V.I.P.

რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მით უფრო მიძნელდება მეგობრების დათანხმება სადმე წასვლაზე. რკინასავით მაგარი არგუმენტები აქვთ ხოლმე: “აუ წვიმს”… “ცივა, რა დროს წასვლაა”.. და ა.შ.
დღეს თბილოდა, შესაბამისად სწრაფად აიტაცეს ბოტანიკურ ბაღში წასვლის იდეა.
ერთწელზე მეტია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში აღარ ვყოფილვარ. ჩემი ბოლო სტუმრობიდან შეშის ღუმელი და მის ირგლივ შემომსხდარი თანამშრომლები დამამახსოვრდნენ, კიდევ დატბორილი ბაღი და გაუკვალავი ბილიკები. დღეს როდესაც მივდიოდი, ვფიქრობდი რომ ცოტა უკეთესი სიტუაცია დამხვდებოდა.

ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. თუმცა ამ წუთში ამაზე ვერ ვისაუბრებ.
მიზეზი? თემა, რომელზეც უნდა დავწერო კარგად არ მაქვს შესწავლილი. ჯერ იმ ადამიანებს მინდა ვკითხო აზრი, ვინც ამ საკითხებში კარგად ერკვევა. იმედი მაქვს ხვალისთვის ჩემს შეკითხვებზე პასუხებს მივიღებ და ბლოგზეც სრულყოფილ ინფორმაციას განვათავსებ.
მანამდე კი ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში არსებული ნაგავსაყრელით “დატკბით”.

არამგონია ბაღში ნაგავსაყრელის არსებობას რაიმე გამართლება ჰქონდეს.

სფაგნუმის “ბალიშები” ქობულეთში

ისპანის დაცული ტერიტორიები ქობულეთის აღმოსავლეთით მდებარეობს. ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარი ერთი შეხედვით ისეთ ეფექტს ქმნის თითქოს ტბას დაჰყურებდე ნიადაგის ზემოთ, რომელსაც საბანივით ახურავს 25-45 სმ. სისქის სფაგნუმი – თეთრი ხავსი.

სფაგნუმი არასოდეს იფარება წყლით. იგი ისე მოქმედებს, როგორც ღრუბელი. მას შეუძლია თავის წონასთან შედარებით 25-ჯერ მეტი წყალი შეიწოვოს. ძლიერი კოკისპირული წვიმებისას, როცა დღე-ღამეში 100 მმ ნალექი მოდის და როცა არემარე წყლითაა დაფარული, ისპანის ხელუხლებელ 300 ჰა გუმბათს შეუძლია 25 სმ-ით “გაიბეროს” და შეისრუტოს წყლის დიდი რაოდენობა.

ისპანის ტორფნარები – ბიომრავალფეროვნებისათვის განსაკუთრებული, თითქმის ხელუხლებელი ჰაბიტატებია.

აუცილებელი მინაწერი:

ოციოდე წუთის წინ, ვისხედით მე და ჩემი მეგობრები და ვფიქრობდით სად შეიძლებოდა წასვლა. ბევრი იდეა გაჩნდა, თუმცა ვერცერთზე ვერ შევთანხმდით. ბოლოს ტურისტული რუკები გადმოვყარეთ და არჩევა დავიწყეთ.
გავოცდით როდესაც რუკაზე ქობულეთის დაცული ტერიტორიები აღმოვაჩინეთ (მე პირადად ძალიან მრცხვენია ამის), სამწუხაროდ დღემდე ჩვენთვის ქობულეთი ზღვასთან, მზესთან და გართობასთან ასოცირდებოდა. გადაწყვეტილება იმწამსვე მივიღეთ – ოქტომბრის პირველ კვირას ქობულეთში მივდივართ, ისპანის დაცულ ტერიტორიებში.
ისპანის აღმოჩენის ისტორიას და უფრო მეტს, ამ პატარა სამოთხეზე დაბრუნების მერე მოგიყვებით:)

არაფერია მზის ქვეშ ახალი

ყოველთვის როდესაც ცუდად ვარ, ვიღებ ზურგჩანთას და სადღაც მივდივარ. სწორედ ასე დაუგეგმავად მაქვს შემოვლილი ნახევარი საქართველო. ზაფხულიც დაუგეგმავად დაიწყო…მე და ჩემი მეგობარი ერთდროულად დავრჩით სამსახურის გარეშე… ერთი განსხვავებით, მას კვლევა ჰქონდა დასამთავრებელი…ვინაიდან და რადგანაც მე საქმე არაფერი მქონდა, მის წინადადებას დავთანხმდი და მასთან ერთად შემოვიარე მთელი ზემო იმერეთი. ქალთა უფლებების შესახებ ამზადებდა ნაშრომს. ათამდე სოფელში ჩავედით და დაახლოებით 50-მდე ოჯახს ვესტუმრეთ, რამდენიმე ათეული ინტერვიუ ჩავწერეთ და უამრავი მასალა შევაგროვეთ.
ჩვენი მოგზაურობის შედეგად ჩემს მეგობარს ბევრი სამუშაო დაუგროვდა, მე კი ბევრი ამბავი ფიქრისა და ანალიზისათვის.
მართალია ამ ბლოგის პროფილი თავიდანვე მკაცრად განვსაზღვრე, მაგრამ ეს ნახევრად პირადი პოსტია და ვფიქრობ შეიძლება გენდერულ თანასწორობაზეც დავწერო ორიოდე სიტყვით.
ჩემი ათდღიანი ხეტიალის შედეგად რამდენიმე საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე.
1. იმერეთის სოფლებში ქალებმა არაფერი იციან გენდერული თანასწორობის შესახებ,
2. ამავე რეგიონში ქალების უმრავლესობა ქმრების მონაა, ხაზს ვუსვამ – მონა. ხოლო უკეთეს შემთხვევაში უფასო მოსამსახურე.
3. ამავე რეგიონში ქალის მოვალეობაა მუშაობა, ხოლო კაცის მოვალეობა – ბირჟაზე დგომა ან ქეიფი.
4. ამავე რეგიონში ჩვენს მიერ გამოკითხულ უკლებლივ ყველა ოჯახში გადაწყვეტილებას იღებს ქმარი, ხოლო ცოლი ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, მოტივით კაცია და უფრო მეტი იცის.

თითქმის ერთი თვე გავიდა ამ მოგზაურობიდან, ამ ხნის მანძილზე ხშირად მიფიქრია იმ ქალებზე, რომლებსაც შევხვდით და ვესაუბრეთ.
ვფიქრობ ისინი ვერასოდეს იქნებიან თავისუფლები და დამოუკიდებლები. ვერასოდეს იქნებიან მამაკაცის თანასწორნი. სამწუხაროდ შვილებსაც ასე ზრდიან, ქმრის მორჩილებას ასწავლიან და არარსებულ მორალს უნერგავენ. თუმცა ვფიქრობ პრობლემა უფრო იმაშია რომ ეს ქალები არ თვლიან ამას პრობლემად.
………………………………………………
ახლა იმაზე თუ როგორ დავისვენე…
თუ ჩემს ბლოგს ხშირად კითხულობ, შეამჩნევდი ალბათ, 11 აგვისტოს შემდეგ არაფერი დამიწერია. ის პოსტიც გაქცეულმა დავწერე, რამდენიმე საათით შემოვურბინე ცივილიზაციას და მერე ისევ იქ დავბრუნდი სადაც არაფერი მაწუხებდა, არსად მეჩქარებოდა და არაფერი არ მინდოდა დასვენების გარდა.
ჩემს სოფელში ვიყავი, თავასაში. ულამაზესი სოფელი მაქვს. ორ მთას შუა მდებარეობს და თავადაც ნახევრად მთაზეა შეფენილი. იმ სილამაზის სიტყვებით გადმოცემა ცოტა რთულია, ფოტოებით კიდევ შეიძლება.

ამ სოფლის კიდევ ერთი ღირსება ისაა რომ მდინარის პირას მდებარეობს და 40 გრადუს სიცხეში ეს მდინარე მშვენიერი თავშესაფარია.
ჩემი ზაფხულის კიდევ ერთი თავგადასავალი სწორედ ამ მდინარეს უკავშირდება. მე და ჩემმა ბიძაშვილებმა მდინარის სათავის დალაშქვრა გადავწყვიტეთ, რაც სანახევროდ მოვახერხეთ კიდეც.