საარჩევნო პროგრამები გარემოსდაცვითი პოლიტიკის გარეშე

სტატია მომზადებულია “ბათუმელებისთვის”.

სტატიის ლინკი ნეტგაზეთზე

საქართველოს პარლამენტში დღეისათვის ოთხი პარტიაა წარმოდგენილი. „ბათუმელები“ დაინტერესდა, გარემოს დაცვის კუთხით, რას გვპირდებოდნენ პარტიები ოთხი წლის წინ საარჩევნო პროგრამებში და რა შეასრულეს ამ დაპირებებიდან.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო პროგრამაში სხვადასხვა დაპირებების ნახვა შეიძლებოდა, მათ შორის, სოციალური, პოლიტიკური, ქვეყნის გამთლიანების (აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება) შესახებ, მაგრამ არაფერია ნათქვამი, რას გააკეთებდა მმართველი პარტია გარემოს დაცვის კუთხით.

პარლამენტში უმცირესობის სახით წარმოდგენილი „ქრისტიან-დემოკრატების“ 2008 წლის საარჩევნო პროგრამაში – “ცვლილებების დროა”, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, არც ერთი სიტყვა არაა ნათქვამი, რას გააკეთებდა პარტია პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში გარემოსდაცვითი კუთხით.

კიდევ ერთი პარტია, რომელიც პარლამენტში არჩევნების შედეგად შევიდა, “საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიაა”, თუმცა ისინი საპარლამენტო ცხოვრებაში არ მონაწილეობენ. “ლეიბორისტების” საარჩევნო პროგრამაში, რომელსაც „მეტეხის ვალდებულება“ ჰქვია, ძირითადი აქცენტები ქვეყნის ეროვნულ-ინტერნაციონალურ, სამართლიან სახელმწიფოს მშენებლობაზე და სოციალური გარემოს გაუმჯობესებაზეა. გარემოს დაცვა ამ პარტიის ყურადღების მიღმაც დარჩა.

„პარლამენტში წარმოდგენილ არც ერთ პარტიას გარემოსდაცვითი პოლიტიკა პროგრამებში არ ედო. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს არის იმ მენტალიტეტის ნაკლი, რაც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში. როცა  საბჭოთა კავშირი თვლიდა, რომ გარემოს დაცვისთვის ჩვენ არ გვცალია იმიტომ, რომ ეს არის ფუფუნების საგანი, ჯერ ჩვენ ავშენდებით და მერე მოვიცლით გარემოსთვის. ასე იყო წინა მთავრობაშიც და ასეა ამ მთავრობაშიც. ისინი ამბობენ: ჯერ ამის დრო არ დამდგარა. ამასობაში მსოფლიო პოლიტიკა მთლიანად შეიცვალა და გარემოს დაცვა უპირველესი პრიორიტეტი გახდა,“ –  აცხადებს „ბათუმელებთან“ საუბარში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

რატომ არ მოხვდა გარემოსდაცვითი საკითხები პარტიების საარჩევნო პროგრამებში და რას უნდა ველოდოთ მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ? – ამ შეკითხვით “ბათუმელებმა” პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების წევრებს მიმართა.

„გარემოს დაცვა ნომერ პირველი თემა არის იმ ქვეყანაში, სადაც ინდუსტრიული ეკონომიკა მუშაობს და სადაც გარემოს დაბინძურების პროცენტი საკმაოდ მაღალია.  ჩვენ გვაქვს ორი-სამი წერტილი, სადაც არის პრობლემა: ეს არის ზესტაფონი, ჭიათურა და ბოლნისი და, ბუნებრივია, ეს პრობლემა არის ერთხელ და სამუდამოდ მოსაგვარებელი, მაგრამ ეს გლობალური პრობლემა არ არის. ერთი უბედურება ისაა, რომ სამუშაო ადგილები არ არის, საწარმოები არ მუშაობს, მაგრამ, მეორე მხრივ, პოზიტიურადაც კი შეიძლება ჩაითვალოს იმიტომ, რომ ნაკლებად ბინძურდება გარემო. კიოტოს შეთანხმებით არსებობს გარკვეული კვოტები ჰაერში CO-ს გამოყოფის. ჩვენთვის გამოყოფილი კვოტა მაღალია, ხოლო ათვისება ძალიან დაბალია. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან CO-თი დაბინძურება გაცილებით დაბალია, ვიდრე  სხვა ქვეყნებში იმიტომ, რომ არაფერი მუშაობს, საბოლოო ჯამში, ამ ქვეყანაში. გარემოსდაცვითი პრობლემები განსაკუთრებულად მწვავედ არ დგას,“ – აცხადებს „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე.

მისივე თქმით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიას კონკრეტული ინიციატივა ექნება წარმოდგენილი:

„შხამქიმიკატების და სასუქების უკონტროლო გამოყენების საწინააღმდეგოდ ბიოპროდუქტის წარმოების წახალისება  სოფლის მეურნეობაში – ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გარემოსდაცვის კუთხით. აქ მოტივაცია იქნება, რომ ნაკლები ქიმიკატი, ნაკლები სასუქი იხმარონ და უფრო მეტი ისეთი ორგანული ნივთიერებები გამოიყენონ, რომელიც ნაკლებად აბინძურებს გარემოს,“ –  ამბობს ლევან ვეფხვაძე.

რაც შეეხება “ლეიბორისტულ პარტიას”, “ბათუმელები” დაუკავშირდა “ლეიბორისტული პარტიის” პრესმდივანს ქეთი დოლიძეს. მისი თქმით, დღეისათვის პარტიაში არსებული სიტუაციის გამო, ამ საკითხზე “ლეიბორისტული პარტიიდან” კომენტარის მიღება ერთი კვირის შემდეგ შეგვეძლო.

„რომ გითხრათ, ედპ-ისთვის გარემოს დაცვა პირველი რიგის საკითხია,  ნამდვილად არ ვიქნები მართალი. ეს თემა არ არის ისეთი წამყვანი, როგორც, მაგალითად – “მწვანეთა პარტიისთვის”. “ეროვნულ-დემოკრატებისთვის” მთავარია ეკონომიკური განვითარება, რასაც დღეს უწოდებენ მდგრად განვითარებას, ეს განიხილება სამეულში: ეკონომიკა, ეკოლოგია და სოციალური გარემო, ანუ ადამიანი. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანი, თუ როგორ ეკონომიკურ გარემოში ცხოვრობს და რამდენად არის ის ეკოლოგიურად დაცული. ჩვენ გვინდა, იყოს დაცული ბალანსი ეკოლოგიასა და ეკონომიკას შორის და არ იყოს რომელიმეს სასარგებლოდ,“ – ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან”, გურამ ჩახვაძე.

ჩახვაძის თქმით, მის პარტიას აქვს კონკრეტული ინიციატივა გარემოს დაცვის კუთხით:

„ჩვენი ინიციატივა ეხება აჭარას, ბათუმს და ქობულეთს. მსოფლიოში არის აპრობირებული, ე.წ. ცისფერი დროშის პროგრამა. არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ანიჭებს სხვადასხვა პლაჟებს, იახტკლუბებს და საზღვო ინფრასტრუქტურას ცისფერ დროშას. ეს ცისფერი დროშა ენიჭება იმ ინფრასტრუქტურას, სადაც დაცული არის ეკოლოგია, ჰაერი არის სუფთა, წყალი შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ჩვენ ვთვლით, რომ  საქართველომაც უნდა გადადგას ეს ნაბიჯი აჭარაში. ეს ყველაფერი იქნება საარჩევნო პროგრამაში წარმოდგენილი და ჩვენ ამაზე მუშაობას დავიწყებთ. მე ვფიქრობ, ეს წაადგება როგორც ეკოლოგიას, ასევე მას ექნება თავისი ფინანსური სარგებელი,“ – ამბობს გურამ ჩახვაძე.

„ბუნებრივია, არჩევნებზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა იმ პრობლემებს, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ქვეყანას. მაშინ პრიორიტეტები იყო სხვა პრობლემები და მინდა გითხრათ, რომ იმ პრობლემებიდან რიგი პრობლემები კვლავ გვაქვს, მაგრამ ამ ოთხი წლის განმავლობაში მოხდა რიგი პროცესებისა, რომელიც უბრალოდ თავისთავად იქცევს ყურადღებას“, – ამბობს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე.

რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ბობოხიძის თქმით, პარტიაში ახლაც მუშაობენ მომავალ პროგრამაზე:

„ამ წუთში პარტიის ეკოლოგთა ჯგუფი მუშაობს ამ თემაზე და აუცილებლად იქნება მომავალ საშემოდგომო არჩევნებზე ეს სფეროც გათვალისწინებული. ჩვენი პოზიცია გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით იქნება სრულად გაცხადებული“.

დღეისათვის პოლიტიკურ დაფაზე ახალი პოლიტიკური სუბიექტები გამოჩნდნენ, თუმცა ახალი საარჩევნო პროგრამა გამოქვეყნებული არც ერთ პარტიას არ აქვს. შესაბამისად, უცნობია, მოხვდება თუ არა საარჩევნო პროგრამებში გარემოს დაცვა.

„ნებისმიერ პოლიტიკოსს, ნებისმიერ პარტიას, მოთხოვნებს უკვეთავს საზოგადოება, ანუ ელექტორატი. პარტიების მიერ ყოველთვის ხდება შესწავლა, რა არის პრიორიტეტი მოსახლეობისთვის. გარემო, ეს ჩვენთვის იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, რომ თუ უნდა დაცვა, არავინ ფიქრობს ამაზე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ყოველთვის იქნება წყალი, ყოველთვის იქნება ტყე, მიწა. მხოლოდ ბოლო პერიოდში დავიწყეთ უფრო მეტად გააქტიურება. ერთ დღეს მიწა არ მოიტანს მოსავალს, მეორე დღეს შეიძლება არ იყოს წყალი. სამწუხაროდ, საზოგადოების ცნობიერება არ არის იმ დონეზე, რომ გარემოსდაცვითი პოლიტიკა იყოს მოთხოვნადი საარჩევნო კამპანიებში ელექტორატისთვის,“ -აცხადებს ნინო ჩხობაძე.

რა შეიცვალა ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე გარემოს დაცვის კუთხით?

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ რეორგანიზაცია განიცადა, რის შედეგადაც მისი ფუნქციების უმრავლესობა ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა.

2011 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს მთავრობამ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე ნადირობის დაშვების მიზნით, რამდენიმე ნორმატიული აქტი გამოსცა.

მთავრობამ დაიწყო დიდი ჰიდროპროექტების განხორციელება, რასაც გარემოსდამცველი ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან. დღეს არსებული პრაქტიკით, ცალკეული კომპანიები იწყებენ მშენებლობას, შესაბამის ნებართვებს კი მშენებლობის დაწყების შემდეგ იღებენ.

იმის გამო, რომ „დარიალი ჰესისათვის“ გამოყოფილ ფართობში  ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის ნაწილი მოხვდა, ეროვნული პარკის საზღვრები შეიცვალა.

შეიცვალა გარემოს დაცვის შესახებ კანონი, რომელსაც გარემოსდამცველებმა „შეთანხმება გარემოს წინააღმდეგ უწოდეს“.

8 ივნისს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტის მიღებას, რომელიც თავისი არსით საერთაშორისო კონვენციებს ეწინააღმდეგება და კოლხეთის დაცული ტერიტორიებიდან 842. 4 ჰექტარს დაცული ტერიტორიის სტატუსი მოეხსნა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s