ფხოვი ფხოველების გარეშე


ბოლო 20 წელში უკანა ფშავში მდებარე 23 სოფლიდან მხოლოდ 12 სოფელი დარჩა. ამ სოფლებშიც მოსახლეობის უმრავლესობა ზაფხულობით ადის. ზამთარში ძირითადად მოხუცები რჩებიან, ისინიც იმიტომ, რომ შემოსავლის ერთადერთ წყაროს, ცხვარ-ძროხას ვერ ტოვებენ. 12 სოფელს მხოლოდ ერთი სკოლა და ერთი სამედიცინო პუნქტი აქვს.

„ბოლო ორ წელიწადში უკანა ფშავში სამი სოფელი დაიცალა. მთაში მარტო მთაა დარჩენილი,“ – ამბობს სოფელ ვაკისოფლის მკვიდრი ვახტანგ ცოკილაური.

ვაკისოფელი უკანაფშავის ერთ – ერთი ბოლო სოფელია. სოფელში სულ ცხრა ოჯახი ცხოვრობს, თუმცა, ზამთარს ვაკისოფელში ოთხი ოჯახი ატარებს. სოფლამდე მისასვლელი სამანქანო გზა ვიწროა და სახიფათო. რამდენიმე ადგილზე პატარა ხევი უნდა გადაიარო, მთელ გზაზე წვრილი, წვეტიანი ქვები ყრია, რომელიც მანქანის საბურავებს სერიოზულად აზიანებს. სოფელში მისულებს მხოლოდ ორი ადამიანი დაგხვდა. უკანაფშაველი ვახტანგ ცოკილაური და მისი და, სანათა ცოკილაური.

„სოფლები ყოველ წელს იცლება, ცხოვრების გაუარესების და უყურადღებობის გამო. ახალგაზრდებს აქ დასაქმების და მთაში დამაგრების საშუალება არ აქვთ. ეს მოხუცები კიდევ როდემდე გაძლებენ? გზა არ არის. ხვალ რომ თოვლი მოვიდეს, მაისამდე აქ მანქანა ვეღარ ამოვა. შემოდგომაზე დარჩენილი ხალხიდან გაზაფხულზე ვინ დაგვხვდება ცოცხალი და ვინ მკვდარი, არავინ იცის,“ – ამბობს ვახტანგ ცოკილაური.

მთის მოსახლეობის შემოსავლის წყარო მესაქონლეობა, მეფუტკრეობა და მებოსტნეობაა. „ამ დროს სახლში ვერავის ვერ ნახავთ. ყველა საქონლის მოსავლელად არის წასული. ჩვენც უამრავი რამ გვაქვს მოსასწრები. პროდუქტს ვამზადებთ – ყველს, ერბოს, ხაჭოს. არაყიც გამოსახდელია. დაზამთრებამდე უნდა მოვასწროთ. ბარში მივდივართ, აქ ვერ გამოვიზამთრებთ,“ – გვეუბნება სანათა ცოკილაური ისე, რომ ცდილობს საქმეს არ მოსწყდეს.

ვაკისოფელს წლების მანძილზე ელექტროენერგია არ ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ, სოფელში მზის ბატარეები დაამონტაჟეს, რომლის საშუალებითაც ზამთარში გარესამყაროს მოწყვეტილი ადამიანები ქვეყანაში მიმდინარე ამბებს იგებენ.
მუქო უკანა ფშავში ბოლო სოფელია, რომელსაც ელექტროენერგია მიეწოდება. მუქოში 2 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა წლევანდელ ზამთარს იქ მხოლოდ შალვა წითელაური გაატარებს, მოხუც დედასთან და ძმასთან ერთად.

„ბოლო სამი წელია აქ უცხო არავინ მოსულა თქვენს გარდა. ზაფხულში საქეიფოდ ბევრი მოდის, მაგრამ ჩვენი ამბის საკითხავად კაცი არ ინტერესდება. ცხოვრება მთაში ძალიან მძიმეა“, – გვეუბნება წითელაური.

„თივის კონები მარტო ჩამოვზიდე მთიდან. არც ხალხია და შესაბამისად დამხმარეც არავინაა. მთაში თუ გინდა გადარჩე, საკუთარი თავის გარდა არავის იმედი არ უნდა გქონდეს“, – ამბობს შალვა წითელაური.

მუქოში, ისევე როგორც უკანა ფშავის ბევრ სოფელში გზა ნოემბერში ჩაიკეტება და მაისამდე ეს მხარე გარესამყაროს მოწყვეტილი იქნება. ასეთ დროს კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება ტელეფონია, თუმცა მუქოს მაცხოვრებლებს ტელეფონზე დასარეკად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.

„მობილური არ იჭერს მთაში, მხოლოდ მაგთიფიქსი, მაგრამ მუქოში მაგითაც ვერ ვსარგებლობთ. 5 კილომეტრზე შუაფხოში უნდა ჩავიდე დასარეკად ან 3 კილომეტრზე გაღმა სოფელ ჭიჩოში უნდა გავიდე. შარშან სამმეტრიანი თოვლი იდო. საქონელი ვერ გამყავდა წყალზე და აბა დასარეკად როგორ გახვალ სხვა სოფელში. ვუთხარით ამ პრობლემის შესახებ გამგებელს, „მაგთიკომშიც“ გვქონდა განცხადება დაწერილი, მაგრამ გვითხრეს, მიუდგომელი სოფელია და ვერ გავაკეთებთ ანძასო“, – აღნიშნავს შალვა წითელაური.

დაცლილია მუქოს ზემოთ მდებარე სოფელი მათურაც. იქ მხოლოდ ორი ოჯახიღა ცხოვრობს და ისიც მხოლოდ ზაფხულობით. ორი წლის წინ ნასოფლარად იქცა სოფელი ახადი. 13-13 ოჯახი ცხოვრობს სოფლებში: შუაფხო და თხილიანა.

უკანა ფშავში ერთადერთი საჯარო სკოლა სოფელ შუაფხოს ცენტრში დგას. სკოლაში სულ 18 მოსწავლე სწავლობს. ისინი სხვადასხვა სოფლებიდან დადიან. შუაფხოშია ასევე მხარის ერთადერთი სამედიცინო ცენტრი, რომელშიც ერთი ექიმი და ერთი ექთანი მუშაობს.

„ძირითადად წნევას ვუზომავ და ნემსი თუ აქვს ვინმეს გასაკეთებელი ვუკეთებ ხოლმე. ყოფილა შემთხვევა როცა ადგილზე ჩავსულვართ და დავხმარებივართ. ზამთარში გადაადგილება გვიჭირს, თუ შესაძლებელია მანქანით მივდივართ, თუ არადა ფეხით,“ – ამბობს სოფელ შუაფხოს საკრებულოს ამბულატორიის ექთანი ნინო ცაბაურაშვილი.

ფშაველების თქმით, მთა სულ რომ არ დაიცალოს, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და სამუშაო ადგილები უნდა იყოს, თუმცა ამ ეტაპზე უკანა ფშავში არც ერთია და არც მეორე.

© სტატია მომზადებულია მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისათვის
© საავტორო უფლებები დაცულია

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

11 comments on “ფხოვი ფხოველების გარეშე

  1. ჯანდაბა 😦 რაც თავი მახსოვს, მთა დაიცალაო, ამას ამბობენ და ერთი როგორ ვერ მოხერხდა, სრულად გამოსწორება თუ არა, ასეთი სავალალო მდგომარეობა მაინც არ იყოს 😦 😦

    • მეც სულ ეგ მესმოდა და სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე არ მჯეროდა ბოლომდე.
      ჯერ მარტო გზებია ისეთი, ერთი ზედმეტი მოძრაობა და არაგვში აღმოჩნდები. თან გზებზე წვრილი, წვეტიანი ქვები ყრია, ფრთხილად თუ არ იარე შეიძლება საბურავი გაგისკდეს და იქვე დარჩე.
      გმირია ის ხალხი ვინც იქ ცხოვრობს. მთაში მთა, სიჩუმე და სიცარიელეა დარჩენილი 😦

  2. :((((((((((((((((((( ეჰ მთის ხალხის ასე უღმერთოდ მიტოვება მთის სიკვდილია რა 😐

    როგორც თრუსოშია მიტოვებული და მკვდარი სოფლები ისე იქნება სულ მალე ყველგან : (((

    • მთელი კვირაა ხევსურეთში დავხეტიალობ.
      ყოველდღე ვითრგუნები ამდენი მიტოვებული და ცარიელი სოფლების ნახვით.
      სოფელი რა, ქვია თორემ დაცლილია სულ. ფშავში მაგალითად 5 სოფელში ვიყავი, აქედან ორში თითო ადამიანი ცხოვრობდა, ერთში საერთოდ არავინ ცხოვრობდა და კიდევ ორში 13-13 ოჯახი.

  3. guli mtkiva am cudi xelisuflebis saqcielze, sofeli icleba rame samushao gaaketon xalxistvi, gza gaiyvanon, zogan gvirabi gachran, eglesiasis koncertis da misi xasaobis yurebas, an shakiras koncerts da mistanebis yurebas namdvilad jobia. erti sadaa, romel qveyanashi ase miuxedavi sakutari qveynis sazgvrispira mosaxleoba, yvav-yornebi schamen saqartvelos(osebi, somxebi, azerebi, turqebi, arabebi, indoelebi, chinelebi, zangebi… !!!

    • giorgia
      სოფლები რომ იცლება ეს პრობლემაა, მთას რომ ყურადღებას არავინ არ აქცევს – ფაქტი.
      რაც შეეხება კომენტარის ბოლო ნაწილს არასწორია ყვავ-ყორნებად ოსების, სომხების ან რომელიმე სხვა ეროვნების ადამიანების მოხსენიება.

  4. მე იქ ვცხოვრობ და ყველას კარგად ვიცნობ,ცოკილაურები ზამთარში იქ არ რჩებიან,ვახტანგი ცოკილაური როცა რწმუნებული იყო რატომ არ ფიქრობდა იმ დროს გზების გაწმენდაზე?სოფლამდეც არ წმენდდა გზას და უკან აბრუნებდა ტრაქტორს,და ეხლა ფიქრობს ხალხზე?

  5. ეგ შალვა წითელაური ეხლა დაბრუნდა მანდ ვალაებს გამოექცა ქალაქიდან,აქამდე სად იყო?მუქუში ძირითადი მაცხოვრებლები ათეული წლებია წოწკოლაურები არიან,ასევე ბაღიაური.

  6. მართლაც ხართ მოხეტიალე,კარგად არ ხართ გარკვეული,არ გაცნობიხართ იქ მაცხოვრებლებს ნაწერიც ზერელეაააა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s