ღია ბიბლიოთეკა ბათუმში

გუშინ ბათუმში პალიტრა მედიამ ბათუმში ახალი პროექტი “ბიბლიოთეკა ღია ცის ქვეშ” დაიწყო. პლაჟზე სპეციალური ღია თაროები დაიდგა, რომლებზეც “გამომცემლობა პალიტრა L-სა” და პროექტ “მაკულატურიდან” “გადარჩენილი წიგნებია” განთავსებული.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს, სასურველი წიგნი აირჩიოს და წაკითხვის შემდეგ უკან დააბრუნოს. ამასთან თუ სურვილი გაქვთ ბიბლიოთეკის გამდიდრებაზეც შეგიძლიათ იზრუნოთ და ბიბლიოთეკას წიგნები აჩუქოთ.

ღია ბიბლიოთეკა ბათუმში სეზონის ბოლომდე უმასპინძლებს დამსვენებლებს.

შვებულება რომ მქონდეს,ზღვა რომ მიყვარდეს ან პლაჟზე ნებივრობა, ეს პროექტი ზუსტად საჩემო იქნებოდა. თქვენ კი ზღვის და კითხვის მოყვარულებს სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ.

წიგნისთვის დრო და ადგილი ყოველთვის მოიძებნება!

This slideshow requires JavaScript.

ერთი დაკარგული კადრის ამბავი

არაფერზე არ მეშლება ისე ნერვები, როგორც დაკარგულ კადრებზე.
ერთი კვირის წინ მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი სოფლიდან მოვდიოდი.
წვიმდა.
დაღლილი, სამარშუტო ტაქსის ფანჯრის მინას მისვენებული, ქუჩას ვათვალიერებდი. ქალაქში შესვლამდე შუქნიშანთან ქუჩა სამხედროებმა გადაკვეთეს. ბევრნი იყვნენ, მწყობრში იდგნენ და მიდიოდნენ. ერთი ჯარისკაცი ჩამორჩა, ვეღარ დაეწია, თუმცა ცდილობდა ისევ მწყობრი ნაბიჯებით ეარა. უცებ საიდანღაც გამოჩნდა პატარა შავი ლეკვი, ამოუდგა ამ სამხედროს უკან და მასთან ერთად განაგრძო გზა. მარშუტკა დაიძრა, თითქმის გავუსწორდით სამხედროებს. მიუხედავად იმისა რომ წვიმდა, ხალხი ჩერდებოდა, სამხედროებს უყურებდა და იღიმებოდა. საოცარი კადრი იყო, Pictures of the days, რომლის გადაღებაც ვერ შევძელი 😦

მეორე კადრი, გუშინ „დავკარგე“. შავი, დაბურულმინებიანი ჯიპი, თავზე ტაქსის ნიშნით…

მესამე დღეს. რაც იმ კადრისგან დარჩა, ქვემოთ ფოტოზეა….:|

Never say Never

როცა გუშინ დილით თვალი გავახილე და კედელზე მცოცავ ლოკოკინას თვალი მოვკარი, ვიფიქრე რომ ეს დასასრული იყო. სამყაროს, ცხოვრების და საერთოდ ყველაფრის.

ადვილი არ არის უცხო ქალაქში თავის დამკვიდრება. საერთოდ არაფერი არაა ადვილი დედამიწაზე, მაგრამ ამ დღეებში ღმერთები აშკარად არ მწყალობდნენ. ბათუმში ცხოვრების სამი დღის მანძილზე მოვახერხე მინიმუმ 20-ჯერ დაკარგვა, შორიდან დავინახე ზღვა, სამივე ღამე სხვადასხვა სახლში გავათიე და რამდენიმე ათეული ადამიანი გავიცანი.

გუშინ საღამოს საყოფაცხოვრებო პრობლემები ნაწილობრივ მოვაგვარე. ბინა შევიცვალე. შესაბამისად დღეს მუშაობისთვის სასიცოცხლო ძალები მოვიკრიბე. ლეპტოპში თავჩარგული აღარ ვტიროდი და სამყაროც ბნელეთით მოცული აღარ მეჩვენებოდა.

დღეები გარბიან, ერთმანეთს არ ჰგვანან, ბევრი რამ ხდება. წამები, წუთები მნიშვნელობას იძენს, მაგრამ ამ ყველაფერს თითქოს აკლია რაღაც ან ვიღაც.

არასოდეს მდომებია საკუთარი ცხოვრების შეცვლა ისე, როგორც ახლა. თუმცა არ ვიცი რაღა უნდა შევცვალო. ამაზე რადიკალური რა უნდა გავაკეთო სულიერი სიმშვიდისათვის. დაშრობის პირას მისულ მდინარეში მოფართხალე თევზივით ვცდილობ გადარჩენას და ადაპტაციას. შეგუებას, შეჩვევას, შეყვარებას და გუშინდელი, იმის წინანდელი და კიდევ იმის წინანდელი დღეების, თვეების მეხსიერებაში გადატანას.

ჩემი მეგობარი მეუბნება რომ ყველაფერი შეიცვალა, უბრალოდ მე ვერ ვხვდები ჯერ ამას. მეორე მეგობარი მწერს რომ კალაპოტ დაკარგულ მდინარეს ვგავარ, რომელიც კალაპოტში დასაბრუნებელ გზებს ეძებს და რომ გაქცევა არაა გამოსავალი.

გუშინ საღამოს, როცა მერაღაცამდენედ შევკარი ბარგი და ახალ ბინაში გადავედი მივხვდი რატომ თხოვდებიან ქალები მამკაცებზე, რომლებიც არ უყვართ. გუშინვე მივხვდი მეგობრები რომ არ მყავდეს ამდენს ვერ გავუძლებდი. ნან<3.

მიუხედავად იმისა რომ ხვალინდელი დღე არავის არ აქვს გარანტირებული, ხვალინდელი დღის გარანტიას ის ადამიანები მაძლევენ, ვისაც სჯერათ რომ შევძლებ. ეს რწმენა ერთის მხრივ ძალას მმატებს და მეორეს მხრივ მახსენებს პასუხისმგებლობებს და ვალდებულებებს რომელიც ავიღე და რომელიც უნდა შევასრულო.

ყველაფერი გაივლის… დაღმართს აღმართი მოსდევს და პირიქით.

დასასრული გვაბრუნებს დასაწყისთან.

მშვიდობით ხევსურეთო

ტირილი არ მინდა, მაგრამ ცრემლებს ვერ ვიკავებ.

საერთოდ ასე მჩვევია. გადაწყვეტილებას მივიღებ და მერე ბოლო წუთებში სინანულს ვიწყებ. მიჭირს აქაურობის დატოვება და მეხსიერებაში გადატანა.

ჯერ კიდევ გუშინ, ვამბობდი რომ არაფერი მომენატრებოდა აქ და უკან არასდროს დავბრუნდებოდი. მაგრამ დღეს, როცა ჩემს ერთ აქაურ მეგობარს, ქეთის დავემშვიდობე, რაღაცა ჩამწყდა. არ შემიძლია ასე ადვილად ადამიანების მიტოვება. არც ქეთის და არც სხვების.

ყველაზე მეტად კი ჩემი ენერგოვამპირის მიტოვება მიჭირს, რომელსაც ცხოვრების შვიდი თვე მივუძღვენი.

ყველაფერს აქვს დასასრული. i-ს თავზე წერტილის დასმა რთულია, მაგრამ საჭირო. წერტილი ჯერ კიდევ ორი თვის წინ დავსვი, როცა ახალ პროექტზე და შესაბამისად ამ ქალაქში დარჩენაზე უარი ვთქი. მერე მთელი ეს დრო ვფიქრობდი სწორად ვიქცეოდი თუ არა.
ახლა ეჭვი აღარ მეპარება ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. აქედან წასვლით საკუთარი თავი გადავარჩინე სულიერი სიკვდილისგან. ვიღაცისთვის შეიძლება რთული გასაგები იყოს, მაგრამ როცა სამსახურის მიღმა არაფერია, როცა ადამიანებთან საერთო ინტერესებს ვერ პოულობ, ისედაც რთული ცხოვრება ათმაგად რთულდება.

მთელი შვიდი თვე ვიხსენებდი Continue reading

მე შენ მოგიჭრი ხეს

მე შენ მოგიჭრი ხეს და შენ ხმას ვერ ამოიღებ.
მე შენ აგიშენებ შუშის შენობას, ბაღის ნაცვლად და შენ ხმას ვერ ამოიღებ.
მე უკვე მოგიჭერი ხეები ბათუმში და შენ ხმა ვერ ამოიღე.
მე უკვე გაგიჩეხე ხეივანი ქუთაისში და შენ ხმა ვერ ამოიღე.
მე გაგიჩეხე ხეები ზუგდიდში, შენ ხმა ამოიღე, მაგრამ ტყუილად იღაღადე და დარჩი ასე, უდაბნოსა შინა მღაღადებლად.

საერთოდაც, გააპროტესტე რამდენიც გინდა.

მე შეგიცვალე კონსტიტუცია და შენ ხმა ვერ ამოიღე.
მე გიცვლი კანონებს და შენ ხმას ვერ იღებ.
მე უკანონოდ გავცემ ლიცენზიებს/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს და მერე ვიღებ კანონებს, რომ ეს კანონები უკანონობას მოვარგო.

და შენ ხმას ვერ იღებ…

მე შენი ხელისუფლება ვარ.
შენ არავინ ხარ, შენი აზრი არ მაინტერესებს.
ყველაფერი ისე იქნება როგორც მე გადავწყვეტ.

შენ გექნება შუშის შენობები, დატბორილი ხაიში, აღარ გექნება თერგი, მაგრამ გექნება “განათებული” საქართველო.

შენ არ იცი რა გინდა.
მე ვიცი შენ რა გინდა.
ყველაფერს მე ვწყვეტ.

ვიღაცის/ვიღაცების გადაწყვეტილებით ახლა კიკვიძის ბაღს ჩეხავენ. ადამიანები ცდილობენ ეს ბაღი გადაარჩინონ.
იყავი რიგითი ადამიანი.
გადაარჩინე.
დღეს და ახლა. შენი მომავლისათვის.

Georgian Blogging Days

ცაიტნოტში დაწერილი პროექტით ქართული ბლოგინგის დღეების ერთ-ერთი მონაწილე გავხდი.
ხვალ კვარიათში მივდივარ.
ცოტახნისწინ ვნახე პროგრამა და სასიამოვნოდა გაოცებული დავრჩი. ზღვას ვერ ვიტან, მაგრამ მთის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ჰოდა კვირას მაღალმთიან აჭარას ვესტუმრებით. იქ არასოდეს ვყოფილვარ. ზუსტად ვიცი რომ მომეწონება.

მთლიანი პროგრამა ასე გამოიყურება:

პარასკევი:
09:00 – 09:30- შეკრება, გამგზავრება
09:30 – 16:30 – გზა
16:30 – 17:30 – დაბინავება
18:00 – 19:00 სადილი
19:00 – 20:00 შეხვედრა, გაცნობა, განახლებული სარფის საბაჟოს დათვალიერება.
20:00 -თავისუფალი დრო

შაბათი:
08:30- 09:30 – საუზმე
10:00 – 12:00 – კონფერენცია, პროექტების პრეზენტაცია.
12:00 12-30 – შესვენება
12:30 – 14:00 – კონფერენცია, პროექტების პრეზენტაცია (გაგრძელება)
14:00 – 15:00 – სადილი
15:00 – 16:00 – შეჯამება- სიგელების გადაცემის ცერემონია.
16:00 – 18:00 – თავისუფალი დრო
18:30 – 19:30 ბათუმში გამგზავრება
19:30 – ავტობუსთან შეკრება ძველ ბულვარში, იუსტიციის სახლთან გამგზავრება
20:00 – 21:00 იუსტიციის სახლის პრეზენტაცია
21:00 – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან შეხვედრა (ვახშამი აჭარის მთავრობის სახელით)

კვირა
08:30 – 9:30 – საუზმე
9:30 – გამგზავრება მარალმთიან აჭარაში, მაღალმთიან აჭარაში დამზადებული ღვინის დეგუსტაცია, ფოლკლორული ტრადიციები, უნიკალური ბუნება
(სადილი რესტორანში)
17:00 – თბილისში გამგზავრება.

ბლოგერებს ქუთაისში შევუერთდები. თითქმის არავის არ ვიცნობ, ამიტომ წინ “გაცნობის ცერემონიალი” მელის, რომელიც იმედია უშუალოდ ჩაივლის. საერთოდაც დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგი და საინტერესო იქნება. ერთადერთი “ჩრდილი” ამ დღეების ისაა, რომ სადიპლომო მაქვს დასამთავრებელი. თუმცა ეს მარტო ჩემი პრობლემა და ორი უძილო ღამეა. ჰო კიდევ ამ საღამოს ჩემი პროექტის პრეზენტაცია მაქვს გასაკეთებელი და შეპირებული პოსტი დასაწერი. არა რა. ჩემი გამოსწორება არ იქნება 🙂

წყალი ჩვენი არსობისა

დღეს ვწერ წყალზე. მე პირადად წყლის გარეშე როგორ შეიძლება იარსებოს ადამიანმა ვერ წარმომიდგენია.. მაგრამ, ჩვენ ადამიანები წყალსაც ისევე უდიერად ვექცევით, როგორც ყველაფერს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მაგალითად, ქართველი კაცი, თუ მდინარის პირას ცხოვრობს, აუცილებლად კანალიზაცია უნდა ჩაუშვას მდინარეში, მერე რა რომ შეიძლება იმ მდინარეში მისმა შვილებმაც იბანაონ.
მეორეც, თუ მდინარის ნაპირას ცხოვრობ, საჭირო აღარაა დასუფთავების ფული გადახდა. ანკი რატომ უნდა გადაიხადო, როცა შეგიძლია დილით გამოხვიდე და პოლიეთილენის პარკში გახვეული ნაგავი პირდაპირ მდინარეში მოისროლო..
ბევრჯერ გამიგონია, საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანააო, მაგრამ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს… ჩემს ონკანში წყალი ამ წუთამდე გრაფიკით მოდის
ხარისხზე აღარაფერს ვამბობ…
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არსებული სიტუაცია, ჩემი მეგობრებისაგან ვიცი. ასე მაგალითად, ბათუმში თუ ძალიან არ გიჭირს ონკანის წყალი არ უნდა სვა, ანალოგიური შემიძლია ვთქვა ქუთაისზე და კიდევ რამდენიმე ქალაქზე.
დღეს მიზეზებზე ვსაუბრობ, თუ რატომ არ გვაქვს სუფთა წყალი.
როგორც გავარკვიე საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი მიზეზი დასახლებული პუნქტებიდან და საწარმოო ობიექტებიდან ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების უქონლობა და არაეფექტური მუშაობაა.
ზედაპირული წყლების ძირითადი დამაბინძურებელია:
1. კომუნალური სექტორი (67%)
2. თბოენერგეტიკა (31%)

დღეისათვის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობების უმრავლესობა მწყობრიდანაა გამოსული და ჩამდინარე წყლები გაწმენდის გარეშე ჩაედინება წყალსატევებში.
წყლის ბიოლოგიური გაწმენდა არ ხდება საქართველოს არცერთ ქალაქში.
თუმცა მცირე გამონაკლისიც არსებობს, პირველადი მექანიკური გაწმენდა ხორციელდება მხოლოდ თბილისი-რუსთავის რეგიონალ გამწმენდ ნაგებობაზე.

რა საფრთხე გველის დაბინძურებული წყლისგან?

მიკრობიოლოგიური ორგანიზმებითა თუ ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული სასმელი წყალი ნაწლავური და ინფექციური დაავადებების ერთ-ერთ უმთავრეს გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს.

აღსანიშნავია რომ, დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია უზრუნველყოფილი უსაფრთხო წყლის უწყვეტი მომარაგებით.

ახლა მცირე სტატისტიკა ქვეყანაში არსებული წყალსადენების შესახებ:

69%-ს არ გააჩნია წყლის გასაუვნებელი დანადგარები,
28%-ს არ გააჩნია სანიტარული დაცვის ზონები,
23% -ს ნედლი წყლის დასამუშავებელი აუცილებელი გამწმენდი ნაგებობა.

70%-ზე მეტ წყალსადენებზე საერთოდ არ არსებობს, ან მწყობრიდანაა გამოსული საქლორე მოწყობილობები, ამის გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს მიეწოდება დაუქლორავი წყალი.

ჰოდა ბოლოსთვის ყველაზე საინტერსო შემოვინახე:
წყლის ხარისხზე არ ტარდება სრული ლაბორატორიული კონტროლი, რის შედეგადაც მომხმარებლისთვის მიწოდებული წყალი ხშირად არ შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს.
მოკლედ როგორ წყალს ვსვამთ ადვილი წარმოსადგენია..
რაც შეეხება გამოსავალს, როგორ შეიძლება მივიღოთ სუფთა წყალი, აი ერთი “რეცეპტი” .

“ წყლის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად და მომხმარებლისთვის საკმარისი რაოდენობის და ხარისხიანი წყლის მისაწოდებლად, აუცილებელია წყლის ობიექტებიდან წყალაღების და წყლის ობიექტებში წყალჩაშვების რეგულირება”.

ყველაფერი კარგი, მაგრამ ახლა აი ამ ყველაფრის დამრეგულირებლის პოვნაა მთავარი.