მშვიდობით ხევსურეთო

ტირილი არ მინდა, მაგრამ ცრემლებს ვერ ვიკავებ.

საერთოდ ასე მჩვევია. გადაწყვეტილებას მივიღებ და მერე ბოლო წუთებში სინანულს ვიწყებ. მიჭირს აქაურობის დატოვება და მეხსიერებაში გადატანა.

ჯერ კიდევ გუშინ, ვამბობდი რომ არაფერი მომენატრებოდა აქ და უკან არასდროს დავბრუნდებოდი. მაგრამ დღეს, როცა ჩემს ერთ აქაურ მეგობარს, ქეთის დავემშვიდობე, რაღაცა ჩამწყდა. არ შემიძლია ასე ადვილად ადამიანების მიტოვება. არც ქეთის და არც სხვების.

ყველაზე მეტად კი ჩემი ენერგოვამპირის მიტოვება მიჭირს, რომელსაც ცხოვრების შვიდი თვე მივუძღვენი.

ყველაფერს აქვს დასასრული. i-ს თავზე წერტილის დასმა რთულია, მაგრამ საჭირო. წერტილი ჯერ კიდევ ორი თვის წინ დავსვი, როცა ახალ პროექტზე და შესაბამისად ამ ქალაქში დარჩენაზე უარი ვთქი. მერე მთელი ეს დრო ვფიქრობდი სწორად ვიქცეოდი თუ არა.
ახლა ეჭვი აღარ მეპარება ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. აქედან წასვლით საკუთარი თავი გადავარჩინე სულიერი სიკვდილისგან. ვიღაცისთვის შეიძლება რთული გასაგები იყოს, მაგრამ როცა სამსახურის მიღმა არაფერია, როცა ადამიანებთან საერთო ინტერესებს ვერ პოულობ, ისედაც რთული ცხოვრება ათმაგად რთულდება.

მთელი შვიდი თვე ვიხსენებდი როგორ ვცხოვრობდი ქუთაისში. ხანდახან როცა მენატრებოდა ჩემი სულიერი საკვები, მოგონებებში ვეშვებოდი. ვნანობდი ყველა გაცდენილ სპექტაკლს (თუნდაც ცუდს), ყველა გამოტოვებულ შეხვედრას, ყველა გაცდენილ პერფორმანსს.
საერთოდ ადამიანების ცხოვრება გარკვეული განმეორებითობისგან შედგება. ჩვენ ყოველ დილით ვდგებით, ვწესრიგდებით, ქუჩაში გავდივართ, ვხვდებით მეზობლებს, მივდივართ ან არ მივდივართ სამსახურში. ვხვდებით მეგობრებს, რომლებთანაც რაღაც გვაკავშირებს. საღამოს შეგვიძლია სადმე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, თუნდაც ათას სისულელეზე.

მე ჩემი ეს განმეორებითობა მენატრება, თუნდაც ამ წამს. დილით პურზე ჩასვლა, ჩემი მეზობელი ნონასთვის მილიონჯერ გაცემულ კითხვაზე თავიდან პასუხის გაცემა, ამის გამო სამსახურში დაგვიანება, გაჩერებაზე ავტობუსის ლოდინი და ბოძებზე გამოკრული განცხადებების კითხვა, ქუჩაში ნაცნობის შეხვედრა, მისალმება და ამბების გამოკითხვა.

თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი, ცოტახანში დაბრუნებული განმეორებითობა მომბეზრდება და ახალ თავსატეხს გავიჩენ. მაგრამ ჩემი ცხოვრება სწორედ ასეთია, თავსატეხებით და ხეტიალით სავსე. არაერთხელ დამიწერია აქ, ბლოგზე: მძულს სტაბილურობა. აზრს ვერ ვხედავ თორემ ჰა ვიცხოვრებ ჩარჩოებით და ვივლი წრეზე როგორც ჩემი მშობლები, იმის მშობლები და კიდევ იმის მშობლები დადიოდნენ. გავთხოვდები, გავაჩენ შვილებს, მექნება სამსახური, კვირაში ორჯერ გეგმიური სექსი. ვიზრუნებ იმაზე რომ ჩემი შვილები “პრესტიჟულ” სასწავლებელში სწავლობდნენ, ვატარებ ცეკვაზე, ინგლისურზე და კიდევ ათას რაღაცაზე. მერე ისინი გაიზრდებიან, მე დავბერდები, მოვკვდები და ისე გავქრები დედამიწიდან როგორც ჩემზე წინ მილიარდობით ადამიანი გამქრალა.

ეს არის ყველაზე კოშმარული სცენარი რაც შეიძლება ოდესმე დავუშვა და ამის დაშვებით საკუთარი თავის მკვლელობა ყოველდღე განვახორციელო. არ ვიცი ოდესმე შევიცვლი თუ არა აზრს, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ. გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებ. ხშირად ვიცვლი სამსახურებს და საცხოვრებელ ქალაქებს. სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას. ჩემზე უკეთ იცით დამდგარი წყალი მყაყდება და ბაყაყების გუბურად გადაიქცევა.

მაგიჟებენ ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ 20 ან 30 წელი ერთიდაიგივე ადგილას იმუშაონ და ერთიდაიგივე რუტინა აკეთონ.

ვიცი, დღეიდან ბევრჯერ მომიწევს პასუხის გაცემა კითხვაზე რატომ წამოვედი icmm.ge-დან. ვიცი ისიც რომ ყველაფერს მთივლიშვილს დაუკავშირებენ და რაც არ უნდა ვთქვა, მაინც არ დაიჯერებენ. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ. მთივლიშვილი საუკეთესო მენეჯერია მათ შორის, ვისთანაც დღემდე მიმუშავია. რედაქტორებს რაც შეეხება, მანანასაც და თეასაც ფანტასტიურად ვუგებდი. მანანამ (<3) ბევრი რამ მასწავლა, თეამ კიდევ უფრო მეტი. გული მწყდება რომ თეასთან ურთიერთობა არ მეყო. თუმცა გამიმართლა რომ გავიცანი. ბოლოსდაბოლოს რამდენ ჟურნალისტს ჰყავს რედაქტორი, რომელიც ძილის წინ გასაღვიძებელ ზღაპრებს უყვება? თოფურია მიყვარხარ<3

გასული წლის შემაჯამებელ პოსტში ვწერდი, www.icmm.ge არის ჩემი შეყვარებული, შვილი, ჩემი სამსახური, პირადი ცხოვრება და საერთოდ ყველაფერი ბოლო 5 თვის მანძილზეთქო. მომდევნო ორი თვეც ზუსტად ასე იყო.

მე ვფიქრობ რომ ცხოვრებაში მიმართლებს. თან ძალიან. ჩემი სურვილები და ოცნებები ხშირად ლოკალურია, მაგრამ ასრულებადი. როცა აგვისტოში ჩემმა მომავალმა მუზამ (ეკა<3) მომწერა მითხარი რატომ გინდა icmm-ში მუშაობაო, სტანდარტული ბლა-ბლა-ბლა მოტივაციის წერილის ნაცვლად მივწერე: მთა მიყვარს და იმიტომთქო. გულწრფელობა დამიფასეს და მეც შევეცადე ის მოვალეობები რაც მქონდა, კარგად შემესრულებინა.

ადვილი არაფერია დედამიწაზე. საერთოდ არაფერი. არასდროს ვყოფილვარ ხელისუფლების /ან ვინმეს ლაქია ჟურნალისტი და არც არასდროს გავხდები. რესპონდენტებთან მშვიდი და ფამილარული ურთიერთობა არც ქუთაისში მქონია, მაგრამ აქაურმა ჩინოვნიკებმა ჭკუიდან გადამიყვანეს. არ მინდა გადაჭარბებულად შევაფასო მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მუშაობა, მაგრამ ის საქმე რაც ჩვენ რეგიონში გავაკეთეთ, ჯერ კიდევ დაუფასებელია. არც მაქვს იმედი რომ ოდესმე დაფასდება, თუმცა მე, ნატა, ქეთი და სრულიად icmm.ge-ს სტაფი ყოველთვის ვიამაყებთ იმით რასაც ვაკეთებდით. ბოლოსდაბოლოს, სხვა თუ არაფერი მცხეთა-მთიანეთის უახლესი ისტორიის უზარმაზარი ფოტოარქივი გავაკეთეთ.

დღეს სასწაული მოხდა და ჩემმა მუდამ უკმაყოფილო მენეჯერმა მადლობა გადამიხადა თანამშრომლობისათვის. გულწრფელად გამიხარდა. თუმცა ყველაზე დიდი მადლობა რაც აქ მუშაობის გამო მივიღე ერთმა მუშამ გადამიხადა. გასული წლის სექტემბერში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მუშები გაიფიცნენ და დუშეთის ცენტრში აქცია გამართეს. ჩვენ ამ თემას აქტიურად ვაშუქებდით, დეტალებით დავინტერესდით და საკმაოდ ბევრი საინტერესო ფაქტი ამოვქექეთ. შემდეგ წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვისცენტრის უფროსი გაათავისუფლეს, ხოლო მუშები სამსახურში დაბრუნდნენ. ჰოდა იმ მუშებიდან ერთ-ერთი ახლახანს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ვნახე. ბედნიერი სახით მოვიდა ეს ადამიანი და მე და ნატას, მადლობა გადაგვიხადა დახმარებისთვის. ბევრი ხალხი გვიყურებდა, შემრცხვა, არ ვიცოდი სად დავმალულიყავი, პრინციპში ვერც დავიმალებოდი:) მერე გამიხარდა და მიშას ვიზიტზე მეტად იმ მუშის სიტყვებზე ვფიქრობდი, რომელმაც ჩვენი მუშაობა დააფასა. ჰო მართლა, სერვისცენტრის ახალი უფროსი დუშეთის პირობებისათვის იშვიათად კარგი ადამიანია.

ხშირად ვფიქრობ რომ ჩემი პროფესია მძიმე ტვირთად მაწევს. მაგრამ, ვინაიდან ვერ წარმომიდგენია სხვა რამის კეთება ცხოვრების მანძილზე, ამ ტვირთის ტარება სიკვდილამდე მომიწევს. ვამბობ მიმართლებსთქო. თითქმის ყველაფერი მივიღე ცხოვრებისგან რაც მინდოდა კონკრეტულ ეტაპებზე. თუ რამე ვერ მივიღე, იმიტომ რომ კარგად არ მოვინდომე. მზამზარეული არაფერია, ყველაფერს შრომა ჭირდება. ახლა ბუნების ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული. დღეში ასობით ფოტოს ვნახულობ და სხვადასხვა დეტალს ვაკვირდები. მინდა ოდესმე მეც შევძლო ისე გადაღება, როგორც ჩემი ფავორიტი ფოტოგრაფები იღებენ. ოცნებების მორიგი სერიის ასრულებამდე, ჯერ წინ ზაფხული, კოლხეთის ჭაობები, ხევსურეთის მთები და ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში ხეტიალი მელოდება. ვფიქრობ წელს მეტს ვერ მოვასწრებ, თუმცა ერთი ზაფხულისთვის მეყოფა.

ახლაც როცა ეს პოსტი ქვეყნდება, ხევსურული მკაცრი ზამთრით განაწამები, სახლში მივდივარ. სამი-ოთხი დღე დავრჩები ალბათ ქუთაისში და მერე ახალ სამსახურს მოვძებნი… სხვა ქალაქში. თუ რა თქმა უნდა ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ, ჩემი მომავალი ხელმძღვანელი არ დაფრთხება და ხელშეკრულების გაფორმებას არ გადაიფიქრებს:) გოგოები უკვე მენატრებიან. თუმცა არაფერს ვნანობ. საჭირო და სწორი ცვლილება იყო.

მშვიდობით ხევსურეთო…

მომენატრები.

P.S. ჩემს მეგობრებთან, ნაცნობებთან ერთი თხოვნა მექნება. თუ გაინტერესებთ რატომ წამოვედი icmm.ge-დან ეს პოსტი წაიკითხეთ. კითხვებს ნუ დამისვამთ. თუ ახლა ამას კითხულობთ და მაინც ვერაფერს მიხვდით, მაშინ ვეღარაფრით დაგეხმარებით:)

როდესმე დამთავრდება ხეტიალი,
ვინ იცის დაღლილზე გაგიხარდეს.
ან ხრამში ბოლო მოგეღება,
ან ზვავი შეგინახავს აპრილამდე.

არავის დააკლდება არაფერი.
არც მზე დაგაკლდება დილდილობით.
ეგ არის, ვერ გაიგებ ვერასოდეს,
მოვდიოდი თუ მივდიოდი.

Advertisements

2 comments on “მშვიდობით ხევსურეთო

  1. თეა გყავდა რედაქტორად? ❤

    რა გითხრა, მანანა, აი, ძალიან ზუსტად მესმის, როგორი ამაყი ხარ, როდესაც ძველ სამსახურში გაკეთებულ საქმეს, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ტოვებ. და ისიც ზუსტად მესმის, რატომ არ ჩერდები ერთგან. ბოლოს და ბოლოს, მოხეტიალე ხარ და ახლა სხვაგან უნდა აკეთო შენი გასაკეთებელი.

    წარმატებები ყველგან და ყველაფერში… ესეც ზუსტად ვიცი, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველაფერს მოერევი. საიდანო, არ მკითხო, ოღონდ. ძალიან დიდი ხანია გკითხულობ და ბლოგი ბლოგერზე იმაზე ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე პოსტებში წერია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s