ფოტო ფაქტები: დუშეთის ხევი

მდინარე დუშეთის ხევზე მოწყობილი უკანონო ნაგავსაყრელი 😐

Advertisements

ბოლო პოსტები ზედმეტად არამწვანე გამომივიდა და აი ეს ფოტო კომპენსაციისთვის:(

ერთი ფოტო ისტორია

თითქმის სულ ასეთი ცარიელია დუშეთის ქუჩები.
შეიძლება ნახევარი ქალაქი ისე მოიარო ადამიანი არ შეგხვდეს.

სირაქლემები


ფოტოები, რომელიც ახლა მინდა გაგიზიაროთ, რამდენიმე დღეა ჩემს ლეპტოპშია.
არც სკანდალურია, არც ისეთ ინფორმაციას შეიცავს, რომელსაც ქვეყნისთვის ან იმ ქალაქისთვის სადაც ვცხოვრობ ზიანის მოტანა შეუძლია. მაგრამ მაინც ვიკავებდი თავს გამოქვეყნებისგან და პოსტის დაწერისგან.
ძალიან მარტივი მიზეზის გამო – არ მეწერებოდა.
ჩემმა ერთგულმა მკითხველებმა კარგად იცით, აპოლიტიკური ბლოგი მაქვს. მაგრამ ახლა ძალიან მიჭირს სიმშვიდის შენარჩუნება და ნეიტრალურ პოზიციაზე დგომა.
ისე მიჭირს, როგორც არასდროს. არადა სულ რამდენიმე სურვილი მაქვს.
1.ძალიან მინდა ოდესმე ეს ქვეყანა ჯაშუშომანიით შეპყრობილი ადამიანებისაგან გაიწმინდოს.
2.მინდა ადამიანებმა უსამართლობაზე თვალი აღარ დახუჭონ.
3.ჟურნალისტებმა კოლეგიალობის გრძნობა თბილი სკამების დაკარგვის შიშით აღარ დაკარგონ.
4.ოდესმე სახელისუფლებო მედიას მოსწყინდეს სირაქლემას პოზაში ყოფნა და ხელისუფლების ორგანოდან თავი გამოიღოს.

ეს სურვილების არასრული ნუსხაა, გაგრძელება შეიძლება, მაგრამ ახლა პოსტის მთავარ თემას დავუბრუნდები. ფოტოებს რომელიც რამდენიმე დღის ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში გადავიღე (სამართლიანად გაგახსენდათ ის ანეგდოტი, მთელი ქუთაისი ცენტრში რომ ცხოვრობს).

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ნებისმიერი უცხო ქალაქის აღქმას სადგურიდან ვიწყებ. მოდი ვნახოთ რა დახვდება ადამიანს რომელიც ქუთაისში მატარებლით ჩამოვა.

This slideshow requires JavaScript.

ამ ხედით დატკბობის შემდეგ მგზავრს შეუძლია იქვე სადგურის შიდა კიბით (სადაც აუტანელი სუნი დგას) გავიდეს ქუჩაში, ან გარე ხედებით “დატკბეს” და “კომფორტული” კიბეებით ისარგებლოს.

ესეც ბუნებრივი “ხეივანი” სადგურის ზედა მხარეს, კუპრაძის ქუჩაზე. ვისაც არ გამოგიცდიათ, გირჩევთ გამოსცადოთ. აქ გავლა ერთი “სიამოვნებაა”. განსაკუთრებით ექსტრემის მოყვარულებისთვის. ადრენალინის ზღაა. შეიძლება გველი გამოსრიალდეს ან მასთან გათანაბრებული ქვეწარმავალი, მაგალითად ხვლიკი:)

P.S. ეს ფოტო დღეს გადავიღე როცა რკინიგზის სადგურის გავლით ვცდილობდი ბალახვანში ჩასვლას. თუმცა როგორც ხედავთ აქ გავლა შეუძლებელია. ამიტომ საკმაოდ შორი გზის გავლა მომიწია დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად.

დასასრულს ერთი შენიშვნა. რკინიგზის სადგურის ირგვლივ რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულება მდებარეობს. სასამართლო, პროკურატურა, იუსტიციის სახლი. იქვეა საავადმყოფოც. ფოტოები სადაც “ბუნებრივი ხეივანის” ფონზე ეს დაწესებულებები ჩანდა, თვითცენზურას შეეწირა.
რატომ?
ქვეყანაში სადაც ყველაფერი მოსულა, არაფერია გამორიცხული.
თუმცა აუცილებლად დავინტერესდები და გავარკვევ ვის ევალება აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება, ქუთაისის ადგილობრივ თვითმმათველობას თუ რკინიგზის სადგურს. თქვენც შეგატყობინებთ. ასე რომ…

To be continued….

შორია ევროპამდე?

ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდაო…

ამ პოსტის დაწერა ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა, როცა გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმების შესახებ გავიგე. თუმცა მერე გადავიფიქრე. რა უნდა დამეწერა? რომ ძალიან შეშფოთებული ვარ, მეტისმეტად აღშფოთებული და გაბრაზებული? ღრმა შეშფოთება ისედაც საქართველოში არსებულმა თითქმის ყველა გარემოსდაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციამ გამოხატა.

ამონარიდები განცხადებებიდან:

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა გამოხატავს შეშფოთებას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო, ვინაიდან, ჩვენი აზრით, ეს პროცესი დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკებსა და საფრთხეებთან. კერძოდ კი, ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გარემოსდაცვითი სტრუქტურების ქმედითუნარიანობისა და ეფექტურობის შემცირება, საფრთხის წინაშე დააყენოს საქართველოს გარემოს დაცვის საქმე და შეაფერხოს ევროინტეგრაციის პროცესი.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რესტრუქტურიზაციის გეგმის გამო.


გარდა ამისა საქართველოში მოქმედმა ოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური მიმართვა გაავრცელა საქართველოს მთავრობისადმი, ამ მიმართვაში საუბარია იმ საფრთხეებზე რომელიც შეიძება მოჰყვეს გარემოს დაცვისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციას.

არსებობს საშიშროება, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსადმი დაქვემდებარებით შეილახება დაცული ტერტორიების ძირითადი ფუნქცია _ ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების კონსერვაცია – დაცვა და შენარჩუნება. მთავრობის წევრთა განცხადება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათ დაცული ტერიტორიები მხოლოდ ტურიზმის განვითარების ერთ–ერთ საშუალებად მიაჩნიათ. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია მინისტრ ხაჩიძის (რომელმაც მხარი დაუჭირა ამ “რეფორმას”) განცხადება, რომლის თანახმადაც გარემოს დაცვის სამინისტროს მხოლოდ “წმინდა გარემოსდაცვითი ფუნქციები დარჩება”, რითაც მან აღიარა, რომ დაცული ტერიტორიების მართვა მას გარემოს დაცვის ღონისძიებად არ მიაჩნია“

„არსებოს საშიშროება, რომ საქართველოს ტყეები განხილული იქნება, როგორც მხოლოდ ეკონომიკური რესურსი და უგულვებელყოგილი იქნება მათი ეკოლოგიური და სოციალური ფუნქცია, რაც მოკლე ხანში გამოუსწორებელ შედეგებს გამოიღებს“.

მიუხედავად არასამთავრობოს სექტორის აქტიურობისა, კანონპროექტი, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხს ეხება, პარალმენტში განსახილველად მაინც შევიდა. ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ მთავრობის შემადგენლობაშო ორი ახალი დასახელების სამინისტრო შევა: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტრო.
ჩემი აზრით ერთი ნათელი წერტილი ამ ამბავში ისაა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო კვლავ გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში დარჩება. სხვა დანარჩენი ბლაბლაბლაა და მეტი არაფერი. ეჭვი არ მეპარება პარლამენტი ისეთივე „წარმატებით“ მიიღებს ამ კანონს, როგორაც სხვა კანონებს იღებდა.
კიდევ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იმ დეპუტატების 80% ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს გაგებაში არ იქნება რას მისცეს ხმა. რა საჭიროა წაკითხვა ან ფიქრი, მთავარია პარტიული დავალება.

ამონარიდი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებიდან:

ორჰუსის კონვენციის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა იმ ეტაპზე, სანამ არჩევანის გაკეთება ჯერ კიდევ შესაძლებელია (კონვენციის დედანში – while options are still open). გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გაუმჭვირვალე პრაქტიკა, გარემოსდაცვითი სექტორისადმი ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება არ შეეფერება ქვეყანას, რომელიც ისწრაფვის ევრო–ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისაკენ. შემოთავაზებული მოდელი გვაგონებს რამდენიმე წლის წინათ პუტინის რუსეთში განხორციელებულ რეფორმას. გამოვთქვამთ შეშფოთებას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ “საქართველო გახდება მდგრადი განვითარების სამოდელო ქვეყანა”.

დავუბრუნდები სათაურში გამოტანილ შეკითხვას.
შორია ევროპამდე?
შორია, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან ბნელა!

2010

ჩემი ბლოგი ერთი წლისაა. ერთი წლის წინ გაზეთის რედაქციაში ტრენინგისთვის CV-ს ვავსებდი, რომელიც სოციალურ მედიას ეხებოდა. მეილი გავაგზავნე და დავფიქრდი რატომ უნდა დაველოდო პასუხს მოვხვდები თუ არა ტრენინგზე, ვცდი – ბლოგის შექმნა არც ისე რთულია.
ვცადე და ასე გაჩნდა ჩემი ბლოგი.
თავიდან ვწერდი ყველაფერზე, მაგრამ მერე მივხვდი რომ სულაც არ მომწონდა ის რასაც ვწერდი, ამიტომ ავდექი და წავშალე.
ჩემი ბლოგის ახალი სიცოცხლე მაისიდან დაიწყო, როცა IUCN ის ტრენინგზე საინტერესო იდეა შემოგვთავაზეს და მეც გადავწყვიტე გარემოს დაცვაზე დამეწერა.
ერთი შეხედვით საკმაოდ მოსაწყენია ბლოგზე თვეების მანძილზე წერო პოსტები, რომელიც გარემოს დაცვას ეხება. მეორეც, ძალიან რთულია მარტივი ენით, პროფესიული ტერმინების გარეშე წერო ამ თემაზე.
რაც მთავარია ძალიან, ძალიან რთულია იაზროვნო ეკოლოგიურად.

დასაწყისში არჩევანის წინაშე ვიდექი: ბლოგი ყოფილიყო ყოველდღიურად განახლებადი, მომეძიებინა ქართული ნიუსები, მეთარგმნა უცხოური თუ გამეკეთებინა ბლოგი, რომელზე განთავსებული ინფორმაცია დროს გაუძლებდა და ნიუსისგან განსხვავებით რამდენიმე თვის შემდეგაც საინტერესო წასაკითხი იქნებოდა.
ავირჩიე მეორე გზა, რამდენად გამომივიდა ეს თქვენ, ჩემი ბლოგის მკითხველებმა უნდა შეაფასოთ.
ადვილია აიღო რომელიმე წიგნი, ნარკვევი ან ბროშურა გარემოს დაცვაზე, ეკოლოგიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, გააშინაარსო და საკუთარ ნაააზრევად შეასაღო შენს მკითხველს. ან სულაც არ გააშინაარსო და თავის ტერმინებიანად გადმოწერო.
რთულია თავიდან ბოლომდე წაიკითხო ეს წიგნები, ნარკვევები, ბროშურები, პოსტის დასაწერად დაჯდე კომპიუტერთან და ვერაფერი ვერ დაწერო. იმიტომ რომ გაქვს შეგრძნება, ეს ერთხელ უკვე დაიწერა, რაღაც ახალი გინდა, რაც ჯერ არ დაწერილა. და ამ ახლის ძიებაში შეიძლება შემოგეკითხოს სქელტანიანი “მეტყევეობა”, არანაკლებ სქელტანიანი “ბუნების კარი”, რამდენიმე ათეული პატარა ბროშურა და ბოლოს სასოწარკვეთილებაში ჩავარდე “რა ჯანდაბა დავწერო”.
თემები გაქვს, არაპოპულარული, მაგრამ საინტერესო, თუმცა სრულყოფისთვის ჯერ კიდევ უნდა მოიძიო ინფორმაცია. ყველაზე ცუდი ის მომენტი იყო, როცა არასრულყოფილი პოსტები დრაფტში იყრებოდა. ისინი ახლაც იქ არიან, ყოველთვის როცა ახალ პოსტს ვწერ საცოდავად მიყურებენ და თითქოს მეხვეწებიან: “გამოგვაქვეყნე რა!”
სამწუხაროდ იმისთვის რომ მათ ვორდპრესის სინათლე იხილონ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს წასაკითხი.
ბევრი იდეა, რომელიც მქონდა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ განხორციელდა. თუმცა იმედი მაქვს 2011-ში მაინც მექნება სანატრელი “ფლიპკამერა” და ყველაფერს რაც 2010-ში უნდა გადამეღო, სწორედ მაშინ გადავიღებ.
ისე საერთო ჯამში 2010 ძალიან წარუმატებელი წელი იყო.
უფრო სწორად ამ წელს დავარქმევდი მოლოდინის წელს. კონკურსიდან კონკურსამდე, პროექტიდან პროექტამდე გამაწამებელმა მოლოდინმა და ნერვიულობამ დაღი ჩემს ჯანმრთელობას დაასვა.
გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი ყველაზე მთავარი ადამიანისთვის არის ჯანმრთელობა – მხედველობა + სმენა. ჩემი აზრით შეუცვლელი და შეუფასებელი საუნჯეა. სხვა ყველაფერი, მეორეხარისხოვანია.
ბლოგს რომ დავუბრუნდე, ბლოგისთვის დადებითად შევაფასებდი ამ წელს. 2010-ში ჩვენ (მე და ჩემმა ბლოგმა) მოვიპოვეთ სტაბილური მკითხველი, ქუთაისურმა გაზეთმა “პოსტსკრიპტუმმა” ჩემი ერთ-ერთი პოსტიდან ფოტოები აიღო და გაზეთში დაბეჭდა.
მეტს განსაკუთრებულს ვერაფერს ვიხსენებ….
თუმცა მაინც ვფიქრობ ეს ბლოგი ესკიზია იმ დიდი პროექტისა, რომლის განხორციელებასაც ვაპირებ. და კიდევ ჯიუტად მჯერა, რომ ოდესმე ეს ბლოგი გახდება სასარგებლო და ძალიან, ძალიან საინტერესო.
ბევრი ვწერე, იდეაში მინდოდა შემაჯამებელი პოსტი დამეწერა. მგონი გამოვიდასავით.
ბოლოს, მინდა მადლობა გითხრათ თქვენ, ჩემი ბლოგის მკითხველებს. განსაკუთრებული მადლობა კი შენ, ჰო შენ ამ პოსტს რომ კითხულობ ახლა და ბოლოში რაღაცას დამიტოვებ კომენტარის სახით.
კომენტარს რაც შეეხება, როცა რაღაცას აკეთებ, ამ შემთხვევაში წერ – გჭირდება უკუკავშირი. დასტური იმისა, რომ ვიღაცამ კი არ გადაგიარა, არამედ წაგიკითხა და თავისი ემოცია კარგი ან ცუდი დაგიტოვა პოსტზე.

ყველას გილოცავთ შობას და ახალ წელს!
რას გისურვებთ?
სურვილების ასრულებას…
შემოიარეთ ხოლმე ჩემთან, ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სახეტიალო….

ყველაფერი ახალი…

მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ბლოგის განახლებას, ახალი პოსტების დაწერას ვერ ვახერხებ.
ამ რამდენიმე დღის წინ შევეცადე დამეწერა. პატარა მდინარის, ოღასკურას პრობლემებზე მინდოდა მომეყოლა. მთელი დღე ვიხეტიალე, სურათები გადავიღე, რამდენიმე საინტერესო კადრი მოხვდა ჩემს ობიექტივში, საღამოს როცა უკვე ტექსტი მზად მქონდა აღმოვაჩინე რომ ყველაფერი წაშლილი იყო. სამწუხაროდ ვეღარ მოვძებნე ჩემს თავში ძალა მეორედ წავსულიყავი და იგივე გზა გამევლო.
საერთოდაც რატომ ვლაპარაკობ ამდენს, ვის აინტერესებს დაუწერელი და გამოუქვეყნებელი პოსტები.
მოდი უკვე დაწერილებს გადავხედოთ. მეც თქვენთან ერთად გავიხსენებ.

ოღასკურაზე კი სხვა დროს მოგიყვებით. გიამბობთ ამბავს რა დაემართა პატარა მდინარეს რომელიც ჯერ ნაგვით დაახრჩვეს. ახლა კი მის ერთ მონაკვეთს მილებში მოაქცევენ და საიმედოდ ჩააბეტონებენ.

1.არაფერია მზის ქვეშ ახალი

2. The Day After Tomorrow

3. მოხეტიალეს ჩანაწერები

4. წყალი ჩვენი არსობისა

5. ბედი, რომელიც ხეს არ ეღირსა

ფანჯრიდან გაფრენილი კულტურა

დღეს დილით:
თეთრი სამარშუტო ტაქსიდან ყვითელი პარკი გამოფრინდა, ცოტახანს იფარფატა ჰაერში და მერე თვალს მიეფარა…

თბილისი, დიდუბის ავტოსადგური, ივლისი, 2010
-დე მიყიდე რა ბანანი.
უყიდა.
-დე მიყიდე რა კოკაკოლა.
უყიდა.
-დე სად წავიღო ეს კანები?
-მოიცა დაიძრება “მარშუტკა” და გადავაგდოთ სადმე.

ერთი რიგითი დღე, სამარშუტო ტაქსი, დილა.
-ფანჯარა გამოაღო და მრავალჯერ გამოყენებული ერთჯერადი ცხვირსახოცი ქუჩაში მოისროლა.

აგვისტო, 2010, ისევ სამარშუტო ტაქსი:
რაღაცნაირი ტიპი იყო, ცოტა მომხიბლავი, შავგრემანი… ფანჯარაში იყურებოდა და ლუდს წრუპავდა…ის იყო ბოლო ყლუპი იგემა, ოდნავ წამოიწია და ფანჯრიდან ცარიელი ლუდის ბოთლი მოისროლა. ვერ გათვალა… უკან მომავალ მანქანას მოხვდა.
-ბიჭო შენ აზრზე ხააააააარ?
– “იზვინი ბრატ”…

რომელიღაცა თვის რომელიღაცა დღე…

არავინ იცის როგორი იყო, გოგო იყო თუ ბიჭი… უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს (რომელიც შეიძლებოდა სულაც არ ყოფილიყო მშვენიერი) ქუთაისის განახლებულ ძველ უბანში გაიარა, გაიხედა-გამოიხედა და ახლადმოპირკეთებულ ფასადზე მათემატიკური ჭეშმარიტება მიაჯღაბნა:
1+1=3

2010, ივლისი, ერთიანი ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი დღე:

ქუთაისი, წარწერა #7 ავტობუსში:
მზესუმზირა და ბანანი მიირთვით კანიანად!

ისევ ერთი რიგითი დღე… ისევ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ისევ ღია ფანჯრები, ისევ… ისევ…
გადააგდო…
გადააგდო…
გადაგდო…