დარაბებს მიღმა ხევსურეთია

ერთი კვირაა ხევსურეთში დავხეტიალობ. მართალია სახეტიალოდ ცოტა ცუდი დრო შევარჩიე, ცივა, ხალხი თითქმის არ მოძრაობს, სოფლები უკვე დაცლილია და მოსახლეობა გამოსაზამთრებლად ბარშია გახიზნული, მაგრამ ხეტიალი მაინც დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო.
ქვემოთ საკმაოდ ვრცელ სტატიას გთავაზობთ, რომელიც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისათვის მოვამზადე.
წაიკითხეთ და თუ რამის დამატების სურვილი გაგიჩნდებათ, ქვემოთ, კომენტარებში მომწერეთ.

სოფელი ბარისახო, რომელიც დუშეთიდან 63 კილომეტრში მდებარეობს, პირაქეთა ხევსურეთის ცენტრია. ბარისახოს თემში შემავალი 32 სოფლიდან, სკოლა, საბავშვო ბაღი და სამედიცინო პუნქტი მხოლოდ ამ სოფელს აქვს. ბარისახო პირაქეთა ხევსურეთის ყველაზე დიდი სოფელია: სოფელში ამ დროისთვის 54 ოჯახი ცხოვრობს.
დუშეთი-ბარისახოს 63-კილომეტრიანი ოღრო-ჩოღრო გზის გავლას 2 საათზე მეტი სჭირდება. სოფელში უჩვეულო სიჩუმეა. რამდენიმე სახლიდან კვამლიც ამოდის, მაგრამ ხალხი არსად ჩანს. სოფლის ცენტრში რამდენიმე დანგრეული შენობაა. ერთ-ერთზე საქართველოს დროშა ფრიალებს. იქვე თბილისი-ბარისახოს ავტობუსი დგას. ავტობუსის საქარე მინაზე წარწერა გაკრული: „15 ოქტომბრიდან ამოღებული იქნება ოთხშაბათი“.
ავტობუსის მძღოლი გოგია ბურდული გვიხსნის, რომ მგზავრთა სიმცირის გამო იძულებულია გრაფიკი შეცვალოს.
„ახლა კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევს და კვირას ვივლი თბილისში. აქამდე ოთხშაბათობითაც დავდიოდი, მაგრამ ხალხი აღარ დადის. გუშინ სულ სამი მგზავრი მყავდა,“- ამბობს გოგია ბურდული.
ბარისახოში მცხოვრები ხევსურები ამბობენ, რომ სოფელში, მამა-პაპისეულ ფუძეზე ძირითადად ასაკოვანი ხალხი რჩება, ახალგაზრდები კი სამუშაოს საძებნელად ბარში მიდიან და მთაც თანდათანობით ცარიელდება.
ბარისახოში მცხოვრები სანათა წიკლაური იმ დროს იხსენებს, როცა სოფელში დასახლდა.
„34 წლის წინ გამოვთხოვდი აქეთ. მაშინ აქ სამუშაოც იყო და ხალხიც. სკოლაც გვქონდა, საბავშვო ბაღიც, ვეტუბანიც და 25-საწოლიანი საავადმყოფოც. სკოლა-ინტერნატში 270 ბავშვი სწავლობდა. ახლა იცლება მთა. მთელი ხევსურეთი რომ მოიაროთ, ორ-სამ ისეთ სოფელს თუ ნახავთ, სადაც ხალხი ჯერ კიდევ ცხოვრობს. დანარჩენი სოფლები სულ დაცარიელებულია. ბარისახო ყველაზე ხალხმრავალი სოფელია ამ მხარეში. სოფელი სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებული ხალხის წყალობით შევინარჩუნეთ. აქაურები მანდ რომ არ იყვნენ დასაქმებულები, აქამდე ბარისახოც დაიცლებოდა,“ – ამბობს სანათა წიკლაური.
ბარისახოში ყველგან თივის ზვინები დგას. ერთ-ერთ თივის ზვინთან რამდენიმე ადამიანს ვამჩნევთ. ბარისახოელი არსენა ჭინჭარაული ზვინს შლის და თავიდან დგამს. ამბობს, რომ ბავშვების გაფუჭებულ საქმეს ახლა თავიდან აკეთებს. კითხვაზე, კეთდება თუ არა რაიმე მათ სოფელში, ჭინჭარაული სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაკეთებულ სოფლის გზას იხსენებს. მაგრამ, იქვე ამბობს, რომ ხევსურეთი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება.
„სოფლის განვითარების პროგრამით 4000 ათასი ლარი მოგვცეს და შიდა გზა გავაკეთეთ. სხვა მხრივ მივიწყებული ვყავართ ყველას. ერთადერთი, ვინც მთას ყურადღებას აქცევდა, ჩვენი დეპუტატი მარინა მოლოდინი იყო. მარინას შემდეგ აქ კაციშვილი არ მოსულა ჩვენს საკითხავად, არც შალვა ნათელაშვილი და არც ახლანდელი დეპუტატი კობა ბადაგაძე. რაც ბადაგაძე ავირჩიეთ, მისთვის თვალი აღარ დამიკრია. განა ვემდური, მაგრამ ერთხელ მაინც იკითხოს ჩვენი ამბავი. არჩევნებისთვის მარათონი რომ იწყება, მოდიან და გვეუბნებიან: აბა თქვენი ჭირიმე, ხმა მოგვეცით, დაგეხმარებითო. გაინაღდებენ თავისას და მერე აღარავის ვახსოვართ. ჩვენი პრობლემები არავის ინტერესებს,“ – ამბობს არსენა ჭინჭარაული.
შსს-ს სასაზღვრო პოლიცია ერთადერთი სახელმწიფო უწყებაა, რომელსაც ხევსურები ემადლიერებიან. ბარისახოელების უმრავლესობა სწორედ იქ მუშაობს. დასაქმების კიდევ ერთი ადგილი სკოლა, საბავშვო ბაღი და სამედიცინო პუნქტია. სკოლისკენ გზა არსენა ჭინჭარაულმა გვიჩვენა.
„შედით სკოლაში და ნახეთ რა ხდება. შენობა დანგრეული და გასარემონტებელია. სკოლას სპორტული დარბაზი არა აქვს. ბავშვებს თამაშის საშუალება არა აქვთ. ფანჯრებს მინები არა აქვს და შენობას ნორმალური სახურავი. საკლასო ოთახებში წვიმის დროს წყალი ჩადის და ბავშვებს თავზე აწვიმთ. დირექტორი ბევრს წვალობს, მაგრამ სკოლის შეკეთებას საშველი მაინც არ დააყენეს,“ – ამბობს ჭინჭარაული.
ბარისახოს საჯარო სკოლაში პირაქეთა ხევსურეთის 10-ზე მეტი სოფლის 70-მდე ბავშვი სწავლობს. სკოლის გვერდით პანსიონია, სადაც სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული 23 ბავშვი ცხოვრობს. ისინი თავიანთ სახლებში მხოლოდ შაბათ-კვირას მიდიან. პანსიონში ცხოვრების მთავარი მიზეზი სკოლასა და სახლს შორის არსებული დიდი მანძილია, რომლის გავლაც დიდთოვლობის დროს შეუძლებელია. პანსიონი ორი წლის წინ გაარემონტეს, სკოლა კი ისევ სავალალო მდგომარეობაშია.
სკოლის სპორტული დარბაზი შესაკეთებელია. ფანჯრების ჩამტვრეული მინები „სკოჩითაა“ დამაგრებული. იატაკი ალაგ-ალაგ ამომტვრეულია, კედლების ბათქაში კი ჩამოყრილი. მიუხედავად ამისა, სკოლაში იდეალური წესრიგი და სუსუფთავეა. მასწავლებლები ამბობენ, რომ შენობის შეკეთებას სკოლა საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებს, დახმარება კი არსაიდან ჩანს. ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც ბარისახოს საჯარო სკოლას დაეხმარა, სასაზღვრო პოლიციაა – ინტერნეტის ქსელში ჩართული რამდენიმე კომპიუტერი სწორედ პოლიციის ნაჩუქარია. საკლასო ოთახების არასაკმარისი რაოდენობის გამო კომპიუტერების ოთახში ახლა პირველკლასელები სწავლობენ.
სკოლიდან გამოსულებს გზაზე დარიკო არაბული გვხვდება. მას ღუმელის დასანთებად სახლში ხის დამტვრეული ტოტები მიაქვს. „შეშა ძვირია. ერთი მანქანა შეშა 200 ლარი ღირს. ჩემი პენსია კი 100 ლარია. არ ვიცი ამ ზამთარს თავი როგორ უნდა გავიტანო,“-ამბობს არაბული.
ბარისახოში ახლა ზამთრისთვის ემზადებიან. მათ წინ 5 რთული თვე ელოდებათ. ზამთარი აქ ყველას ძნელად გადააქვს. ბარისახოელები თავს მხოლოდ იმით ინუგეშებენ, რომ დიდთოვლობაშიც კი ბართან დამაკავშირებელი გზა აქ დიდი ხნით თითქმის არასოდეს იკეტება. საავტომობილო გზა აქ ხშირად იწმინდება.
ამ გზით გაზაფხულზე პირაქეთა ხევსურეთს უმუშევრობით და ხანგრძლივი ზამთრით გაბეზრებული კიდევ რამდენიმე ოჯახი დატოვებს.

This slideshow requires JavaScript.

© სტატია მომზადებულია მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისათვის.
საავტორო უფლებები დაცულია!

Advertisements

6 comments on “დარაბებს მიღმა ხევსურეთია

  1. მანანა, ყოჩაღ! ძალიან მომეწონა ესეც და ფხოვის შესახებ დაწერილი მასალაც. მშურს შენი და ძალიან მტკივა გული იმაზე, რაც აღწერე. ძალიან საინტერესო რამეები იკარგება, პრაქტიკულად აუნაზღაურებელი :((

  2. მართლა ყოჩაღ, შენ. ბლოგს ასეთი სერიოზული თემებისთვის იშვიათად იყენებენ. იმედია, ისინიც წაიკითხავენ, ვისაც რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.

    • ჩემი ახლანდელი სამსახური მაძლევს საშუალებას საქართველოს მთიანეთში ვიხეტიალო და მთის ყოფა-ცხოვრებას გავეცნო.
      ფხოვიდან დათრგუნული ჩამოვედი, ცარიელი სოფლების და ნასახლარების ნახვა, მართლა ძალიან მძიმეა…

      • კარგი პოსტია, მომეწონა!
        კარგი სამსახური გქონია, საქმიანი ხეტიალს რა ჯობს ” )
        შენი სურათი, რომელიც ავატარად გიყენია მოვიპარე და ამ გვერდზე
        http://www.facebook.com/MakeWorldGreener ერთ–ერთ ალბომშია, ალბომს Hiking ! ხეტიალი! ♥ ქვია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s