ხვალინდელი დღე

წინა პოსტში ვწერდი თუ რა არის გლობალური დათბობა და რას შეიძლება ველოდოთ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ. ვაგრძელებ იგივე თემას.
ვარაუდობენ რომ, კლიმატის ცვლილებამ, თუ რა თქმა უნდა იგი არსებობს, შეიძლება დიდი რაოდენობით ხალხი აქციოს ეკოლოგიურ ლტოლვილებად. ზოგიერთი ვარაუდით 2050 წლისთვის დედამიწაზე შეიძლება იყოს 50-150 მილიონი ეკოლოგიური ლტოლვილი. გარდა ამისა კლიმატის ცვლილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობას. როგორც ვარაუდობენ სითბური ტალღების მომატება საფრთხეს შეუქმნის მოხუცებს და გულით დაავადებულებს. მოიმატებს ასთმითა და ბრონქიტით დაავადებულთა რიცხვი. ბაქტერიების გამრავლება და ობის წარმოქმნა პროდუქტებზე გაზრდის, პროდუქტების გაფუჭების და ზოგიერთი სახის მოწამვლის სიხშირეს. ზღვის დონის აწევამ შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციური დაავადებების გავრცელებას სანაპირო ზოლში კანალიზაციის და გამწმენდი ნაგებობების დატბორვით.
მკვლევარები ვარაუდობენ რომ კლიმატის ცვლილება უარყოფითად იმოქმედებს ბიომრავალფეროვნებაზე.
მომავალი საუკუნის განმავლობაში ტყეების მთელი ნაირსახეობები შეიძლება გაქრეს დედამიწიდან, მათ შორის მსოფლიოში არსებული მშრალი ტროპიკული ტყეების ნახევარი.
გლობალური დათბობის შემთხვევაში შეიძლება ზოგიერთი სახეობა გადაშენდეს კიდეც.
ტყის სიკვდილმა შეიძლება გაათავისუფლოს მის ბიომასაში და ირგვლივ ნიადაგში არსებული ნახშირბადი და კიდევ უფრო დააჩქაროს გლობალური დათბობა.
ტყეების დაღუპვა გამოიწვევს მცენარეების და ცხოველების იმ სახეობების მასობრივ გადაშენებას, რომლებიც ვერ მოახერხებენ მიგრირებას.
დაიღუპება თევზი მდინარეებში და ტბებში.
დაიტბორება ჭარბტენიანი ტერიტორიები.
დაიღუპება მარჯნის რიფები.

რას აკეთებს მსოფლიო გლობალური დათბობის შესაჩერებლად და რამდენად ეფექტურია ეს ღონისძიებები, ამაზე მომდევნო პოსტში მოგიყვებით:)

The Day After Tomorrow

ყველა ჭეშმარიტი გარემოსდამცველი კლიმატის ცვლილებაზე საუბარს ამ ფრაზით იწყებს: კლიმატის ცვლილება, თუ იგი არსებობს….
ჩვენც ასე დავიწყოთ.
რა არის კლიმატის ცვლილება?
კლიმატის ცვლილება, რომელსაც გლობალურ დათბობასაც უწოდებენ, დედამიწის ზედაპირის, უფრო სწორად, მისი მიმდებარე ჰაერის ფენის და ოკეანეების ტემპერატურის ზრდაა.
სკეპტიკოსების აზრით გლობალური დათბობა არ არსებობს.

ოპტიმისტების აზრით კაცობრიობამ უნდა აირჩიოს მოცდის და დაკვირვების გზა, სანამ უკეთესად არ იქნება შესწავლილი კლიმატის ცვლილება.

არსებობს მესამე მოსაზრებაც, რომელიც ჩემი აზრით რეალობასთან ყველაზე ახლოს დგას. ვერცერთი კვლევა ვერ მოგვცემს საბოლოო პასუხს გლობალური დათბობის არსებობა-არარსებობის შესახებ, ხოლო როდესაც უტყუარი მტკიცებულებები გვექნება, პროცესი შეიძლება უკვე შეუქცევადი იყოს. სწორედ ამიტომ უმჯობესია ახლა გატარდეს გარკვეული პრევენციული პოლიტიკა.

ახლა უშუალოდ გლობალურ დათბობაზე.
რატომ იზრდება დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა?
ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის ეფექტის გამო.
სათბურის ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ ატმოსფეროში არსებული სათბური აირები “იჭერს” სითბოს ატმოსფეროს ქვედა შრეში- ტროპოსფეროში. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდა გამოწვეულია: წიაღისეული საწვავის გამოყენებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით, ტყის საფარის შემცირებით და ფრეონების გამოყენებით.

პროფესიული ტერმინების მიღმა გლობალური დათბობა ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის შემაშფოთებელი და ცოტა საშიშია. მე პირადად ბევრჯერ მომისმენია, თუნდაც ჩემი მეგობრებისგან, რომ დედამიწას კატასტროფა ემუქრება, რომ ხმელეთის ნაწილი ყინულის საფარველში გაეხვევა, ნახევარი დედამიწას კი აუტანელი სიცხე მოიცავს. “90 გრადუსი იქნება ტემპერატურა”, “ყინულის ლოლუებად ვიქცევით” და ა.შ.

რეალურად მოსალოდნელი შედეგები ცოტა ოპტიმისტურია:)
რაზე შეიძლება იმოქმედოს კლიმატის ცვლილებამ, თუ იგი არსებობს?
პირველ რიგში საკვებზე:
უფრო თბილმა ჰავამ შეიძლება გაზარდოს საკვების წარმოება ზოგიერთ რეგიონში და შეამციროს სხვაგან.
თითო გრადუსით დათბობისას კლიმატური ზოლები გადაიწევს 100-150 კილომეტრით ჩრდილოეთით ან 150 მეტრით მაღლა ზღვის დონიდან.
მომრავლდება მავნე მწერები, მცენარეთა დაავადებები და სარეველები.
სავარაუდოა მოსავლიანობის კლება 10-70%-ით და მოსავლიანი რეგიონების 10-50%-ის დაკარგვა.ზღვის დონის და ტემპერატურის აწევა უარყოფითად იმოქმედებს ზღვის პროდუქტების რაოდენობაზე.
გავლენას მოახდენს წყლის მარაგზეც.
ტბებმა, მდინარეებმა და წყალსაცავებმა, რომლებიც ამარაგებენ წყლით ეკოსისტემებს, ნაყოფიერ ნიადაგებსა და ქალაქებს, შეიძლება დაიკლონ, ან შეწყვიტონ არსებობა.
კიდევ არ უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს კლიმატის ცვლილებამ გარემოზე და ჩვენზე, ადამიანებზე, ამას პოსტის მეორე ნაწილში მოგიყვებით.
მანამდე კი მაინტერესებთ რა იცით გლობალური დათბობის შესახებ.
გჯერათ რომ კლიმატის ცვლილება არსებობს?
გამიზიარეთ თქვენი შეხედულებები, ჩემთვის თქვენი აზრი მნიშვნელოვანია.

P.S. პოსტში გამოყენებულია ნინო წიკლაურის მიერ მომზადებული პრეზენტაცია. პირველ რიგში სწორედ ამ ადამიანს ვუხდი მადლობას მასალების მოწოდებისათვის. შემდეგ მისი აღმატებულება Google-s:)

350

350 წილადი მილიონზე არის ნახშირორჟანგის ატმოსფეროში კონცენტრირების კრიტიკული ზღვარი. იგი საშიშროებას უქმნის პლანეტის მდგრად და უსაფრთხო არსებობას.

treehugger.com

საერთაშორისო მოძრაობა 350.org ევროპის ახალგაზრდული კლიმატური მოძრაობაა. მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის არსებული მაღალი მაჩვენებელი (ნახშირორჟანგის მაჩვენებელი დღეისათვის 390 – ზე მეტია, ეს მაშინ, როდესაც კრიტიკული ზღვარია 350) საფრთხეს უქმნის პლანეტას და ყველაზე მეტად დედამიწის დაუცველ მოსახლეობას.

საერთოდ, კლიმატის რეგულირებაში უდიდესი როლი ეკუთვნის ატმოსფეროს, რომლის შედგენილობა უცვლელია დაახლოებით 50 მლნ წლის მანძილზე.

კლიმატის ცვლილება გამოიხატება დედამიწის საშუალო წლიური ტემპერატურის მომატებით და მისი მიზეზი ადამიანს სამეურნეო მოღვაწეობის შედეგად ატმოსფეროს შემადგენლობის ცვლილებაა. მას მეცნიერთა უმრავლესობა უკავშირებს ატმოსფეროში ე.წ. “სათბური აირების” (ნახშირბადის დიოქსიდი, მეთანი, ფრეონები, ოზონი, აზოტის ოქსიდი) დაგროვებას.
ატმოსფეროში არსებული სათბურის აირები ერთის მხრივ დედამიწამდე უშვებს მზის ენერგიის დიდ ნაწილს, მეორეს მხრივ კი, გარეთ თითქმის, არ უშვებს დედამიწის მიერ გამოსხივებულ სითბოს. ე.წ. “სათბური აირების” ანტროპოგენური წყარო შეიძლება იყოს საწვავი წიაღისეულის წვა, ცემენტის წარმოება, ნაგავსაყრელები, სასუქები და სამრეწველო წვის პროცესები.

შაბათ-კვირის საკითხავი

21 – ე საუკუნის ადამიანი.
განათლებული.
განვითარებული.
ბუნების მტერი.

პრობლემა #1 ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება

მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება იწვევს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებებს, ასევე სხვადახვა პათოლოგიებს.
საქართველოს ქალაქებში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი წარმოადგენს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თბილისში.
თბილისში, ე.წ. გმირთა მოედნის `სამკუთხედის~ რაიონში ჩატარებული გაზომვების შედეგად გამოავლინდა მტვრისა და ნახშირორჟანგის კონცენტრაციების მნიშვნელოვანი გადაჭარბება ზღვრულად დასაშვები ნორმების მიმართ.
მიზეზები:
ქვეყანაში ძირითადად ძველი ავტომანქანები მოძრაობენ, რომლებიც არ აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს როგორც საწვავის ხარჯით, ისე გამონაბოლქვი აირების ტოქსიკურობით.
ტყვიაშემცველი ბენზინის გამოყენებისას, ტრანსპორტის გამონაბოლქვიდან გამოთავისუფლებული ტყვია, შეიწონება მტვრის ნაწილაკებში და ილექება ნიადაგში.
შედეგები:ტყვიის მომატებული შემცველობა ნერვული სისტემის მოშლის, მოზარდებში ზრდის შენელების, სმენის დაქვეითების, თავის ტკივილის, თირკმელების და ღვიძლის, ასევე სიმსივნური დაავადებების განვითარების მიზეზი ხდება.

ცნობისათვის:
არსებული მონაცემებით, სამრეწველო სექტორის გაფრქვევებში წამყვანი ადგილი ენერგეტიკას უჭირავს. ამასთან ჰაერის მტვრით დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროებია ცემენტისა და ასფალტის საწარმოები.
ცემენტის საწარმოზე კასპელები გამახსენდნენ…
თქვენი არ ვიცი მაგრამ მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ნაცრისფერ ნისლში გახვეული კასპი.
მე პირადად ალბათ იქ ცხოვრებას ვერ შევძლებდი.
თუმცა იმ ადამიანებისიც მესმის, როცა სხვა გამოსავალი არა გაქვს იძულებული ხარ გარემო პირობებს შეეგუო.
გაუძლო… თუნდაც საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.

იმისავის რომ ნათლად წარმოიდგინოთ თუ რა მავნე ზეგავლენას ახდენს გარემოს დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე შეგიძლიათ ქვემოთ სურათს დააკვირდეთ…

მადლობა ქეთი გუჯარაიძესა და ირაკლი მაჭარაშვილს, საინტერესო მასალების მოწოდებისათვის.

გაგრძელება იქნება