დარიალის ხეობა თერგის გარეშე რჩება

„დარიალი ჰესის“ მშენებლობისთვის თერგის დიდ ნაწილს გვირაბში მოაქცევენ. მიუხედავად გარემოსდამცველების მხრიდან ზეწოლისა, პროექტში მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილა.
110 მეგავატი სიმძლავრის „დარიალი ჰესი“ ყაზბეგში, საზღვართან ახლოს შენდება. ობიექტები განთავსდება როგორც მდინარე თერგის მარჯვენა ფერდზე, ასევე მდინარე ყუროსა და ხდის წყალს შორის, 8 კმ-ის სიგრძის მონაკვეთზე. უშუალოდ კაშხალს დაბა სტეფანწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყობენ.

ჰესს შპს „დარიალ ენერჯი“ აშენებს. ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში 135 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ჰესი ექსპლუატაციაში 2014 წელს უნდა შევიდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ განცხადებით, „დარიალის ჰესის“ მშენებლობა დარიალის ხეობასა და მის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

„მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე ამბობს, რომ მშენებლობის პროექტის საწყისი ვარიანტის მიხედვით, თერგის 8 კმ-ზე წყლის 90 პროცენტი გვირაბსა და სადერივაციო არხში უნდა გადაეგდოთ. აღსანიშნავია, რომ დარიალის ხეობა სულ 11 კმ-ა.

„თავად „დარიალი ენერჯი“ მიიჩნევს, რომ მდინარის ჰიდროლოგიური რეჟიმის ასეთი ცვლილება უმნიშვნელოა. ჩვენი აზრით კი, ამგვარი პროექტით, დარიალის ხეობის 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე თერგი პრაქტიკულად აღარ იარსებებს. ეს იქნება მცირე მდინარე, რომელიც ცივი ზამთრის პირობებში, ძალზე დიდი ალბათობით, გაიყინება,”- აცხადებს ქეთი გუჯარაიძე.

მოგვიანებით „დარიალი ენერჯიმ“ პროექტში მცირე ცვლილება შეიტანა. პროექტის ახალი ვარიანტის მიხედვით, მდინარეში 5% -ით მეტი წყალი დარჩება. თუმცა, გუჯარაიძის აზრით, ეს 5-პროცენტიანი ცვლილება პრობლემას არ ხსნის.

„გასათვალისწინებელია, რომ თერგის საშუალო მრავალწლიური ხარჯი სრულფასოვნად არ არის შესწავლილი, თუმცა ამან ხელი არ შეუშალა გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტი მოეწონებინა. ფაქტია, რომ ჰესის გამო, სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იანი მონაკვეთი, სამუდამოდ თუ არა, 50 წელზე მეტი ხნით აბსოლუტურად შეიცვლის იერსახეს. ხეობა დაკარგავს იმ ფასეულობას, რითაც ის ტურისტებს იზიდავს. ეს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზეც აისახება, განსაკუთრებით, ადგილობრივ დონეზე,” – ამბობს ქეთი გუჯარაიძე.

თუმცა „დარიალი ენერჯის“ ხელმძღვანელი ლაშა იორდანიშვილი აცხადებს, რომ აუცილებელი სანიტარული ხარჯი (რაც დაახლოებთ მდინარის ეკოსისტემისა და მასზე დამოკიდებული ფაუნისთვის საჭირო წყალს ნიშნავს) პროექტში გათვალისწინებულია.

„ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას გვირაბში ექცევა მდინარე თერგის ნაწილი და არა მთლიანად მდინარე. წყლის აუცილებელი სანიტარული ხარჯი, რომელიც საერთაშორისო ნორმებით არის დაშვებული, რა თქმა უნდა, შენარჩუნდება,” – ამბობს იორდანიშვილი.

პროექტის მიხედვით, თერგის წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10 პროცენტი არის 1.97 მ3/წმ. თუმცა, გაურკვეველია როგორ და რა სტანდარტებით დათვალეს ეს პროცენტები.

„ასეთი სტანდარტი ან საერთაშორისო ნორმა უბრალოდ არ არსებობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტულ რეგიონში და მდინარეზე, დეტალურად უნდა დაითვალოს, თუ რა რაოდენობის წყალი უნდა დარჩეს მდინარეში, რათა მდინარემ და ეკოსისტემამ შეინარჩუნოს მომმარაგებელი, დამხმარე, მარეგულირებელი და კულტურული ფუნქცია. რაღაც არარსებულ სტანდარტებს ეყრდნობიან და ასე ტოვებენ ამ 10 პროცენტს,”- აცხადებს ქეთი გუჯარაიძე.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც „დარიალი ჰესი“ შექმნის წითელ წიგნში შეტანილ ნაკადულის კალმახს ეხება. მდინარე თერგში ნაკადულის კალმახის პოპულაცია შესაძლოა სრულად გაქრეს.

„დარიალი ენერჯიმ“ დამატებით ვალდებულებად აიღო, ჰესის მართვის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში თევზსავალის ეფექტურობის შესაფასებლად მონიტორინგი აწარმოოს. იმ შემთხვევაში, თუ თევზსავალის ეფექტურობა 60-70%-ზე მეტი არ იქნება, „დარიალი ენერჯიმ“ კალმახის რეპროდუქციის საწარმო უნდა მოაწყოს.

„თევზსავალის მოწყობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამართელბს, თუ ის თევზების ბუნებრივ სამიგრაციო გზასთან მაქსიმალურად იქნება მიახლოებული. ამ შემთხვევაშიც კი, თავიდან ვერ ავიცილებთ თევზპროდუქტიულობის დაკარგვას, რაც საბოლოოდ თერგში ნაკადულის კალმახის პოპულაციის გაქრობას გამოიწვევს. რაც შეეხება თევზსაშენს, არც ეს ღონისძიებაა ადექვატური – ამგვარად ბიომრავალფეროვნებისთვის მიყენებული ზიანი ვერ ანაზღაურდება. თევზსაშენის არაეფექტურობა უკვე აჩვენა გეგუთის ზუთხსაშენმა იმერეთში, რომელიც ვარციხე ჰესით გამოწვეული მავნე ზეგავლენის შესარბილებლად მოეწყო,” – ამბობს „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე.

გუჯარაიძის თქმით, კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაწყებული აქვს მშენებლობა, არ ჩუტარებია დეტალური გეოლოგიური და გეო-ტექნიკური კვლევები. ასევე, არ აქვს შესწავლილი, თუ როგორ იმოქმედებს გვირაბის გაყვანა მიწისქვეშა წყლებზე.

მასალა მომზადებულია მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისათვის
www.icmm.ge

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s