ანაბეჭდი წყალზე

წყალი, ჰაერი და საკვები – სამი რამ, რის გარეშეც ადამიანს არსებობა არ შეუძლია.
მეცნიერებმა დაადგინეს რომ ადამიანს ჰაერის გარეშე შეუძლია რამდენიმე წუთი გაძლოს, წყლის გარეშე 7 დღე, ხოლო საკვების გარეშე 40 დღე.
(მე პირადად ან მონაცემებში ეჭვი მეპარება, მაგრამ რადგან მეცნიერებმა დაადგინეს…)
კითხულობ ახლა ამ პოსტს, გეღიმება და იწყებ ფიქრს კიდევ რის გარეშე არ შეგიძლია არსებობა… კარგი იფიქრე და თან ირგვლივ მიმოიხედე… დააკვირდი გარემოს შენს ირგვლივ, ყველაფრის დასამზადებლად რასაც შენს ირგვლივ ხედავ საჭიროა წყალი.
საიდან დავიწყო?
სავარაუდოდ შენს მაგიდაზე დგას ერთი ფინჯანი ყავა. როგორ ფიქრობ რამდენი წყალია ერთ ფინჯან ყავაში?
1 ლიტრი?
5 ლიტრი?
თუ 140 ლიტრი?

ჰო, დაახლოებით 140 ლიტრი წყალი სჭირდება ერთი ფინჯანი ყავის მომზადებას.
რატომ?
წარმოიდგინე ყავა რომელსაც შენ სვამ ჯერ დათესეს, მერე დაკრიფეს, მერე საწარმოში მიიტანეს, გადაამუშავეს, შეფუთეს და გასაყიდად გამოიტანეს.
მერე მკვლევარები, სტატისტიკოსები თუ მეცნიერები დასხდნენ, დაიწყეს დათვლა და ბევრი ითვალეს თუ ცოტა ითვალეს, გამოითვალეს რომ ერთი ფინჯანი ყავის მოსამზადებლად საჭიროა 140 ლიტრი წყალი.
ეს ვირტუალური წყალია, ანუ ეს არის პროდუქტის “დაფარული წყალი” ანუ წყლის ის რაოდენობა, რომელიც პროდუქტის წარმოებაზე დაიხარჯა, გაანგარიშებული პროდუქტის წარმოების ადგილას.
იგივე ხალხმა გამოითვალა რომ ერთი ბამბის მაისურის დასამზადებლად საჭიროა 2700 ლ წყალი.
1 ჰამბურგერი – 2400 ლ წყალი.
1 ჭიქა ლუდი – 75 ლ წყალი.
1 კგ ტყავის ნაწარმი – 16 600ლ წყალი.
1 კგ ყველი – 5000 ლ წყალი.
1 ნაჭერი პური – 40 ლ წყალი.
1 კგ ქათმის ხორცი – 3900 ლ წყალი.

წყლის ანაბეჭდი – ეს არის ერთი ადამიანის, თემის ან მთელი ქვეყნის მიერ მოხმარებული პროდუქტების და სერვისების წარმოებისათვის გამოყენებული წყლის მთლიანი მოცულობა.

ცოტა სტატისტიკა:
დედამიწის 71% დაფარულია წყლით, აქედან 97.4% მლაშე წყლებია, ხოლო 2.6% მტკნარი წყლები.
წონის მიხედვით წყალი შეადგენს ხემცენარეების 60%-ს და ცხოველების უმრავლესობის 50-60%-ს.

ადამიანის ორგანიზმი შედგება 55- 60% წყლისაგან.

არსებობს მიწისქვეშა და ზედაპირული წყლები.
ნალექების ნაწილი იფილტრება ნიადაგში და ავსებს ნიადაგსა და ქანებში არსებულ ნაპრალებს, ფორებს და სხვა სივრცეებს, ამ წყლებს მიწისქვეშა წყლები ეწოდება.

ზედაპირული წყლები არის ისეთი წყლები, რომელიც მიედინება მდინარეებში, ტბებში, რეზერვუარებში და ჭარბტენიან ტერიტორიებზე. ამ წყლების 2/3 იკარგება წყალდიდობის დროს და მხოლოდ 1/3 წარმოადგენს მტკნარი წყლის რესურსების სტაბილურ წყაროს.
რაში ვიყენებთ წყალს: ყველაზე დიდი რაოდენობით სოფლის მეურნეობაში 82 %, ინდუსტრიულ წარმოებაში 16 %, ხოლო რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის მხოლოდ 4% გვჭირდება.

ისევ სტატისტიკა:
1900 წლიდან წყლის მოხმარება გაიზარდა 9-ჯერ.
ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდა 4-ჯერ.
დღესდღეობით მოიხმარება ზედაპირული ჩამონადენი წყლების სტაბილური მარაგის 35%.
ჩამონადენი წყლების 20% რჩება მდინარეებში და უზრუნველყოფს ტვირთის გადაზიდვას, დაბინძურების განზავებას, სათევზე მეურნეობების და ველური ბუნების შენარჩუნებას.

რაც შეეხება საქართველოს…
“საქართველო მდიდარია წყლისრესურსებით” – ვფიქრობ ეს ყველაზე გავრცელებული ფრაზაა, რომელსაც ყოველი მეორე ადამიანისაგან მოისმენ, თუკი რა თქმა უნდა წყალზე დაუწყებ საუბარს.
არადა მე არ მჯერა ამის. იმიტომ რომ ჩემს ონკანში წყალი ყოველ მეორე დღეს მოდის, დაახლოებით ორი საათით და თან საინტერესო რაღაც-რაღაცებიც მოყვება:)
შეიძლება ზოგადად წყალი გვაქვს, მაგრამ სასმელი წყლის დეფიციტიც რომ გვაქვს ესეც ფაქტია…