სამი ამბავი მეგობრებზე

განშორება ასუსტებს წვრილმან ვნებებს და აძლიერებს დიდ სიყვარულს. ისევე, როგორც ქარი ანთებს სანთელს და აღვივებს ცეცხლის ალს.

ხეტიალის დაწყების მოსამზადებელი სამუშაოების ანატომია:
ორშაბათს ყველა თანახმაა – “აე რა მაგარია”.
სამშაბათს უკვე იწყებენ წუწუნს – “ვაიმეე რომ შეგვცივდეეს?”
ოთხშაბათს ასკვნიან – “უეჭველი შეგვცივდება, იქნებ სადმე დავსხდეთ”.
ხუთშაბათს მეუბნებიან რომ პარასკევს მეტყვიან ზუსტ პასუხს.
პარასკევს ალბათ მეტყვიან რომ ვერ მოდიან.

ერთი იტალიელი კიბერ-მეგობარი მყავს. Natural Photographer-ია. იმის წყალობით რომ ცოტა იტალიური ვიცი და მისი უდიდებულესობა გუგლი არსებობს, ხშირად ვკონტაქტობთ. არ ეზარება და მიყვება იმ სირთულეებზე რაც თან ახლავს ველურ ფოტოგრაფიას. მიყვება რა რთულია თუნდაც ერთი კარგი კადრის დაჭერა, რომელიც ხშირად რამდენიმე საათის ლოდინის შედეგია. ამ ზაფხულს აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და კოლხეთის ჭაობების დალაშქვრას. იმედი მაქვს ზაფხულამდე ეს ფოტოაპარატი მექნება. სერიოზული გეგმები მაქვს. აუცილებლად გავხდები კარგი wildlife photographer-ი. მანამდე კი სანამ ეს მოხდება შემიძლია უსასრულოდ ვსქროლო მისი ვები და იმ ზღაპრულ სამყაროში ვიმოგზაურო, რომელშიც ის ცხოვრობს.

მაშინებს ხოლმე დასასრული. იმიტომ რომ როგორც წესი დასასრულს ახალი რაღაცის დასაწყისი მოჰყვება. რაღაცასა და რაღაცას შორის ვარ გაჩხერილი ახლა. საშინელებაა როცა ადამიანს არჩევანი არ აქვს, მაგრამ უფრო საშინელებაა როცა რამდენიმე არჩევანი გაქვს. როცა ტვინს იჭყლეტ ფიქრით და გეშინია. გეშინია რომ არ შეცდე, იმიტომ რომ არჩევანზე, რომელსაც გააკეთებ, შენი მომავალი ცხოვრებაა დამოკიდებული.

კვირას “გუდბაი ფართი” გვაქვს. მინდა რომ ჩემმა მეგობრებმა ამ ერთხელ მაინც სძლიონ სიზარმაცეს, დაივიწყონ რომ არსებობს სიტყვა “კომფორტი” და მხარი აუბან ჩემს ერთი შეხედვით “გიჟურ” გადაწყვეტილებას. ჩემო ძვირფასებო, იმედი მაქვს რომ არ გაცივდებით, არ გაიყინებით, მაგრამ თუ მაინც სურდო შეგეყრებათ ლიმონიანი ჩაი ჩემზე იყოს 🙂

***************** ***********

სანამ ჩვენ გვეძინა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სკვერი ერთიანადაა ამოძირკვული

წუხელ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სკვერი ერთიანად ამოძირკვეს. იქ მცხოვრები მოსახლეობის თქმით, ტრაქტორებმა მუშაობა დილის ხუთ საათზე დაიწყეს და სანამ მოსახლეობას ეძინა, სკვერი გაანადგურეს.

ოფიციალური ინფორმაციით ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირზე ველო და ფეხით მოსიარულეთა ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დამკვეთი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია.

ეს ბანერი აღმაშენებლის გამზირზეა გამოკრული

აღარ ვიცი რა ვთქვა. ეს წუთია სახლში მოვედი, ფოტოები კომპიუტერში შევყარე, მეათედ ვათვალიერებ მგონი და ერთადერთი აზრი მიტრიალებს თავში – ბნელა, ამ ქვეყანაში ძალიან ბნელა.
არ მინდა ემოციურ ფონზე გავაკეთო რაიმე შეფასება, დღეს შევეცდები უფრო მეტი ინფორმაცია მოვიპოვო, აღმაშენებლის გამზირის ძველი ფოტოები მოვიძიო და ხვალ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

ბლოგზე ვდებ ფოტოებს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩემი მობილურით გადავიღე. ცოტა ცუდი ხარისხია, მაგრამ რეალობის დასანახად საკმარისია!

This slideshow requires JavaScript.

ერთადერთი რაც ტრაქტორებს გადაურჩა ეს ჯვარია


სანამ ჩვენ გვეძინა ყველაფერი გაჩეხეს და ამოძირკვეს. პროტესტსაც კი არა აქვს აზრი, ვეღარაფერს შეაჩერებ, ყველაფერი განადგურებულია უკვე

მკვდარი ტყე

ხშირად ვამბობ ადამიანის ბოროტებას ბუნების მიმართ საზღვარი არ აქვსთქო… ჩვენ, ადამიანები ძალიან სასტიკად ვექცევით მას. თითქოს ბუნება მკვდარი, უსულო ორგანიზმი იყოს, რომელიც იმისთვისაა შექმნილი რომ ჩვენ გავანადგუროთ.

დღეს ჭიაურის ტყეებზე ვწერ, რომელიც კახეთში, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მდინარე ალაზნის პირას იყო გაშენებული.
ჰო, სამწუხაროდ იყო, იმიტომ რომ რაც იმ ტყისგან დარჩა (იხ. ფოტოზე), ძნელია იმას ტყე უწოდო.

ცოტა რამ ისტორიიდან:

ჭიაურის ტყეები ე.წ. ჭალის ტყე იყო. (ცნობისათვის, ჭალის ტყე არის ისეთი ტყე, რომელიც მდინარის პირას ვიწრო ზოლადაა გაყოლებული). რამდენიმე წლის წინ, იქ სადაც ახლა “ცოცხალი ხის” ნახვა წამლადაც შეუძლებელია ბუნებრივი ტყე იყო. ტყე – ასწლოვანი ხეებით: ვერხვი, მუხა, ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი, რცხილა, თხმელა, თელა, ლაფანი და სხვა მერქნიანი სახეობები შეგეძლოთ გენახათ ამ ტყეებში.
დღეს ტყე მკვდარია.

ოფიციალურად ამაში “დამნაშავეა” მდინარე კაბალი. რომელიც ლაგოდეხში მოედინება. იმის გამო რომ მდინარე კაბალის კალაპოტი არ იწმინდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში ჭიაურის ტყეების მიმდებარე ტერიტორია წყლით იფარებოდა. წყალი ტყეში თვეობით იდგა, არაბუნებრივმა პირობებმა გამოიწვია ის რომ, ტყე განადგურდა. როგორც ყოველთვის გზა მაშინ გამოჩნდა, როცა უკვე ურემი გადაბრუნებულიც იყო, გაჩეხილიც და ღუმელში შესანთებად გამზადებულიც.
მას შემდეგ რაც ტყე გახმა, მდინარე კაბალის კალაპოტი გაწმინდეს, თუმცა ტყის აღდგენა არ მომხდარა. პირიქით, ერთ-ერთი წინასაარჩევნო კამპანიის დროს საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას შეშის ვაუჩერები გადასცა. ვინაიდან ვაუჩერები იმ დროს დარიგდა (ნოემბრის თვეში), როცა მთაში შეშის მოჭრა შეუძლებელი იყო, მოსახლეობამ ადვილი გამოსავალი მოძებნა და ჭიაურის ტყეებს მიადგა შეშის მოსაჭრელად. შედეგად მივიღეთ უზარმაზარი “უდაბნო” (დაახლოებით 800 ჰა) შუაგულ კახეთში. “უდაბნო”, რომელმაც უნიკალური ტყე ჩაანაცვლა.
საბედნიეროდ ტყის აღდგენა დაწყებულია. “სამხრეთ კავკასიაში ტყის ლანდშაფტების აღდგენა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების შემცირების მიზნით” – ასეთია იმ პროგრამის სახელწოდება, რომელი პროგრამის ფარგლებშიც ჭიაურის ტყის აღდგენა დაიწყო. პროექტს გერმანიის მთავრობა აფინანსებს.
ის ფაქტი რომ ჭიაური ტყე რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აღდგება, რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ ალბათ ერთხელ კიდევ ყველანი უნდა დავფიქრდეთ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ჩვენს უგულო დამოკიდებულებას ბუნების მიმართ.
აქ იყო ტყე:(