ახლა “ცოცხალი ხის” ნახვა წამლადაც შეუძლებელია ბუნებრივი ტყე იყო. ტყე – ასწლოვანი ხეებით: ვერხვი, მუხა, ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი, რცხილა, თხმელა, თელა, ლაფანი და სხვა მერქნიანი სახეობები შეგეძლოთ გენახათ ამ ტყეებში.
დღეს ტყე მკვდარია.

ოფიციალურად ამაში “დამნაშავეა” მდინარე კაბალი. რომელიც ლაგოდეხში მოედინება. იმის გამო რომ მდინარე კაბალის კალაპოტი არ იწმინდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში ჭიაურის ტყეების მიმდებარე ტერიტორია წყლით იფარებოდა. წყალი ტყეში თვეობით იდგა, არაბუნებრივმა პირობებმა გამოიწვია ის რომ, ტყე განადგურდა. როგორც ყოველთვის გზა მაშინ გამოჩნდა, როცა უკვე ურემი გადაბრუნებულიც იყო, გაჩეხილიც და ღუმელში შესანთებად გამზადებულიც.
მას შემდეგ რაც ტყე გახმა, მდინარე კაბალის კალაპოტი გაწმინდეს, თუმცა ტყის აღდგენა არ მომხდარა. პირიქით, ერთ-ერთი წინასაარჩევნო კამპანიის დროს საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას შეშის ვაუჩერები გადასცა. ვინაიდან ვაუჩერები იმ დროს დარიგდა (ნოემბრის თვეში), როცა მთაში შეშის მოჭრა შეუძლებელი იყო, მოსახლეობამ ადვილი გამოსავალი მოძებნა და ჭიაურის ტყეებს მიადგა შეშის მოსაჭრელად. შედეგად მივიღეთ უზარმაზარი “უდაბნო” (დაახლოებით 800 ჰა) შუაგულ კახეთში. “უდაბნო”, რომელმაც უნიკალური ტყე ჩაანაცვლა.
საბედნიეროდ ტყის აღდგენა დაწყებულია. “სამხრეთ კავკასიაში ტყის ლანდშაფტების აღდგენა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების შემცირების მიზნით” – ასეთია იმ პროგრამის სახელწოდება, რომელი პროგრამის ფარგლებშიც ჭიაურის ტყის აღდგენა დაიწყო. პროექტს გერმანიის მთავრობა აფინანსებს.
ის ფაქტი რომ ჭიაური ტყე რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აღდგება, რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ ალბათ ერთხელ კიდევ ყველანი უნდა დავფიქრდეთ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ჩვენს უგულო დამოკიდებულებას ბუნების მიმართ.
აქ იყო ტყე:(