ჰორიზონტს მიღმა

ბოლო წუთამდე მეგონა რომ ვერ წავიდოდი. არადა თითქმის სამთვიანი ბათუმში ჩაკეტვის გამო სუნთქვაც კი მიჭირდა. სასწაულები არ ხდება. ორდღიანი უძილობის ხარჯზე ყველაფერი მოვასწარი. თბილისის ამბებს გამოვტოვებ. ყოველჯერზე ეს ქალაქი სიცარიელით მავსებს, საერთოდაც ალბათ ყველაზე არასაჩემო ქალაქია დედამიწაზე. თბილისიდან რვის ნახევარზე უნდა გავსულიყავით, მაგრამ წმინდა ქართულ ამბავში 9-ზე წავედით. როცა არჩევანი გაქვს იმგზავრო უცნობებთან თუ ნაცნობებთან ერთად, 10-დან 8 ალბათ ნაცნობებს აირჩევ. მე იმ დილით უცნობები ავირჩიე.

სულ ვამბობ რომ მოკლე დროში ადამიანის მრავალმხრივ გაცნობა თუ გინდა, მასთან ერთად უნდა იმოგზაურო. მოგზაურობისას შეგიძლია დაინახო ავერსიც და რევერსიც. მერე არჩევანიც იოლია, ან გააგრძელებ ახლადგაცნობილთან ურთიერთობას, ან არა.
მოკლედ იმის თქმას ვცდილობ რომ მთელი ერთი „მარშუტკა“ ადამიანები გავიცანი და მათთან ერთად ორი არაჩვეულებრივი დღე გავატარე.

IMG_0007

თბილისის შემდეგ პირველი რემარკა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სოფელ ერისიმედში გავაკეთეთ. ერისიმედში მაღალმთიანი აჭარიდან – ხულოდან და შუახევიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. ბედის ირონიაა მეწყერს გაქცეულებს ახლა ალაზნის შემოტევასთან უწევთ გამკლავება, მდინარე ყოველდღე რეცხავს ნაპირებს და ორი ქვეყნის საზღვარს ჩვენსკენ, საქარათველოსკენ წევს.

ალაზანი, სოფელ ერისიმედთან

ალაზანი, სოფელ ერისიმედთან

რაღაცნაირად გამიხარდა აჭარლები რომ ვნახე. ამ ბოლო დროს ვატყობ რომ ე.წ. კუთხური მგრძნობელობა არეული მაქვს. კარგად რომ დავფიქრდი ამ თემაზე მივხვდი, 10% ხევსური ვარ, 10% ფშაველი, 10% მთიული, 10% აჭარელი, ისე ზოგადად იმერელი, თუმცა საგვარეულო ფესვები რაჭაში მაქვს :))

გზაზე

გზაზე

ერისიმედიდან ყვარელში წავედით. ღამე ყვარლის ტბაზე გავათიეთ. ვერაფერს იტყვი, ჯადოსნური გარემოა, თუმცა ადამიანის შექმნილი ესთეტიკა ნაკლებად მხიბლავს ხოლმე ასეთ ადგილებში. იმ დღეს რომ ეკითხა ვინმეს ტობაზე ან მწვანე ტბაზე გაღვიძება მერჩივნა. თუმცა წინ ზაფხულია და ამასაც მოვასწრებ.

ყვარლის ტბა

ყვარლის ტბა

მეორე დღეს თითქმის დაგეგმილ დროს დავადექით შირაქის ველისკენ გზას. თვალუწვდენელი ველები და ჰორიზონტი, რომლის იქეთაც გგონია რომ ცა იწყება. მესამე თუ მეოთხე კლასში ბუნების გაკვეთილზე, მასწავლებელმა ჰორიზონტზე საუბრისას დაახლოებით ასეთი რამ გვითხრა. „როცა მაღალ მთას უყურებ, გგონია რომ თუ მთაზე ახვალ ჰორიზონტს ხელით შეეხები. მაგრამ როცა მთაზე დგები, ხვდები რომ ეს ილუზიაა და შეუძლებელი“. მაოგნებს ხოლმე საკუთარი მეხსიერება. არ შემიძლია აღვწერო რას ვგრძნობდი მაშინ როცა მარშუტკა აღმართზე ადიოდა და მეგონა რომ იმ აღმართის მიღმა ცა იყო.

IMG_0623

მაგრამ აღმართს დაღმართი მოსდევს და ერთ-ერთ ასეთ დაღმართზე, ჩვენმა „გიდმა“, გეოგრაფმა და უბრალოდ ძალიან კარგმა ადამიანმა დაინახა კუ. ამ საკითხში კომპეტენტურმა ადამიანებმა თქვეს რომ მიუხედავად იმისა რომ ეს კუ ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება სადღაც ორასი წლის მაინც იქნება.

ჰელლო

ჰელლო

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ცხრა მთა, ცხრა ჰორიზონტი გადავიარეთ და მივადექით ნავთობის საბადოს. იცოდით რომ საქართველოში ნავთობს მოიპოვებდნენ? მე არ ვიცოდი.

რაც უფრო შორს მივდიოდით, ჰოდიზონტი მით უფრო იშლებოდა და უკიდეგანო ხდებოდა. გზად ჭაჭუნას აღკვეთილთან ახლოს, ტარიბანას ველზე ეს საკმევლის ხეები შეგვხვდა. აი ეკლესიებში რომ საკმეველია, სწორედ ამ ხეებისგან მზადდება ეგ კეთილსურნელება.
გზად ბევრი ცხვრის ფარა შეგვხვდა, შირაქი ხომ მეცხვარეთა ველია, მაგრამ ეს ცხვრის ფარა განსაკუთრებული იყო. როგორც ხედავთ ჩიტები და ცხვრები მშვენივრად თანაცხოვრობენ ერთად.

IMG_0754

სად იყო და სად არა დალისმთა და წყალსაცავი გამოჩნდა. ეს ცხვრები წყალსაცავის სანაპიროზე ნებივრობდნენ. ერთ-ერთმა ჩვენმა თანამგზავრმა ცხვრები პლაჟზე დაარქვა ამ პეიზაჟს.

IMG_0809

დალისმთის წყალსაცავიდან წამოვედით და წავედით ჭაჭუნას აღკვეთილში. მთელი ექსპედიციის განმავლობაში გვაფრთხილებდნენ გიურზების შესახებ. მაგრამ ერთია გაფრთხილება და მეორეა როცა უკვე ფაქტის წინაშე დგები. ზოგადად არაფრის არ მეშინია, გველების მეშინია მარტო. ისე სასტიკად მეშინია რომ შიშის ზედა ზღვარი ჰქვია ამას. მაგრამ შიში დავძლიე და მაინც წავედი. მონაწილეთა ნაწილი მანქანებში დარჩა. ჭაჭუნას აღკვეთილში ვნახე საქართვლეოში ყველაზე მხცოვანი და მრავალტანჯული ვერხვი. ახლა მწყდება გული რომ შიშის გამო სიამოვნება ვერ მივიღე. ფოტოებს კი ვიღებდი, მაგრამ სულ მეგონა რომ საიდანღაც გამოძვრებოდა გიურზა და ზუსტად მე მიკბენდა. ყველაფერი ცუდი მაშინ გამახსენდა, მერე ვიღაცამ თქვა ანტიგიურზინი 4 საათში თუ არ გაიკეთე მოკვდებიო, მოკლედ, ეროვნული, სახალხო ჰორორ ისტორიები იდებოდა გზადაგზა და ყველას ეშინოდა რაც მთავარია. ყველაფერი დამთავრდა იმით რომ ის ტერიტორია ექსპედიციის მონაწილეთა უმრავლესობამ უცნაური მანევრებით დატოვა. აი სირბილსა და ჩქარი ნაბიჯით სიარულს შორის რომ არის, თან რბილ ნიადაგს რომ ახტები და ხმელ ბალახებში მიდიხარ იმ იმედით რომ გიურზას ნაზი კანი აქვს და ხმელ ბალახებში ვერ დაიბუდებს.

IMG_0945

მერე დავინახე ცხვრები. ბევრი ცხვრები. ლამის ყველა ცხვარს პორტფოლიო გავუკეთე იმდენი ფოტო გადავიღე, მერე ლაშამ იპოზიორა ცხვრების ფონზე, მერე არც მე ჩამოვრჩი, მერე მძღოლმა საყვირის ფუნქცია აქტიურ რეჟიმში მოიყვანა, მერე მარშუტკაში აღნიშნეს რომ ცხვარი არ დავტოვე ფოტოს გარეშე, მერე დავიძარით და წამოვედით.
IMG_1046
ამდენი ვწერე და არაფერი მომიყოლია ადამიანებზე რომლებიც ამ ექსპედიციაში გავიცანი. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. როგორც წესი არაკომუნიკაბელურობას არ ვუჩივი, მაგრამ იმ დილით, როცა ჩვენი ექსპედიცია დაიწყო, დაღლილი და გათიშული ვიყავი. გზაში თანდათან ყველა გავიცანი. სადღაც პატარძეულთან მივხვდი რომ ფანტასტიურ ადამიანებთან ერთად მიწევდა მოგზაურობა. სწორადაც მივხვდი. პირველი დღე ჰო, მაგრამ მეორე უფრო ჰო. ხომ იცით დასასრული უფრო რომ გაახლოვებს ადამიანებთან. თბილისში დაბრუნებისას მართლა ძალიან დამწყდა გული, რომ ამ ადამიანებს ვშორდებოდი. არ ვიცი, აი შანსი რომ მქონდეს მათთან ერთად სადმე წასვლის აუცილებად წავიდოდი. მართლა მთელი ორი დღე, მონოტორულად ჩამესმოდა მძღოლის მისამართით გაგზავნილი თხოვნა-მოთხოვნის ხმა „რამდენი მალოდინე“ ჩართე რა. მძღოლი კიდევ არ რთავდა.

დალისმთა, დალისმთის წყალსაცავი დალისმთა, დალისმთის წყალსაცავი[/caption]

თბილისი, როგორც ყოველთვის ამჯერადაც დროებითი გავლითი ზონა იყო, წავედი ქუთაისში. იმ ღამეს მეძინა სახლში და ეს იყო ყველაზე კარგი ღამე უკანასკნელი სამი თვის მანძილზე. მერე გათენდა, მე ვნახე ის ადამიანები, ვინც ძალიან, ძალიან მიყვარს და არ ვიცი, მემგონი მემილიონედ მივხვდი რატომ მიყვარს ეს ქალაქი ასე ძალიან.

მერე წამოვედი ბათუმში. მახინჯაურს რომ გამოცდები პორტისკენ გზაზე, რაღაცნაირი სუნი დგას ხოლმე. ზღვის სუნი. პორტს რომ მიუახლოვდები, ზღვის, თევზის და ნავთობის სუნი ერთმანეთში ირევა. პორტს გამოსცდები და თევზის, წვიმის და ზღვი სუნი რჩება. შეიძლება ცოტა პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ამ სუნებს რომ გაარჩევ, მემგონი მაშინ გრძნობ პირველად, როგორ გიყვარს ეს ქალაქი და ადამიანები, რომელიც ამ ქალაქში შენს ცხოვრებაში შეუშვი.

ასეა. ალბათ ცოტა პოლიგამი ვარ.
ბათუმში ახლა წვიმების სეზონია. რამდენიმე კვირა და მზის სეზონი დაიწყება. ქალაქი ხალხით აივსება, ზღვის, თევზის და ნავთობის სუნი ხალხის სუნში აირევა. ბათუმი კი დაელოდება შემოდგომას, წვიმების სეზონს და სითბოს…

ჰო, ვიდეოები არ დამიმონტაჟებია ჯერ. ბევრი საქმე მქონდა. ვერ მოვასწარი. დავამატებ ერთ-ორ დღეში 🙂

აღშფოთებულ-შეშფოთებული პოსტი

აღშფოთებული ვარ

უფრო მეტად შეშფოთებული

საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ზურაბ ზვიადაური უხელმძღვანელებს.

ადამიანი რომლის გამოცდილება ამ სფეროში თურმე ისაა რომ ხევსურია და ბუნება უყვარს.

რა გამოცდილება ან განათლება გაქვთ გარემოს დაცვის სფეროში?

როგორც ყველა ადამიანი, მე ვარ საქართველოს მოქალაქე. ვარ ხევსური – მიყვარს ბუნება. ვფიქრობ, რომ ამ საქმეს კარგად გავუძღვები.

წყარო: ინტერვიუ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ზურაბ ზვიადაურთან

P.S. ხაჩიძე, წამოიღე დოლი და წამოდი :დ

დაიჭირე საქართველო!

დაგიჭერ – შაგრენის ტყავივით დალეული რუკის ჩამოჭრილ ნაწილებს,

ჰესების კასკადებში ჩალეული მდინარეების წვეთებს დაგიჭერ პეშვით.

პირით დაგიჭერ მეორადი ავტომანქანების გამონაბოლქვით გაჯერებულ მონაბერ სიოს,

ნაფოტებს დაგიჭერ მოჭრილი ხეებისას – გზაზე შემთხვევით რომ გადმოცვენილან ლიცენზიამირტყმული მანქანის საბარგულიდან, რომელსაც არავინ დაიჭერს.

ნაფოტებს შეგიკოწიწებ, იქნებ გახევდეს, სული შთაბეროს დაჭერილმა სიომ, მდინარის წვეთებმა გამოაცოცხლოს – მიწა მოუნდეს…

მოხუცსაც დაგიჭერ, შენი გაბედნიერების ოცნებაში დაბერებულს, სანამ პენსიის რიგში შეწუხდებოდეს. მხარს შევაშვერ, ჰაერს ვუბერავ, წვეთებს ვაპკურებ, დავივიწყებ ხის ნაფოტებს…

ახალგაზრდასაც დაგიჭერ, საზღვართან გადავუდგები, ვეტყვი არ დაგტოვოს. ხის ნაფოტებს ვაჩვენებ – შველა უნდა თქო, იქნებ დამიჯეროს.

ნადირს დაგიჭერ, იქნებ დამაგრდნენ შენს გაჩეხილ ტყეებში და ფრინველებსაც, იქნებ მიეჩვიონ ამომშრალ ნაჭაობებთან ჩამოსხდომას.

ქვიშას დაგიჭერ ზღვის სანაპიროებთან, გაზრდილი ტალღა რომ რეცხავს დღითი-დღე და ზღვის სიშავესაც დაგიჭერ, ისეთი პირი უჩანს რომ ფერიც დასაჭერია.

ყველაფერს დაგიჭერ,

სანამ მე დამიჭერენ

ავტორი: დათო ყვავაძე

საარჩევნო პროგრამები გარემოსდაცვითი პოლიტიკის გარეშე

სტატია მომზადებულია “ბათუმელებისთვის”.

სტატიის ლინკი ნეტგაზეთზე

საქართველოს პარლამენტში დღეისათვის ოთხი პარტიაა წარმოდგენილი. „ბათუმელები“ დაინტერესდა, გარემოს დაცვის კუთხით, რას გვპირდებოდნენ პარტიები ოთხი წლის წინ საარჩევნო პროგრამებში და რა შეასრულეს ამ დაპირებებიდან.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო პროგრამაში სხვადასხვა დაპირებების ნახვა შეიძლებოდა, მათ შორის, სოციალური, პოლიტიკური, ქვეყნის გამთლიანების (აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება) შესახებ, მაგრამ არაფერია ნათქვამი, რას გააკეთებდა მმართველი პარტია გარემოს დაცვის კუთხით.

პარლამენტში უმცირესობის სახით წარმოდგენილი „ქრისტიან-დემოკრატების“ 2008 წლის საარჩევნო პროგრამაში – “ცვლილებების დროა”, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, არც ერთი სიტყვა არაა ნათქვამი, რას გააკეთებდა პარტია პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში გარემოსდაცვითი კუთხით.

კიდევ ერთი პარტია, რომელიც პარლამენტში არჩევნების შედეგად შევიდა, “საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიაა”, თუმცა ისინი საპარლამენტო ცხოვრებაში არ მონაწილეობენ. “ლეიბორისტების” საარჩევნო პროგრამაში, რომელსაც „მეტეხის ვალდებულება“ ჰქვია, ძირითადი აქცენტები ქვეყნის ეროვნულ-ინტერნაციონალურ, სამართლიან სახელმწიფოს მშენებლობაზე და სოციალური გარემოს გაუმჯობესებაზეა. გარემოს დაცვა ამ პარტიის ყურადღების მიღმაც დარჩა. Continue reading

ერთი დაკარგული კადრის ამბავი

არაფერზე არ მეშლება ისე ნერვები, როგორც დაკარგულ კადრებზე.
ერთი კვირის წინ მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი სოფლიდან მოვდიოდი.
წვიმდა.
დაღლილი, სამარშუტო ტაქსის ფანჯრის მინას მისვენებული, ქუჩას ვათვალიერებდი. ქალაქში შესვლამდე შუქნიშანთან ქუჩა სამხედროებმა გადაკვეთეს. ბევრნი იყვნენ, მწყობრში იდგნენ და მიდიოდნენ. ერთი ჯარისკაცი ჩამორჩა, ვეღარ დაეწია, თუმცა ცდილობდა ისევ მწყობრი ნაბიჯებით ეარა. უცებ საიდანღაც გამოჩნდა პატარა შავი ლეკვი, ამოუდგა ამ სამხედროს უკან და მასთან ერთად განაგრძო გზა. მარშუტკა დაიძრა, თითქმის გავუსწორდით სამხედროებს. მიუხედავად იმისა რომ წვიმდა, ხალხი ჩერდებოდა, სამხედროებს უყურებდა და იღიმებოდა. საოცარი კადრი იყო, Pictures of the days, რომლის გადაღებაც ვერ შევძელი 😦

მეორე კადრი, გუშინ „დავკარგე“. შავი, დაბურულმინებიანი ჯიპი, თავზე ტაქსის ნიშნით…

მესამე დღეს. რაც იმ კადრისგან დარჩა, ქვემოთ ფოტოზეა….:|

არა ახალ ცვლილებას გარემოს დაცვის შესახებ კანონში!

Reblogged from Time to Act:
გთხოვთ შეხვიდეთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის Facebook–ის გვერდზე და მისწეროთ შემდეგი შეტყობინება:

“ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ არ მოაწეროთ ხელი კანონს, რომლითაც ცვლილება შედის გარემოს დაცვის შესახებ კანონში და ფულის გადახდის სანაცვლოდ შესაძლებელი ხდება თითქმის ყველა გარემოსდაცვითი კანონის დარღვევა. გთხოვთ არ დაუშვათ ამ კანონის ამოქმედება, რომელსაც შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საქართველოს ბუნებას.”

და, აი, რატომ:

საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლი ამბობს:

“ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს.“

“სახელმწიფო ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას, ქვეყნის მდგრად განვითარებას საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.“

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ავტორობით პარლამენტმა 2012 წლის 16 მარტს პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით მიიღო ახალი კანონი “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომელიც ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს რამდენიმე კანონს შეცვლის.

ამ ცვლილებების შედეგად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და დაინტერესებულ პირს შორის, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელი გახდება დაიდოს შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე.

შეთანხმების მოქმედების პერიოდში დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება ჩაითვლება კანონიერად სახელმწიფოსათვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ. შეთანხმების დადების დღიდან პირს არ დაეკისრება არანაირი სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია მის არამართლზომიერ საქმიანობასთან გარემოს დაცვის სფეროში და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისას. კანონის მიხედვით, ასევე დაუშვებელია ამ პირის მიერ გარემოს და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისას განხორციელებული ქმედებების შემოწმება მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან და რაიმე სახის ჯარიმისა თუ სხვა სახის პასუხისმგებლობის დაკისრება.

შეთანხმების დადების შემდეგ პირს უფლება ექნება, სხვა დარღვევათა შორის:

*მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა და მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა;

*მიწის გაუვარგისება საწარმოო და სხვა ნარჩენებით და მისი ჩამდინარე წყლით დაბინძურება

*ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნორმების გადამეტებით;

*ქიმიურ საშუალებათა გარემოში გამოყენების ნორმების დარღვევა და მათი ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა;

*საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი დატყვევება;

*უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით ვაჭრობა;

*თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღითა და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებებით უკანონოდ შესვლა;

*ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა;

იხ. სრული სია: http://aarhus.ge/?page=1&lang=geo&content=717

კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთოდ არაფერი რომ არ ვთქვათ იმ გარემოსდაცვით საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, რომლებიც პირდაპირ გარემოსდაცვით ვალდებულებებს აკისრებენ სახელმწიფოს.

თუ მთავრობა ნებას დართავს პირს დაარღვიოს გარემოსდაცვითი ნებისმიერი კანონი, როგორ შეძლებს ის უზრუნველყოს გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა?

კანონის მიხედვით, გარკვეული პირებს ექნებათ უფლება აწამონ ცხოველები, დააბინძურონ წყალი, ნიადაგი, ჰაერი, მხოლოდ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, გაურკვეველი მიზნებით, რომლის ჩამონათვალიც კანონში არ გვაქვს.

კანონის მიხედვით, შეთანხმების გასაჩივრება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ეს ნიშნავს, რომ ამ შეთანხმების გასაჩივრება პრაქტიკულად შეუძლებელია.

კანონპროექტის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა საჯაროდ და არ მომხდარა საზოგადოების ინფორმირება.

ეს კანონი ძალაში შესვლის შემდეგ გახდება იარაღი, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს გარემოს, საქართველოს ბუნებას და ადამიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი პარლამენტმა მიიღო, გარემოს დაცვის სამინისტროს პოზიცია ამ ინიციატივასთან დაკავშირებით დღემდე არაა ცნობილი.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს კანონი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს ძალაში

გაავრცელე ხმა – გააზიარე ეს წერილი.

იხ. კანონპროექტი: http://aarhus.ge/index.php?page=331&lang=geo

იხ. განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე: http://aarhus.ge/uploaded_files/efe29185f94006a03427fc8d2537ee0d19433d771c5be2444081d8442a327fed.pdf

ორჰუსის ცენტრის კომენტარები კანონპროექტთან დაკავშირებით:

http://aarhus.ge/?page=1&lang=geo&content=71

“ჩვენი მდინარე ჩვენი სისხლია, ჩვენი მთა კი, ჩვენი ღმერთია”

Global Forest Coalition-ის და Global Justice Ecology-ის ამ ვიდეოში ახსნილია რას წარმოადგენს კლიმატის ცვლილების შესარბილებლად მსოფლიოში გამოყენებული მექანიზმები REDD (Reduce Emissions from Deforestation and Forest Degradation) და REDD+. მექსიკაში, ბრაზილიაში, პანამაში, ფილიპინებში, ინდონეზიაში, ნეპალში, უგანდასა და ინდოეთში მცხოვრები ადამიანები თავისი ქვეყნების გამოცდილებიდან ხსნიან, როგორ ზღუდავენ ეს მექანიზმები მკვიდრი მოსახლეობის უფლებებს.

“ჩვენ, მსოფლიოს მკვიდრი ხალხები, ვიცავთ ჩვენს მიწას, სიცოცხლეს და რესურსებს.

ჩვენი ტყე ჩვენი სულია, ჩვენი მიწა ჩვენი სიცოცხლეა,

ჩვენი მდინარე ჩვენი სისხლია, ჩვენი მთა კი, ჩვენი ღმერთია.

ჩვენ ვართ ჩვენი ნიადაგის ძლიერი და ამაყი შვილები.

ჩვენ, მსოფლიოს მკვიდრი ხალხები, ვიბრძვით ჩვენი თვითგამორკვევის უფლებების რეალიზებისთვის.

ჩვენ არ ვითხოვთ მეტს, მაგრამ არც ნაკლები გვინდა”.