მინისტრთან შეხვედრის დეტალები

“მინდა გითხრათ რა ხდება სინამდვილეში გარემოს დაცვის სამინისტროში, რომელშიც დაიჭირეს ბევრი ხალხი და რომელსაც წაართვეს ტყე და გადასცეს სხვა სამინისტროს,”- ამ სიტყვებით დაიწყო გოგა ხაჩიძემ შეხვედრა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში 2012 წლის 29 იანვარს. შეხვედრას 14 ბლოგერი და 2 ჟურნალისტი ესწრებოდა.

შეხვედრაზე, რომელიც არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი, რამდენიმე ნაკლებმნიშვნელოვანი და ორიოდე უმნიშვნელო შეკითხვა დაისვა. მინისტრმა შეხვედრის დასაწყისშივე თქვა რომ ელოდა მძიმე კითხვებს.

“არის კითხვები რომელზე პასუხიც არის ძნელი. არის კითხვები, რომლებზეც არსებობს ორნაირი პასუხი, ერთი მინისტრის პასუხი, მთავრობის წევრის და მეორე ძალიან ადამიანური. რაღა თქმა უნდა შენ როცა ხარ მინისტრი ყველას ფეხებზე კიდია შენი ადამიანური პოზიციები. მინისტრის პოზიცია აინტერესებთ. შენ რას ფიქრობ არავის. მე მინდა რომ ორივე პოზიცია დაგიფიქსიროთ და განვმარტო ის თუ რატომ ხდება ასე. რატომ არის ასეთი უხერხული კითხვები და რატომ არ გვაქვს რაღაცაზე პასუხი. ერთ-ერთი მიზეზი რაც იწვევს ბევრ კითხვაზე უპასუხობას არის შემდეგი. პრეზიდენტი ამბობს ხოლმე ამას, არასოდეს ასეთ მოკლე პერიოდში ასეთი განვითარება არ ქონია ჩვენს ქვეყანას. ფაქტია ეს. ვერ გაექცევი ამას. ასეთ პერიოდში გარემოს დაცვის მუშაობა, ფუნქცია და განსაკუთრებით მინისტრის არის ალბათ წყევლა. განსაკუთებით მაშინ როცა შენი წმინდა მორალური ადამიანური შეხედულებები არის ძალიან მორალისტური გარემოს დაცვის კუთხით. ის რაც ხდება ახლა ქვეყანაში არის მართლა ძალიან დაჩქარებული. მცირე დროში ბევრი განვითარება. გინდა თუ არ გინდა არსებობს ქვეყანაში პრიორიტეტები. გარემოს დაცვა (აი პირველი საშინელება რასაც ვიტყვი დღეს), ჩვენს რეალობაში ვერ იქნება წამყვანი პრიორიტეტი ქვეყნისთვის. იმიტომ რომ გარემოს დაცვას აქვს ძალიან კონკრეტული ფასი და ჩვენ უნდა ვიცოდეთ მაშინ ამის ფასი. ჩვენთან გარემოს დაცვაზე არის ფარისევლური დამოკიდებულება. ამბობენ, ჩემი ტყე, ჩემი მამაპაპის კალმახი, სინამდვილეში საქმე საქმეზე რომ მიდგეს ასე არაა. რამდენიმე დღის წინ კავკასიაზე ჩემი ლანძღვის გადაცემა იყო. ინტერაქტივში კითხვა იყო დასმული. იცავს თუ არა მთავრობა გარემოს. სავარაუდო პასუხები იყო კი და არა. არას ჰქონდა 99% და კის 1%. თუმცა აქ მთავარი ეს პროცენტები არაა. გადაცემის ბოლოში შედეგები შეაჯამეს და აღმოჩნდა რომ სულ შემოსულია 115 ზარი. აი ესაა უბედურება. პრიორიტეტი იმიტომ არაა გარემოს დაცვა რომ 115 ზარი შედის. თუ ხვალ რუსთაველზე დადგება 10 ათასი კაცი რაიმე გარემოსდაცვითი მოთხოვნით, რაღაც საკითხი საპირწონედ ამოიწევს ქვეყნის პრიორიტეტებში,” – განაცხადა შეხვედრის დასაწყისში გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.

სიმართლე გითხრათ, მინისტრს ერთ მოსაზრებაში დავეთანხმე. გარემოს დაცვა ჩვენს ქვეყანაში არ არის პრიორიტეტი. ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ნაკლებად გვაინტერესებს ეს საკითხი. ერთადერთი ნათელი წერტილი ამ მხრივ გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა. ძალიან ცუდია რომ სამინისტრო ამ ორგანიზაციებს ხმალამოღებული ებრძვის და ნებისმიერ კრიტიკულ აზრს არაადეკვატურად აღიქვამს. ერთის მხრივ მესმის გოგა ხაჩიძის გულისტკივილი, როდესაც ის წუწუნებს რომ ხალხს არ აინტერესებს გარემოს დაცვა, მაგრამ მეორე მხრივ არ მესმის მისი აგრესია ცალკეული ადამიანების და ორგანიზაციების მიმართ. დავკონკრეტდები, “მწვანე ალტერნატივას” მიმართ მინისტრის დამოკიდებულება ჩემთვის, მესამე პირისთვის, რომელიც მოვლენებს ფბ-გვერდზე აკვირდება მიუღებელია. მით უმეტეს როცა იგივე “მწვანე ალტერნატივა” თითქმის ერთადერთი ორგანიზაციაა რომელიც რეალურად მუშაობს და რეალურ შედეგებს დებს ცალკეულ საკითხებზე. ჩემი აზრით იმ ფონზე როცა “ხუდონჰესის” გზშ-ს ერთ-ერთი გარემოსდამცველი ორგანიზაცია წერს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია არსებობდეს დამოუკიდებელი ორგანიზაციები, რომლებიც თავის საქმეს კეთილსინდისიერად გააკეთებენ და თავიანთი პრინციპების საწინააღმდეგოდ არ იმოქმედებენ.

თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ერთ ფაქტსაც გავუსვა ხაზი. 29 იანვარს გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ფეისბუქზე გარემოს დაცვის სამინისტროს ახლადშექმნილ გვერდზე ისაუბრა და თავის თანამშრომლებს სთხოვა ორშაბათისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წევრების მიერ ფბ-ზე დატოვებული შეკითხვებისთვის პასუხები მოემზადებინათ. მეორე დღეს ეს პასუხები მართლაც გამოქვეყნდა. სხვა საკითხია რამდენად ამომწურავი იყო აღნიშნული პასუხები, თუმცა ის ფაქტი რომ მინისტრმა დადებული პირობა, უფრო სწორად თავისი მოვალეობა შეასრულა, მისასალმებელი ფაქტია.

საერთოდ ჩემი დაკვირვებით, მინისტრს რიგი საკითხებისადმი გაორება სჭირს. შევეცდები ავხსნა რას ვგულისხმობ. შეხვედრის დასაწყისში ხაჩიძე ამბობდა რომ ხალხს და საზოგადოებას არ აქვს ინტერესი გარემოს დაცვითი საკითხების მიმართ, რაშიც ვეთანხმები. თუმცა იქვე საკუთარ სიტყვებს ჩემტვის მიუღებელი არგუმენტი დაუპირისპირა.

“მე ვზივარ ხოლმე მთავრობის სხდომაზე მრგვალ მაგიდასთან და ვუყურებ მინისტრებს. სახელმწიფო მინსიტრებს არ ვგულისხმობ ოღონდ. რომ დამიდგეს ეგეთი არჩევანი როგორც მოქალაქეს, რომ ერთი სამინისტრო უნდა გავაუქმო, იმიტომ რომ სხვა არჩევანი არა მაქვს და მის მაგივრად შეიძლება არსებობდეს გარემოს დაცვის სამინისტრო. როგორც მინისტრი გასაგებია, მაგრამ როგორც მოქალაქე აი რომ შევხედოთ, თავდაცვას შევეხები? თავდაცვა ძალიან დიდი პრიორიტეტი ხომ არის ჩვენი ქვეყნის. შსს, იუსტიცია, ჯანდაცვა. რეალურად თავი რომ არ მოვიტყუოთ ჯანდაცვაზე პრიორიტეტი ხომ არ არის ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაცვა? როგორც მინისტრი მე ბევრს ვიყვირებ, რომ წინ უნდა ვიდგეთ. მაგრამ რომელ სამინისტროზე წინ უნდა დავდგეთ, როგორც მოქალაქეებმა “ჩესნად” მითხარით,” – შეგვეკითხა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

ერთ-ერთმა ბლოგერმა, კნუტმა (რა სიმბოლურია:), გარემოს დაცვის მინისტრს უთხრა რომ არ მიაჩნია სწორად საკითხის ასე დაყენება და რომ გარემოს დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა საკითხი.

“ეს არის ძალიან კეთილშობილური, დედიშობილა მიდგომა გარემოს დაცვისადმი. საქმე იმაშია რომ სახელმწიფოს არ აქვს იმის ფუფუნება რომ პრიორიტეტები ძალიან ზუსტი თანმიმდევრობით არ დაალაგოს. გვაქვს კონკრეტული რესურსი და გაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. გარემოს დაცვას აქვს კონკრეტული ფასი, რომლის გადასახდელადაც არანაირად არ არის მზად ქართული საზოგადოება. ქართულ საზოგადოებას ურჩევნია იყოს ჯანმრთელი, ურჩევნია რომ არ იყოს კრიმინალი, ქონდეს წყალი, გზა, ფული, იყოს სასტუმრო აშენებული, იყოს დაცული. არის საკითხები სადაც ჯერ კიდევ “ვაპრავებ” საკუთარ თავს თუ როგორ წავიდე კომპრომისზე. მაგალითად საკითხი რომელიც წითელ ნუსხაში შემავალ ცხოველებზე ნადირობას ეხება. ჯერ არაა დაშვებული, მაგრამ დაიწყება,” – ასეთი იყო გოგა ხაჩიძის პასუხი.

ერთ-ერთი შეკითხვა ლაზიკის მშენებლობას ეხებოდა. დამაინტერესა გარემოს დაცვის სამინისტრომ შეასრულა თუ არა რამსარის კონვენციით აღებული ვალდებულება. კერძოდ შეატყობინა თუ არა კონვენციის ბიუროს ლაზიკის მშენებლობის შესახებ, ვინაიდან ის შესაძლოა დაცულ ტერიტორიაზე აშენდეს. რა მიპასუხა ამ შეკითხვაზე გარემოს დაცვის მინისტრმა შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში.

ეს არის პოსტის პირველი ნაწილი.
საკმაოდ ვრცელი გამოვიდა, ამიტომ გაგრძელებას უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებ. სიმართლე გითხრათ არ ვაპირებდი ასე დეტალურად დაწერას და ფაქტობრივად სტენოგრამის გაკეთებას, მაგრამ სოციალურ ქსელებში ატეხილმა აურზაურმა გადამაწყვეტინა პოსტის ფორმატის შეცვლა.

მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვიქნები კორექტული. ამ დღეებში ბევრი სისულელე წავიკითხე ამ შეხვედრის შესახებ. მაგრამ ვერ მოვისმინე/წავიკითხე ვერცერთი არგუმენტი, რატომ არ უნდა წავსულიყავი, თუნდაც მე ამ შეხვედრაზე.

დავიწყოთ იქიდან, რომ თითქმის ყველა პოსტში/სტატიაში იყო უზუსტობა. როცა წერთ რომ ქართველი ბლოგერები გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდნენ არასწორია. შეხვედრას სულ 14 ბლოგერი ესწრებოდა. არ ვიცი დანარჩენი 13 რას ფიქრობს, მაგრამ მე ნამდვილად არ ვთვლი რომ სრულიად ბლოგოსფეროს წარმოვადგენ, არც მაქვს ამის ამბიცია.
მეორეც, ატეხილმა აურზაურმა, ნათლად დამანახა პრობლემა, რომელიც ჩვენ საზოგადოებას ჭირს. ჩვენ წვრილმანებს გამოვეკიდებით ხოლმე და გვერდზე გვრჩება ყველაზე მთავარი. რომელიმე თქვენგანი, კლავიატურა რომ მოთელეთ პოსტის წერისას დაინტერესდით ვინ იყო შეხვედრაზე, რა კითხვები დაისვა, მინისტრმა რა უპასუხა? დაინტერესდით რაზე იყო საერთოდ შეხვედრა?

არა თქვენ ეს შეკითხვები არ დაგისვამთ. სამაგიეროდ დაწერეთ რომ აი რა ცუდია, სამთავრობო სტრუქტურები დამოუკიდებელი ბლოგერების მოსყიდვას ცდილობენ.

სხვების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი საკუთარ მაგალითზე.
ამ შეხვედრაზე წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე სტატია გამოვაქვეყნე დარიალი ჰესზე. ახლა ამ სტატიის გაგრძელებაზე ვმუშაობ. რომელიც წინაზე არანაკლებ მწვავე იქნება. ეს შეხვედრა, ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის და როგორც ბლოგერისთვის რამდენიმე რამის გამო იყო მნიშვნელოვანი. მე მქონდა კითხვები, რომელიც დავსვი და რომელზე პასუხიც მივიღე. გავიცანი გარემოს დაცვის მინისტრი, რომელიც რამდენადაც კარგი ადამიანია, იმდენად სუსტი გარემოსდამცველია.

ჩემი შეფასებით, რიგ საკითხებზე მას სწორი პოზიცია აქვს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც პასუხის გაცემა უჭირს. გარემოს დაცვის მინისტრმა ერთ-ერთ მწვავე კითხვაზე პასუხის დროს მისდაუნებურად თავისი კოლეგა მინისტრი ტყუილში ამხილა. ახლა დეტალებს არ დავაკონკრეტებ. ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა ამ თემაზე მუშაობს და არ მინდა ხელი შევუშალო. მიუხედავად იმისა რომ არ მაქვს ილუზია რომელიმე სხვა ჟურნალისტი გარემოს დაცვის თემით დაინტერესდება, სიფრთხილეს თავი არ სტკივა:)

თუმცა ჟურნალისტებს არც ვერჩი. ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც გარემოსდაცვით თემებზე მუშაობს ხშირად ამბობს: მომბეზრდა რედაქტორისთვის თემის შეტენვის პროცესიო. ვინც არ იცით გეტყვით რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია. ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როცა ჩემი ბლოგი ახლადფეხადგმული იყო, ერთ-ერთ ტრენინგზე ერთი გაზეთის ერთმა “სახელგანთქმულმა” რედაქტორმა მკითხა, რაზეა შენი ბლოგიო. ვუპასუხე: გარემოსდაცვით თემაზე ვწერთქო.

ააა ბუზებზე და პეპლებზე წერო? – გადაიხარხარა.

ხოდა ასეა ეს ამბავი ჩემო კარგებო

ბევრ რედაქტორს გარემოს დაცვა ბუზებზე და პეპლებზე წერა ჰგონია (გულწრფელად მიხარია რომ ჩემი ახლანდელი რედაქტორები მათ რიცხვს არ მიეკუთვნებიან:).

გარემოს დაცვის მინისტრი საკითხს ასე მიყენებს აირჩიე ჯანდაცვა თუ გარემოსდაცვაო.

ერთ-ერთი გარემოსდამცველი ორგანიზაცია “ხუდონჰესის” გზშ-ს წერს და ჰგონია რომ ისევ გარემოსდამცველია.

“ნამახვანი” და “ხუდონი” უნდა აშენდეს, გვჭირდებაო.

მეცხრე სართულიდან ნაგავს ვყრით და ეს ნორმალური გვგონია.

ჰოდა მოდი ჯერ პრობლემებზე ფოკუსირება ვისწავლოთ და წვრილმანებში მთავარის დანახვა.
ძალიან მნიშვნელოვანია, დამიჯერეთ.

პს. შეხვედრაზე ხაჩიძემ იხუმრა, ჩემი ბლანჟე ბლანჟეა, მაგრამ შაშკინის ბლანჟე არაო. რას იზამთ ბატონო გოგა ზოგს უმართლებს, ზოგს არა. თქვენ კარგი ადამიანი ხართ, სხვებისგან განსხვავებით არ ვთვლი რომ მხოლოდ “მედოლე მინისტრი” ხართ და მეტი არაფერი. მაგრამ კარგია ადამიანობა არ ნიშნავს კარგ მინისტრობას. უმჯობესი იქნება მთავრობაში გარემოსდაცვითი საკითხების ლობირება უკეთ შეძლოთ. საერთოდ გადასარევი იქნება თუ მოახერხებთ და მიშას დაარწმუნებთ რომ კოლხეთის ჭაობები არ ამოაშროს.

19 comments on “მინისტრთან შეხვედრის დეტალები

  1. “რომელიმე თქვენგანი, კლავიატურა რომ მოთელეთ პოსტის წერისას დაინტერესდით ვინ იყო შეხვედრაზე, რა კითხვები დაისვა, მინისტრმა რა უპასუხა? დაინტერესდით რაზე იყო საერთოდ შეხვედრა?” კი დავინტერესდი მე და დაახლოებით ერთი კვრის მანძილზე ვეძებდი პოსტებს, სადაც ამ თემაზე ვინმე ნორმალურად დაწერდა რა მოხდა. ბლოგზეც დავწერე, სადაც ვიკითხე რატომ არ წერდნენ ბლოგერები არაფერს ამ თემაზე გადა იმისა რომ”გოგა მაგარი კაცი ყოფილა”. მაგრამ როგორც წესი და როგორც უმეტესწილად ხდება ხოლმე ეგ ყველაფერი ჩემზ “ბოღმიანობას” დაბრალდა. ნუ მეორე ვერსიაც იყო რამდენიმე “ინტელექტუალ” გოგოშკას თუ დავუჯერებთ – მემარცხენე ვყოფილვარ და ჩემი ბლოგი თურმე მაგის ბრალი ყოფილა 🙂 კიდევ კარგი დარწმუნებული ვარ რომ იმ გოგომ იდოელოგიების ბაზისური ცნებებიც კი არ იცის თორემ მართლა დავეჭვდებოდი . მოკლედ, მერე რა რომ ვერ მივხვდი რაზე უნდა დავბოღმილიყავი და რა უნდა შემშურებოდა ბოჯომში ნამყოფი ბლოგერების, სამაგიეროდ სრულიად ბლოგოსფერომ ხო მოიფხანა გულმუცელი ჩემი ლანძღვით.
    პოსტს რაც შეეხება ძალიან კარგია

    • ლაშა არ უნდა გაგიკვირდეს. ამ ქვეყანაში როგორც წესი ასე ხდება, ერთნი შეხვედრებზე დადიან და ავტომატურად მოსყიდულები ხდებიან, მეორენი ამაზე წერენ და ავტომატურად დაბოღმილები ხდებიან.

      პრობლემა კი იმაშია რომ რეალობის დანახვა და ცოტა ზედმეტად მაუსის დაწკაპუნება ყველას ეზარება. პოსტშიც ვთქვი, წვრილმანებს დავსდევთ და მთავარი ამ დროს გვერდზე გვრჩებათქო. შეხვედრის შემდეგ, როცა სრულიად ერმა ხაჩიძის ლანძღვა დაიწყო, ბლოგერთა მცირე ჯგუფს სხვა გზა აღარ დაუტოვეს და მათაც დაწერეს “გოგა კაი ტიპია” პოსტები.

      სინამდვილეში გოგა მართლა კაი ტიპია, ოღონდ ვისურვებდი უკეთესი გარემოსდამცველი იყოს. როგორც ხედავ კრიტიკისთვის ხელი არ შეუშლია იმ ფაქტს რომ ბორჯომში ვიყავი. პირიქით, ბორჯომში რომ არ წავსულიყავი ამ პოსტს ვერ დავწერდი და იმ კითხვებზე, რაც მქონდა პასუხს ვერ მივიღებდი.

      მე არ ვთვლი რომ დაბოღმილი ხარ, შენ ან ნებისმიერი სხვა ბლოგერი ვინც ამ შეხვედრას პოსტი მიუძღვნა. მესმის ისიც რომ მწირი ინფორმაცია გქონდათ შეხვედრის შესახებ. ვფიქრობ ახლა საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდეთ იმისათვის რომ დარწმუნდეთ, 14 ქართველი ბლოგერი გარემოს დაცვის სამინისტროს არ მოუსყიდია:)

  2. საკითხი მთავრობისთვის აქტუალური რომ არ იყოს, საერთოდ არ გვექნებოდა მაშინ სამინისტო. სხვა საქმეა, რამდენად აცნობიერებს თავად მინისტრი და მისი სტრუქტურა ამ პასუხისმგებლობას.
    ნაკლებად პრიორიტეტულია გარემოს დაცვაო, მინისტრი რომ იტყვის, ეგ რაღაცნაირად პასუხისმგებლობის მოხსნას ჰგავს… კარგი ადამიანი ბევრი შეიძლება იყოს, იქნებ გარემოს დაცვაზეც მეტად შესტკიოდეს გული, მაგრამ ისინი მინისტრებად არ გამოდგებიან…
    მინისტრს თავისი დარგის მნიშვნელობაში ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს და ამის დამტკიცება პრეზიდენტისთვისაც უნდა შეეძლოს და ნებისმიერი მინისტრისთვისაც…
    ხალხისთვის საყვედურის თქმა და ბლოგერების თუ ჟურნალისტებისთვის თავის შეცოდება, გულით კეთილი ადამიანი ვარო, პირადად ჩემთვის საკმარისი არაა
    ამ პოსტიდან გამომდინარე, მინისტრის სისუსტე აშკარად ჩანს. სამურაი რომ ყოფილიყო, აქამდე კარგა ხნის ჩატარებული უნდა ჰქონდეს ხარაკირი…
    P.S. პოსტისთვის მადლობა, საინტერესო იყო

  3. ძლივს რა.. მკიდია როგორი ადამიანია. მინისტრს საქმის კეტება ევალება, რისთვისაც მე და სხვები ვიხდით საშემოსავლოს, ამას რაც მეტი ადამიანი შეიგნებს ამას, მით უკეთესი.
    ლაზიკას რაც შეეხება სრული სირობაა და მსოფლიო ეკოსისტემას დააზიანებს ეს იმაზე დიდი მასშტაბია ვიდრე საქარტველო და კონკრეტული ქვეყნის ამბიციები, და თუ გარემოს იცავს, მინისტრმა ეს უნდა თქვას ვინაიდან ევალება. მისი სიტყვიდან კიდევ ვერაფერი გავარკვიე გარდა იმისა რომ მესმის რა მნიშვნელოვანია მაგრამ ვერაფერს გავაკეტებო. რატომ?
    ბლოგერებს რაც შეეხება მინიმუმ ასეთი პოსტების წერა უნდა შეეძლოთ და იიი მინისტრი ვნახეს რაკაიტიპიას უნდა გასცდნენ როგორღაც.

  4. რეალობა ის არის, რომ საქართველოში გარემოს დაცვა მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტში (“რას გვიშვება ეს მთავრობა!”) არის საინტერესო. ეკოლოგია თუ მართლა გაინტერესებს, სანამ ხუდონზე და ნამოჰვანზე დაიწყებ წივილს, მანამ თავად არ უნდა დააბინძურო გარემო, არ უნდა გამოიყენო ცელოფნის პარკები, არ უნდა დატოვო ნარჩენები საკუთარ ნაკვალევზე და ა.შ.

  5. ახლა დამხვდა ფეიჯზე ეს კომენტარი და გადავწყვიტე ბლოგზეც გადმომეტანა. პრინციპში შეიძლებოდა ამ პოსტის ჯერ კიდევ ორშაბათს დაწერა, თუმცა პოსტამდე სხვა დედლაინები იდგნენ მწყობრში და ვერ მოვახერხე.

    Data Gulisashvili
    ცოტა ხნის წინ (დავაზუსტებ, დღეს დილით) გავიგე რომ თურმე ბატონ გოგა ხაჩიძეს ბლოგერები მიუწვევია ბორჯომში, სადაც ბატონ მინისტრს მათ (ანუ ბლოგერთა) შეკითხვებზე უნდა ეპასუხა. ამ შეხვედრას მოყოლია გაუთავებელი კრიტიკა, როგორ თუ დამოუკიდებელი ბლოგერები მინისტრთან შეხვედრაზე წავიდნენო, იქეიფესო, ჩასასტავდნენო, პიარს უკეთებენ გარემოს დაცვის სამინისტროსო და ა.შ. რაც, ვფიქრობ, არ არის სწორი მიდგომა, რადგან ვერავინ ვერ ახსნის რა მიზეზით არ უნდა წავიდეს დამოუკიდებელი ბლოგერი ისეთ შეხვედრაზე, სადაც შესაძლებელია თანამდებობის პირს მნიშვნელოვან თემებზე კითხვები დაუსვა და ისიც ამ კითხვებზე გიპასუხებს.

    ამის მერე გავითვალისწინე ამ შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორის რჩევა, რომელიც მან გულუხვად გაიმეტა ამ ტიპის კრიტიკოსთა მიმართ და ვცადე გუგლში მომეძებნა პოსტები, რომელიც ზემოხსენებულ შეხვედრაზე მყოფი ბლოგერების დაწერილი იქნებოდა და საიდანაც მე, როგორც გარემოს დაცვით და მსგავს საქმეებში ერთობ ჩაუხედავი და უვიცი ადამიანი, რაიმე ინფორმაციას მაინც მივიღებდი. ჰოდა, გადავხედე ამ პოსტებს და რა გავიგე:
    1. გოგა ხაჩიძე(ც) ადამიანია.
    2. ბლოგერები კმაყოფილები დარჩნენ მასპინძლობით.
    3. ციტატა ერთ-ერთი ბლოგერის პოსტიდან: “მომეწონა დასმული და პასუხ გაცემული კითხვები”
    4. ციტატა მეორე ბლოგერის პოსტიდან: “შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა, უკლებლივ ყველა კითხვაზე მივიღე ამომწურავი პასუხი, რომლებიც ძირითადად რეკრეაციულ ზონებს, თბილისში გამწვანების პრობლემას და სხვა მსგავს საკითხებს ეხებოდა.”
    აქ მგონი ზედმეტი იქნება იმის აღნიშვნა რომ ეს „პასუხ გაცემული კითხვები“ რა იყო, ჯერაც ვერ გავიგე, რადგან ამ ბლოგერებს მეტი მგონი არც არაფერი დაუწერიათ ამ თემაზე. სამაგიეროდ, გოგა ხაჩიძის იუმორის გრძნობას მიეძღვნა რამდენიმე პანეგირიკი.

    და ბოლოს, როგორც იქნა, აღმოვაჩინე პოსტი, საიდანაც შევძელი და რაღაც გავიგე გარდა იმისა, რომ თურმე “ბლოგერებმა დასვეს რაღაც კითხვები და მინისტრმა მათ ამომწურავად უპასუხა” და “გოგა ხაჩიძეს კარგი მასპინძლობა სცოდნია.” მადლობა ამისთვის მოხეტიალე | Mokhetiale ბლოგს, დანარჩენებზე კი რა გითხრათ, ჯერ იმ შეხვედრაზე მყოფთა უმრავლესობას არაფერი დაუწერია ამ თემაზე, მაგრამ ვინც დაწერეს, დავესესხები ერთერთ ბლოგერს და „იი მინისტრი ვნახე რაკაიტიპიას“ ვერ გაცდნენ. რაც სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ, თავისი საქმისა თვითონ იცის ყველამ.

  6. შესანიშნავი პოსტია, მართლა ერთადერთია, საიდანაც საღი აზრი ჩანს.
    ერთს ვიტყოდი მარტო, რომ ბლოგერების უკმაყოფილება იმან კი არ გამოიწვია,თუ რატომ იყო ეს 14 ბლოგერი მინისტრრთან ან ‘მოსყიდულები’ არიან თუ არა (ეს სისულელეა,ჩემის აზრით) აჟიოტაჟი მოყვა ხაჩიძის ვიდეოჩანაწერს,რომელშიც ის ბლოგერებზე საუბრობს,ყველა ვერ მიხვდა, რომ ეს ხუმრობა იყო, ან ამაში სარკაზმი დაინახეს.თუმცა თვითონ ზოგიერთი ბლოგერის მწვავე რაქცია რომ არა, არავინ გაამახვილებდა ამაზეც ყურადღებას.

  7. ტაკს, ერთის მხრივ ლაშას პოსტი, მეორეს მხრივ ეს პოსტი. მართალია ლაშა უფრო ანტაგონისტურია და შენ უფრო, ცდილობ, ობიექტურობა დაიცვა და კრიტიკის/მსჯელობის ობიექტები შენი აღქმით სამართლიანად გადაანაწილო, თუმცა ორივე პოსტი ძალიან მომეწონა.

    ისე ამ ამბავმა, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი საკითხი წამოწია წინ, რომ, თურმე ანტაგონიზმი “ცოდვაა”. ამიტომ მინდა ამაზე დავწერო და შენის ნებართვით, დაგლინკავ 🙂 (მგონი საჯარო პოსტების დალინკვას ნებართვა არ უნდა, მარა მაინც) 🙂

  8. Reblogged this on Kakha Giorgashvli's Blog and commented:
    წავიკითხე სტატია, ოღონდ შუაში გავწყვიტე თვალები ამტკივდა, ბოლოს რო გავაგრძელე კითხვა ჩემთვის 100% მისაღები წინადადები იყო და გამიხარდა. გამიჩნდა სურვილი, რომ ამ სტატიის ავტორი შემექო და ხაჩიძეზე მეთქვა ორიოდე სიტვყა: ეს ადამიანი ადამიანია და არა მინისტრი, კარგი ადამიანი ვერ იქნება კარგი მინისტრი. კარგი მინისტრი კი ვერ იქნება კარგი ადამიანი. მაგრამ მე თავიდანვე ვიცოდი რო ეს ადამიანი კარგი ადამიანი იყო.
    ყველამ რომ ყურადღება მივაქციოთ გარემოს, თვითონ, რო არდავყაროთ ნაგავი და სხვასაც დავუშალოთ კარგი იქნება. ამერიკაში ძირს პურის ნამცეცსაც არაგდებენ იმ ადგილას, სადაც იციან რო ფრინველი არ დაჯდება და არ აკენკავს ამ ნამცეცებს.
    ბევრი ამერიკელებს უკულტურო ერად მიიჩნევს მაგრამ სწორედ ამ ერთი პრინციპის გამო შემიძლია ვთქვა, რომ პატივს ვცემ მათ.
    ჩვენ რომ შევძლოთ გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები , ქართველებზე ძლიერი და კარგი ერი არიქნება.

  9. გავბედავ და დავაკომენტარებ. წავიკითხე სტატია. ოღონდ შუაში გავწყვიტე თვალები ამტკივდა, ბოლოს რო გავაგრძელე კითხვა ჩემთვის 100% მისაღები წინადადები იყო და გამიხარდა. გამიჩნდა სურვილი, რომ ამ სტატიის ავტორი შემექო და ხაჩიძეზე მეთქვა ორიოდე სიტვყა: ეს ადამიანი ადამიანია და არა მინისტრი, კარგი ადამიანი ვერ იქნება კარგი მინისტრი. კარგი მინისტრი კი ვერ იქნება კარგი ადამიანი. მაგრამ მე თავიდანვე ვიცოდი რო ეს ადამიანი კარგი ადამიანი იყო.
    ყველამ რომ ყურადღება მივაქციოთ გარემოს, თვითონ, რო არდავყაროთ ნაგავი და სხვასაც დავუშალოთ კარგი იქნება. ამერიკაში ძირს პურის ნამცეცსაც არაგდებენ იმ ადგილას, სადაც იციან რო ფრინველი არ დაჯდება და არ აკენკავს ამ ნამცეცებს.
    ბევრი ამერიკელებს უკულტურო ერად მიიჩნევს მაგრამ სწორედ ამ ერთი პრინციპის გამო შემიძლია ვთქვა, რომ პატივს ვცემ მათ.
    ჩვენ რომ შევძლოთ გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები , ქართველებზე ძლიერი და კარგი ერი არიქნება.

  10. ველი გაგრძელებას! 🙂

    და ადამიანს, ის საქმე, რასაც აკეთებს, ყველაზე მნიშვნელოვნად უნდა მიაჩნდეს, ან სხვა საქმე უნდა მოძებნოს. კაი ტიპობა და ლამაზი ბლანჟე არ კმარა პროფესიონალობისათვის, არც კარგი რეკლამები და ‘ნავაროჩენნი’ საიტი ფლეშჰედერით.

Leave a reply to KAKHA13 კომენტარის გაუქმება